ორშაბათი, სექტემბერი 7, 2026
7 სექტემბერი, ორშაბათი, 2026

გოგონათა ტექნოლოგიური კლუბი – არაფორმალური განათლების წარმატებული პრაქტიკა სკოლაში

როდესაც ჩვენს მოსწავლეებს ვეკითხებით, რისთვის სჭირდებათ სმარტფონები ან ლეპტოპები, უმეტესად ერთსა და იმავეს გვპასუხობენ: „სოციალური ქსელებისთვის“, „გასართობად“. როგორ შემოვატრიალოთ ეს რეალობა საგანმანათლებლო მიზნებისკენ, მეტადრე იქ, სადაც საქმე რეგიონის სკოლასა და ტექნოლოგიებში გოგონების დაბალ ჩართულობას ეხება?
მე ვარ მარიამ ბერია, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, და გიზიარებთ ერთი პატარა დაბის სასკოლო პრაქტიკას, რომელმაც აჩვენა, რომ სწორი არაფორმალური მიდგომებით, საერთაშორისო eTwinning პროექტების საშუალებით და ხელოვნური ინტელექტის (AI) დახმარებით რეგიონული ბარიერების გარღვევა შესაძლებელია.
 
არსებული გამოწვევები და კლუბის დაარსების მიზეზები
ყველა საგანმანათლებლო ინიციატივის უკან კონკრეტული გამოწვევა დგას. სანამ უშუალოდ კლუბის მუშაობის შედეგებზე გადავიდოდე, მინდა, დაგანახოთ ის რეალობა, რომელშიც გვიწევს მუშაობა და ის ორი მთავარი დაბრკოლება, რომლებიც ჩვენი პროექტის დაწყების საფუძველი გახდა.
გეოგრაფიული ბარიერი: რეგიონებში, მათ შორის დაბა კაზრეთშიც, ბუნებრივია, სკოლებს ნაკლები ტექნოლოგიური და პრაქტიკული შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე დიდ ქალაქებში. მოსწავლეებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი თანამედროვე ხელსაწყოებზე (არ ვგულისხმობ სმარტფონებს).
გენდერული სტერეოტიპები: საზოგადოებაში კვლავ არსებობს არასწორი აღქმა, რომ ტექნოლოგიები და STEM სფერო „გოგონების საქმე არ არის“. ამას ემატება თავად გოგონების დაბალი თვითშეფასება, შეცდომის შიში და ინერტული დამოკიდებულება, რაც მათ ლიდერის როლში საკუთარი თავის დანახვაში ხელს უშლის.
ამ გამოწვევების ფონზე, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რატომ სჭირდებათ გოგონებს ტექნოლოგიური განათლებისთვის მაინცდამაინც დამატებითი, არაფორმალური სივრცე? რატომ ვერ აგვარებს პრობლემას სტანდარტული საგაკვეთილო პროცესი?
 
კლუბის აუცილებლობის 5 ფუნდამენტური მიზეზი:
* ტექნოლოგიებში გოგონების დაბალი ჩართულობის ტენდენცია. STEM და ტექნოლოგიურ სფეროებში გოგონების წილი კვლავ მცირეა.
* რეგიონის სკოლებში არსებული გამოწვევები. მოსწავლეებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი თანამედროვე ტექნოლოგიებსა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე.
* მოსწავლეთა ინერტული დამოკიდებულება – შეზღუდული ინიციატივა, დაბალი თვითრწმენა, შეცდომის შიში.
* გენდერული სტერეოტიპების გავლენა. გოგონები ნაკლებად ხედავენ საკუთარ თავს ტექნოლოგიურ სფეროსა და ლიდერის როლში.
* XXI საუკუნის უნარების განვითარება. კრიტიკული აზროვნება, თანამშრომლობა, ციფრული წიგნიერება და ლიდერობა მომავლის მოქალაქისთვის აუცილებელი კომპეტენციებია.
გოგონებისთვის დამატებითი საგანმანათლებლო სივრცის შექმნა არა მხოლოდ ტექნოლოგიური უნარების განვითარებას, არამედ მათი მოქალაქეობრივი აქტიურობის, ლიდერობისა და თვითრწმენის გაძლიერებასაც ემსახურება.
კავშირი საგანმანათლებლო მიზნებთან
როგორ უკავშირდება ჩვენი კლუბის ეს ხედვა ეროვნულ საგანმანათლებლო მიზნებს და როგორ ვახდენთ მის ინტეგრირებას სასკოლო კურიკულუმთან?
ერთის მხრივ, ჩვენ პირდაპირ მივყვებით ეროვნულ სასწავლო გეგმას (ესგ). კლუბში მუშაობისას მოსწავლეები ივითარებენ ისეთ გამჭოლ კომპეტენციებს, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, პასუხისმგებლობა და ციფრული წიგნიერება.
მაგრამ მთავარია, როგორ ახდენს მოსწავლე უნარების ტრანსფერს აქტიურ მოქალაქეობაში. ეს გამოიხატება პრობლემის იდენტიფიცირებით, საზოგადოების საჭიროებების დანახვით, ინიციატივების განხორციელებით, ადვოკატირებით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ლიდერული მონაწილეობით.
მოქმედებიდან კომპეტენციამდე
ბუნებრივია, ისმის კითხვა: როგორ აისახა ეს ყველაფერი პრაქტიკაში? სწორედ ამ კითხვას პასუხობს პრინციპი „მოქმედებიდან კომპეტენციამდე“. რეალურად, თითოეული პრაქტიკული ნაბიჯი კონკრეტული კომპეტენციის განვითარების საფუძველი გახდა.
  • მედიაწიგნიერება და AI ინსტრუმენტები: თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის პლატფორმების ათვისებამ მოსწავლეებს ციფრული წიგნიერება და კრიტიკული აზროვნება განუვითარა.
  • თანატოლგანმანათლებლობა და პროექტების წერა: ამ პროცესმა გოგონებს გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და პასუხისმგებლობის აღების რეალური გამოცდილება შესძინა.
  • საჯარო გამოსვლები: მოსწავლეებს შეემატათ თვითრწმენა, რაც აუცილებელია სამოქალაქო ჩართულობისა და საკუთარი ინიციატივების ფართო საზოგადოებამდე მისატანად.
კლუბური მუშაობა დაეფუძნა არაფორმალური განათლების ფუნდამენტურ პრინციპებს: ნებაყოფლობით მონაწილეობას, სწავლას კეთებით და უსაფრთხო სასწავლო გარემოს. კლუბი იქცა სივრცედ, სადაც გოგონები არა შეფასების მკაცრ ჩარჩოებში, არამედ შინაგანი მოტივაციის საფუძველზე თავად ქმნიდნენ პრეზენტაციებს, ბროშურებს, პოსტერებს, ვიდეორგოლებსა და საგანმანათლებლო პროდუქტებს. მოსწავლეების მიერ შექმნილი თითოეული პროდუქტი მათივე ცოდნისა და უნარების მტკიცებულებად იქცა, რაც მათ პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის მოპოვებაში დაეხმარა.
გოგონათა ტექნოლოგიური კლუბი „Girls In Tech“
კლუბის წარმატების მთავარი საზომი ის კონკრეტული რიცხვები და შედეგებია, რომლებსაც ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიეთ:
20 მოტივირებული მოსწავლე: კლუბმა გააერთიანა საბაზო და საშუალო საფეხურების 20 გოგონა, რომლებმაც მთლიანად ნებაყოფლობით, საკუთარი ინტერესით აირჩიეს ტექნოლოგიების სამყარო.
მოპოვებული დაფინანსება: ასოციაცია „თანხმობის“ მხარდაჭერით, სკოლაში შევძელით შეგვექმნა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა (სმარტ ეკრანი), რომელიც ბავშვებს იდეების რეალურ პროდუქტებად ქცევის შესაძლებლობას აძლევს.
3 ძირითადი ეტაპი: პროექტის ფარგლებში გავიარეთ სამი ფუნდამენტური ეტაპი – იდეის ჩასახვიდან და თეორიული საფუძვლების შესწავლიდან პრაქტიკულ შემოქმედებამდე და საბოლოო პროდუქტების პრეზენტაციამდე.
პროექტის განხორციელების ფაზები:
ეტაპი
აქტივობები და შინაარსი
პარტნიორები / მოწვეული სპეციალისტები
I ფაზა: თეორიული და საბაზისო ცოდნა
საინფორმაციო სესიები კიბერჰიგიენაზე, ფიშინგზე, მედიაწიგნიერებასა და კიბერუსაფრთხოებაზე; ხელოვნური ინტელექტის (AI) საფუძვლების შესწავლა
მოწვეული ექსპერტი (საქართველოს ბანკის AI მიმართულების წარმომადგენელი) და სკოლის კურსდამთავრებული (AI პლატფორმების მოხალისე სპეციალისტი)
II ფაზა: პრაქტიკული შემოქმედება
„სწავლა კეთებით“ პრინციპი; ვიდეოანიმაციების აწყობა და ციფრული კონტენტის შექმნა პლატფორმებზე Grok, Whisk, Gemini და ChatGPT; საგანმანათლებლო სამაგიდო თამაშის მედიაწიგნიერების გზა შექმნა (დიზაინი, წესები, კითხვები)
კლუბის წევრები და ფასილიტატორი მასწავლებლები
III ფაზა: შედეგების გაზიარება და ლიდერობა
გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო eTwinning პროექტების შემაჯამებელ კონფერენციაზე; პრაქტიკული ვორქშოპის ჩატარება კაზრეთის ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციის 20 წევრისთვის AI ინსტრუმენტების გამოყენებაზე
კლუბის გოგონები როგორც თანატოლგანმანათლებლები
ინტერდისციპლინური და კოლეგიალური თანამშრომლობა
არაფორმალური განათლება სკოლაში ვერ იქნება ეფექტური, თუ ის მხოლოდ ერთი მასწავლებლის ენთუზიაზმზეა დამოკიდებული. პროექტის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად კოლეგიალური ურთიერთთანამშრომლობა და საგნობრივი ინტეგრაცია იქცა. სასწავლო პროცესში ჩავერთეთ სხვადასხვა საგნის 4 პედაგოგი და საკუთარი პრაქტიკით გავამდიდრეთ კლუბის მუშაობა:
  • მოქალაქეობა კიბერუსაფრთხოება, ფიშინგი, ადამიანის უფლებები, AI-ს ეთიკური და უსაფრთხო გამოყენება;
  • ისტი (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) – საინფორმაციო და პრაქტიკული სესიები ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებაზე (ელექტრონული წიგნის შექმნა, ბროშურების დამზადება);
  • ქართული ენასაინფორმაციო სესია და პრაქტიკული ვორქშოპი კიბერჰიგიენასა და ინტერნეტში უსაფრთხო ქცევაზე;
  • ინგლისური ენამთავარი ხიდი საერთაშორისო ასპარეზზე, რამაც გოგონებს eTwinning-ის პროექტებში უცხოელ კოლეგებთან თავისუფალი კომუნიკაციის შესაძლებლობა მისცა.
ცოდნის გაზიარება და კოლეგების პროფესიული მხარდაჭერა
კლუბსა და eTwinning პროექტებში მიღებული გამოცდილება სკოლის სხვა მასწავლებლებსაც აქტიურად გავუზიარე. კოლეგებს გავაცანით ინოვაციური პლატფორმები და ხელოვნური ინტელექტის (AI) პრაქტიკული ინსტრუმენტები სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად:
  • Nearpod და Curipod – ინტერაქციული საგანმანათლებლო თამაშებისა და პრეზენტაციების შექმნა რამდენიმე წამში, რაც მკვეთრად ზრდის საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობასა და მოტივაციას.
  • NotebookLM – სასწავლო მასალების, ტექსტებისა და წყაროების სიღრმისეული ანალიზი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, რაც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვასა და რესურსების დამუშავებაში ეხმარება.
  • Jeopardy – საგაკვეთილო პროცესის გეიმიფიკაცია (თამაშით სწავლება), რომელიც მოსწავლეთა ჩართულობის ამაღლების საუკეთესო და ყველაზე დინამიკური საშუალებაა.
პასიური მონაწილიდან აქტიურ ლიდერამდე
ნებისმიერი პროექტის ყველაზე დიდი ჯილდო მაინც იმ კონკრეტული ადამიანების ტრანსფორმაციაა, რომლებსაც ამ ინიციატივამ ახალი გზა გაუხსნა.
AI ინსტრუმენტების ათვისებამ და კლუბურმა საქმიანობამ ერთ-ერთ მოსწავლეს იმდენად დიდი მოტივაცია და თვითრწმენა შესძინა, რომ მან ჩემი ფასილიტაციითა და კლუბში მიღებული ცოდნის საფუძველზე მცირე დაფინანსება მოიპოვა. პროფესიონალური ციფრული ფოტოაპარატის შეძენით ამ მოსწავლემ უდიდესი წვლილი შეიტანა სასკოლო საზოგადოების განვითარებაში – მისმა ინიციატივამ საფუძველი ჩაუყარა სკოლის მედიალაბორატორიის შექმნას.
ეს ისტორია აჩვენებს, რომ არაფორმალურ გარემოში მიცემული თავისუფლება ბავშვებს უბრალო შემსრულებლებად კი არ ტოვებს, არამედ მათში სამოქალაქო აქტივიზმსა და დამოუკიდებელ, შემოქმედებით ლიდერობას აძლევს ბიძგს.
პროექტის მდგრადობა და სამომავლო პერსპექტივები
ჩვენი კლუბის მაგალითმა აჩვენა, რომ სწორად დაგეგმილ არაფორმალურ განათლებას შეუძლია, ფუნდამენტური გარდატეხა შეიტანოს სასკოლო ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის ოფიციალური ეტაპები დასრულდა, მისი გრძელვადიანი მდგრადობა რამდენიმე ფაქტორით არის გარანტირებული:
1. მატერიალური ბაზა და მეთოდოლოგიური რესურსები. მოპოვებული სმარტ ეკრანი და სტუდენტური ინიციატივით შექმნილი მედიალაბორატორია მომავალშიც მოემსახურება სხვადასხვა თაობის მოსწავლეებს. გოგონების მიერ შექმნილი სამაგიდო თამაში „მედიაწიგნიერების გზა“ რჩება სკოლის მეთოდოლოგიურ რესურსად, რომელსაც სხვა მასწავლებლებიც აქტიურად გამოიყენებენ გაკვეთილებზე.
  1. ადამიანური კაპიტალი და სასკოლო კულტურა. შიდასასკოლო მენტორინგის წყალობით კოლეგა მასწავლებლებში გაჩენილი ინტერესი AI პლატფორმების მიმართ ნიშნავს, რომ ტექნოლოგიური ინოვაციები უკვე იქცა ჩვენი სასკოლო კულტურის განუყოფელ ნაწილად და ყოველდღიურ გაკვეთილებზე გააგრძელებს სიცოცხლეს.
საბოლოო ჯამში, პროექტმა გაზარდა ლიდერთა ახალი თაობა. გოგონები, რომლებმაც გაიარეს გზა იდეიდან საერთაშორისო პროექტებამდე და სათემო ტრენინგებამდე, თავად იქცნენ ცვლილებების აგენტებად. ამით საძირკველი ჩაეყარა უწყვეტ, ინოვაციურ და თანამშრომლობით საგანმანათლებლო პროცესს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“