მსურს, გაგიზიაროთ მოსწავლის თვალით დანახული სიკეთეები, რომლებიც განმავითარებელ შეფასებას მოაქვს სწავლა-სწავლების პროცესში და სტატიის დასასრულს განმავითარებელი შეფასების მომზადება-მიწოდებისთვის რამდენიმე რეკომენდაციაც შემოგთავაზოთ.
ყოველთვის ვცდილობ, გამოვძებნო დრო ჩემს მოსწავლეებთან სწავლა-სწავლების პროცესის შესახებ სასაუბროდ. ვსაუბრობთ სხვადასხვა ფორმის დავალებების შესრულების, რესურსების დამუშავებისა და აქტივობებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე. გარდა ამისა, ვთხოვ მოსწავლეებს, შეაფასონ ჩვენი გაკვეთილები, აქტივობები, დავალებები და შეფასებებიც, რომლებსაც ჩემგან იღებენ.
სასწავლო წლის დასაწყისში შეფასების ფორმების შესახებ ვიმსჯელეთ ერთ-ერთ მე-7 კლასშიც, სადაც მოსწავლეები გეოგრაფიის შესწავლას იწყებდნენ. განვიხილეთ განმსაზღვრელი (ქულებით) და განმავითარებელი (სიტყვიერი) შეფასების ძლიერი და სუსტი მხარეები. მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრებები იმის შესახებ, რომელი ფორმის შეფასება იყო მათთვის უფრო ინფორმაციული, მოტივაციის მიმცემი და სასარგებლო. ვისაუბრეთ იმაზეც, რა სიხშირით უფრო სასარგებლო იქნებოდა განმავითარებელი შეფასების მიღება და რისი გაგება სურდათ განმავითარებელი შეფასების მეშვეობით. ბოლოს სტიკერებზე დამიწერეს შემაჯამებელი კომენტარები. უცვლელად გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს.
მართალია, განსაკუთრებით მრავალკონტიგენტიან სკოლებსა და კლასებში თითოეული მოსწავლისთვის წელიწადში თუნდაც ათი განმავითარებელი კომენტარის მომზადება რთული და შრომატევადი პროცესია, მაგრამ მინდა, ეს მნიშვნელოვანი საკითხი მოსწავლის ინტერესებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე განვიხილო.
განმსაზღვრელი შეფასება აფასებს მოსწავლის მიერ შესრულებული დავალებისა და განხორციელებული აქტივობის ხარისხს, მაშინ როცა განმავითარებელი შეფასება მოსწავლეს თავისი ცოდნის ძლიერ და სუსტ მხარეებსაც დაანახებს და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, აჩვენებს განვითარების გზას, მიუთითებს, როგორ აღმოფხვრას ხარვეზი, რომ შემდეგი დავალება/აქტივობა უფრო ხარისხიანად შეასრულოს და წარმოადგინოს. განმავითარებელი შეფასების მომზადება, ერთმნიშვნელოვნად, რთული და შრომატევადი პროცესია, მაგრამ მოსწავლის გავითარებაზე სწორედ ამ ტიპის შეფასებაა ორიენტირებული.
მრავალწლიანი დაკვირვების საფუძველზე შემიძლია აღვნიშნო, რომ განმსაზღვრელი შეფასება ხშირად ქცეულა მოსწავლის სტრესის მიზეზად. მრავლად ყოფილა შემთხვევა, როდესაც არასასურველი ქულის თავიდან ასარიდებლად მოსწავლეებს უარი უთქვამთ დავალების წარდგენასა და აქტივობებში მონაწილეობაზე. ასევე, არასასურველი ქულა ხშირად ქცეულა სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვან დემოტივატორად.
დავესესხები დიმიტრი უზნაძეს, რომელიც მიიჩნევდა, რომ ციფრები ანუ განმსაზღვრელი შეფასება სწავლა-სწავლების პროცესიდან უნდა განიდევნოს, რადგან ის სუბიექტური ხასიათისაა და ხელს უშლის ნდობის ატმოსფეროს შექმნას. იმისთვის, რომ ბავშვის გულიც და ცნობიერებაც ღია იყოს, საჭიროა ნდობისა და სიყვარულის ატმოსფეროს ჩამოყალიბება და შენარჩუნება.
რა უნდა გავითვალისწინოთ განმავითარებელი შეფასების მომზადებისა და გაცემის დროს?
განმავითარებელმა შეფასებამ მოსწავლის განვითარებისთვის ეფექტიანად რომ იმუშაოს, ის უნდა იყოს ინფორმაციული, ნათელი და გასაგები ენით დაწერილი, ჰქონდეს პოზიტიური შესავალი და დასკვნითი ნაწილი. პოზიტიურ შესავალს, რომელშიც ნაშრომის ძლიერი მხარეები იქნება წარმოჩენილი, უნდა მოსდევდეს სუსტი მხარეების აღნიშვნა და მათი გამოსწორება-გაუმჯობესების გზების მითითება. მითითებები შესრულებადი, დაძლევადი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მიერ შეთავაზებული გზები მოსწავლის მხარდაჭერის ნაცვლად მის დემოტივირებას გამოიწვევს. ამიტომ ავირჩიოთ ნაშრომის ერთი ან რამდენიმე სუსტი მხარე და მოსწავლეს მათ გასაუმჯობლად საჭირო რჩევები მივცეთ. ერთდროულად ყველა ხარვეზზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად ერთ ან რამდენიმე პირველი რიგის ამოცანაზე კონცენტრირებით მოსწავლეებს ვაჩვენებთ, რომ შეუძლიათ ხარვეზების აღმოფხვრაზე დამოუკიდებლად მუშაობა და ნაშრომების ხარისხობრივი გაუმჯობესება.
დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობასთან ერთად მოსწავლე იმაშიც უნდა დავარწმუნოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში მას პროგრესის მიღწევაში დავეხმარებით.
მნიშვნელოვანია, რომ განმავითარებელი შეფასება შეგვიძლია მივცეთ მოსწავლეს როგორც ვერბალური, ისე წერილობითი სახით. ამასთან, განმავითარებელი შეფასება უნდა იყოს დროული და კონფიდენციალური. ეფექტიანობისთვის სასურველია, ის შესაფასებელი დავალებისა თუ აქტივობის წარდგენიდან 24 საათის შემდეგ მივაწოდოთ მოსწავლეს. დაბოლოს, უნდა დავრწმუნდეთ, რომ შეფასება და ჩვენი მითითებები მოსწავლემ სწორად გაიგო, დავაკვირდეთ მის რეაქციას, ვუპაუსხოთ მის კითხვებს და ჩვენც დავუსვათ დამატებითი შეკითხვები.
განმავითარებელი შეფასება დანამდვილებით შეგვიძლია მივიჩნიოთ მომავალზე ორიენტირებულ შეფასებად. სასწავლო წლის განმავლობაში გაცემული ასეთი შეფასებები ქმნის ერთგვარ გზამკვლევს, რომელსაც ეყრდნობა მოსწავლისა თუ სტუდენტის წარმატება.
შეგვიძლია, გამოვიყენოთ შემდეგი გზამკვლევი, რომელიც პუნქტობრივად აღწერს ზემოთ ნახსენებ მიზანზე ორიენტირებული განმავითარებელი შეფასების მახასიათებლებს. მაშ ასე:
-
განმავითარებელი შეფასება უნდა იყოს ინფორმაციული, ნათელი, ადრესატისთვის გასაგები ენით დაწერილი.
-
ჰქონდეს პოზიტიური შესავალი და დასკვნითი ნაწილი.
-
პოზიტიურ შესავალს, რომელშიც ნაშრომის ძლიერი მხარეები იქნება წარმოჩენილი, უნდა მოსდევდეს სუსტი მხარეების აღნიშვნა მათი გამოსწორება-გაუმჯობესების გზების მითითებით.
-
ეს მითითებები უნდა იყოს რეალურად შესრულებადი, დაძლევადი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსწავლის დახმარების ნაცვლად მის დემოტივაციას გამოიწვევს.
-
ავირჩიოთ ნაშრომის ერთი ან რამდენიმე სუსტი მხარე. ერთდროულად ყველა ხარვეზზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად ერთ ან რამდენიმე პირველი რიგის ამოცანაზე კონცენტრირებით მოსწავლეებს ვაჩვენებთ, რომ შეუძლიათ ხარვეზების აღმოფხვრაზე დამოუკიდებლად მუშაობა და ნაშრომების ხარისხობრივი გაუმჯობესება.
-
დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობასთან ერთად მოსწავლე იმაშიც უნდა დავარწმუნოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში მას პროგრესის მიღწევაში დავეხმარებით.
-
განმავითარებელი შეფასება შეგვიძლია მივცეთ მოსწავლეს როგორც ვერბალური, ისე წერილობითი სახით.
-
განმავითარებელი შეფასება უნდა იყოს დროული და კონფიდენციალური.
-
ეფექტიანობისთვის სასურველია, ის შესაფასებელი დავალებისა თუ აქტივობის წარდგენიდან 24 საათის შემდეგ მივაწოდოთ მოსწავლეს.
-
დაბოლოს, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი შეფასება და მითითებები მოსწავლემ სწორად გაიგო. დავაკვირდეთ მის რეაქციებს, ვუპასუხოთ მის კითხვებს და ჩვენც დავუსვათ დამატებითი შეკითხვები.
როდესაც მოსწავლის მიერ შესრულებულ დამოუკიდებელ სამუშაოს და შექმნილ სასწავლო პროდუქტს განმავითარებელი შეფასებით ვაფასებთ, ბუნებრივია თითოეული განმავითარებელი კომენტარი ეფუძნება მოსწავლის კონკრეტულ ნამუშევარს და მუშაობის პროცესში მის მიერ გამოვლენილ უნარებს.
შეგვიძლია, რამდენიმე ზოგად მაგალითზე განვიხილოთ განმავითარებელი კომენტარების მნიშვნელობა.
მაგალითი (ა): „შენ მიერ მომზადებულ დავალებაში მკაფიოდ იყო წარმოჩენილი (კრიტერიუმი A) როგორც ის არგუმენტები, რომლებიც კლასში განვიხილეთ/დავამუშავეთ აქტივობა 1-ის გზით, ისე შენ მიერ გამოტანილი დასკვნების შედეგად ჩამოყალიბებული არგუმენტებიც. შენს არგუმენტებს ამყარებს ის დამატებითი მაგალითები/მტკიცებულებები, რომლებიც წარმოდგენილია შენ მიერ შექმნილ პროდუქტში…“
მაგალითი (ბ): „შენ მიერ შესრულებულ დავალებაში ნაწილობრივ იყო მოყვანილი (კრიტერიუმი B) ის არგუმენტები, რომლებიც კლასში განვიხილეთ/დავამუშავეთ აქტივობა 1-ის გზით. ნაწილობრივ წარმოჩენილი არგუმენტები არ ქმნიდა არგუმენტირებული მსჯელობის ლოგიკურ ჯაჭვს. არგუმენტების ნაწილობრივი ჩვენება გამოიხატა იმით, რომ არ გქონდა მოყვანილი უტყუარი მტკიცებულება/მაგალითი/სამეცნიერო მოსაზრება/დოკუმენტური მასალა…“
მაგალითი (გ): „შენ მიერ შესრულებულ დავალებაში არ იყო მოყვანილი (კრიტერიუმი B) შენი მოსაზრების დამადასტურებელი არგუმენტები. გქონდა ნახსენები რამდენიმე ფაქტი/მაგალითი/მეცნიერის მოსაზრება, მაგრამ არ ჩანდა შენი მსჯელობა/მოსაზრება/დამოკიდებულება. გირჩევ, დაიწყო მოყვანილ ფაქტებს/მაგალითებს/მეცნიერთა მოსაზრებებს შორის მსგავსებისა და განსხვავების დანახვის მიზნით სააზროვნო სქემის (ვენის დიაგრამა, T დიაგრამა…) გამოყენება. ეს საშუალებას მოგცემს, გამოიტანო შენი, საკუთარი დასკვნები“.
მკაფიო, მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული, სრულყოფილი, ობიექტური და მიღწევადი განმავითარებელი შეფასება ყველაზე დიდი მხარდაჭერაა მოსწავლისთვის წინსვლისა და წარმატების გზაზე.
გამოყენებული ლიტერატურა
-
ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები. მ. მელიქიშვილი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2013 წ.
-
ქცევის მართვის ინდივიდუალური შემთხვევების განხილვა. გზამკვლევი მასწავლებლებისთვის. თ. მუმლაძე, ნ. მიქაია, თ. საამიშვილი. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. 2018 წ.
-
ქცევის მართვის პოზიტიური მხარდაჭერა სკოლებში – პრევენციული აქტივობები. გზამკვლევი მასწავლებლებისთვის. თ. მუმლაძე, ნ. მიქაია, თ. საამიშვილი. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. 2018 წ.
-
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. მ. ბაგრატიონი, შ. ტყეშელაშვილი, ლ. ქურციკიძე. 2021 წ.




