ხუთშაბათი, სექტემბერი 3, 2026
3 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2026

ქცევის ემოციური გააზრება ინკლუზიურ განათლებაში

„ზოგჯერ ბავშვი ცუდად კი არ იქცევა, ის უბრალოდ ცდილობს იმის თქმას, რასაც სიტყვებით ჯერ ვერ გადმოსცემს “.
 E.M.O.T.I.O.N. მოდელი
სტატიაში განხილულია ინკლუზიურ განათლებაში ქცევის მართვის ტრადიციული ABC მოდელის შეზღუდვები და წარმოდგენილია E.M.O.T.I.O.N. მოდელი. მიდგომა ფოკუსირებულია ბავშვის შინაგან ემოციურ მდგომარეობაზე, მეხსიერებასა და დაუფარავ საჭიროებებზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნეიროგანვითარებითი სირთულეების მქონე მოსწავლეებთან მუშაობისას.
ინკლუზიური განათლების თანამედროვე სივრცეში ქცევის მართვა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ამავე დროს კომპლექსურ მიმართულებად რჩება. მრავალი წლის განმავლობაში სპეციალისტები აქტიურად იყენებდნენ ABC მოდელს (Antecedent – Behavior – Consequence), რომელიც ეფუძნება წინაპირობის, უშუალო ქცევისა და შედეგის გარეგან ანალიზს.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოდელი ფართოდ გამოიყენება პედაგოგიურ პრაქტიკაში, რეალური გამოცდილება ხშირად გვიჩვენებს, რომ ბავშვის ქცევის სიღრმისეული მიზეზი ყოველთვის ზედაპირზე არ დევს. განსაკუთრებით რთულია ეს იმ მოსწავლეებთან, რომელთაც აღენიშნებათ განვითარების შეფერხება, მეტყველებისა და კომუნიკაციის სირთულეები, სენსორული მგრძნობელობა ან ემოციური რეგულაციის პრობლემები.
ქცევის ეფექტიანი მართვა მხოლოდ გარეგანი დაკვირვებით ვერ ხერხდება, რადგან ბავშვი ხშირად რეაგირებს არა მხოლოდ იმ წუთას მომხდარ მოვლენაზე, არამედ შინაგან ემოციურ ნალექზე — იმაზე, რაც გაახსენდა, რაც მასში დაილექა ან ემოციურად აწუხებს.
ABC მოდელის შეზღუდვები და პრაქტიკული გამოცდილება
პრაქტიკული და პირადი გამოცდილება აჩვენებს, რომ ტრადიციული ABC მოდელი ხშირ შემთხვევაში არასაკმარისია ბავშვის ქცევის რეალური მიზეზის ამოსაცნობად. ჩემს პირად გამოცდილებას თუ დავეყრდნობი, ჩემი შვილი, რომელსაც აღენიშნებოდა ზედმეტად აქტიური ქცევა და მეტყველების დაუზუსტებელი დარღვევები, გამართული წინადადებებით მხოლოდ ხუთი წლის ასაკში ამეტყველდა. სანამ ბავშვი შეძლებდა აზრის სიტყვიერად გამოხატვას, ხშირად შეუძლებელი იყო მისი გაღიზიანების ან პროტესტის ზუსტი მიზეზის დადგენა.
მოგვიანებით, როდესაც მან საკუთარი ემოციების სიტყვიერად გადმოცემა შეძლო, აღმოჩნდა, რომ ზოგჯერ ქცევის გამომწვევი მიზეზი იყო რამდენიმე დღის წინ მომხდარი წყენა, უარყოფითი გამოცდილება ან შინაგანი დისკომფორტი, რომელიც კონკრეტულ მომენტში გაახსენდა.
ეს პრაქტიკული დაკვირვება მაფიქრებინებს, რომ ქცევის რეალური წინაპირობა ყოველთვის ხილული არ არის. სპეციალური მასწავლებელი ან პედაგოგი კლასში შესაძლოა ხედავდეს მხოლოდ რეაქციას (ქცევას), მაგრამ ვერ აღიქვამდეს ბავშვის შინაგან ემოციურ მდგომარეობას. ამიტომ, მხოლოდ გარეგან Antecedent-ზე (წინაპირობაზე) დაყრდნობა ხშირად მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანს, განსაკუთრებით ნეიროგანვითარებითი სირთულეების მქონე მოსწავლეებთან მუშაობისას.
ქცევა, როგორც კომუნიკაციის ფორმა
თანამედროვე ინკლუზიური განათლება სულ უფრო აქტიურად აღიარებს პრინციპს: ქცევა არის კომუნიკაცია.
ბავშვი, რომელსაც უჭირს:
  • ემოციის სიტყვიერად გამოხატვა;
  • საკუთარი ფუნდამენტური საჭიროებების გადმოცემა;
  • შფოთვის მიზეზის ახსნა;
  • დახმარების დროული და ადეკვატური თხოვნა,
სწორედ ქცევის საშუალებით ცდილობს საკუთარი წყენის გამოხატვას. შესაბამისად, აგრესია, პროტესტი, ტირილი, ყვირილი თუ არიდებითი ქცევა (გაქცევა) ხშირ შემთხვევაში არის არა „ცუდი ქცევა“ ან „დისციპლინის დარღვევა“, არამედ ბავშვის მიერ გამოგზავნილი დახმარების სიგნალი.
E.M.O.T.I.O.N. მოდელი.
პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით, შევიმუშავე ქცევის ემოციური გააზრების მოდელი E.M.O.T.I.O.N. MODEL. მისი მთავარი მიზანია ბავშვის ქცევის მიღმა არსებული სიღრმისეული ემოციური მიზეზების დანახვა და არა მხოლოდ გარეგანი გამოვლინების შეფასება.
აკრონიმი და კომპონენტები:
  • E – Emotion (ემოცია): რას გრძნობს ბავშვი რეალურად? ქცევის უკან ხშირად დგას დაფარული წყენა, შიში, გადაღლა, შფოთვა ან იმედგაცრუება.
  • M – Memory (მეხსიერება): ქცევა ყოველთვის მიმდინარე სიტუაციით არ ინსპირირდება. ბავშვს შესაძლოა, გაახსენდეს წარსული წყენა, ტრავმული/უარყოფითი გამოცდილება ან ემოციური ტკივილი.
  • O – Observation (დაკვირვება): მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქცევის, არამედ არავერბალური ნიშნების დაკვირვება: სხეულის ენა, თვალის გამომეტყველება, ხმის ტონი, სენსორული რეაქციები.
  • T – Trigger (ტრიგერი): გამომწვევი ფაქტორი შეიძლება იყოს გარეგანი (ხმაური, გარემოს ცვლილება, შეხება, უარი) ან შინაგანი (ემოციური გახსენება, მოლოდინის დარღვევა).
  • I – Interaction (ურთიერთქმედება): უფროსის რეაქცია გარდამტეხია. საჭიროა მშვიდი ტონი, ემპათია, უსაფრთხოების განცდა და მხარდაჭერა დასჯის/სანქციის ნაცვლად.
  • O – Outcome (შედეგი): ქცევის შემდგომი შეფასება: დამშვიდდა თუ არა ბავშვი, იგრძნო თუ არა მხარდაჭერა და შემცირდა თუ არა მისი სტრესის დონე.
  • N – Needs (საჭიროებები): ყველა ქცევის უკან დგას დაუკმაყოფილებელი საჭიროება: ემოციური უსაფრთხოება, დასვენება, კომუნიკაცია, ყურადღება ან სენსორული რეგულაცია.
ABC და E.M.O.T.I.O.N. მოდელების შედარებითი ანალიზი
ABC მოდელი ძირითადად კონცენტრირებულია ხილულ ქცევასა და მის უშუალო შედეგზე, ხოლო E.M.O.T.I.O.N. მოდელი ცდილობს, სიღრმისეულად დაინახოს ბავშვის შინაგანი ემოციური სამყარო.
  • ABC მოდელის სტრატეგიული კითხვა: „რა მოხდა უშუალოდ ქცევამდე და რა შედეგი მოჰყვა მას?“
  • M.O.T.I.O.N. მოდელის სტრატეგიული კითხვა: „რას გრძნობდა ბავშვი, რა ემოცია გააქტიურდა მასში? რის თქმას ცდილობდა ამ ქცევით?“
თანამედროვე ინკლუზიური განათლება მოითხოვს არა მხოლოდ ქცევის მექანიკურ მართვას, არამედ მოსწავლის ემოციური მდგომარეობის სიღრმისეულ გააზრებას.
E.M.O.T.I.O.N. მოდელი ეფუძნება ფუნდამენტურ პრინციპებს:
რომ ყველა ქცევის უკან დგას კონკრეტული ემოციური მდგომარეობა; ყველა რეაქციის უკან იმალება დაუკმაყოფილებელი საჭიროება; ყველა ბავშვს სჭირდება გაგება, მიღება და მხარდაჭერა, სანამ მის ქცევას შევცვლით.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“