პარასკევი, სექტემბერი 4, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

როცა საკლასო ოთახი ოკეანედ იქცევა – ინტეგრირებული სწავლება

როგორ შეიძლება ერთმანეთს დავუკავშიროთ ჩვეულებრივი ცარცი, ოკეანის სიღრმეებში მოქმედი არქიმედეს ძალა, მათემატიკური ანგარიშები, გეოგრაფიული დინებები, ხელოვნება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა? ერთი შეხედვით, ეს საგნები და მოვლენები სრულიად სხვადასხვა სამყაროს ეკუთვნის, მაგრამ თბილისის N108 საჯარო სკოლის VII ვ კლასში განხორციელებულმა ორკვირიანმა ინტეგრირებულმა პროექტმა – „საოცარი მარჯნის რიფები“ – აჩვენა, რომ მეცნიერება, ხელოვნება და გარემოსდაცვითი მოქალაქეობა ერთმანეთს კი არ გამორიცხავს, არამედ ორგანულად ავსებს.
 5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს დასრულებული ეს პროექტი მხოლოდ რიგითი სასწავლო აქტივობა არ ყოფილა. ის იქცა ნათელ მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგიდან – „ოკეანის წიგნიერება სკოლებში“ – მიღებული თეორიული ცოდნა რეალურ, მრავალსაგნობრივ და შემოქმედებით საგანმანათლებლო გამოცდილებად გარდაიქმნას.
სწორედ ამ იდეას დაეფუძნა საგნობრივი კათედრების მჭიდრო თანამშრომლობა და ერთობლივი დაგეგმვა. პროექტის განხორციელებაში სხვადასხვა დისციპლინა გაერთიანდა: ბიოლოგია, ფიზიკა, მათემატიკა, გეოგრაფია, ხელოვნება, სამოქალაქო განათლება და ქიმია (საფუძვლები). სასწავლო პროცესი თანამედროვე მეთოდოლოგიურ ჩარჩოებს – 5E მოდელს, 3H მოდელს (დროში მოგზაურობა) და PESTEL ანალიზს დაეფუძნა, რამაც კვლევა უფრო სტრუქტურირებული და სიღრმისეული გახადა.
პროექტის განხორციელების ეტაპები და საგნობრივი ინტეგრაცია.
  • პროექტის დასახელება: „საოცარი მარჯნის რიფები“
  • სამიზნე კლასი: VII ვ კლასი
  • ინტეგრირებული საგნები: ბიოლოგია, ფიზიკა, მათემატიკა, გეოგრაფია, ხელოვნება, სამოქალაქო განათლება, ქიმია(საფუძვლები).
  • მეთოდოლოგიური ჩარჩო: 5E მოდელი, PESTEL ანალიზი, 3 Horizon მოდელი.
ეტაპი 1. ჩართულობა (Engage) „შავი ყუთის საიდუმლო“
  • აქტივობა: მოსწავლეები 3 მინიშნებით (ოკეანის „ცემენტი“, ზღვის არსებების ჩონჩხები, დაფაზე დასაწერი ნივთი) შავ ყუთში მყოფ ჩვეულებრივ ცარცს გამოიცნობენ.
  • მიზანი: ინტერესის აღძვრა და კავშირის პოვნა ყოველდღიურ საგანსა და ოკეანის გიგანტურ არქიტექტურას შორის.
ეტაპი 2. გამოკვლევა (Explore) ლაბორატორიული ექსპერიმენტები და ფიზიკა
  • ექსპერიმენტიუხილავი საფრთხე“ (ქიმია): ცარცის მოთავსება სუფთა და ძმრიან წყალში, ნახშირორჟანგის ბუშტუკების გამოყოფისა და ცარცის დაშლის დაკვირვება. წყალში ჰაერის ჩაბერვით pH-ის ცვლილების გაზომვა pH მეტრითა და TDS-ით.
  • ოკეანის ფიზიკა და დასუფთავების სიმულაცია: ნარჩენების ტივტივისა და ჩაძირვის ანალიზი სიმკვრივის მიხედვით; დიფუზიის მოვლენის შესწავლა (როგორ ვრცელდება მჟავა წყალში).
  • გეოგრაფიული კვლევა: რუკაზე მუშაობა – რიფების გავრცელება ტროპიკებში და ოკეანური დინებების როლი.
ეტაპი 3. განმარტება (Explain) ბიოლოგიური სიმბიოზი და ფიზიკური ძალებ
  • ბიოლოგია: მარჯნისა და ერთუჯრედიანი წყალმცენარეების (ზოოქსანთელების) სიმბიოზი. გამრავლების გზები (დაკვირტვა, ფრაგმენტაცია) და მასობრივი დაქვირითება სავსე მთვარის დროს.
  • ფიზიკა: ჰიდროსტატიკური წნევის გამოთვლა 10 მეტრის სიღრმეზე; არქიმედეს ძალისა და ტალღების დარტყმისადმი მედეგობის ფიზიკური ანალიზი.
  • თუთიყუშითევზის საიდუმლო: შედარება სახლის თუთიყუშთან; როგორ ფქვავს ის მკვდარ მარჯანს და გარდაქმნის თეთრ ქვიშად ხახუნისა და ცვეთის ძალების ხარჯზე.
ეტაპი 4. გაღრმავება/დამუშავება (Elaborate) მათემატიკა, PESTEL და ხელოვნებ
  • მათემატიკური მოდელირება: კოლონიების გათეთრებისა და რეაბილიტაციის ამოცანები; რიფის მართკუთხა ფართობის 5%-იანი ყოველწლიური კლების გამოთვლა; თუთიყუში-თევზის მიერ წარმოქმნილი ქვიშის მასის გამოთვლა; დიდი ბარიერული რიფის 5 წლის მონაცემების საშუალო არითმეტიკულის გამოთვლა და ხაზოვანი დიაგრამის აგება.
  • სამოქალაქო განათლება PESTEL ანალიზი: პრობლემის გააზრება 6 ჭრილში: პოლიტიკური (ხელშეკრულებები), ეკონომიკური (ტურიზმის/თევზჭერის ზარალი), სოციალური (ცნობიერება), ტექნოლოგიური (3D პრინტერები), ეკოლოგიური (გამჟავიანება) და იურიდიული (სანქციები).
  • ხელოვნება (“Pasta Coral Garden”): სხვადასხვა ფორმის მაკარონისგან, წებოსა და ფერების გამოყენებით ჯანსაღი და გათეთრებული მარჯნის 3D მაკეტების შექმნა, სადაც დაცულია კონსტრუქციის ფიზიკური სიმყარე და მათემატიკური გეომეტრია.
ეტაპი 5. შეფასება (Evaluate) 3 Horizon მოდელი და პრეზენტაცი
  • აქტივობა: დროში მოგზაურობა (H1 – წარსული მდგომარეობა 1950 წლიდან, H2 – ამჟამინდელი კრიზისი, H3 – მომავლის პროგნოზი 50 წლის შემდეგ).
  • პრეზენტაცია და შეფასება: მოსწავლეები წარადგენენ 11 საინტერესო ბინადარს (ნემო, დორი, თევზი-ფუგუ და სხვ.) და აჯამებენ პროექტს გლობალური დასკვნით; მასწავლებელი აფასებს მათ წინასწარ გამზადებული კრიტერიუმების (რუბრიკის) მიხედვით.

ამ ორკვირიანმა გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ თანამედროვე განათლება აღარ არის ცალკეული საგნების იზოლირებულად სწავლება. ის არის ურთიერთდაკავშირებული ცოდნის, კვლევის, შემოქმედების, თანამშრომლობისა და რეალურ ცხოვრებასთან ინტეგრაციის სივრცე. როდესაც მოსწავლე პრაქტიკულად ხედავს კავშირებს მეცნიერებასა და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას შორის, სწავლის პროცესი გაცილებით ღრმა, გააზრებული და პროდუქტიული ხდება.
ეს პროექტი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ დედამიწის ყველაზე შორეული ეკოსისტემების ბედიც კი ჩვენს ყოველდღიურობასთან არის გადაჯაჭვული. თუ პატარა მარჯნის პოლიპებს შეუძლიათ შექმნან კოსმოსიდან დასანახი გიგანტური რიფები, მაშინ განათლებასაც შესწევს ძალა, დიდი ცვლილებების კედელში თავისი აგური დადოს – ერთი იდეით, ერთი პროექტითა და ერთი შთაგონებული მოსწავლით.
მადლობა: ავტორი დიდ მადლობას უხდის კოლეგებს: ფიზიკის, მათემატიკის, ხელოვნების და გეოგრაფიის პედაგოგს რომელთა პროფესიონალიზმისა და დაუღალავი თანამშრომლობის გარეშე ეს ინტეგრირებული პროექტი ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“