ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში

თანამედროვე მასწავლებლების მოვალეობაა, არ შემოიფარგლონ მხოლოდ საგნის სწავლებით – ისინი მოსწავლის პიროვნების აღზრდასა და მის მოქალაქეობრივ ჩამოყალიბებაზეც უნდა ზრუნავდნენ. ამავე დროს, ზოგადი განათლების მიზნები უბიძგებს მათ, ხშირად გამოიყენონ ინტეგრაციაც, რათა მოსწავლეებმა ისწავლონ ერთი თემის მეორესთან, ერთი სასწავლო საგნის მეორესთან დაკავშირება. ეს ხელს უწყობს ცოდნის გამთლიანებას და შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას – ტრანსფერს. მასწავლებლის პროფესიული სტადარტის ეს მოთხოვნა ასახულია სამოდელო გაკვეთილის ტიპშიც – ინტეგრირებულ გაკვეთილშიც. ის ერთი და იმავე, მონათესავე ან გამჭოლი თემატიკის ირგვლივ გაერთიანებული ორი ან რამდენიმე სასწავლო საგნის მიხედვით დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილია, რომელიც უზრუნველყოფს ინტეგრირებული საგნების შესაბამისი სასწავლო შედეგების მიღწევას.

გთავაზობთ ჩემი სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილის ნიმუშს – „ისტორიული პერსონალიები. მოქალაქე და პიროვნება შუა საუკუნეების საქართველოში „წმინდა ნინოს ცხოვრების“ მიხედვით“, რომელიც ჩავატარე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ასმათ გაფრინდაშვილთან ერთად. გაკვეთილზე შევეცადეთ, მოსწავლეებში გაგვეაქტიურებინა ტრანსფერული ცოდნა და უნარები და მათი პიროვნული თვისებების განვითარებისთვისაც შეგვეწყო ხელი.

„ისტორიული პერსონალიები, მოქალაქე და პიროვნება შუა საუკუნეების საქართველოში „წმინდა ნინოს ცხოვრების“ მიხედვით

  1. კლასი: IX
  2. საგანი: ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა
  3. თემა: „ისტორიული პერსონალიები. მოქალაქე და პიროვნება შუა საუკუნეების საქართველოში „წმინდა ნინოს ცხოვრების“ მიხედვით
  4. სასწავლო მიზნები: მოსწავლემ შეძლოს ახსნა, რა კავშირია მოქალაქესა და პიროვნებას შორის, დააკავშიროს ერთმანეთთან ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მიღებული ცოდნა, წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი პრობლემურ საკითხზე, შეაჯამოს განსხვავებული შეხედულებები და გამოიტანოს დასკვნა პიროვნებისა და მოქალაქის ურთიერთმიმართების შესახებ შუა საუკუნეების საქართველოში, იმსჯელოს საქართველოში არსებულ რელიგიაზე.
  5. კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან – ისტ. IX.6.: მოსწავლემ იმსჯელოს საქართველოში არსებული რელიგიის შესახებ; ქართული. IX-1: მოსწავლე წარმოადგენს აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა თვალსაზრისს სადავო ან პრობლემურ საკითხზე. IX-9: აჯამებს განსხვავებულ შეხედულებებს მოცემულ საკითხზე.
  6. გაკვეთილის ტიპი – ინტეგრირებული

7.ლექსიკონიქართული ენა და ლიტერატურა

მუხრანით-კერძო – მუხრანისკენ

მოუხდა უჩინო იგი მტერი – ეკვეთა უჩინარი მტერი (ეშმაკი)

მახვილითა მოწყუედა – მახვილით მოსპობა, მოკვლა

უდებ ვიქმენენით – ვერაფერი შევძელით, ვერაფერი ვიღონეთ

მიუშვით – საშუალება მივეცით

გრძნება – ეშმაკით მოქმედება (საბა) გრძნეულება

ბოროტად მოვსრნეთ – სასტიკად გავუსწორდეთ, დავხოცოთ

მოსავნი ჯვარცმულისანი – ჯვარცმული ქრისტეს მოიმედენი, მორწმუნეები

ღმერთნი მპყრობელნი ქართლისა – იგულისხმება ქართლის კერპები

დაიპყრა ბნელმან არენი – სიბნელემ მოიცვა არემარე

მაღნარი – ხშირი და შამბიანი ტყე მთაში

წარეწირა სასოება – გადაეწურა იმედი

ვხადე ღმერთთა ჩემთა – შევთხოვე ჩემს ღმერთებს (კერპებს)

ყოვლისა ქუეყნისათვის – მთელი ქვეყნისათვის

ოდენ ჩემთვის – მხოლოდ ჩემთვის

დაისწვა ადგილი იგი – დაიმახსოვრა ის ადგილი

მოერთო – შეუერთდა

წარწყმედა – დაღუპვა

ოსწრაფებით – სასწრაფოდ

ხელსა ქუეშე – ხელით

ისტორია: 1. „უცხო“ – „ვითარცა ტყვე“ – „მკვიდრისგან“ განსხვავებული; 2. „მკვიდრი“ – მოქალაქე

  1. 9შეფასება – განმავითარებელი
  2. საჭირო საგანმანათლებლო რესურსების ჩამონათვალი:

ა) ნარატივი – საქართველოს ისტორია, IX კლ., ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბ., 2012; მასწავლებლის ინტერაქტიური მინი-ლექცია; ქართული, IX კლ., ვახტანგ როდონაია, მარინე ხუციშვილი, ნინო ნაკუდაშვილი, ავთანდილ არაბული გამომცემლობა „სწავლანი“, თბ., 2012

ბ) დაფა; მარკერი;

გ) მულტიმედიარესურსი – „იესო ქრისტე – უნიკალური პიროვნება“

https://www.youtube.com/watch?v=s3fILfZ7nv0 ლინკი მოცემულ დროზე: 0:26-1:20

  1. ისტორიის მასწავლებლის სლაიდები: „დრო და ისტორიული პერსონალიები“
  2. 10გაკვეთილის დროში გაწერილი მიმდინარეობა:

აქტივობა N1 (6 წთ) – მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს კითხვებით. მოსწავლეები, გამოცდილებიდან და წინარე ცოდნიდან გამომდინარე, გასცემენ პასუხებს. მიღებული პასუხები აისახება სქემაზე (სქემა 1):

კითხვები პასუხები
რას ნიშნავს პიროვნება?

 

პიროვნება საზოგადოების და ბუნების მიერ შექმნილი არსებაა, რომელსაც აქვს შემეცნება, მეტყველება და შემოქმედებითი უნარები… ტერმინი „პიროვნება“ გულისხმობს ადამიანის მიერ საკუთარი თავის შეცნობას, პერსონალურ სტილს, კულტურულ და სოციალურ საფუძვლებს და პირად უნარებს ანუ მონაცემებს.
რა კავშირი აქვს პიროვნებას ისტორიასთან? პიროვნება განსაზღვრული ისტორიულ-საზოგადოებრივი პროცესის მონაწილეა თავისი შემეცნებით, მოღვაწეობით. ეს პროცესები, თავის მხრივ, განსაზღვრავს ადამიანის აქტიურობას, დამოკიდებულებას, მის ურთიერთობას გარე სამყაროსა და საკუთარ თავთან. რამდენადაც აქტიური იქნება ადამიანი, მით მეტად განვითარებული პიროვნული ნიშან-თვისებები ექნება მას და მით მეტად აქტიურ როლს შეასრულებს საზოგადოებრივ ანუ ისტორიულ პროცესებში.
ა) დაასახელეთ თქვენთვის ცნობილი ისტორიული პირები.

ბ) ვინ არის ისტორიული პირი?

ა) თამარ მეფე, დავით აღმაშენებელი, ლუარსაბ პირველი, ერეკლე მეორე, ილია ჭავჭავაძე, მარტინ ლუთერ კინგი, მაჰათმა განდი, იესო ქრისტე.

ბ) ადამიანი, რომელიც ჩართულია საზოგადოებრივ პროცესებში და განსაკუთრებული წვლილი შეაქვს მათში, ზეგავლენას ახდენს მათზე, ან ცვლის საზოგადოებრივ აზრს, თავად საზოგადოებას.

რა კავშირია ცნებებს – „პიროვნებასა“ და „მოქალაქეს“ შორის? რამდენად მნიშვნელოვანია ამ ცნებათა ურთიერთობის შინაარსი საზოგადოებისთვის? მოქალაქეებად ადამიანები იბადებიან ან ხდებიან ნატურალიზაციის გზით, პიროვნებებად კი ყალიბდებიან; ეს ორი ცნება მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, რადგან მოქალაქე შეიძლება იყოს ადამიანი, მაგრამ ვერ შედგეს პიროვნებად, ან იყოს კარგი ან ცუდი პიროვნება. საზოგადოებაც ყალიბდება იმის მიხედვით, როგორი პიროვნებები არიან მისი მოქალაქეები.
როგორ ფიქრობთ, როგორი იყო პიროვნებისა და მოქალაქის გაგება ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე? იმ ეპოქაში ძირითადი ღირებულებები იყო კერპისა და მეფის მორჩილება, შესაბამისად, ადრეშუასაუკუნეების ქართლში მოქალაქისა და პიროვნების გაგებაში უნდა ვიგულისხმოთ არმაზის კერპის ერთგული და მეფის მორჩილი პიროვნება და მოქალაქე.
ქრისტიანობის ქადაგებით რის შეცვლას აპირებდა ქართლში ნინო კაბადოკიელი? ის კერპისა და მეფის უსიტყვო მორჩილებისგან განსხვავებულ ღირებულებებს ქადაგებდა, აპირებდა არსებულის საპირისპირო ვითარების დამკვიდრებას. ლოგიკურად, აქ იგულისხმება ქართლის მკვიდრობის ახალი გაგებაც, რომელიც არმაზიანელობისა და მეფის უსიტყვო მორჩილებისგან განსხვავებულ რეალობას უღებდა კარს.

სქემა1.

პრობლემის გამოკვეთა: ნინოს ქადაგებით უნდა დაიძლიოს ქართლის მკვიდრობის ის გაგება, რომელიც დაკავშირებული იყო არმაზიანელობასა და მეფის უსიტყვო მორჩილებასთან.

 

აქტივობა N2 (15 წთ) – ისტორიის მასწავლებლის ინტერაქციული მინილექცია სლაიდშოუს თანხლებით პიროვნებისა და მოქალაქის ურთიერთმიმართების საკითხზე „წმინდა ნინოს ცხოვრებაში“. მინილექციის მოსმენის პარალელურად მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის კითხვებს:

 

სლაიდები – „დრო და ისტორიული პერსონალიები“ მინილექცია
თხოთის  მთის   წმინდა

 ნინოს   სახელობის   ეკლესია

ადამიანის საქმიანობა მრავალმხრივია, თუ ის დაკავშირებულია მნიშვნელოვან წვლილთან, საზოგადო ღირებულებებთან, თუ გავლენას ახდენს ამ ღირებულებებზე, ცვლის ან ამკვიდრებს მათ, შესაბამისად, არის გამორჩეული მოქალაქეც, რადგან, ქმნის რა განსაკუთრებულ პიროვნებას, ამით ის ქმნის მოქალაქის განსაკუთრებულ სახესაც. ასეთ მოქალაქეთა ერთობა უკვე განსხვავებული საზოგადოებაა, ხოლო როგორიცაა საზოგადოება – ისეთივეა სახელმწიფოც, ქვეყანაც და მისი მატერიალური თუ სულიერი კულტურა. საქართველოს ისტორიაში მრავლად გვხვდებიან ადამიანები, რომელთა გადაწყვეტილებები თუ საქმიანობა დიდ გავლენას ახდენდა საზოგადოების ბედზე, მაგრამ გვხვდებიან ისეთებიც, რომელთა პირადმა მაგალითმა ან პიროვნულმა სახეცვლილებამ სრულიად შეცვალა ქართველთა ცნობიერება და მოქალაქისა და პიროვნების სულ სხვა გაგება დაამკვიდრა, რითაც განსაზღვრა ამ ქვეყნის მცხოვრებათა ისტორია ასეულობით წლის განმავლობაში. „მოქცევაი ქართლისაჲში“ (რომელსაც პირობითად „წმინდა ნინოს ცხოვრებას“ ვუწოდებთ) დაცულია გადმოცემა ნინო კაბდოკიელის ქართლში მოღვაწეობისა და მირიან მეფის ცხოვრების შესახებ, რომლის გაცნობა საშუალებას გვაძლევს თვალი გავადევნოთ, როგორ მოხდა ქართლში მოქალაქისა და პიროვნების იმ გაგების ჩამოყალიბება, ისეთი პიროვნებებისა და მოქალაქეების ფორმირება, რომლებიც ქმნიდნენ შუა საუკუნეების საქართველოს და თანამედროვეობამდეც მოიტანეს.

„მოქცევაის“ მიხედვით, ქართლის წარმართი მეფე მირიანი ნინოს დედოფლის განკურნებას სთხოვს და სანაცვლოდ სიმდიდრესა და მცხეთის მოქალაქის საპატიო სტატუსს – მცხეთის მკვიდრობას სთავაზობს. ამავე დროს, მკვიდრობა არმაზის კულტის მსახურებასთანაც უშუალო კავშირში ჩანს, რადგან მირიანი ამბობს: „…განგამდიდრო და გყო მკვიდრ მცხეთას შინა მსახურად არმაზისა… (მოქცევაი ქართლისაი, 1964: 132). იმისთვის, რომ წმინდა ნინო მკვიდრი ანუ მცხეთის მოქალაქე გახდეს, მირიანის სიტყვით, ის „მსახურად არმაზისა“ უნდა იქცეს. მაგრამ იგივე ნარატივი გვაუწყებს, რომ წმიდა ნინო ქართლში იყო „პირველ ვითარცა ტყუე, ვითარცა უცხო“. „ტყვე“ და „უცხო“ კი სრულიად საპირისპიროა იმ გაგებისა, რასაც გულისხმობდა ცნება „მკვიდრი“. მაშასადამე, იმდროინდელ ქართლში სტატუსის აღსანიშნავად გამოიყენებოდა ცნებები: „უცხო“ და „მკვიდრი“.

 

 

 

კითხვა   პასუხები
რა უფლების მატარებელია „მკვიდრი“? მკვიდრი ნიშნავს მემკვიდრეს, შვილს…

 

ისტორიის მასწავლებელი აგრძელებს მინილექციას: „მკვიდრი“ დასახელებულ ისტორიულ მონაკვეთში ნიშნავდა საზოგადოების პოლიტიკურად აქტიურ წევრს, შვილს – მემკვიდრეობითი უფლების მქონე პირს, სპას ანუ სამხედრო ვალდებულების მქონე ერთობის წევრს, იმავე თავისუფალ პირს. ეს ერთობა (თავისუფალთა ფენა) უნდა წარმოვიდგინოთ სახელმწიფოს მოქალაქის სტატუსის მქონე პირებად. ამ მკვიდრთა შორის არიან მცხეთის მკვიდრნიც.

„ნინოს ცხოვრებიდან“ ვიგებთ, რომ მკვიდრობის სტატუსი ჰქონიათ არაადგილობრივი სარწმუნოების მიმდევრებსაც, მაგალითად, მცხეთის ებრაული დიასპორის თავს, „ჰურიათა ბაგინის“ მღვდელს – აბიათარს. ჩანს, თავის ერთობაში უცხოების შემოყვანით მცხეთის საქალაქო თემი აძლიერებდა თავის სამხედრო (და, შესაძლოა, არა მარტო სამხედრო) პოტენციალს. მოქალაქეთა, იმავე მკვიდრთა იდენტობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა სამეფო სახლისა და სამეფო კულტის მიმართ ლოიალობასაც. როდესაც მირიან მეფე „მკვიდრობას“ სთავაზობს ნინო განმანათლებელს, ამით მას ნინოს „უცხოობის“ სამოქალაქო ცხოვრებისთვის დამახასიათებელ ჩარჩოებში მოქცევა სურს.

კითხვა   პასუხები
რას გულისხმობდა სტატუსი „ტყვე“? დატყვევებულს, ნაალაფარს…

ისტორიის მასწავლებელი აგრძელებს მინილექციას: ძველი ქართული ენის ლექსიკონის მიხედვით, „ტყვე“ არის ნაძარცვი, ალაფი; „ტყვენვა“ – იავარყოფა, ტყვედ წაყვანა; „მოსვრა“; „ტყუეობა“ – ტყვეობა, უცხოობა (აბულაძე 1973: 415), ძალით აყრა და გადასახლება (იმნაიშვილი 1986: 573). როდესაც ნინო თავის თავს სამისიონერო მოღვაწეობის სამიზნეს – მცხეთის ერს ამგვარად წარმოუდგენდა, გულისხმობდა, რომ ის დევნილი ქრისტიანი იყო. ამავე დროს, ნინოს „უცხოობა“ არა მხოლოდ ეთნიკურ (უცხო ნათესავი, უცხო ენა) საფუძველზე იყო დამყარებული, არამედ რელიგიურ სფეროსაც გულისხმობდა და „არმაზიანელობისგან“ სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაზე მიანიშნებდა. ნინომ უარი უთხრა მირიან მეფეს და არც ქადაგება შეუწყვეტია. ქრისტეს ქადაგებით ის მათ „ზეციურის“ დამკვიდრებას სთავაზობდა, რომელიც „გამოსულია“ ამ ქვეყნის მეფეთა ძალაუფლებიდან და მისი მოქალაქე სულ სხვა ღირებულებებს აღიარებს: წმინდა მამათა გადმოცემით, ჭეშმარიტი ქრისტიანები ზეციური იერუსალიმის მკვიდრნი არიან, ზეციური ძალის ქვეშევრდომები და მისი მხედრები, რაც სრულიად განსხვავებული ერთობაა, ვიდრე არაზმის მსახურთა წარმოდგენაში იყო.

 

კითხვა პასუხები
როგორ ფიქრობთ, რა პრობლემის წინაშე დააყენა ქართლის საზოგადოება და მეფე მირიანი ნინო კაბადოკიელმა? ქართლის მკვიდრის  როგორც მოქალაქისა და პიროვნების ახალ გაგებასთან, იმისგან განსხვავებულ გაგებასთან, რასაც მოქალაქეობა-მკვიდრობა-პიროვნებაში გულისხმობდა არმაზიანელობა და თუნდაც მეფე (სამეფო ხელისუფლების უსიტყვო მორჩილებისგან განსხვავებული მდგომარეობა). ეს იყო ქრისტიანი ადამიანის, ქრისტიანი პიროვნებისა და მოქალაქის გაგება და ღირებულებები.

ისტორიის მასწავლებელი აგრძელებს მინილექციას და ეკითხება კლასს: როგორია ქრისტიანი როგორც პიროვნება? მოსწავლეები პასუხობენ: ქრისტიან პიროვნებას ახასიათებენ ქრისტეს ათი მცნების მიხედვით.

ისტორიის მასწავლებელი აგრძელებს მინილექციას: თხოთის მთაზე ნადირობის შემდეგ ქართლის მეფე მირიანი გაქრისტიანდა და ქართლის საზოგადოებაც მოინათლა. ქართლის გაქრისტიანების შემდგომი თხრობის დროს „მკვიდრნი ქართლისანის“ ნაცვლად მემატიანე ხმარობს ცნებას: „მეფე და ყოველი ერი“.

 

კითხვა პასუხი
·         რა ცვლილებაა მომხდარი საზოგადოებაში?

·         რა შეიცვლებოდა ნინოს ქადაგების მიღებით პიროვნებისა და მოქალაქის განსაზღვრებაში?

·         რას იტყოდით ნინო განმანათლებელზე როგორც ისტორიულ პიროვნებასა და როგორც მოქალაქეზე?

მოსწავლეები პასუხობენ და აქცენტს სვამენ ქართლის საზოგადოების „ერად“ ჩამოყალიბებაზე, ახალ საზოგადოებრივ ერთობაზე, სულ სხვა ცნობიერებაზე, აქტიურ, პასუხისმგებლობიან პიროვნებაზე, რომელმაც ახალი, სრულიად განსხვავებული და მყარი საზოგადო ერთობა დაამკვიდრა და ხაზგასმით აღნიშნავენ ამაში ნინო კაბადოკიელის პიროვნულ ღვაწლს, რომელმაც ხელი შეუწყო ქართლის საზოგადოების ცვლილებას და ახალი გზით წაიყვანა ქვეყნის განვითარება.

 

 

აქტივობა N3 (5 წთ) – ქართულის მასწავლებელი კლასს უყვება, რომ ქართულმა მწერლობამ შემოინახა ცნობები იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა ძირეული ცვლილება ქართლის საზოგადოებაში წმინდა ნინოს მოღვაწეობის შედეგად, რამ შეუწყო ხელი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, რა როლი შეასრულა ამაში მირიან მეფემ; სთხოვს კლასს, გაეცნონ სახელმძღვანელოში (გვ.260) წარმოდგენილ ნარატივს: „მირიან მეფის ნადირობა თხოთის მთაზე და მისი მოქცევა“ და უპასუხონ მასწავლებლის კითხვებს. მოსწავლეები ასრულებენ დავალებას და პასუხობენ დასმულ კითხვებს. პასუხები აისახება სქემაზე (სურ.2):

კითხვები სავარაუდო პასუხები
როგორი პიროვნებაა იმდროინდელი ქართლის მმართველი, რომლის გადწყვეტილებაზეც იყო დამოკიდებული ქვეყნის ბედი? იპოვეთ ტექსტში ადგილები, სადაც ჩანს მირიანის პიროვნული თვისებები. მოსწავლეები პოულობენ მითითებულ ადგილს: „ღირს ვართ ჩვენ –  –  –  ქართლისათა“ (გვ. 260) და მოყვანილ ნაწყვეტზე დაყრდნობით მიუთითებენ, რომ მირიანი არის სასტიკი, დაუნდობელი და მრისხანე.

 

ტექსტიდან გამომდინარე, როგორი პიროვნებები არიან მცხეთის მოქალაქეები, რომლებიც ეთაყვანებიან არმაზის კერპს? ისეთები, როგორიც მათი მეფეა. ამავე დროს, ისინი უსიტყვოდ ემორჩილებიან მეფეს, არ ჩანს მათი პიროვნული თვისებები. მათი „პიროვნულობა“ თითქოს არც კია საინტერესო და მნიშვნელოვანი.
რა აზრის ხართ ასეთ საზოგადოებაზე? როგორი პიროვნება და მოქალაქე იქნება ასეთი საზოგადოების წევრი? ეს არის ჩაკეტილი საზოგადოება… პიროვნებაც ასეთივეა.

 

აქტივობა N4 (9 წთ): ქართულის მასწავლებელი სთხოვს კლასს, გააგრძელონ ტექსტის კითხვა. მოსწავლეები ასრულებენ.

 

კითხვები სავარაუდო პასუხები
ტექსტის მიხედვით, როგორ წარიმართა მოვლენები? რა დაემართა მირიანის პიროვნებას?

 

ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე, მირიან მეფე სასტიკად დაემუქრება ქრისტიანებს, ის არც საკუთარი ცოლის დანდობას აპირებს და მზადაა მოკლას თუ არ დაუტევებს ქრისტეს რჯულს. მუქარის შემდეგ ის მიდის სანადიროდ და ადის თხოთის მთაზე. ამ დროს მოულოდნელად დაბნელდება, მირიანი არმაზის კერპებს სთხოვს დახმარებას, მაგრამ მისი სათაყვანო ღმერთები მის თხოვნას არ ითვალისწინებენ, სასოწარკვეთილი მირიანი ნინოს ღმერთს შეევედრება: „ღმერთო ნინოისო განმინათლე ბნელი ესე“ და მზეს უბრუნდება ნათელი. კერპის მორჩილი მირიანი თითქოს გონს მოეგო – მან დაუტევა არმაზის კერპის უსიტყვო მორჩილება და დადგა ნინოს ღმერთის გვერდით.
როგორ დავახასიათებდით ნაბიჯს, რომელიც გადადგა მირიანმა? მან გააკეთა არჩევანი, როგორც პიროვნებამ, მიიღო გადაწყვეტილება სიბნელესა და სინათლეს შორის და დადგა იმ მხარეს, სადაც დაინახა სინათლე, რადგან ჩათვალა, რომ ეს იყო ის, ვინც არასოდეს მიიყვანს ადამიანს (პიროვნებას) სიბნელემდე.
როგორ პიროვნებას და მოქალაქეს მისცა გასაქანი მეფემ? პიროვნებას, რომელიც რეალურად განასახიერებდა ნინოს მიერ ნაქადაგები ერთობის წევრს – ქრისტიან ადამიანს, მაგრამ ამავე დროს გასაქანი მისცა და დასაბამი დაუდო მოქალაქეებსაც ამ სიტყვის თითქმის თანამედროვე გაგებით – აქტიურ და პასუხისმგებლობიან მოქალაქეებს, რომლებიც ბრმად არ მისდევენ საზოგადოებრივ აზრს და პასუხისმგებელნი არიან შედეგზე.
გავიხსენოთ როგორი ადამიანი (პიროვნება) იყო მირიან მეფე და როგორი გახდა ამ ფაქტის შემდეგ. შეავსეთ სქემა (სქემა 2)

 

მოსწავლეთა პასუხებით ივსება სქემა: ნადირობამდე – დაუნდობელი, ძალაუფლების მოყვარე, მრისხანე, ნადირობის შემდეგ მისი მსოფლმხედველობის საფუძველი შეიცვალა – გადაწყვიტა, შეეცვალა საზოგადოება!
რა მოგვცა პრობლემის განხილვამ – როგორი მოქალაქე და პიროვნების როგორ გაგება მივიღეთ ქართლის საზოგადოებაში ნინო განმანათლებლისა და მირიან მეფის მოღვაწეობის შედეგად? მოსწავლეები პასუხობენ და აქცენტს სვამენ ცნებებზე: „მიმტევებელი“, „თავისი პრინციპების ერთგული“, „მებრძოლი“, „აკეთებს სწორ არჩევანს“, „პასუხისმგებლობიანი“ და „ტოლერანტი“

 

 

აქტივბა N5 (3 წთ) – ქართულის მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს: ა) ნახონ ვიდეოფილმი; ბ) უპასუხონ კითხვებს და შეავსონ სქემა 1.

ა) ვიდეოფილმი – „იესო ქრისტე- უნიკალური პიროვნება“

კითხვები სავარაუდო პასუხები
აქტივობა N3 (წთ)

https://www.youtube.com/watch?v=s3fILfZ7nv0

ლინკი მოცემულ თემაზე: 0:26-1:20

ფილმი გაგვაცნობს თანამედროვე მწერლების წარმოდგენას იესო ქრისტეზე როგორც უნიკალურ პიროვნებაზე

 

ბ) სქემა 1:

კითხვა პასუხი
ფილმიდან გამომდინარე, რა კავშირია პიროვნებას, მოქალაქეს, ისტორიულ პიროვნებასა და უნიკალურ პიროვნებას შორის?

 

ადამიანი ყოველთვის ვერ იქნება უნიკალური პიროვნება; ისტორიული პიროვნება აქტიურად არის ჩართული საზოგადოების განვითარებისა და ფორმირების პროცესში; ასეთი ადამიანი არის აქტიური პიროვნება; უნიკალური პიროვნებები ატარებენ ადამიანის როგორც პიროვნების სრულ თვისებებს და თავიანთი ქცევით სრულიად ცვლიან საზოგადოებას და ამკვიდრებენ სხვა ღირებულებებს ან განამტკიცებენ არსებულს.

 აქტივობა N6 (4 წთ) – მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, იმუშაონ წყვილებში და ინფორმაციების შეჯამების, გააზრების საფუძველზე გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება აღნიშნული საკითხისადმი – რამდენად ახლოს დგას პიროვნებისა და მოქალაქის ის გაგება, რომელიც შემოგვინახა „წმინდა ნინოს ცხოვრებამ“, თანამედროვე საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ შეხედულებასთან მოქალაქისა და პიროვნების შესახებ?

მიღებული პასუხებით ივსება ფლირჩატი:

  • დღესაც იგივე ღირებულებებია.
  • იგივე მოთხოვნილებებია.
  • მოქალაქე უნდა იყოს აქტიური პიროვნება.
  • პიროვნებას უნდა შეეძლოს სწორი არჩევანის გაკეთება.
  • უნდა იყოს შემწყნარებელი.
  • ტოლერანტი.

 

აქტივობა N 7 (1 წთ) – შეფასება და საშინაო დავალების მიცემა: ჩამოწერეთ, თქვენთვის ცნობილმა ისტორიულმა პირებმა რა გავლენა მოახდინეს თანადროულ საზოგადოებაზე? თანამედროვეობაზე? რა ღირებულებები დაგვიტოვეს? რამდენად აქტიურია ეს ღირებულებები დღეს?“

აქტივობა N8 (2 წთ) – განმავითარებელი შეფასება – ქართულის მასწავლებლისა და ისტორიის მასწავლებლის ზეპირი კომენტარი /განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები და კრიტერიუმები:

 

შეფასების კრიტერიუმები სრულად ნაწილობრივ განსავითარებელია
მოსწავლეები აცნობიერებენ მოქალაქეობისა და პიროვნების ურთიერთმიმართების საკითხს შუა საუკუნეების საქართველოში      
მოსწავლეები გამოყოფენ პიროვნებასა და მოქალქესთან დაკავშირებულ პრობლემებს      
მოსწავლეებს შეუძლიათ საკითხის შესახებ მსჯელობა, ტრანსფერული ცოდნის გამოვლენა და დასკვნების გამოტანა      
მოსწავლეები სახავენ პრობლემების გადაჭრის გზებს      

სამოდელო ინტეგრირებულმა გაკვეთილმა საშულება მისცა მოსწავლეებს, ემსჯელათ, გამოეტანათ ლოგიკური დასკვნები, გამოევლინათ ტრანსფერული ცოდნა და უნარები, ხელი შეუწყო თანამშრომლობითი კულტურის ამაღლებას და კოლეგიალობას, სწავლა/სწავლების ხარისხის ამაღლებას და მოსწავლეზე ორიენტირებული პოზიტიური სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი