პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

  დამოუკიდებლობა და თავისუფლება

თუ არქივებს მოურიდებელი თვალით გადავფურცლავთ, აღმოვაჩენთ, რომ 25 თებერვალი მრავალმხრივ მნიშვნელოვანი თარიღია – დიდი გმირობის, რომელმაც მომავლის იმედი შეგვინარჩუნა; დიდი მარცხის, სისხლისა და იმედგაცრუების, რომელსაც ახლაც ვგლოვობთ; და კიდევ დიდი ღალატის დღეც, რომელსაც ყველაზე ნაკლებად ვიხსენებთ – იმ ჯარს არათუ მოუძღოდა ქართველი, ეგებებოდა კიდეც.

ამიტომაც, 25 თებერვალი მხოლოდ პოეტისა და საინტერესო კაცის კარგი ლექსის ერთი სტრიქონის ერთჯერადად გახსენების დღე არ უნდა იყოს.
და ეგებ მხოლოდ სიმბოლურ კი არა, პრაქტიკულ – აუცილებელ შეხსენების დღედ ვაქციოთ: რადგან დამოუკიდებლობა ადამიანისა და სახელმწიფოს უმთავრესი ნიშანია. იქნებ, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, ის, რის გამოც ჩვენმა წინაპრებმა თავი გასწირეს, ყოველდღიურ ჩვევად გავიხადოთ. რადგან დამოუკიდებლობა ბადებს თავისუფლებისკენ სწრაფვის შესაძლებლობას – ადამიანად ყოფნის უმთავრეს ნიშანს.

თავისუფლება მხოლოდ განცდა როდია, ის ყოველდღიურ მუშაობას მოითხოვს, დაკვირვებას, გააზრებასა და გათავისებას. კომუნისტურმა ეპოქამ უამრავი სისხლის კვალად, ამ გრძნობის მხოლოდ წართმევა კი არა, გადასხვაფერებაც მოახერხა – ჯერ კიდევ შემორჩა ხალხი, იმდროინდელ დედაქალაქში გადაფრენა და სხვა მისი მომყოლი საქმეები რომ მიაჩნია თავისუფლებად; და შემორჩა ფრაზაც – ,,კაციშვილი ხმას არ მიწევდა მოსკოვში, აქეთ მცემდნენ პატივს, მეფესავით მექცეოდნენ’’. ამ ვითომ მეფესავით ყოფნაში ნელ–ნელა ყველაფერს გვართმევდნენ  ნებელობის თამადობით.

ჩვენ ეს ინერცია უნდა დავძლიოთ ჩვენში. თავის მოტყუების ინერცია. ოდნავ ან ოდნავ მეტადაც შეგვცივდება, მაგრამ თუ გარეთ არ გამოვედით ამ ცრუ კომფორტის ველიდან, თბილ სახლს ვერ ავაშენებთ; თავისუფლების, დამოუკიდებლობის სახლს.

მახსოვს ოთხმოციანების ბოლოს და ოთხმოცდაათიანების აღტკინება და მაშინებს ახლანდელი ნიჰილიზმი. მესმის, რომ დავიღალეთ – რთულია შეჭირვებულ ყოფაში საკუთარი თავისთვის გამოგონილ საბჭოთა ლეგენდებს შეებრძოლო. ძნელია. მაგრამ თავისუფლება უკვე გითხარით – ძნელად მოსაპოვებელი რამ არის. მე თქვენი იმედი მაქვს – მოსწავლეებისა და მასწავლებლების. თქვენ ახლა უნდა ასწავლოთ ერთმანეთს ამ სიკეთის არსი. მერე, გავიმარჯვებთ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი