ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

მხიარული წიგნი მთელი ოჯახისთვის

თუ გსურთ ახალი წიგნი „მხიარული ოჯახი და სხვებიც“  სათანადოდ გაიგოთ, აჯობებს ყველაფრის გამყიდველ ნორას არ აჰყვეთ, თორემ პირველი გვერდიდან მცდარ გზას დაადგებით და ამბავი სულაც არ გაგახალისებთ. ნორას თუ დავუჯერებთ, ზღაპრის მთავარი გმირები (ანუ მხიარული ოჯახის წევრები) „უცნაურები არიან, უც-ნა-უ-რე-ბი!“ თითოეულ მათგანს კიდევ მოსაფერებელი კი არა, „ა-რა-ა-და-მი-ა-ნუ-რი სახელები ჰქვია.“ ასე რომ, ნორას თვალით თუ წაიკითხავთ, ხელში მოსწყენი წიგნი შეგრჩებათ, ავტორის ჩანაფიქრი კი თავდაყირა დადგება.

გირჩევთ, ბებია მიაუს, ბაბუა ამუს, დედა ტუსუნას, მამა ბუსოს, შვიდი წლის მემის, ექვსი წლის ბუბიკოს, ხუთი წლის ზუზუს და ცხრა წლის დუდოს აჰყვეთ საუზმიდან დაღამებამდე, ბატებიანი სერვიზის კარადიდან სოფელ ბრუგუბრუგუმდე. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიხვდებით, რა დიდი სხვაობაა უცნაურსა და მხიარულს შორის. დარწმუნდებით, რომ სწორედ ხალისიანი და სიცოცხლით სავსე ადამიანები არიან ყველაზე ჩვეულებრივები და მათ გარეშე ცხოვრება ყველა ფერსა და… ყვე-ლა-ფერს კარგავს.

„მხიარული ოჯახი და სხვებიც“  ლელა ცუცქირიძემ არა მხოლოდ დაწერა, დახატა კიდეც. შავ-თეთრი გრაფიკული ილუსტრაციები იუმორითაა გაჯერებული და მხიარულზე მხიარულ ტექსტს კიდევ მეტ მხიარულებას მატებს. ამაში პირველივე ნახატიდან დარწმუნდებით, ჰაერში აფრენილ ბებია მიაუს რომ იხილავთ და შეიტყობთ რა ბედი ეწვია ლანგრიდან გადმოცვენილ ბატებიან სერვიზსა და ორმოცდაათ შაქარმოყრილ ბლითს. იმედია, ამ ინცინდენტის გამო გულისწყვეტასა და სევდას არ მიეცემით, ხომ გახსოვთ, ამიერიდან მხიარული ოჯახის წევრივით უნდა იფიქროთ და მოიქცეთ. ისინი კი თვლიან, როდესაც კარადა ბატებიანი ჭურჭლითაა სავსე, ბებია მიაუს არაფერი სტკენია, სამზარეულოში კი, არც მეტი, არც ნაკლები სამოცდაათი ბლითი ეგულებათ, დარდის დრო და ადგილი არ ა-რის!

***

მხიარული ოჯახის წევრები ჩამოვთვალეთ, მაგრამ, სათაურის მიხედვით, წიგნში „სხვებიც“ მრავლად არიან: მერი და ქექო მასწები, კატებიანი დირექტორი, ფრიდონი, წითელბანტა, ლიო, სევდიანი სიმონი, მარტა ძროხა მუმელინათი, ტარტალინა კუზინე თხა ელპიდეთი, ჩემოდან ვარლამითა და ჩიტებით, ჯადოქარი პოსი, ბაყაყი კუაკუა, კატები ადამი და ევა, თევზი პლატონი, ძაღლი პავლე და, რაც მთავრია, დუდოს მეგობრები: გუჩო, ნომე, ლიელი, ფუფა, ტყუპი დები ატუსა და მატუსა. პერსონაჟების სახელებიც კი სიცილის ხასიათზე გვაყენებს და წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავცვივდებით, როდესაც ამოქმედდებიან და სიუჟეტი განვითარდება.

  • შეიტყობთ: ვის რა სურვილი აუსრულა პლატონმა (ქილის ბინადარმა ოქროს თევზმა, მსხლის მურაბას რომ წააგავს); რატომ ურჩევნია სიმონს ხესთან ცხოვრება ადამიანებთან ცხოვრებას; როგორ ქორწილზე ოცნებობს ბუბიკო და რატომ დასჩემდა „ენაგადაყლაპული სიყვარული;“ რისთვის დაიარება ყოველდღე ქალაქში ტარტალინა კუზინე; რამდენ ნივთს იტევს წითელბანტას (იგივე ეუგენია აპრაკუნა ვეს) ხელჩანთა; ვის ესაუბრება ფიქრებში (და ზოგჯერ ხმამაღლაც) პურის, ასანთის, კანფეტების, რვეულების, ლურსმნის და ყველაფერის გამყიდველი ნორა და რისი სურვილი არ ასვენებთ საწვნესა და სარძევეს ბატებს.
  • აღმოაჩენთ, რომ: იმდენად კარგი მასწავლებლებიც არსებობენ, რომელთა გამო მოსწავლეები კვირაობითაც ივლიდნენ სკოლაში,  რომლებსაც „თავისნაირებად“ თვლიან ბავშვები, რომლებიც სულ მხიარულობებს იგონებენ და თამაშ-თამაშში ხსნიან გაკვეთილებს;  თურმე, ჯადოსნური ჰქვია სახლს, „ვისაც როგორი გვენატრება თავს ისეთად თუ გვაჩვენებს;“ ჩაიდნის ბატი კი  ვალსის სტვენის ხმაზე ცეკვას რომ მოათავებს, ჭილის ცილინდრს იხდის და  მადლობასის ნიშნად პაპას თავს უკრვავს; კერძო საკუთრების გაჩუქების ტექსტი რატომღაც ლექსად უკეთ იკითხება და უმჯებესია „კაპასობის წამოვლამდე“ დაიწეროს;  მხიარული, ლამაზი და კარგი დღეები კი აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ, ვინაიდან მათი გახსენება დიდობაში უხასიათობისგან განგკურნავთ;

***

ლელას გამოგონილი ამბები ბრუგუბრუგუდან ბაბუას გამოგზავნილ წერილებს ჰგავს – სწრაფად და მარტივად არ სრულდება. ანუ მხიარულ წიგნს ზემოთ ჩამოთვლილი აღმოჩენებით როდი ამოწურავთ. ნაწარმოებში უხვად შეხვდებით თანამედროვე და აქტუალურ თემებს, მწვავე პრობლემებსა თუ სასარგებლო დარიგებებს.  ავტორი განსაკუთებულ ყურადღებას უთმობს და ზღპრული ხერხებით გვაპარებს ბუნების დაცვისა და მოვლის აუცილებლობას. ერთ-ერთ თავში აღმოაჩენთ, რომ ახალგაზრდობაში ტუსუნა ხეზე ცხოვრობდა (და ალბათ მისი შვილებივით გაკვირვებული დარჩებით). საქმე იმაში გახლდათ, რომ ერთხელ  ბოროტმა ადამიანებმა ქალაქის ცენტრალურ პარკში ხეების მოჭრა დააპირეს, ახალგაზრდები კი პროტესტის ნიშნად ხეებზე დასახლდნენ. ხეებს თუ მოჭრიდნენ, აქციის მონაწილეები „მათთან ერთად დაენარცხებოდნენ მიწას, დაშავდებოდნენ, ამის გამო კი სერიოზული უსიამოვნება შეხვდებოდათ.“ თანდათან მთელმა ქალაქმა შეიტყო ამ გმირული გადაწყვეტილების შესახებ და ვინც მწვანე ქალაქში ცხოვრების მომხრე იყო, ვინც ხეებს კეთილ მეგობრებად მიიჩნევდა, ყველა ახალგაზრდებს შეუერთდა. მიზანსაც იოლად მიაღწიეს.

მხიარული ოჯახის წვევრები პიკნიკზე მოქცევის, ტყიდან გამოგნების წესებს და ტყეში წასაღები ნივთების სრულ ნუსხასაც გვთავაზობენ, რომელსაც ნებისმიერი მკითხველი სიამოვნებით მოისმენს და დაიმახსოვრებს. გზადაგზა სევდიანი და საშიში ამბებიც გამოერევა. ხომ არ დაგავიწყდათ, პერსონაჟების ჩამონათვალში ჯადოქარიც რომ არის ნახსენები! იქნებ თვლით, თუ წიგნს მხიარული იმიჯი აქვს, ჯადოქარიც შესაფერისი უნდა ჰყავდეს. ავტორი ამტკიცებს, „ადამიანზეა დამოკიდებული ჯადოქარი ბოროტზე უფრო კეთილი იქნება თუ კეთილზე უფრო ბოროტიო,“ თუმცა პოსის რაობა და ვინაობა აჯობებს თავად გამოიკვლიოთ.

***

და მაინც, რაზეა ეს წიგნი? კითხულობს ლელა და თავადვე გვპასუხობს: „დიდების და ბავშვების მეგობრობაზე, უბრალოდ სი-ყვა-რულ-ზეო.“ იმასაც დასძენს, „წიგნმა ბავშვებთან მინდა დააბრუნოს უფროსები, ბავშვებისთვის კი იმ თბილ და მყუდრო ფუღუროდ იქცეს, სადაც მივლენ და თავს ისე იგრძნობენ, როგორც მათივე პატარა ხელებით აგებულ შტაბშიო.“

იმედი მაქვს, დაგაინტერესებთ „მხიარული ოჯახი და სხვებიც.“ დაგაინტერესებთ და წაიკითხავთ. წაიკითხავთ და თავად გადაწყვეტთ, ნამდვილია თუ არა იქ აღწერილი ამბები. ნამდვილი კი მხოლოდ იმ შემთხვევეაში აღმოჩნდება, თუ მეტი ყურადღებით მოუსმენთ ადამიანებს, უფრო მეტად შეიყვარებთ სიცოცხლეს. სიყვარული ხომ ზღაპარსა და რეალობას შორის ზღვარს შლის, არა მხოლოდ ლელას წიგნში, ყველგან, სადაც ისურვებთ, სადაც ზღაპრის დასანახ თვალს გაახელთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი