„ჩვენი საქართველოს“ სასწავლო კურსი გულისხმობს მოსწავლის მიერ რუკაზე ბუნებრივი ობიექტების გამოსახვას და პოვნას. შესაბამისად, სწავლების ეფექტიანობისთვის მოსწავლეთა სივრცობრივი აზროვნების განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
სივრცითი აზროვნება გონებრივი აქტივობის სახეობაა, აზროვნების შინაარსის ვიზუალურ გამოსახულებად გარდაქმნის პროცესი. მოცემული აქტი შეიძლება განვიხილოთ როგორც მასწავლებლისა და მოსწავლის ერთობლივი საქმიანობა, რომლის შედეგად მიღებული გამოსახულება (მოსწავლის აზროვნების ნაყოფი) წარმოადგენს მოსწავლის შემდგომი განვითარების, მომავალი პრაქტიკული სასწავლო აქტივობების განხორციელების საყრდენს.
საზოგადოდ, სივრცითი ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი არ გადაიცემა ტრადიციული ქაღალდის რუკებისა და ატლასების გზით. მასში აქტიურად მონაწილეობს დინამიკური, ინტერაქციული საინფორმაციო სისტემები. უფრო მეტიც, სკოლის სახელმძღვანელოებში წარმოდგენილი ინფორმაციის დიდი მოცულობა, მათი ხაზოვანი სტრუქტურა ხშირად თავად წარმოშობს სირთულეებს ძირითადი იდეების იდენტიფიცირებაში, განზოგადებასა და დამახსოვრებაში. აქ იგულისხმება:
- სახელმძღვანელოთა ტექსტების უწყვეტობა (ინფორმაცია გადმოცემულია უწყვეტ ნაკადად, ცოტაა სქემა, დიაგრამა, ცხრილი, გრაფიკული ორგანიზატორი);
- მოვლენები და ფაქტები დალაგებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით (მაგალითად, ისტორიის სახელმძღვანელო დალაგებულია ამგვარად: მოვლენა A → მოვლენა B → მოვლენა C და ა.შ. – მაშინ როდესაც არ ჩანს ამ მოვლენათა მიზეზშედეგობრივი კავშირები ერთიან სქემაში);
- ან თემატურად (მთავარი იდეა „დამალულია“ დეტალებში და
მოსწავლეს უწევს, დიდი მოცულობის ტექსტიდან თავად გამოარჩიოს არსებითი).
ეს კომპონენტები ქმნის სირთულეს მოსწავლისთვის, რადგან ტვინი უკეთ ამუშავებს სტრუქტურირებულ, ვიზუალურად ორგანიზებულ მასალას, ამის მაგივრად კი მას სახელმძღვანელოს ფურცლებზე სხვა რამ ხვდება.
აღიარებულია, რომ მასალის შესწავლის, გამოყენების, ანალიზის, სინთეზის, შეფასების დროს კოგნიტიური სავარჯიშოების სისტემატური გამოყენება ეხმარება მოსწავლეს აზროვნების, განსჯის უნარების, ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებაში, რაც არის კიდეც სწავლებაში კოგნიტიური სქემების გამოყენების უპირატესობა (მ. ფირჩხაძე, 2012).
წარმატების მისაღწევად „ჩვენი საქართველოს“ სწავლებაში შესაძლებელია მიდგომის შეცვლა – ხაზოვანი ტექსტური სტრუქტურის კომპენსირება ანალიზური მიდგომებით, კონცეპტუალური რუკებით და გრაფიკული ორგანიზატორებით, თანამშრომლობასა და კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებაზე, რითაც მოსწავლეები რეალურად შეძლებენ ცოდნის რესტრუქტურიზაციასა და ინტეგრაციას.
ამ მიმართულებით ეფექტურ საშუალებად არის მიჩნეული გონებრივი რუკების აქტიური გამოყენება საგაკვეთილო პროცესში. ეს გულისხმობს ბუნებრივ ობიექტებსა და მოვლენებს შორის სემანტიკური, ასოციაციური, მიზეზშედეგობრივი კავშირების რთულ, გრაფიკულ, სისტემატიზებულ გამოსახვას დიდ ფორმატში, მაგალითად, დიდ ფურცელზე. აქ სქემა ტექსტის ერთგვარი კონტროლის მექანიზმია, რომელიც ნათლად წარმოაჩენს ნაწილისა და მთელის, კონცეპტისა და დეტალების ურთიერთმიმართებებს. მოსწავლეები პრაქტიკულად სწავლობენ აბსტრაქტულად და ნებისმიერ ბუნებრივ მოვლენას ან ობიექტს წარმოადგენენ სისტემატიზებული, ვიზუალური (გრაფიკული) ფორმით, მაკროსისტემაში ჰოლისტურად აკავშირებენ ზოგადსა და კონკრეტულს, როგორიცაა, მაგალითად, სივრცე (მხარე, რეგიონი) – მეურნეობა – დრო (ცვლილება) – საზოგადოება – მრავალფეროვნება – სახელმწიფო.
კერძოდ, აღნიშნული აქტივობები მოიცავს:
- მოსწავლებისთვის ტექსტური ინფორმაციის სქემატური (გრაფიკული) ფორმით დამოუკიდებლად წარმოდგენის მეთოდების გაცნობას;
- საგანმანათლებლოტექსტთან მუშაობას მასალის ვიზუალიზაციისთვის, მისი „შეკუმშვისთვის“;
- აღნიშნული ტექნოლოგიის სისტემატურ გამოყენებას გაკვეთილებზე და ინტერდისციპლინური (გრაფიკული) კომპეტენციის ჩამოყალიბებას.
მეთოდური კუთხით, თითოეული ასეთი გაკვეთილის დროს „გონებრივი რუკის“ შესაქმნელად:
- მოსწავლეებსურიგდებათ ფურცელი, რომელზეცმოკლედარის აღწერილი რუკის შექმნისპრინციპები დაწესები;
- რუკების შექმნაიწყება ცარიელი ფურცლის ცენტრში (რომბში,წრეში ან სხვა ფიგურაში)მთავარი იდეის (ან თემის) ჩახვაზით. ცენტრიდან გამოდის ტოტები, თითოეულიტოტი ფერადია და მასზე იწერება თემის საკვანძო სიტყვა ან ფრაზა და მისი ძირითადი დეტალები;
- გონებრივ რუკასთანდათან ემატება სიმბოლოები, ხატები და ნახატები.
მაგალითად, მოსწავლე მუშაობს რუკაზე „სოფლის ცხოვრება“:
- მუშაობა იწყება სოფლისთვის დამახასიათებელი რომელიმე კომპონენტის ჩაწერით/აღწერით და შემდეგ დახატვით/სქემატური გამოხატვით (მინდვრის, ტყის, მდინარის, ტბის, მთის, მყინვარის, ფლორა-ფაუნის, სამეურნეო საქმიანობის და ა.შ.);
- რუკაზე მოსწავლე დაიტანს თემის ძირითად ცნებებსაც.
შედეგად „მეხსიერების რუკა“ (გონებრივი რუკა) ქმნის მწყობრ წარმოდგენას ცნებაზე „სოფელი“, რომელიც შეგვიძლია განვიხილოთ როგორც „საყრდენი“ საგანმანათლებლო მასალის შინაარსის ასათვისებლად:
- მოსწავლე გაიაზრებს სოფლის/მხარის დამახასიათებელ კომპონენტებს, ხედავს კავშირებს მათ შორის, ახალ ინფორმაციასაც უფრო სიღრმისეულად შეიმეცნებს და გრძელვადიან მეხსიერებაშიც გადაიტანს.
იხ. გონებრივი რუკის ნიმუში თემაზე: „იმერეთი“:
შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლის გონება სახელმძღვანელოს სტრიქონ–სტრიქონ აღწერილ ამბავს გარდაქმნის ერთიან სურათად და გონებრივი კავშირების დამყარების პროცესში იმახსოვრებს კიდეც მას. გონებრივი რუკების გზით მიღებული „გამოსახულება“ არის ის საკუთარი აზროვნების შედეგიც, რომლითაც მოსწავლე აღიქვამს ძირითად გამოსახულებას (მაგალითად, ბუნებრივ ობიექტს ან მის რომელიმე კომპონენტს, თუნდაც მდინარის ხეობას და ა.შ. როგორც მხარის ეკონომიკური მახასიათებელს, ან ქალაქის სიმბოლოსდა ა.შ.), რაც მას ეხმარება არა მარტო სივრცობრივი, არამედ საგნობრივი ცოდნის ფორმირებაშიც.
როგორ ფასდება ასეთი პროდუქტები?
- დონე I – დაბალი დონე: მოსწავლეები ამოიცნობენ სივრცით ობიექტებს, მათ ინდივიდუალურ მახასიათებლებსა და ურთიერთობებს, შეუძლიათ ობიექტის დასახელება და რუკაზე მისი ადგილმდებარეობის დადგენა;
- დონე II – მაღალი დონე: მოსწავლეები დამოუკიდებლად ქმნიან სივრცით
გამოსახულებებს, დაიტანენ რუკაზე და აღწერენ მათ.
რატომ არის გონებრივი რუკა ეფექტიანი სასწავლო მიდგომა?
- ის ამდიდრებს და აადვილებს უკუკავშირს;
- სწავლა გაცილებით დიფერენცირებულია და ინდივიდუალური (როდესაც მოსწავლისთვის ცალკეული ფაქტების დამახსოვრება რთულია, ის კარგავს ინტერესს საგნის მიმართ, გონებრივ რუკაზე მუშაობისას კი მთელი ყურადღება მიცემული მასალის დამახსოვრებაზე ან გახსენებაზე კი არ არის ორიენტირებული, არამედ არსზე, მიზეზშედეგობრივი ურთიერთობებისა და კავშირების გაგებაზეა კონცენტრირებული. მოსწავლე უფრო მშვიდად არის, არ არის დაძაბული და ამიტომ უფრო მოტივირებულია (Yakimanskaya, I. S. (1980);
- მოსწავლის საგანმანათლებლო საქმიანობა უფრო მოტივირებულია;
- შეფასება არ არის სუბიექტური;
- მოსწავლეების შემოქმედებითი შესაძლებლობები ფართოვდება და დამოუკიდებელი მუშაობის გაგრძელების სურვილიც უფრო მეტად აქვთ.
- როგორც სასწავლო ინსტრუმენტი, გონებრივი რუკა ცოდნის რეპროდუქცირების მნიშვნელოვანი საშუალებაა და ხელს უწყობს დამოუკიდებელ
სწავლას და მის კავშირს პრაქტიკასთან; საშუალებას აძლევს მოსწავლეს, უფრო
ღრმად გაიაზროს შესწავლილი მასალა და ჩამოუყალიბდეს წარმოდგენა კონკრეტულ სივრცესა თუ ტერიტორიაზე.
მსგავსი მეთოდური მიდგომებისა და პრაქტიკული საქმიანობის შედეგად ჩვენ ვიღებთ მოსწავლის ჰოლისტურ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს როგორც თითოეული მოსწავლის წარმატების კონტექსტს.
გამოყენებული ლიტერატურა:
- მაიაფირჩხაძე, სწავლებაკოგნიტური სქემებით. იხ. ბმული მითითებულ დროზე: 15.06.2012 https://mastsavlebeli.ge/?p=2513
- Yakimanskaya, I. S. (1980). Development of Spatial Thinking of Schoolchildren. Moscow: Pedagogika. (in Russian).
- Berlyant, A. M. (1986). Obraz prostranstva: karta i informatsiya [Image of space: map and information]. Moscow: Mysl.




