ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
16 აპრილი, ხუთშაბათი, 2026

როგორ გამოვიყენოთ 5E სტრატეგია გეოგრაფიის გაკვეთილზე

გეოგრაფიის თანამედროვე  სწავლება ისეთი პედაგოგიური მოდელების გამოყენებას მოითხოვს, რომლებიც მოსწავლეებს აქტიურ მკვლევრებად, დამკვირვებლებად და ანალიტიკოსებად აქცევს. 5E სასწავლო მოდელი (Engage, Explore, Explain, Elaborate, Evaluate) ეფუძნება კონსტრუქტივისტულ მიდგომას და განსაკუთრებით ეფექტიანია გეოგრაფიის სწავლებისას, რადგან ეს დისციპლინა ბუნებრივად აერთიანებს დაკვირვებას, კვლევას, ანალიზსა და რეალურ სამყაროსთან კავშირს.

5E სასწავლო მოდელი საშუალებას აძლევს მასწავლებელს, გაკვეთილი დაგეგმოს როგორც ლოგიკური, თანმიმდევრული პროცესი, სადაც ცოდნა არ გადაეცემა მოსწავლეს მექანიკურად, არამედ პროცესი ვითარდება კვლევისა და გამოცდილების საფუძველზე.

  1. Engage – ჩართვა და ინტერესის გაღვივება

მიზანი: მოსწავლეთა ინტერესის აღძვრა, წინარე ცოდნის გააქტიურება და პრობლემური საკითხის წამოჭრა.

გეოგრაფიის გაკვეთილზე Engage ეტაპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ეხმარება მოსწავლეებს, გააცნობიერონ თემის რეალური მნიშვნელობა. ამ ეტაპზე მასწავლებელი არ ხსნის ახალ მასალას, არამედ კითხვების დახმარებით ქმნის მოსწავლეებისთვის სააზროვნო გარემოს.

მაგალითები გეოგრაფიაში:

  • სატელიტური სურათის ან რუკის ჩვენება შეკითხვით: „რატომ არის ეს ტერიტორია უფრო გამწვანებული, ვიდრე მის გვერდით მდებარე ტერიტორია?“
  • მოკლე ვიდეო ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის შესახებ;
  • დამაფიქრებელი კითხვა: „რატომ ცხოვრობს მოსახლეობის უმეტესობა ზღვისპირა ზოლებში, მიუხედავად იქ არსებული რისკებისა?“

შედეგი: მოსწავლე ინტერესდება, სვამს კითხვებს და მზად არის კვლევისთვის.

  1. Explore – კვლევა და აღმოჩენა

მიზანი: მოსწავლეებმა თავად გამოიკვლიონ საკითხი, დააკვირდნენ მონაცემებს და შეიქმნან პირველადი წარმოდგენები.

კვლევის ეტაპზე მასწავლებელი მინიმალურად ერევა პროცესში და მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, იმუშაონ ჯგუფურად ან ინდივიდუალურად.

მაგალითები გეოგრაფიაში:

  • კლიმატური მონაცემების (ტემპერატურა, ნალექების რაოდენობა) ანალიზი ცხრილებისა და გრაფიკების მიხედვით;
  • რუკებთან მუშაობა: მოსახლეობის სიმჭიდროვე, რელიეფი, ბუნებრივი რესურსები;
  • საველე დაკვირვების სიმულაცია (მაგ., ქალაქის მიკროკლიმატის შესწავლა).

შედეგი: მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას, ავითარებენ დაკვირვებისა და ანალიზის უნარებს.

  1. Explain – ახსნა და ცნებების ფორმირება

მიზანი: მიღებული გამოცდილების საფუძველზე გეოგრაფიული ცნებების, ტერმინებისა და კანონზომიერებების გააზრება.

ამ ეტაპზე მოსწავლეები ცდილობენ, ახსნან ის, რაც Explore ეტაპზე აღმოაჩინეს. მასწავლებლის როლია მოსწავლეთა პასუხების სტრუქტურირება და მეცნიერულ ჩარჩოში მოქცევა.

მაგალითები გეოგრაფიაში:

  • მოსწავლეების მიერ კლიმატური განსხვავებების ახსნა;
  • ტერმინების შემოტანა: „მიკროკლიმატი“, „ეროზია“, „ურბანიზაცია“;
  • მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ფორმალიზება;

შედეგი: მოსწავლეები აკავშირებენ საკუთარ დაკვირვებებს მეცნიერულ ცოდნასთან.

  1. Elaborate – გაღრმავება და ცოდნის გადატანა

მიზანი: მიღებული ცოდნის გამოყენება ახალ კონტექსტში და რეალურ სიტუაციებთან დაკავშირება.

Elaborate-ის ეტაპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  გეოგრაფიისთვის,  რადგან შესაძლებელი ხდება   დაგროვილი ცოდნის პრაქტიკული გამოყენება.

მაგალითები გეოგრაფიაში:

  • კონკრეტულ რეგიონში კლიმატური ცვლილებების გავლენის შეფასება;
  • ქალაქის განვითარების გეგმის შექმნა ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების გამოყენებით;
  • შედარებითი ანალიზი: ორი ქვეყნის დემოგრაფიული ან ეკოლოგიური მახასიათებლები.

შედეგი: მოსწავლე ავითარებს კრიტიკულ და სისტემურ აზროვნებას.

  1. Evaluate – შეფასება და რეფლექსია

მიზანი: მოსწავლეთა ცოდნის, უნარებისა და პროგრესის შეფასება.

შეფასება 5E მოდელში არ არის მხოლოდ საბოლოო ტესტი – ის პროცესულია და ასევე მრავალფეროვანი.

შეფასების ფორმებია: თვითშეფასება და ურთიერთშეფასება, პრეზენტაციები, რუკები, პოსტერები, წერილობითი ანალიზი ან ქეისზე მუშაობა.

რეფლექსიური კითხვა: „რა ვისწავლე და როგორ შემიძლია ამის გამოყენება?“

შედეგი: მოსწავლე აცნობიერებს საკუთარ პროგრესს და სწავლის მნიშვნელობას.

განვიხილოთ 5E  სტრატეგიის გამოყენების ერთი კონკრეტული მაგალითი

საკითხი: ურბანიზაცია – ქალაქების ზრდა და მისი შედეგები

საკვანძო ცნებები: ურბანიზაცია, მიგრაცია, ურბანული ზრდა, ინფრასტრუქტურა, ურბანული პრობლემები.

უნარები: კრიტიკული აზროვნება, მონაცემთა ანალიზი, სივრცითი ხედვა, არგუმენტირება.

  1. Engage – ინტერესის გაღვივება (5–7 წთ)

აქტივობა: „ორი ფოტო – ერთი კითხვა“

მასწავლებელი აჩვენებს ორ სურათს:

ერთი – ქალაქი 50 წლის წინ და მეორე – იგივე ქალაქი დღეს (მაგ., თბილისი, სეული, დუბაი ან ნებისმიერი ნაცნობი ქალაქი).

კითხვები მოსწავლეებისთვის:

  • რა განსხვავებებს ხედავთ?
  • რატომ გაიზარდა ქალაქი ასე სწრაფად?
  • თქვენი აზრით, ეს ცვლილება მხოლოდ დადებითია?

მასწავლებლის როლი: არ განმარტავს ტერმინს „ურბანიზაცია“, მხოლოდ წაახალისებს მოსწავლეთა მოსაზრებებს.

შედეგი: მოსწავლეები აცნობიერებენ პრობლემას და ჩნდება კვლევის ინტერესი.

  1. Explore – კვლევა და აღმოჩენა (10–15 წთ)

აქტივობა: ჯგუფური კვლევა

მოსწავლეები იყოფიან 3–4 ჯგუფად და იღებენ განსხვავებულ მასალას:

ჯგუფების დავალებები:

ჯგუფი 1: გრაფიკი – ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის რაოდენობის ცვლილება;

ჯგუფი 2: რუკა – მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქები;

ჯგუფი 3: ტექსტი/ცხრილი – ურბანიზაციის გამომწვევი მიზეზები;

ჯგუფი 4: ფოტომასალა – ურბანული პრობლემები (ტრანსპორტი, სმოგი, საცხოვრებელი, ნარჩენები და სხვ.)

კითხვები ჯგუფებისთვის:

  • რა ტენდენციას ხედავთ?
  • რა არის ქალაქების ზრდის მთავარი მიზეზი?
  • რა პრობლემები იჩენს თავს?

მასწავლებლის როლი: მხოლოდ დამკვირვებელი და მიმართულების მიმცემი.

შედეგი: მოსწავლეები თავად აგროვებენ მასალას  ურბანიზაციის შესახებ.

  1. Explain – ახსნა და ცნების ფორმირება (10 წთ)

ჯგუფები წარმოადგენენ თავიანთ მიგნებებს.

მასწავლებელი სვამს შემაჯამებელ კითხვას: „რას დავარქმევდით ქალაქების მოსახლეობის ზრდის ამ პროცესს?“ ამის შემდეგ შემოდის ტერმინი: ურბანიზაცია – მოსახლეობის ქალაქებში კონცენტრაციის და ქალაქების გაფართოების პროცესი. მასწავლებელი აკავშირებს მოსწავლეთა დაკვირვებებს ცნებასთან  და ხსნის მიზეზებს (ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი); აყალიბებს მიზეზ–შედეგობრივ კავშირებს.

შედეგი: მოსწავლეები თავად „მიდიან“ ცნებამდე და უკეთ იაზრებენ მას.

  1. Elaborate – ცოდნის გაღრმავება და გამოყენება (10–15 წთ)

აქტივობა: „მე ვარ ქალაქის დამგეგმავი“.

მოსწავლეები ჯგუფურად იღებენ დავალებას: წარმოიდგინეთ, რომ ქალაქის მოსახლეობა 10 წელიწადში 30%-ით გაიზრდება. თქვენი აზრით, როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი, რომ შემცირდეს გარემოზე ზემოქმედება და გაუმჯობესდეს ცხოვრების ხარისხი.

პასუხებში ასახული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

  • ტრანსპორტი;
  • მწვანე სივრცეები;
  • საცხოვრებელი ზონები;
  • წყლისა და ნარჩენების მართვა (შესაძლებელია ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების ინტეგრაცია).

შედეგი: მოსწავლეები ცოდნას იყენებენ რეალურ ურბანულ კონტექსტში.

  1. Evaluate – შეფასება და რეფლექსია (5–8 წთ)

შეფასების მეთოდები: ჯგუფური პრეზენტაცია

თვითშეფასების კითხვა:

  • რა გავიგე ურბანიზაციის შესახებ?
  • რას შევცვლიდი ჩემს ქალაქში?

სწრაფი შეფასების კითხვა (Exit Ticket): ურბანიზაცია უფრო პრობლემაა თუ შესაძლებლობა? რატომ?

შედეგი: მოსწავლე აფასებს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ აზროვნების პროცესს.

ამრიგად, გეოგრაფიის სწავლებისას 5E მოდელი ქმნის დინამიკურ, კვლევაზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს, სადაც მოსწავლე არ არის პასიური მსმენელი, არამედ ცოდნის  აქტიური შემქმნელია. ეს მიდგომა ხელს უწყობს გეოგრაფიული აზროვნების, სივრცითი ანალიზისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის განვითარებას. სწორედ ამიტომ, 5E მოდელი წარმოადგენს ეფექტიან ინსტრუმენტს  გეოგრაფიაში თანამედროვე გაკვეთილის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. National Science Teaching Association. (n.d.). The 5E instructional model. https://www.nsta.org/topics/5e
  2. International Geographical Union Commission on Geographical Education. (2016). International charter on geographical education. https://www.igu-cge.org/wp-content/uploads/2018/02/1.-English.pdf
  3. Vygotsky, L. S. (1978). Mind in society: The development of higher psychological processes (M. Cole, V. John-Steiner, S. Scribner, & E. Souberman, Eds.). Harvard University Press. https://doi.org/10.2307/j.ctvjf9vz4
  4. National Geographic Society. (n.d.). Urbanization. National Geographic Education. https://education.nationalgeographic.org/resource/urbanization/

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“