შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ევროპული რეკომენდაციები. ავსტრიის გამოცდილება სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობა  

სკოლა ინტერაქციული სისტემაა, რომელიც თავადაც სწავლობს და იცვლება. სკოლა არის ღია სასწავლო დამაკავშირებელი რგოლი, რომელიც ეხმარება საზოგადოებას და თავადაც იღებს მხარდაჭერას მისგან. ამიტომ საჭიროა საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობა. კურიკულუმის მიღმა აქტივობებში მოსწავლეებს შეუძლიათ უკეთ გამოავლინონ თავიანთი ნიჭი და აიმაღლონ მოტივაცია.

მოსწავლის წამახალისებელი სასწავლო გარემოს შექმნას ხელს უწყობს სკოლის გახსნილობა და თანამშრომლობა სამთავრობო, არასამთავრობო თუ ბიზნესორგანიზაციებთან. ასეთი ორგანიზაციები თუ სხვა დაინტერესებული პირები შეიძლება იყვნენ სოციალური მუშაკები, დასაქმების სერვისები, ფსიქოლოგები, ბავშვთა დაცვის სამსახურები, პოლიცია, კავშირები, ბიზნესორგანიზაციები, უნივერსიტეტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქმიანობენ სპორტისა თუ კულტურის სფეროში ან ეწევიან აქტიურ სამოქალაქო საქმიანობას. აუცილებელია პოლიტიკური მხარდაჭერა თანამშრომლობითი პროექტების წასახალისებლად.

აღსანიშნავია, რომ ევროპის კავშირის არც ერთ ორგანოს არ აქვს გამოცემული რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც უშვებს ან ახალისებს სკოლის ღიაობის შეზღუდვას.

საქართველოში არსებობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წელს გამოცემული 837-ე ბრძანება, რომელიც სკოლასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობითი პროექტების (ლექციები, სემინარები, ტრეინინგები) განსახორციელებლად ადგენს წესს, რომლის მიხედვითაც, თითოეული პროექტი უნდა შეთანხმდეს სამინისტროსთან. სამინისტრო თანხმობას გასცემს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. ვინაიდან საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, აუცილებელია ვახსენოთ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 1980 წელს მიღებული რეკომენდაცია, რომელიც ეხება სახელმწიფო დაწესებულებების და, საზოგადოდ, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესს. რეკომენდაციაში მითითებულია შემდეგი პრინციპები, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაიცვას გადაწყვეტილების მიღების დროს:

  • ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი, დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელოს მისი მიზნის საწინააღმდეგოდ.

ეს ჩანაწერი გულისხმობს, რომ წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული დისკრეციის მიზანი. სამწუხაროდ, მინისტრის 837-ე ბრძანებაში დისკრეციის მიზანი არ არის განსაზღვრული.

  • ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციულ უფლებამოსილებას ახორციელებს ობიექტურად და მიუკერძოებლად, ითვალისწინებს მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს.

იმისთვის, რომ სამინისტრომ თანხმობის გაცემის ან თანხმობის გაცემაზე უარის შესახებ ობიექტურად და მიუკერძოებლად მიიღოს გადაწყვეტილება, აუცილებელია არსებობდეს კრიტერიუმები და პირობები. 837-ე ბრძანება ასეთ კრიტერიუმებსა და პირობებს არ შეიცავს.

ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების დროს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს იცავს

ამ პრინციპის დაცვა შესაძლებელია ერთმნიშვნელოვანი და არაორაზროვანი კრიტერიუმებისა და პირობების არსებობის შემთხვევაში.

  • ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციულ უფლებამოსილებას ახორციელებს და გადაწყვეტილებას იღებს გონივრულ ვადაში.

არც კანონმდებლობაში და არც სამინისტროს მიერ გამოცემულ 837-ე ბრძანებაში არ არის მითითებული განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ 2017 წელს ჩატარებულ კვლევაში, რომელიც ეხება სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობის პრობლემებს, მოცემულია ავსტრიელი ექსპერტის ზიგლინდე ვეირინგერის მოსაზრებები. მისი განმარტებით, სკოლა ადამიანს აკავშირებს საზოგადოებასთან, წარმოადგენს საზოგადოების ცვლილებების რესურსს. სკოლას უნდა ჰქონდეს ურთიერთობა საზოგადოებასთან, რათა შეამციროს ნაპრალი სკოლასა და რეალურ ცხოვრებას შორის. სკოლა არის ადგილი, სადაც საფუძველი ეყრება მომავალ საზოგადოებას. მომავალი სოციალური ცვლილებების წინასწარმეტყველება კი შეუძლებელია. არავინ იცის, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები დასჭირდება 10 წლის ბავშვს იმისთვის, რომ ზრდასრულ ასაკში დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლოს. ამასთანავე, სკოლაში სასწავლო მასალასა და შინაარსს ნაკლები კავშირი აქვს რეალურ ცხოვრებასთან. სწავლება თეორიულ პრინციპებს მიჰყვება და არა რეალურ ცხოვრებას. ზიგლინდე ვეირინგერის აზრით, სკოლასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობით შეიძლება გაძლიერდეს კავშირები სასკოლო ცხოვრებასა და რეალურ ცხოვრებას შორის. ერთობლივი პროექტების განხორციელებით შესაძლებელი უნდა იყოს მოსწავლეებისთვის ცოდნისა და უნარების გადაცემა. სკოლას შეუძლია, თანამშრომლობა წამოიწყოს სხვა სკოლებთან. შესაძლებელია, სკოლამ ითანამშრომლოს კულტურულ ან სპორტულ დაწესებულებებთან, არასამთავრობო ინსტიტუციებთან და სთხოვოს მათ ღონისძიების ჩატარება ან ერთობლივი პროექტის განხორციელება. ბიზნესორგანიზაციებს, კომპანიებს შესწევთ უნარი, ნოუ-ჰაუ შესძინონ სასკოლო კურიკულუმს. ასეთი პროექტები შეიძლება იყოს ერთჯერადი ან მრავალჯერადი (რეგულარული ან არარეგულარული), გაგრძელდეს მოკლე ხნის განმავლობაში ან უვადოდ. თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტია მხარეთა მიზნების განხორციელების ხელშეწყობა. სკოლის შემთხვევაში, მიზნები მოცემულია კურიკულუმსა და სილაბუსებში. ურთიერთთანამშრომლობის პროექტები შეიძლება მიზნად ისახავდეს კურიკულუმით გათვალისწინებული სპეციფიკური საგნის მხარდაჭერას, ასევე – გამჭოლ პრიორიტეტებთან ან კურიკულუმთან დაკავშირებულ საკითხებს. მაგრამ რა წინაპირობების შესრულებაა საჭირო ურთიერთთანამშრომლობის დამყარებამდე? სკოლის დირექტორი უფლებამოსილია გააღოს სკოლის კარი ინიციატივებისა და თანამშრომლობისთვის. თუ ის მხარს უჭერს ინიციატივას ან პროექტს, ძირითადი წინაპირობა დაკმაყოფილებულია. მასწავლებელთა გუნდი კი ინიციატივების მამოძრავებელი ღერძია.

ავსტრიის განათლების სისტემა შეიცვალა 1962 წელს მიღებული კანონით „სკოლის საქმიანობის შესახებ“. კანონის მე-6 პარაგრაფში ვიპოვით სკოლისთვის ავტონომიის მიმნიჭებელ რეგულაციას: „ფედერალური სამინისტრო ვალდებულია, სკოლას მისცეს უფლება, მიიღოს ადგილობრივი საჭიროებების შესაბამისი სპეციფიკური კურიკულუმი, რომელიც ეფუძნება მოსწავლეებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებთან შეთანხმებას… სკოლის შესაბამისი ორგანოები გასცემენ თანხმობას“. კანონის მე-8 პარაგრაფის თანახმად, სკოლას შეუძლია დანერგოს სავალდებულო გაკვეთილების ალტერნატივები, დაამატოს არჩევითი საგნები, ასევე კურსები სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. საკანონმდებლო აქტის მიღებით შესაძლებელი გახდა სკოლებში დიდაქტიკური ინოვაციებისა და საგანმანათლებლო ექსპერიმენტების განხორციელება. 1971 წელს კი განათლების ფედერალურმა სამინისტრომ დააფუძნა სასკოლო ექსპერიმენტებისა და განვითარების ცენტრი. ამ ინსტიტუტის ძირითადი დანიშნულება იყო სკოლისთვის სამეცნიერო და ლოგისტიკური მხარდაჭერის შეთავაზება პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების დროს. 1986 წელს მიღებულ იქნა ცვლილებები კანონში „სკოლის საქმიანობის შესახებ“. ცვლილებებიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა არჩევითი კურსების დანერგვა და ღონისძიებების ჩატარება ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებასთან პირდაპირი და მრავალფეროვანი კავშირების დამყარების მიზნით. ღონისძიებები დაფუძნებული უნდა ყოფილიყო კურიკულუმზე, ხოლო სკოლის ადმინისტრაციას ღონისძიება უნდა გამოეცხადებინა როგორც „სკოლასთან ან კურიკულუმთან დაკავშირებული“. თუ მანამდე მასწავლებელი იყო მთავარი მოქმედი პირი, კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ სასწავლო აქტივობების ცენტრში მოსწავლე მოექცა.

ავსტრიელი ექსპერტის აზრით, სკოლას შესაძლოა ჰქონდეს ურთიერთობა ინდივიდებთან, სკოლებთან, ბიზნესკომპანიებთან, კულტურულ დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ღია იყოს კერძო ინციატივებისთვის. ავსტრიაში ძირითადად შემდეგი აქტივობებია გავრცელებული: დონორების მხარდაჭერა და დახმარება; გარემოსდაცვითი ღონისძიებები; გარემოსდაცვითი აქტივობები; კლასგარეშე სწავლება; ექსკურსიები. პროექტები შესაძლებელია განხორციელდეს სკოლის ინიციატივით და რესურსებით ან/და საზოგადოებასთან ურთიერთობის შედეგად. ავსტრიაში ასეთი თანამშრომლობის მაგალითებია:

* სკოლების თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან;

* სააღმზრდელო დაწესებულებების მასწავლებლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობა;

* სკოლებისა და სამთავრობო დაწესებულებების თანამშრომლობა;

* სკოლებისა და უნივერსიტეტების, ასევე საუნივერსიტეტო კოლეჯების თანამშრომლობა;

* მედიისა და სკოლების თანამშრომლობა;

* ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებისა და სკოლების თანამშრომლობა.

 

სტატია მომზადებულია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის საფუძველზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი