ჭაობების გეოგრაფია

ჭაობი დედამიწის ზედაპირის განსაკუთრებული ტიპია, რომლისთვისაც დამახასიათებელია უტორფო ან ტორფიანი, მუდმივად ტენიანი გრუნტი და სპეციფიკური მცენარეულობა, რომელშიც გაბატონებულია ჭაობის მცენარეები -ჰელოფიტები. ნიადაგგრუნტის მდგრადი დატენიანება ხელს უწყობს ტენის მოყვარული მცენარეულობის გავრცელებას.  ჭაობი, მარში, ჭანჭრობი, ტბისა და მდინარის დატბორილი ნაპირები, ესტუარი – დაჭაობებული ტერიტორიებია. ისინი მრავალ ჰაბიტატს ქმნიან  იმ მცენარეებისა და ცხოველებისთვის, რომლებიც ღრმა წყლებში და მშრალ ხმელეთზე ვერ ცხოვრობენ.

კვების წყაროს მიხედვით, ჭაობები იყოფა სამ ტიპად:  ქვემოური (ევტროფიული), გარდამავალი და ზემოური (ოლიგოტორფიანი). ქვემოური  ჭაობები უმეტესად  მაღლობების ძირში და მდინარეების ტერასებზე წარმოიქმნება და გრუნტის წყლებით იკვებება. ასეთი ჭაობები საკმაოდ პროდუქტიულია. აქ ხარობს ლელქაში, ხავსი და ძალიან ბევრია ფრინველი. ზემოური ჭაობები მდინარეებს შორის მდებარე დაბლობებზე გვხვდება და  მხოლოდ ატმოსფერული ნალექებით იკვებება.

1971 წლის 2 თებერვალს ქ. რამსარში (ირანი) 18-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა კონვენციას „საერთაშორისო მნიშვნელობის წყალჭარბი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების“  (The Convention on Wetlands of International Importance, especially asWaterfowl Habitat)  შესახებ. კონვენცია მთავრობათაშორისი შეთანხმებაა, რომელიც მიზნად ისახავს წყალჭარბი ტერიტორიების დაცვასა და მათ მდგრად გამოყენებას და ამისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფას.  1971 წლიდან კონვენციის გეოგრაფია თანდათან გაფართოვდა,

 

დღეისათვის იგი 138 ქვეყანას ითვლის. საქართველო რამსარის კონვენციას 1996 წელს შეუერთდა. ამჟამად 1366-მდე წყალჭარბი ტერიტორია რამსარის ტერიტორიად, ე. წ. რამსარის საიტად არის გამოცხადებული, რომელთა საერთო ფართობი 119,6 მლნ. ჰექტარს აღემატება (www.ramsar.org).

ჭაობები გავრცელებულია ყველა კლიმატურ სარტყელში და და ყველა კონტინენტზე. მათში ჰიდროსფეროს მტკნარი წყალის მარაგის დაახლოებით 11,5 ათასი კუბ. კმ.-ია (0,03%) თავმოყრილია. ყველაზე მეტად ჭაობები გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში.

ჭაობების გავრცელების არეალები დედამიწაზე

დედამიწაზე  ყველაზე დიდი ჭაობია პანტანალი, რომელიც ბრაზილიაში, მატუ-გროსუ-დუ-სულის შტატში, ასევე  ბოლივიისა და პარაგვაის ტერიტორიებზე მდებარეობს. მას 150 ათასი კვ. კმ.-ის ფართობი უკავია და მდიდარია მცენარეული საფარითა და ცხოველთა სამყაროთი. იქ განსაკუთრებით ბევრი ნიანგია.  ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი დიდი  ჭაობია ვასიუგანსკის  ჭაობები  (53 ათასი კვ. კმ) რუსეთში. იგი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა: აქ  ძალიან ბევრი სახეობის მცენარე იზრდება, მათ შორის იშვიათი სახეობებიც.  ასევე მეტად საინტერესოა მანჩაკის ჭაობების კომპლექსი (აშშ, ლუიზიანას შტატი), სადაც ხშირად იკარგებიან ადგილობრივი მცხოვრებლები და ამიტომაც ამ კომპლექსს მოჩვენებების ჭაობი შეარქვეს.  ჭაობები აფრიკის კონტინენტზეც გვხვდება. ჭაობი ოკავანგო ბოტსვანაში, მდინარე ოკავანგოს დელტაში მდებარეობს, რომელიც  ყველაზე დიდი შიდა დელტაა მსოფლიოში და კლიმატური, ჰიდროლოგიური და ბიოლოგიური ურთიერთზემოქმედების ნათელი მაგალითია. ოკავანგოს დელტა და ჭაობი  2014 წლიდან იუნესკო-ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული მე-1000 ძეგლია და ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ჭაობებს საქართველოში, კოლხეთის დაბლობზე  განსაკუთრებით დიდი ფართობი – დაახლოებით 225 ათასზე ჰექტარზე მეტი უკავია. მცირე ჭაობები ასევე გავრცელებულია ჯავახეთის ვულკანურ მთიანეთშიც (ვაჩიანის, ავჭალის, ხანჩალის, მადათაფის, სულდისა და სხვ.) და საქართველოს სხვა რაიონებში.

ჭარბტენიან ტერიტორიას საერთაშორისო სტატუსი რომ  მიენიჭოს, იგი  სამი კრიტერიუმიდან ერთ-ერთს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს: იყოს მოცემული გეოგრაფიული რეგიონისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ჭარბტენიანი მხარე; გამოირჩეოდეს ბიომრავალფეროვნებით და წარმოადგენდეს ადგილობრივი და გადამფრენი ფრინველების დასასვენებელ ან გამოსაზამთრებელ ადგილს. კოლხეთის ჭაობები უნიკალურია იმით, რომ სამივე პირობას აკმაყოფილებს. აფრიკა-ევრაზიის წყლისა და ჭაობების გადამფრენი ფრინველების საიმიგრაციო გზის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით შეიქმნა კოლხეთის ეროვნული პარკი და ამავე დროს რამსარის საიტად გამოცხადდა კოლხეთის დაბლობის წყალჭარბი სავარგულები.

მდინარეების  ენგურისა და კინტრიშის შესართავებს შორის  განვითარებულია ტორფიანი ჭაობების ყველაზე მნიშვნელოვანი მასივები: ანაკლია, ჭურია, ნაბადა, ფიჩორი, იმნათი, მალთაყვა, გრიგოლეთი, ქობულეთი. კოლხეთის ზღვისპირა ჭაობებს, მდინარეების ან დასახლებული პუნქტების სახელების მიხედვით  დაერქვათ სახელები. აქვე, ტორფიან ჭაობებთან ერთად ჯერ კიდევ შემორჩენილია ხელშეუხებელი ან მცირედ სახეცვლილი დაჭაობებული მურყანის ტყეები, ჭაობის მდინარეები და ტყეები. მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს კოლხეთის ჭაობის მშვენება – პალიასტომი.

წარსულში ადამიანებს ჭაობი მიაჩნდათ აშმორებულ ადგილად, მალარიის კერად, რომელსაც ხალხისთვის მხოლოდ უბედურება მოჰქონდა. სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდ ნაწილს დღესაც ასეთი წარმოდგენა აქვს და უარყოფითი განწყობა ჭაობების მიმართ ჯერ კიდევ ძალაშია. საზოგადოების ასეთი პოზიცია დიდ პრობლემას ქმნის, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ გააცნობიეროს ჭაობების უდიდესი როლი და მათი გარემოსადცვითი ფუნქცია ბუნებაში. ჭაობები დიდი რაოდენობით წყალს იწოვენ, ხანგრძლივი დროით აკავებენ მას და ამით ხელს უწყობენ წყლის რეჟიმის ნორმალურ რეგულაციას, საგრძნობლად ამცირებენ ძლიერი წყალმოვარდნის საშიშროებას და დარეცხვისაგან იცავენ ხმელეთის ზედაპირს. ამასთანავე, ჭაობები ბუნებრივი ფილტრის როლს ასრულებენ. შეიწოვენ რა დიდი რაოდენობის წყალს, წმენდენ მას მავნე ქიმიური და ბიოლოგიური ელემენტებისაგან და სუფთა წყლით ასაზრდოებენ მდინარეებს, ტბებს, მიწისქვეშა წყლების ჰორიზონტებს და ა.შ. მისი ხელყოფა გვაკარგვინებს სუფთა, მტკნარი წყლის მიწისქვეშა მარაგს და ეს ხდება მაშინ, როცა მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში სასმელი წყლის უდიდესი დეფიციტია.

კოლხეთის ჭაობები და ჭაობიანი მიწები ოდითგანვე განიცდიდნენ ადამიანის სამეურნეო მოქმედების უარყოფით გავლენას, რამაც განსაკუთრებით დიდ მასშტაბებს XX საუკუნეში მიაღწია. სახნავ-სათესი მიწების, საძოვრების და სათიბების მიღების მიზნით, დაბლობის ვრცელ ტერიტორიაზე დააშრეს ჭაობი, გაჩეხეს დაჭაობებული და ტენიანი კოლხური ტყეები. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების შედეგად დაბლობის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში თითქმის მთლიანად მოისპო ტენიანი კოლხური ტყეების ბუნებრივი ეკოსისტემები. დაბლობის ამ ნაწილში კატასტროფულად შემცირდა ან უკვე გადაშენდა ჭაობის კუ, ჩვეულებრივი და შუააზიური ტრიტონები. სხვადასხვა ფაქტორების გავლენით ძლიერ შემცირდა გადამფრენი და მოზამთრე ფრინველების რაოდენობა. ადამიანის სამეურნეო საქმიანობის მავნე გავლენას ვერც კოლხეთის დაბლობის დასავლეთ ნაწილის ბუნებრივი ლანდშაფტები გადაურჩა. ზღვისპირა ტორფიანი ჭაობების ზედაპირზე გაყვანილ იქნა სხვადასხვა დანიშნულების უამრავი არხი, გაიჩეხა ზღვისპირა ჭაობების მეზობლად მდებარე დაჭაობებული ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილი, გასწორებულ იქნა ჭაობების მდინარეთა დაკლაკნილი კალაპოტები. ადამიანის ჩარევის შედეგად სახეცვლილი პალიასტომის ტბის დაცვა ეროვნული მნიშვნელობის საქმეა.

კოლხეთის ჭაობებს და დაჭაობებულ ტყეებს დიდი სამეცნიერო და შემეცნებითი მნიშვნელობა აქვს. კოლხეთის ჭაობური ლანდშაფტები შეიცავენ მდიდარ და მეტად საინტერესო ბიოგეოგრაფიულ და პალეოგეოგრაფიულ მასალას, რომლის ანალიზი საშუალებას იძლევა, გაირკვეს კოლხეთის თანამედროვე ფლორის თავისებურება, შემადგენლობა, განვითარების ისტორია, კლიმატის ცვალებადობა და ზღვის დონის რყევის ხასიათი ახლო გეოლოგიურ წარსულში. ამასთან ერთად, კოლხეთის ჭაობი და ჭარბტენიანი მიწები, სადაც სასწავლო შემეცნებითი ექსკურსიების მოწყობით, კვალიფიციური ლექცია-საუბრების ჩატარებით, ვიზიტორებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, გაეცნონ ჭაობურ ლანდშაფტებს, გააცნობიერონ, რომ ამ ლანდშაფტების შენარჩუნება საზოგადოების ყველა წევრის მოვალეობაა.

 

 

 

 

 

კომენტარები

comments