პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

 მეთოდი  RAFT გეოგრაფიის გაკვეთილზე

მოსწავლის მოტივაციისთვის საჭიროა გაკვეთილის საინტერესო აქტივობებით დაწყება. პირველივე თემის განხილვისას, მაშინ, როცა მოსწავლეს ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული, რა არის გეოგრაფია და რატომ უნდა ისწავლოს კიდევ ერთი ახალი საგანი, მეთოდი RAFT-ის გამოყენება, მერწმუნეთ კარგი დასაწყისის საწინდარია. პირველი კვირა გაცნობასა და ქცევის წესების (რომელსაც ჯერ კიდევ არღვევენ) შემუშავებას დავუთმეთ. მივხვდი, რომ ამ რამდენიმე გაკვეთილმა სიახლის მოლოდინი გაუჩინა მოსწავლეებს. არ მინდოდა მათი მოლოდინი გამეცრუებინა… ახლა უკვე შემიძლია გითხრათ, რომ ურთიერთობა შედგა. ჩვენ გვიხარია ერთად ყოფნა, ჩემი პატარა ზვიგენები ფიქრობენ, სწავლობენ, ხან ვჩხუბობთ, ხან ვხუმრობთ, მაგრამ ჩვენ გვიყვარს გეოგრაფია და ერთად ყოფნა. მთავარია, ვხვდები, რომ ინტერესი გავუჩინე გეოგრაფიის საგნის მიმართ. გთავაზობთ მეთოდს – RAFT, რომელიც კრიტიკული აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს.

RAFT არის მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს გარკვეული თემის შესახებ წერილობითი ტექსტების შექმნას. შემოქმედებითი პროდუქტი შეიძლება განსხვავდებოდეს ჟანრითა და დიზაინით. ეს მეთოდი მოსწავლეებს ასწავლის თემის განხილვას  სხვადასხვა კუთხითა და თვალსაზრისით, ასწავლის წერის უნარებს. იგი არის ერთ-ერთი გზა კრიტიკული აზროვნების სწავლისა და აყალიბებს აზროვნების სისტემას, რომელიც მოსწავლეს ეხმარება ობიექტებისა და შინაარსის გაანალიზებაში, საკუთარი დასკვნებისა და  შეფასების ჩამოყალიბებაში.

აბრევიატურა RAFT გაშიფრულია შემდეგ ცხრილში:

როლი აუდიტორია ფორმა თემა
როლის განსაზღვრისთვის საჭიროა, გაირკვეს, თუ ვის შეუძლია თემის გაშლა. ვისთვის არის განკუთვნილი მოცემული ტექსტი. ჟანრისა და თხრობის ფორმის არჩევა. თემის და ძირითადი იდეების შერჩევა, ტექსტის განსაზღვრა.

 

RAFT მეთოდის გამოყენებისას მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს თემა, რომელიც უნდა იყოს საინტერესო და აქტუალური.

გაკვეთილის დაწყებამდე უნდა მოამზადოთ ცხრილი, შეგიძლიათ უბრალოდ დაფაზე დახაზოთ. აღსანიშნავია, რომ ცხრილის განხილვისას გრაფაში მასწავლებელმა უნდა ჩაწეროს ყველა აზრი ისე, რომ ისინი მოსწავლეებისათვის მთელი გაკვეთილის განმავლობაში თვალსაჩინო იყოს. იგი მათ გაანალიზებასა და შეფასებაში დაეხმარება.

კრიტიკული აზროვნების სწავლების სტრუქტურისა და მეთოდების თანახმად, გამოიყოფა RAFT მეთოდის რამდენიმე ეტაპი.

გამოწვევის ეტაპი

ამ ეტაპზე მთავარი ამოცანაა მოსწავლეების გააქტიურება, მათი მოტივირება. ოპტიმალურია იმ მეთოდების შერჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დააინტერესებს და ჩართავს ყველა მოსწავლეს. ყველაზე კარგია ასოციაციური რუკისა და გონებრივი იერიშის გამოყენება.

მოსწავლეები გვთავაზობენ ყველა შესაძლო ვარიანტს, რომლებიც შესაფერისია მათი როლისთვის.  ცხრილში 4-5 პოზიცია ფიქსირდება.

მეორე სვეტში იწერება ის ადამიანები, ადამიანების ჯგუფები, ორგანიზაციები, ვისთვისაც ეს ტექსტია განკუთვნილი. აუდიტორიის განსაზღვრა ხდება თემის შესაბამისად: მოსახლეობა, მშობლები, უფროსკლასელები, დაწყებითი კლასების მოსწავლეები, მთავრობისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მეურნეობის დარგის მუშაკები და ა. შ.

შემდეგ გრაფაში იწერება ის შესაძლო ფორმები, რომლებიც დაკავშირებულია სოციალურ როლებთან და სავარაუდო მკითხველთან. ეს შეიძლება იყოს წერილი, ბუკლეტი, პოსტერი და ა. შ.

ბოლო გრაფაში კი ტექსტის ძირითადი იდეები იწერება.

მასწავლებელი შევსებულ ცხრილს კითხულობს. მონაწილეთა შორის ნაწილდება როლები და იწყება ტექსტის წერა. სამუშაო შეიძლება შესრულდეს როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. აუცილებელია, მოსწავლეებს ავუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია გრძნობებისა და ემოციების გადმოცემა; ამავე დროს უნდა გაითვალისწინონ პერსონაჟი, ობიექტი, მოვლენა, ანუ „თემის გმირი“ რა პირობებში შეიძლება მოხვდეს. სამუშაო შეიძლება იყოს ჯგუფური. უპირატესობა მცირე ჯგუფებს ენიჭება.

მოსწავლეები წარადგენენ ნამუშევარს.

გააზრების ეტაპი მოიცავს სახელმძღვანელოს ან დამატებითი მასალის გაცნობას. ამ ეტაპზე მოსწავლეები იღებენ ახალ ინფორმაციას, ინიშნავენ შენიშვნებს.

რეფლექსიის ეტაპი გააზრებასა და ანალიზს მოიცავს. ამ ეტაპზე მოსწავლეები იღებენ ახალ ინფორმაციას, განიხილავენ და ერთმანეთს ადარებენ ადრე ცნობილ ფაქტებსა და მათთვის ახალ ინფორმაციას. უკეთესი ეფექტის მისაღწევად რეკომენდებულია მოცემულ თემაზე ვიზუალური მასალის გამოყენება (ფოტოები, სლაიდები, ნახატები). ეს ხელს უწყობს შეძენილი ცოდნის კონსოლიდაციას და გამოსახულების ფორმირებას დისკუსიის დროს.

მეთოდი RAFT ყველაზე კარგად გამოიყენება ჰუმანიტარულ საგნებში. თუმცა გეოგრაფიაში არაერთი თემის განხილვისას შეიძლება მისი გამოყენება. RAFT მეთოდი თითქმის ნებისმიერ თემაზე შეიძლება აქტიურად იყოს გამოყენებული. გთავაზობთ მაგალითებს: მე-7 კლასი. თემა: რა არის გეოგრაფია.

როლები შეიძლება შეირჩეს და განაწილდეს შემდეგნაირად.

კარტოგრაფი;

გეომორფოლოგი;

კლიმატოლოგი;

ჰიდროლოგი;

ეკოლოგი;

მოგზაური.

ნაბიჯი 2. როლების განაწილების შემდეგ ხდება ვირტუალური აუდიტორიის განსაზღვრა, რომლისთვისაც ტარდება კვლევა. კარგი იქნება, თუ როლების გადანაწილება მათი სურვილების გათვალისწინებით მოხდება. მოსწავლეებმა აუდიტორიის განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინონ მათი ხასიათი, ჩვევები, გარემო პირობები და ა.შ.

ნაბიჯი 3. თხრობის, ანუ პრეზენტაციის ჟანრის განსაზღვრა: ნახატი, წერილი, ამბავი, პრეზენტაცია…

მასწავლებელი ცხრილში, რომელიც დაფაზეა მოცემული, აფიქსირებს ყველა მონაცემს.

ნარატივის წარდგენამდე კარგი იქნება თითოეული როლის განსაზღვრა, იმის აღნიშვნა, რომ თითოეული როლი განსხვავებული და მნიშვნელოვანია, რადგან მათი ერთობლიობა ქმნის ერთიან მთლიან გეოგრაფიას.

შემდეგი ნაბიჯი უკვე სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტისა და ვიზუალური მასალის გაცნობა-შედარებაა, როდესაც მოსწავლეები განიხილავენ მათთვის ახალ მასალას.

ეს ნახატები გეოგრაფიის გაკვეთილზე მე-7 კლასელებმა შექმნეს.

 

 

 

 

 

თემა: მიგრაცია.

როლების განაწილება ყველაზე მარტივია ამ თემის განხილვისას:

იმიგრანტი;

ემიგრანტი;

მიგრანტის მიმღები ქვეყნის მოქალაქე;

ემიგრანტის ქვეყნის მოქალაქე;

ემიგრანტის ოჯახის წევრი.

მეთოდი  RAFT ყველაზე კარგად მოერგება მიგრაციის თემის განხილვას, რადგან მოსწავლეებს მოუწევთ მიგრანტებისა და მოქალაქეების როლის მორგება, მათ ემოციებზე და პოზიციაზე დაფიქრება და მსჯელობა; რა ფაქტები და მოვლენები შეიძლება გაუზიაროს მათმა გმირმა; რაზე შეიძლება მოუნდეს აზრის გაზიარება, რა ფორმით და ვის მიმართავს.

ძალზე მნიშვნელოვანია ტექსტების გაცნობა. ერთმანეთის ტექსტების წაკითხვის შემდეგ აუცილებელია დასკვნების გაკეთება. ეს მონიტორინგის ფორმაა. მოსწავლეები ტექსტების განხილვისას დაინახავენ ერთი და იგივე ფაქტის (პროცესის) განსხვავებულ ხედვასა და გამოხატვის ფორმას.

შემდეგ იმავე ნაბიჯებს გაივლიან.

ძალიან საინტერესოა ყველასთვის ნაცნობი და ახლობელი თემის განხილვა განსხვავებული მეთოდის გამოყენებით. განსაკუთრებით საინტერესოა აუდიტორიის განსაზღვრა.

ეს სტრატეგია იძლევა სხვადასხვა უნარ-ჩვევის განვითარების შესაძლებლობას, როგორიცაა:

  • იმპროვიზაციის უნარი;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარი;

ის აგრეთვე პრეზენტაციის მნიშვნელობის და სპეციფიკის გაგებისა და გააზრების საშუალებას იძლევა.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://pedsovet.su/metodika/priemy/5706_raft_tehnologiya

https://www.kmspb.narod.ru/posobie/raft.htm

https://studydoc.ru/doc/4409770/raft-tehnologiya

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი