ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ქართული ენის გაკვეთილები: პუნქტუაცია (II)

როგორც წინა წერილში აღვნიშნე, წერით ნამუშევრებს ყველაზე ხშირად სასვენი ნიშნებით მოწესრიგება აკლია. პუნქტუაციაზე ყურადღების გამახვილებას ვერც კითხვის პროცესში ავცდებით. ესგ-ს მიხედვით, მას VII კლასში ასწავლიან (პუნქტუაციური გარჩევა), როგორც წერის საერთო სტრატეგიების შემადგენელ ნაწილს. თუმცა სასვენი ნიშნების გამოყენების საჭიროება პირველი კლასიდან დგება, მაგალითად: გაგრძელებით კითხვის დროს, მოსწავლეებს ვთხოვთ, წაიკითხონ უახლოეს წერტილამდე, რადგან ზემოაღნიშნული სასვენი ნიშანი თხრობითი წინადადების დასასრულს დაისმის, I კლასის სახელმძღვანელოში საკითხავი მასალის დიდი ნაწილი კი თხრობითი წინადადებებითაა დაკომპლექტებული (კითხვის უნარის განვითარების პროცესში რეკომენდებული არაა სასვენი ნიშნებით გადატვირთული მრავალფუნქციური ტექსტების კითხვა). თუმცა პირველი კლასის მიწურულს მოსწავლეები ნელ-ნელა ეჩვევიან მარტივი დიალოგებისა თუ კითხვა-პასუხის ფორმატს და ძირითადი სასვენი ნიშნების (.  , ? ! ) მთავარ დანიშნულებასაც იაზრებენ. გამოდის, რომ პუნქტუაციასთან ზიარება წერტილის გაცნობით იწყება, ანუ პუნქტუაციური ჩვევების ფორმირების გზაზე პირველ ნაბიჯს პირველ კლასში ვდგამთ. დღეს გაგიზიარებთ რამდენიმე აქტივობას, რომლებიც მოსწავლეებისთვის სასვენი ნიშნების ,,მოშინაურების“ პროცესს გაცილებით საინტერესოს და მიმზიდველს გახდის.

 

მკითხველის თეატრი

 

,,მკითხველის თეატრი“ დრამატული ინტერპრეტაციის ისეთი ფორმაა, რომელიც ნაწარმოების ხმამაღლა და როლებში წაკითხვას მოითხოვს. სასვენი ნიშანი ინტონაციის ერთგვარი გრაფიკული გამოსახულებაა. მისი გამოყენება კითხვის დროსაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც – წერის პროცესში. როლებში კითხვის დროს, თხრობითი, კითხვითი თუ ძახილის წინადადებების გაცოცხლება სწორედ ინტონაციის დახმარებით ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ხმამაღლა კითხვის დროს, მოსწავლე სასვენ ნიშნებსაც ,,კითხულობს“.

 

მიუხედავად იმისა, რომ როლებში კითხვა დეკორაციისა და კოსტიუმების გარეშეც შეიძლება, მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ მარტივი, ხელნაკეთი აქსესუარების მორგება, რაც როლში შესვლას აადვილებს. მკითხველებმა სათანადო ხმის, მიმიკისა და ჟესტების მეშვეობით უნდა გადმოსცენ ტექსტში ნაგულისხმევი განწყობა და შეძლონ პერსონაჟთა ხასიათის მორგება, რასაც სასვენი ნიშნებზე დაკვირვება აადვილებს. აქედან გამომდინარე, გააზრებული კითხვისა და ზეპირმეტყველების უნარების განვითარებაში გარკვეული წვლილი პუნქტუაციასაც მიუძღვის.

 

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ პერსონაჟი-თოჯინების დამზადება და სასურველი ამბის (პიესის) მათი გამოყენებით გათამაშება. საბაზო საფეხურზე თოჯინების თეატრი რამდენიმეწუთიანი ფილმით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ. ვიდეოს გადაღებამდე, მოსწავლეებს შერჩეული თხზულების მიხედვით სცენარის დაწერა დაევალებათ.  შესწავლილი თხზულების განსხვავებულ ფორმატში ,,გადაწერის“ და ფილმად ქცევის პროცესში აღსაზრდელებს სასწავლო პროდუქტის დამოუკიდებლად შექმნას ეჩვევიან (თანამედროვე გამოწვევების ეპოქაში აღნიშნული უნარი მათ ძალიან გამოადგებათ). პროზაული ტექსტების გარდა, მკითხველის თეატრისთვის ეპიკური პოეზიაც მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს. თან პოეტური ტექსტების რიტმულობა და  ემოციური ცვალებადობა ხმამაღლა კითხვის პროცესს გაცილებით გამომსახველს და დინამიურს ხდის.

 

აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ ხმამაღლა კითხვას წინ აუცილებლად უნდა უძღოდეს ტექსტის გააზრება. ჯერ კარგად უნდა გავაანალიზოთ შერჩეული მასალა (ვიმსჯელოთ პერსონაჟთა თვისებებზე, მათი ქცევის გამომწვევ მიზეზებზე, ტექსტის მთავარ სათქმელზე და ა.შ.), რათა მოსწავლეებს არ გაუჭირდეთ თავიანთი რჩეულებისთვის ხმის ტემბრის, მიმიკისა და ჟესტების მისადაგება. ამას გარდა, თითოეულ მონაწილეს უნდა მივცეთ საკითხავი მასალის ინდივიდუალურად დამუშავების საშუალება, სიტყვების სწორად ამოკითხვის ნაცვლად, გამომსახველობით კითხვაზე კონცენტრირება რომ შეძლონ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ,,მკითხველის თეატრი“ კითხვის მოტივაციის ამაღლებასა და ზეპირმეტყველების დახვეწაზე ორიენტირებული აქტივობაა, მისი დახმარებით მოსწავლეებს ადვილად დავანახებთ მხატვრული კითხვის პროცესში პუნქტუაციის მნიშვნელობას.  შეგიძლიათ გაითამაშოთ ,,დაკარგული სასვენი ნიშნები“ – მოსწავლეებს შესწავლილი სცენარის მეორე ვარიანტი (სასვენი ნიშნების გარეშე) დაურიგეთ, მკითხველებმა კი კითხვის პროცესში მათი აღდგენა უნდა შეძლონ.

 

ჯადოსნური ნიშნები

ამ აქტივობის გამოყენება მიზანშეწონილია პირველი კლასის დასასრულს და მეორე კლასშიც. დაფაზე (ფორმატზე) ვწერთ ძირითად სასვენ ნიშნებს (. , ? !), შემდეგ თითოეულ მოსწავლეს ვურიგებთ წინასწარ გამზადებულ ბარათებს, რომლებზეც სხვადასხვა წინადადებები სასვენი ნიშნების გარეშე წერია (მაგ., ცა შავი ღრუბლებით დაიფარა). მოსწავლეები რიგრიგობით კითხულობენ თავიანთ ბარათებს დაფაზე დაწერილი სასვენ ნიშნების შესაბამისი ინტონაციით. მოსწავლეებს შეუძლიათ, წინადადებას დაუმატონ ერთი სიტყვა, რომელიც ამა თუ იმ სასვენი ნიშნის ხასიათს გამოკვეთს, მაგალითად: ,,ცა მართლა შავი ღრუბლებით დაიფარა?“ ან ,, შეხედე, ცა შავი ღრუბლებით დაიფარა!“.

 

კითხვები და პასუხები

 

ეს აქტივობა, სასვენი ნიშნების გააქტიურებასთან ერთად, შესწავლილი მასალის განმტკიცებასაც უწყობს ხელს. მოსწავლეებს ვყოფთ ჯგუფებად და ვურიგებთ თემატურ კითხვა-პასუხებს (მაქსიმუმ ხუთი წყვილი). მოსწავლეებმა უნდა შეძლონ კითხვითი და თხრობითი წინადადებების ერთმანეთისგან შინაარსის, კითხვითი სიტყვების და სხვა მსგავსი მახასიათებლების დახმარებით განცალკევება, მათთვის სასვენი ნიშნის მისადაგება და დაწყვილება. შემდეგ წყვილებს ფურცელზე დააკრავენ და თანატოლებს თავიანთ შთაბეჭდილებასაც გაუზიარებენ. ეს აქტივობა გამარტივებული სახით პირველ კლასშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. ერთი ჯგუფი მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვას მაგნიტური ანბანით ააწყობს და სასვენ ნიშანს მიუსადაგებს, მეორე კი აღნიშნულ კითხვას ასევე მოძრავი ანბანის დახმარებით უპასუხებს.  ამ გზით მოსწავლეებს საწყისი წერის უნარებსაც ვუყალიბებთ და სასვენი ნიშნების ტექსტის ორგანულ ნაწილად აღქმასაც ვაჩვევთ.

 

დიალოგის ფაზლი

 

ეს აქტივობა ზემოაღნიშნული მეთოდის ერთგვარი ვარიაციაა. მის გამარტივებულ ვერსიას სამუშაო ფურცლის დიდ, ჰორიზონტალურ ნაჭრებად დანაწევრება და ფაზლის მსგავსად აწყობა წარმოადგენს. ამ დროს აქცენტი უფრო დიალოგის ჩაწერის ვიზუალურ მახასიათებლებზე კეთდება. მისი გართულების შემთხვევაში კი ტექსტი ისე უნდა დავანაწევროთ, ფაზლები ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებოდეს ( სჯობს, შევარჩიოთ ნაცნობი დიალოგები შესწავლილი ტექსტებიდან). დანაწევრებულ წინადადებებს სასვენი ნიშნებიც უნდა ახლდეს, რათა მოსწავლეებმა დიალოგის აღდგენა სწორედ მათი დახმარებით შეძლონ. აქტივობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, მოსწავლეები მკაფიო ინსტრუქციით უნდა შევაიარაღოთ, მაგალითად:

  • წაიკითხეთ ყველა წინადადება!
  • გაიაზრეთ წაკითხული მასალა!
  • გონებაში დაალაგეთ არეული ინფორმაცია!
  • დაუკვირდით სასვენ ნიშნებს და დაიხმარეთ დიალოგის აგების პროცესში!

 

გზააბნეული სასვენი ნიშნები

 

ეს აქტივობა მოსწავლეებს სასვენი ნიშნების დანიშნულებისამებრ გამოყენებას აჩვევს. მასწავლებელი დაფაზე წერს წინასწარ მომზადებულ ტექსტს, რომელშიც სასვენი ნიშნები არასწორადაა დასმული. მოსწავლეებმა შეცდომები უნდა აღმოაჩინონ და ჩაასწორონ. მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად ჯგუფური სამუშაოს ფორმატის გამოყენება სჯობს. მონაწილეები შესწავლილი ტექსტებიდან ერთ-ერთს აირჩევენ,  რომელიმე მონაკვეთს ამოიწერენ და სასვენი ნიშნების ნაწილს ადგილს შეუცვლიან. შემდეგ სამუშაო ფურცლები ადგილს საათის ისრის მიმართულებით შეიცვლის (პირველი ჯგუფის ფურცელი მეორესთან მოხვდება, მეორესი – მესამესთან და ა.შ,) და ყველანი მოწინააღმდეგე გუნდის მიერ დაშვებული შეცდომების პოვნა-ჩასწორებას შეეცდებიან.

 

სასვენი ნიშნების ბორბალი

 

სასვენი ნიშნების ბორბლის გამოყენება სწავლების ყველა საფეხურზე შეიძლება, ნიშნის ცნობა-დასახელებიდან დაწყებული, მისი ფუნქციის დეტალური აღწერით დასრულებული.

ეს თამაში ძალიან ჰგავს ,,თხრობას სხვადასხვა ინტერპრეტაციით“, სადაც მოსწავლეს, პერსონაჟის ნაცვლად, სასვენი ნიშნის ,,როლის“ მორგება ევალება. პატარებს შეუძლიათ მოკლედ დაასახელონ, ვინ არიან და რა თვისებებით გამოირჩევიან (კითხვის ნიშანი ცნობისმოყვარეა, ძახილის ნიშანი – მენტორი და ა.შ.). უფროს კლასებში, სადაც პუნქტუაციის მიზანმიმართულ სწავლებას ვიწყებთ, ზემოაღნიშნული ბორბალი მოტივაციის ასამაღლებლად და შესწავლილი მასალის გასამტკიცებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ:

 

მოსწავლე ისე იჭერს სასვენი ნიშნების დაფას, რომ ვერ ხედავს მას და რამდენჯერმე ატრიალებს მასზე მიმაგრებულ ისარს. შემდეგ პირველ პირში ცდილობს მოყვეს, ვინ არის და რას საქმიანობს ის სასვენი ნიშანი, რომელთანაც ისარი გაჩერდება, მაგალითად:  მე წერტილი ვარ. ჩემი სახლი წინადადების ბოლოშია. მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვები ჩემი კარის მეზობლები არიან. თითქმის ყველა სასვენ ნიშანთან ვმეგობრობ. თუ მეორე წერტილს დავუმეგობრდი, სიტყვების ჩამონათვალის ან დიალოგის წინ უნდა გადავინაცვლო. მძიმესთან ერთადაც ხშირად მნახავთ (გეგმის დაწერაც ხომ საჭიროა?!), კითხვის და ძახილის ნიშნები ხომ ჩემს გარეშე არსად მიდიან (წინადადების დასრულება ჩემი საქმეა არაა?!). თუ სამი წერტილი ერთად შევიყარეთ, იმდენს ვლაპარაკობთ, მწერლები წერით იღლებიან და სიტყვების ნაცვლად ჩვენ გვწერენ, – თქვენ თვითონ მოუყევით მკითხველს, რისი თქმაც გსურთო…

 

რა თქმა უნდა, ზემოაღნიშნული აქტივობისთვის მოსწავლეები წინასწარ უნდა შევამზადოთ. თუმცა აღწერაშიც ჩანს, რომ სასვენი ნიშნების ფუნქციის ცოდნასთან ერთად, ინტერპრეტაციისა და შემოქმედებითი უნარების გამოყენებასაც დიდი ყურადღება ექცევა. მსგავსი მიდგომები, სწავლა-სწავლების პროცესს მეტ მიმზიდველობას შესძენს და მის მთავარ მიზანსაც ვერაფერს დააკლებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი