პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ცრუპენტელა აღმზრდელი

ბავშვობაში წაკითხული წიგნები სულ სხვაა. იმ პერიოდიდან დღემდე ნათლად მახსოვს არათუ ავტორი და ნაწარმოების სიუჟეტ-პერსონაჟები, არამედ კითხვის დროს აღძრული განცდები, წიგნის ყდის ფორმა და ფერი, თაროზე ის ადგილი, საიდანაც მათ ვიღებდი. იმ სახლში სტუმრობისას, სადაც გავიზარდე და ამ წიგნებს ვკითხულობდი, თვალის ერთი გადავლება მჭირდება იმავე ადგილას მდგარ წიგნების კარადაში ჩამწკრივებული საკმაოდ დამტვერილი წიგნებისათვის, რომ გაცოცხლდეს მთელი ბავშვობა და ის ემოციები, მათთან გაცნობისას რომ მეუფლებოდა.

ამ ცოტა ხნის წინ ვაჟა-ფშაველას პროზის ერთ-ერთ ტომი მექანიკურად გადავშალე. წაკითხვასაც არ ვაპირებდი. მაგიდაზე იდო და უბრალოდ ავიღე ხელში. პირველივე სათაური, რომელიც შემომეგება, „ცრუპენტელა აღმზრდელი“ იყო…

ტექსტის წაუკითხავად გაცოცხლდა მეხსიერებაში ციხელი, გაუცინარი მოხუცი, თხის ტყავი რომ ეცვა და თავზეც თხის ტყავის წოწლოკინა ქუდი ეხურა. თვალწინ დამიდგნენ ეფრემი და მისი ტოლ-ამხანაგებიც. როცა პირველად ვკითხულობდი ამ ნაწარმოებს, მეც ერთი მათგანი ვიყავი. მეც ვყვებოდი მათ ოცნებებში. ოღონდ ციხელის ალს, მანათობელ ფრთას, უსახელო გმირის ნაბოძებ ქამარ-ხანჯალსა თუ გველის თვალს ჩემთვის სხვა გამოხატულება ჰქონდა და სამელემენტიანი ფარნის, კალკულატორის, მაგნიტოფონ „ელექტრონიკასა“ ჩვენი თაობის დანატრებული ბავშვების სხვა ოცნებებს არ სცდებოდა…. კიდევ, დიდად მეცოდებოდა ციხელის კაკაბ-კურდღელი, მეცოდებოდა და ვბრაზობდი ამ ბერიკაცზე. ხან თავად ისიც მებრალებოდა. ნაწარმოების ბოლოსკენ კი მე, ეფრემსა და ჩვენს თანატოლ სხვა გოგო-ბიჭებს ერთად დაგვემსხვრა ოცნების კოშკები. თუმცა მე უფრო შემბრალდა ციხელი, ვიდრე ეფრემს და დიდი ვაჟა კიდევ უფრო ბუმბერაზი გახდა, რადგან ბოლოს გვათქმევინა: „…იქნებ მართალი იყოს? იქნება არა სტყუის ციხელი? შაიძლება! შაიძლება!“-ო.

ფიქრებიდან გამორკვეული, სათაურზე ჩავფიქრდი. რატომ მაინცდამაინც „აღმზრდელი“? აღზრდა და სწავლება ხომ დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, მით უფრო არ განსხვავდებოდა იმ დროს, იმ ყოფაში. ვაჟაც ხომ თითოეული ეპითეტი ზედმიწევნით აქვს მორგებული ყოველთვის. აქაც უდავოდ რაღაცას გულისხმობდა. ამიტომ კიდევ ერთხელ, უკვე დიდის თვალით, გადავიკითხე მოთხრობა.

მაინც რატომ არის ციხელი აღმზრდელი? მას ხომ არც სკოლა აქვს, არც გაკვეთილებს ატარებს და, მით უფრო, არც „მოსწავლეთა“ გამოკითხვა-შეფასებას. დგას მოხუცი და თავისთვის რაღაცას ჰყვება, ოცნებობს ხმამაღლა. და აი, ამ ოცნება-ოცნებაში გვასწავლის, რომ ალი ყოველთვის ბოროტი არ არის; ისიც შეიძლება ისეთივე სათნო და საყვარელი იყოს, როგორიც კეთილი ფერია, თუ თავად მოინდომებ. კიდევ? კიდევ ის ვისწავლე, რომ ოცნებასაც და სწავლასაც ერთი მთავარი მიზანი აქვს – უკეთ მოიწყო ხვალინდელი დღე, გქონდეს ყველაფერი ის, რაც ცხოვრებას გაგიბედნიერებს და სიკეთის კეთებას შეგაძლებინებს…

რევოლუციის შემდგომ დაბადებულ ბავშვებს სათამაშო შესაძლოა უკვე გვქონდა, მაგრამ არ გაგვაჩნდა საკუთრების განცდა. ფული ხელის ჭუჭყი იყო, ხოლო ბევრი ფული – დანაშაული, რადგან სისტემა გამდიდრების საშუალებას არ იძლეოდა. სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებში მხოლოდ ცოდნას გადასცემდნენ. უკვე საკმარის მიღწევად ითვლებოდა დიპლომირებულ ინტელიგენტად გახდომა, რომელსაც ზნეობრივ კოდექსში პირველ პუნქტად დიდი ასოებით ეწერა „ყოველთა თმენა“ და შემგუებლობა. ინტელიგენტისათვის, აბა, რა საკადრისი იყო უფულობის გამო წუწუნი… ამიტომაც სჯერდებოდა ორასმანეთიან ხელფასს. მუშათა სახელმწიფოში წერაქვით უფრო მეტს იშოვიდი, ვიდრე გონიერებით. სამწუხაროდ, ეს დაღი დღემდე გვატყვია. ვასწავლით ქიმიას, ფიზიკას, მათემატიკას, ისტორიას, ქართულს… მაგრამ არ ვასწავლით, ამით როგორ მოიწყონ ცხოვრება. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ვერ ვასწავლით, რადგან ჩვენთვისაც არავის უსწავლებია თავის დროზე…

ისევ ციხელს, ამ ცრუპენტელა აღმზრდელს, მინდა დავუბრუნდე… იყო დრო, აღმზრდელ-მასწავლებლები მოწაფეებს შთააგონებდნენ, დედამიწა ბრტყელია და სპილოების ზურგზე დგასო; იყო დრო, როცა ასწავლიდნენ, რომ მიწა, ჰაერი, ცეცხლი და წყალი სამყაროს წარმომქმნელი ისეთივე ელემენტები იყო, როგორებადაც დღეს მოლეკულები მიგვაჩნია; დადგა დრო, როცა მივაგენით ყველაზე პატარა განუყოფელ ნაწილაკს – ატომს და დავასკვენით, რომ სამყარო ატომებისაგან შედგება…

ახლა უკვე ვიცით, რომ დედამიწა მრგვალია და რომ ის მზის სისტემის ნაწილია; ახლა უკვე ვიცით, რომ სამყაროს შემადგენელი ნაწილაკები მოლეკულებია და მათი მიღებისა და გარდაქმნის წესებშიც ვერკვევით; ვიცით, რომ ატომი სრულებითაც არ არის „ატომი“ და ისიც შეიძლება კვარკებად დაიშალოს…

და დადგება დრო, როცა ვიღაც დაწერს, რომ იყო დრო, როცა ასწავლიდნენ, რომ ატომები მხოლოდ კვარკებამდე იშლება…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი