პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

აუტიზმი და ინსტრუქციის გაგების პრობლემატიკა

აუტიზმის და აუტისტური სპექტრის აშლილობების ფორმების დროს სხვადასხვაგვარი პრობლემა და საჭიროება იკვეთება ხოლმე კლასში. ერთ-ერთი მთავარი ინსტრუქციის სწორად მიწოდება, მისი გაგება და შედეგად, შესასრულებელი აქტივობის  შესაბამისი შედეგის მიღების სურვილი და აუცილებლობაა.

ხშირად, განსაკუთრებით სწავლების პირველ სემესტრში, მოსწავლეს უჭირს გაიგოს ვერბალური  ინსტრუქცია, ასევე უძნელდება წერილობითი ინსტრუქციის გაგება, მაშინაც კი, როდესაც კარგად იცის  წერა-კითხვა.

იმის გარდა, რომ მეტყველების განვითარების რომელიმე ეტაპზე მყოფ ბავშვს შესაძლოა მწირი ლექსიკური მარაგი აქვს, ინსტრუქციის შინაარსის გაგების პრობლემა შესაძლოა მასწავლებლის ჯერ კიდევ უცხო ლინგვისტური ველის შედეგი იყოს. ვგულისხმობ, რომ ყოველი ადამიანი ცალკე, უნიკალური ლინგვისტური ინდივიდია, თავისი ლინგვისტური თუ მეტალინგვისტური მახასიათებლებით, როგორიცაა, სამეტყველო აპარატი, ჟესტების გამოყენების თუ ემოციების გამოხატვის თავისებურება, სინტაქსური და პრაგმატული უნარები, ეს ერთგვარად ისეთივე უნიკალური მახასიათებელია ადამიანისთვის, როგორც, ვთქვათ, ადამიანის ხმის ან თითის ანაბეჭდი.

შესაბამისად, სწავლების პირველ ეტაპზე სწორედ ეს ლინგვისტური მახასიათებლები შესაძლოა აღმოჩნდეს დაბრკოლება მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, თუმცა, დროსთან ერთად, ეს პრობლემა გვარდება.

განვიხილოთ მიზეზები და მეთოდიკა, როგორ შეიძლება უფრო გასაგები გავხადოთ ჩვენი ვერბალური თუ წერითი ინსტრუქცია აუტიზმის მქონე ბავშვისთვის.

  1. მთავარი იარაღი გამეორებაა, ნუ დაგვეზარება გამეორება!
  2. ლექსიკა-გამოიყენეთ შედარებით მარტივი, კონკრეტული, თანმიმდევრული ინსტრუქცია, მოერიდეთ უცხო ენიდან შემოსულ ტერმინებს, მითუმეტეს, თუ მათი ქართული შესატყვისობა არსებობს;
  3. მოერიდეთ ფრაზეოლოგიზმებს, მეტაფორებს, ანდაზებს, აფორიზმებს, გადატანით ნათქვამ სიტყვებს;
  4. თუ მოსწავლეს არ ესმის ვერბალური ინსტრუქცია, განასახიერეთ ეს ინსტრუქცია – ხელების მოძრაობით, მიმიკით ან იმ ნივთების ჩვენებით, რასაც ეს მითითება ეხება, მაგალითად, თუ მოსწავლეს უთხარით, „გადაწერე ეს წინადადება წიგნიდან რვეულში“ და მან ვერ გაიგო, აიღეთ წიგნი და რვეული და აჩვენეთ, საიდან სად უნდა გადაწეროს ბავშვმა წინადადება.
  5. არჩევანი – არჩევანის მიცემა ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ბავშვს ავალებთ რაიმე დავალების შესრულებას და მას შესრულება არ სურს, აარჩევინეთ 2 ალტერნატიული დავალებიდან ერთ-ერთი, ამ შემოთავაზებას აუცილებლად დასთანხმდება, მეტი არჩევანი – დააბნევს მას.
  6. თუ მოსწავლეებს აძლევთ დავალებას, რომლის დროსაც ბევრი შემოთავაზებული ვარიანტიდან ერთი უნდა აირჩიონ, ეს აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეს დააბნევს, ამიტომ, ეცადეთ უფრო მცირე რაოდენობიდან ირჩევდეს, მაგალითად, არა 15 მაგალითიდან ან წინადადებიდან ერთ-ერთი, არამედ 5-დან.
  7. როდესაც სთავაზობთ აქტივობას, სჯობს, ასე ჩამოაყალიბოთ თქვენი შეთავაზება – „ახლა რა გირჩევნიათ, წავიკითხოთ, დავხატოთ თუ ვითამაშოთ?“  ვიდრე უბრალოდ ჰკითხოთ – „რისი გაკეთება გსურთ ახლა?“
  8. შეინარჩუნეთ წინადადების აუჩქარებელი ტემპი და ეცადეთ, სიტყვებიც კარგად გამოკვეთოთ, ემოცია, პათეტიკა – აბსოლუტურად გაუგებარი იქნება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვისთვის.
  9. თუ ვერბალური ინსტრუქცია გაუგებარია, ვიზუალური გამოიყენეთ, დახატეთ დაფაზე თუნდაც ფოტო გადაუღეთ თქვენთვის აუცილებელ და სასურველ მოქმედებას და ამის საშუალებით მიეცით ბავშვს მითითება.
  10. როდესაც მთელ კლასს აძლევთ ინსტუქციას, ამასთანავე, კონკრეტულადაც მიმართეთ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს, ის შეიძლება ვერ მიხვდეს, რომ მთელი კლასის დავალება მასაც ეხება.
  11. იმისათვის რომ გაგება გაადვილდეს, დავალების შინაარსი შეგიძლიათ ბავშვის ინტერესების მიხედვით შეცვალოთ, მაგალითად, თუ იცით, რომ მოსწავლეს პლანეტები და ასტრონომია უყვარს, საწერი დავალება ქართულ ენაში ასტრონომიასთან დაკავშირებული მიეცით ან რაღაცით დაუკავშირეთ მისთვის საინტერესო სფეროს.
  12. დაიხმარეთ კლასი – გაამარტივებინეთ თქვენი ინსტრუქცია, აახსნევინეთ ბავშვებს, თანატოლის გაგება ზოგ შემთხვევაში უფრო მარტივია, ვიდრე მასწავლებლისა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი