პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

თერაპიული ზღაპრები ხელების დაუსვრელად

ირმა მალაციძის „ექიმი კოდალას“ რეცენზია

დიდი ხანი არ არის, რაც ირმა მალაციძემ ლიტერატურული ზღაპრების ახალი კრებული – „ექიმი კოდალა“ გამოსცა. ირმა მალაციძე აგერ უკვე მეთოთხმეტე წელია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარებისთვის იღვწის – ის არამხოლოდ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა, არამედ საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის – „ლიბო“ – ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა.  მის მიერ შეთხზულმა მხიარულმა ამბებმა და კეთილშობილმა გმირებმა, მწერლის ემპათიურმა დამოკიდებულებამ და მისმა ხმამ, რომელსაც ფაქიზი, გულისხმიერი თხობის მანერა გამოარჩევს, მალევე დაიმკვიდრა თავისი ადგილი თანამედროვე ქართულ საბავშვო ლიტერატურაში და, რაც მთავარია, თავი შეაყვარა ბავშვებს.

2014 წელს ჟურნალ „ახალ საუნჯეში“ მცირე მონოგრაფიული ნარკვევი გამოვაქვეყნე თანამედროვე ქართული საბავშვო პოეზიის თერაპიული რესურსების შესახებ. პუბლიკაციაში ვწერდი, რომ ქართულმა საბავშვო ლექსებმა დიდწილად ამოწურა პატარებთან კომუნიკაციის შესაძლებლობები. ძალიან ხშირად ეს ტექსტები თანამედროვე ბავშვების ინტერესებს, შესაძლებლობებსა და პრობლემებს მოწყვეტილია.

ამიტომ ბუნებრივია, ირმა მალაციძის ახალ კრებულში ჩემი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სატიტულო ფურცელზე გამოტანილმა უმნიშვნელოვანესმა გზავნილმა – „თერაპიული ზღაპრები“ და უკიდურესად გამახარებს, თუკი გავარკვევ, რომ ჩემმა ზემოხსენებულმა პუბლიკაციამ ამ წიგნის იდეის ფორმირებაში რაიმე წვლილი შეიტანა. თუმცა, ცხადია, დარგის პულსირებას, კრიტიკოსის გარდა, თავად ავტორიცა და გამომცემელიც აყურადებენ და თავისუფლად შეიძლებოდა ჭეშმარიტებისკენ სავალი გზა თითოეულ მათგანს დამოუკიდებლადაც გაეკვალა. ასეთი მაგალითები ლიტერატურას მრავლად ახსოვს.

წიგნი, თავისი შინაარსობრივი დიზაინითა და გარეგნული მომხიბლველობით იმდენად საინტერესოა, რომ დახლთან მისულ მშობელს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს. ვიზუალურ ხიბლში ია გიგოლაშვილის სახასიათო, იუმორით სავსე და ფერად ილუსტრაციებს ვგულისხმობ, სტრუქტურაში კი – მოთხრობების თემატიკას, სარჩევის გაცნობისთანავე რომ დიდი ინტერესით განგვაწყობს.

მართლაც, ტექსტები ძალიან მიზნობრივია თემატურად, ზედმიწევნით მიჰყვება 3, 4, 5 წლის ბავშვების ყოფას, ცდილობს, მათი ყოველდღიური პრობლემების  არსში წვდომასა და განცდების, შფოთვების ვერბალიზაციის საშუალებით  მათს „გაუვნებელყოფას“. თუკი პრობლემას ხედავ, მისი მართვის სადავეები შენ გიპყრია ხელთ, თუკი პრობლემას ვერ ხედავ, ის თავად გმართავს  – გვეუბნება ფსიქოანალიზი. კრებულში თავმოყრილი თერაპიული ტექსტებიც სწორედ ამ ფუნქციას ასრულებს. ისინი ბავშვებს აძლევს სტიმულს, ბოლოსდაბოლოს, დაიწყონ თავიანთ შიშებზე, გაუბედავობაზე, მარტოსულობასა და მოწყენილობაზე საუბარი. აღიარონ და დაუმეგობრდნენ ამ სისუსტეებს, რათა მათი მართვა შეძლონ.

ბავშვური განცდებისა და მანკიერი თვისებების ცხოველთა ამბებზე გადათამაშება თემატიკის გაუცხოებას, მისგან დისტანცირებას ემსახურება, რათა პატარა მკითხველმა პრობლემა მთელი სისავსით დაინახოს და გაიაზროს, რომ ამ სისუსტეებს მხოლოდ ის არ უმკლავდება. მცირდება პიროვნული იზოლაციის განცდა და რედუცირდება ტრავმებიც. ამ თვალსაზრისით თერაპიულ ტექსტებს უდაოდ მნიშვნელოვანი როლი შეუძლია ითამაშოს.

ტექსტები ძალიან მარტივ სიუჟეტურ ქარგაზეა გაწყობილი და ეს მხოლოდ მათ დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს. თითქმის, ყველა ტექსტში მეორდება ერთი და იგივე კომპოზიციური სქემა:

  • ექსპოზიცია: გმირებისა და გარემოებების გაცნობა;
  • კვანძის შეკვრა: პრობლემის წარმოჩენა;
  • კვანძის გახსნა: პრობლემის გადაჭრა.

მარტივი და სქემატური კომპოზიციები, სტრუქტურული ჩარჩოსა და მისი ელემენტების იდენტურობა თითოეულ მოთხრობაში ბავშვებს დაეხმარება წაკითხულის ეფექტურად აღქმაში, მოვლენებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირების ლოგიკურ გააზრებაში, ტექსტის კომპოზიციური ელემენტების ანალიზსა და სინთეზში, მათი თანმიმდევრობის გააზრებასა და  ამბის თხრობაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კრებულში წარმოდგენილი მოთხრობების სიუჟეტები განსაკუთრებით ორიგინალური ხდება, კვანძის გახსნის ეტაპზე. ავტორი ზოგჯერ პრობლემის ძალიან საინტერესო, ორიგინალურ, ესთეტიკურ გადაჭრასაც კი გვთავაზობს. ამ თვალსაზრისით გამორჩეული მოთხრობაა „პატარა, მოწყენილი ჟირაფი“. ჟირაფს თავისი უსაშველო სიმაღლის გამო ვერავინ ეთამაშება და მეგობრები არ ჰყავს, რასაც, ბუნებრივია, განიცდის. ამბავი „მახინჯი იხვის ჭუჭულის“ ფაბულას დაესესხება – ფიზიკური მონაცემების გამო გმირის სოციუმიდან გარიყვა და ნაწარმოების ბოლოს გმირის დასაჩუქრება. ამ შაბლონურ სიუჟეტს, რომელიც საბავშვო ლიტერატურის ჩამოყალიბების ისტორიის მანძილზე არაერთი მცირე თუ დიდი მოცულობის პოემისა თუ მოთხრობის ინტერტექსტი გამხდარა, ავტორი ძალიან ორიგინალურ გადაწყვეტას უძებნის – სევდიანი ჟირაფი ჩიტებს, პეპლებსა და ფუტკრებს დაუმეგობრდება და ასე დაძლევს მარტოსულობის მტანჯველ განცდას. არაერთი მტკიცებულება ადასტურებს, რომ ადრეულ ასაკში ბავშვებს მართლაც ძალიან სტანჯავთ გარიყულობის, იზოლირებულობის შეგრძნება. ამ თვალსაზრისით ეს ზღაპარი, რომელიც ეუბნება მათ, რომ ერთი წარუმატებლობა მუდმივ წარუმატებლობას არ ნიშნავს, მართლაც თერაპიულია.

ამავე ტიპის მოთხრობაა „მორცხვი კნუტი“. ამჯერად ტექსტი იმ ბავშვებს წაახალისებს, რომლებსაც სოციალურ ინტერაქციებში ჩართვის პრობლემა აქვთ და თანატოლებთან ვერ ამყარებენ ურთიერთობას. პრობლემის გადაჭრა ამ შემთხვევაშიც პოზიტიური განმტკიცების მეთოდზეა აგებული – ფისო ღობეში გაჭედილ გოჭს დაეხმარება, რის გამოც მას შეაქებენ. საბოლოოდ, წახალისება ეხმარება მას თანატოლებთან ადაპტაციაში და მათთან ურთიერთობის ბარიერიც ირღვევა. მოთხრობა – „დიდი, კეთილი დათვი დოდი“ ერთგულებასა და მეგობრების მიერ წყენის დავიწყებაზეა. „ვარდის ეკლისა და პატარა გოგონას ამბავი“ ტკივილის მიმღებლობასა და  ტკივილის შიშთან გამკლავებას ასწავლის პატარებს.

რაკი პოზიტიური განმტკიცებისა და წახალისების მეთოდზე ჩამოვარდა სიტყვა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მიდგომა საბჭოთა მემკვიდრეობის შედეგად ფორმირებულ საგანმანათლებლო და ლიტერატურულ გამოცდილებებში ძალიან რთულად და ნელი ტემპებით მკვიდრდება. საპირისპირო მიდგომები, რაც „ჭკუის სწავლების“, სხვადასხვა ფორმით დასჯის, ბავშვისთვის მზა ქცევითი ფორმულების შეთავაზების სახეს იღებს, ისეთ მოულოდნელ კონტექსტში იჩენს თავს, სადაც ნამდვილად არ უნდა ვხვდებოდეთ.

ასე „გაიპარება“ ამ თვალსაზრისით არათანმიმდევრული დამოკიდებულებები თვით ირმა მალაციძის (!), თვით, თერაპიულად ჩაფიქრებულ (!) ტექსტებშიც კი. მაგალითად:

  • იარლიყის მიწებება („ცრუპენტელა“, „ღორმუცელა“, „მიყიდე“, „ზარმაცი“, „ჰამბურგერა“);
  • ნეგატიური განმტკიცების შემთხვევები, სადაც გმირები თავიანთი შეცდომებისთვის ისჯებიან, ზოგჯერ, საკმაოდ მწარედაც. ერთ-ერთ მოთხრობაში დათვის ბელს, რომელიც მეგობრებს დასცინის, თაფლის ჭამისას ფუტკრები დაესევიან და მწარედ დაკბენენ; სხვაგან – ბიჭს, რომელსაც მეგობრები „მიყიდეს“ სახელით იცნობენ, საკუთარი სიხარბის გადამკიდე, მუცლის აუტანელი გვრემა შეაწუხებს.

თერაპიული ზღაპრების კონტექსტში საკმაოდ არაბუნებრივად გამოიყურება „ნივთების აჯანყებაც” – ცნობილი აბსურდული ზღაპრის, „Мойдодыр“-ის ანალოგი მოთხრობა. გიოს საკუთარი ნივთები აუმხედრდებიან და მოითხოვენ სათანადოდ მოვლა-პატრონობას. აქ კი თუ ცოტა იუმორს მოვიშველიებთ, მოთხრობის პათოსს პირობითად „ქართველ მშობელთა და მასწავლებელთა ოცნებაც“ შეიძლება ვუწოდოთ. ავტორი  მოუწოდებს ბავშვებს, ყველაფერს კონვენციური „თავისი ადგილი“ მიუჩინონ, ყველაფერი დაწკრიალებული, მოწესრიგებული და დაუზიანებელი ჰქონდეთ. ამგვარ სულისკვეთებას დღეს და საქართველოში, პოპულარული საბავშვო მწერლისგან ნამდვილად არ ველით. პირიქით, ბავშვებმა თავად უნდა გამოიგონონ თავიანთი წესრიგი, არ უნდა შფოთავდნენ ნივთების დაზიანების, ან გაფუჭების, ხელებისა და ტანსაცმლის დასვრის გამო, რადგან მათ უნდა ჰქონდეთ თავისუფალი, განვითარებაზე მიმართული საკლასო და საოჯახო გარემო. ჩვენ შეიძლება თერაპიულ ტექსტებს ვწერდეთ იმისთვის, რომ განვკურნოთ ბავშვებში ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა და პერფექციონიზმი, თუკი ისინი მოინდომებენ, რომ ყველაფერი დახეხილი და დაწკრიალებული ჰქონდეთ, თუმცა მოვუწოდოთ მათ, ასე სტერილურად იცხოვრონ? „ამის შემდეგ სულ ასე იყო – ვეღარ ნახავდი გიოს არეულ ოთახს, ნივთებს კი – დახეულს, დაჭმუჭნილსა და ჭუჭყიანს.”

იარლიყების თემას უნდა დავუბრუნდეთ – „მორცხვი ფისუნია“, „მშიშარა კნუტი“, „ზარმაცი ჭიანჭველა“, „მატყუარა ლუკა“ და სხვ. გმირისთვის იარლიყის მიწებება, როგორც მაგალითი, იმიტომ შეიძლება იყოს  რისკის შემცველი, რომ ამგვარი დამოკიდებულების გაღვივება ბავშვებში ხელსაყრელ ნიადაგს უმზადებს სტიგმების ჩამოყალიბებას. მეორე მხრივ, ბავშვის ერთ, რომელიმე, თუნდაც, დადებით თვისებასთან გაიგივება მცდარი დიდაქტიკური პოზიციაა. მართებული იქნება, თუ მათ თავიდანვე ჩავუნერგავთ წარმოდგენას იმის თაობაზე, რომ ჩვენი პერსონალურობა არა ერთი, არამედ მრავალი თვისების კომბინაციაშია. მეტიც, თავის მხრივ, ეს თვისებებიც არ უნდა დავსახოთ, როგორც შეუცვლელი მოცემულობები, რადგან მნიშვნელოვანია მათ იცოდნენ, რომ ხასიათი თავისი არსით, დინამიკურია. მორალური მოთხრობის დიდაქტიკა დღეს არ უნდა გასცდეს ცალკეული ქცევების ანალიზს და არ უნდა შეეხოს გმირის პიროვნულ განზომილებას.

ასე მოულოდნელად გადაიზრდება „ექიმი კოდალას“ თერაპიული მოთხრობების ემპათიური პათოსი დღესდღეობით არცთუ პროგრესული მორალური მოთხრობის  მენტორულ ნარატივში.

მორალური მოთხრობა საბავშვო მწერლობაში მე-18 საუკუნის შუა წლებში აღმოცენდა. ეს ის პერიოდია, როცა ევროპული ლიტერატურა განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება საშუალო კლასის მოთხოვნის მიმართ; ძლიერდება ბურჟუაზია და სოციალურ თუ კულტურულ მოედანზე თამაშის წესების დადგენაში უფრო და უფრო ინტენსიურად ერთვება. ამ პერიოდში ლიტერატურა პირველად იძენს ახალ ფუნქციას – ის ცდილობს, უპასუხოს მასობრივ გემოვნებას, საბოლოოდ – კარგად გაიყიდოს. ამ კონტექსტშია განსახილველი მორალური მოთხრობის წარმატებაც. იგი ეფექტურად ასრულებს ბიჰევიორალური და ეთიკური გაკვეთილების ინსტრუმენტის ფუნქციას და სწორედ მისი ამ გამოყენებითი ბუნების გამო მე-19 საუკუნემდე, თითქმის, უკონკურენტო ჟანრად რჩება.

მორალური მოთხრობის ისტორიას თუ გადავხედავთ, ის უდავოდ რჩებოდა ქალი ავტორების ჟანრობრივ კუთვნილებად, მცირე გამონაკლისების გარდა. ამ მოვლენას, ცხადია სოციო-კულტურული ახსნა აქვს – ბავშვის აღზრდა საუკუნეების მანძილზე ქალის ფუნქცია იყო. აკი აღნიშნავდა ჟანრის ერთ-ერთი პიონერი – მერი ჰოუმბრედი (ფსევდ. კოლიერი), თავისი პირველი კრებულის „საშობაო ყუთის“ წინასიტყვაობაში, ამბები, რომლებიც წიგნში აღვწერე, ჩემს შვილებს გადახდათო.

მორალური მოთხრობა მსოფლიოს საბავშვო ლიტერატურამ მალევე აიტაცა. მისი ზემოხსენებული ფუნქცია ყველასათვის გამოსადეგი აღმოჩნდა. საწყის ეტაპზე  ეს ტექსტები მეტისმეტად სქემატური იყო და მცირეწლოვან  მკითხველს, ფაქტობრივად, სასურველი ქცევების  მზა ფორმულებს სთავაზობდა. მე-18 საუკუნის მანძილზე ჟანრის დიდაქტიკური მიდგომა თანდათან დაიხვეწა. შიშველ რიტორიკას მოთხრობამ გმირის მიერ საკუთარ შეცდომებზე სწავლის სიუჟეტური მოდელი დაუპირისპირა. საუკუნის ბოლოს ჟანრზე თავის კვალს ტოვებს ფსიქოლოგიზმი. შედეგად, გმირს პრობლემის გადაჭრის არა ერთი, არამედ რამდენიმე ქცევითი ალტერნატივა უჩნდება.

მორალურ მოთხრობას, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ჰყავდა კრიტიკოსები, რომანტიზმის ბრიტანული სკოლის სახით. მაგალითად, კოლრიჯი და სკოტი, რომელთა მთავარი პრეტენზია ასე ჟღერდა – ჯილდო / სასჯელი არ შეიძლება იყოს მართებული / მცდარი ქცევის ლოგიკური განვითარება. მორალური ქცევა არ შეიძლება მხოლოდ ჯილდოსა და წარმატების კატეგორიებზე დაიყვანებოდეს. ამ კრიტიციზმის გარდა, მორალური მოთხრობის საფუძვლებს არყევდა ევროპელ მკითხველთა შორის ჯერ სრულიად უცხო ხილის – ფენტეზის ბუმიც. წმინდად ესთეტიკური  საზომით მორალურ მოთხრობასთან ბრძოლაში ფენტეზი უკონკურენტო იყო. აკადემიურ წრეებში პირველი გაცილებით მეტი სიმპათიით სარგებლობდა.  მიუხედავად დიდი სკეპტიციზმისა და ცხვირის აბზუებისა, მორალურმა მოთხრობამ, თავისი გამოყენებითი ფუნქციით ეს ბრძოლა მოიგო  დროში მდგრადობისა და  მკითხველთა მასშტაბების თვალსაზრისით.

საქართველოში მორალური მოთხრობის ერთ-ერთი პიონერი, ცხადია, „დედა ენის“ ავტორი იყო, რომელზეც, თავის მხრივ, დიდი გავლენა იქონია კონსტანტინ უშინსკის შემოქმედებამ. 70-იანი წლების მორალური მოთხრობის ენამ საქართველოში ბუნებრივად განაგრძო 50-იან წლებში პოპულარული იგავ-არაკის გამოცდილება და საუკუნის 80-90-იანი წლებიდან ერთ-ერთ დომინანტ ჟანრად ჩამოყალიბდა ქართული საბავშვო პერიოდიკის ფურცლებზე. გასაკვირი არ არის, რომ ჟანრი საბჭოთა პერიოდის საბავშვო ლიტერატურამაც აიტაცა. ათწლეულების მანძილზე ეს ერთადერთი საკომუნიკაციო ენა იყო ავტორსა და მცირეწლოვან მკითხველს შორის საბავშვო წიგნებსა თუ სასკოლო სახელმძღვანელოებში.

მონოლითური საბჭოთა გამოცდილების შემდეგ, სადაც ბავშვი სუფთა დაფად, ცარიელ ჭურჭლად მოიაზრებოდა, ცხადია, ქართველი ავტორებისთვის დღეს რთულია, იპოვონ თავიანთი სტილი, ხმა, როგორ უნდა ესაუბრონ პატარა მკითხველს, რომელიც სულ სხვა დროისა და ღირებულებრივი გარემოს ნაწილია. გამოსავალი ერთია, მწერლებმა მიაყურადონ ბავშვების საჭიროებებს, მათ განცდებს, როგორც ამას ირმა მალაციძე თავის თერაპიულ ზღაპრებში აკეთებს. ამასთანავე, მათ დარიგებებსა და ჭკუის სასწავლ გაკვეთილებს კოდალას დაჟინებული და სწორხაზოვანი კაკუნივით დისონანსი  არ უნდა შემოჰქონდეს ბავშვთა შემეცნებისა და თავისუფალი განვითარების სივრცეში.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი