შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

კოწიას და მიქეს ამბავი

30-იანი წლებია, წინა საუკუნის. სოფ. ურთის ადმინისტრაციული შენობის – ე. წ. „კანტორის“ – აივანზე სხედან სოფლის მოხუცები კოწია და მიქე. ეს უკანასკნელი სივრცეს გაჰყურებს, უფრო სწორად, სოფ. ონარიიდან მომავალ გზას, უცებ კოწიას გადახედავს და სიამაყით ეუბნება:

– ე უჯინ, კოწია, ჩქინ ღეჯეფ მოულა ონარიაშე (შეხე, კოწია, ჩვენი ღორები მოდიან ონარიიდან).

– სქან რე ჩქიმ პუზინი, ე ღეჯეფი კოლხოზიქ მიდეჸონ დო ანწ ირფელ თიშ რე (შენია ჩემი გაკუებული, ჩვენი ღორები კოლმეურნეობამ წაიყვანა და აწი ყველაფერი მაგისია).

დიდი დრო გავიდა იმ ავადსახსენებელი 30-იანებიდან, რა აღარ მოილია ქვეყანამ და სოფელმა – რეპრესიები, ომი, შიმშილი, სსრკ-ს დანგრევა, ისევ ომი, დევნილები, პარტიები (ერთი, მეორე, მესამე, მეათე…), მაგრამ კოწიას და მიქეს იგავს მაინც არ დაუკარგავს აქტუალურობა.

ჩემს ბავშვობაში, ფეხბურთს რომ ვთამაშობდით და მწვავე ორთაბრძოლაში ბურთი აუტზე გადავიდა, მოწინააღმდეგე გუნდის მცველმა ყვირილი მორთო: „ჩქინ რე, ჩქინ!“ (ბურთი ჩვენია!), რაზეც ჩვენიანმა უპასუხა დაუფიქრებლად: „სქან რე კოწიაქ უწუ მიქესინ, თინა“ (შენია კოწიამ რომ უთხრა მიქეს, ის).

არც ერთი იცნობდა კოწიას და არც მეორე – მიქეს, მაგრამ იმათი ერთი ჩვეულებრივი საუბრის უკვდავი ფრაგმენტი ბავშვებსაც სმენოდათ, როგორც საშვილიშვილო ანდრეზი. უფრო მეტიც, სხვა სოფლებში ან სულაც ქალაქში, ქორწილებსა და გასვენებებში მოხვედრილი ურთელები არცთუ იშვიათად აღმოაჩენდნენ, რომ კოწია-მიქეს თემა ყველასთვის მშობლიური გამხდარიყო, ძველბერძნული ეპოსივით. ბაზრის აღებ-მიცემობის ამბავს არჩევდნენ თუ უახლეს პოლიტიკურ დავიდარაბას, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეობაზე დავობდნენ თუ საათების განაწილებაზე სკოლის სამასწავლებლოში, კოწიას და მიქეს შემთხვევა ყველგან ეფექტს ახდენდა. თავდაპირველი ეფექტი კი – მარჯვედ მოქნეული მახვილი სიტყვა – კარგად მოგეხსენებათ, რომ საქმის ნახევარია.

ეს ბოლო წლებია სულ თავის დაცვასა და ჩვენი სიმართლის დამტკიცებაში ვართ პროფესიულ ასპარეზზე. სისტემასთან ბრძოლაში კერძო საკუთრებისა და შელახული უფლებების დასაცავად გამოსულები ხშირად უმცირესობაშიც ვყოფილვართ. და ამ უთანასწორო ხეთქებისგან დაღლილს და იმედგადაწურულს ბევრჯერ გამხსენებია კოწიას და მიქეს ამბავი: ის, რაც ჩვენი გვგონია, შეიძლება კაიხნის წაღებული ჰქონდეს კოლმეურნეობას. მაგრამ ის ხომ მაინც ვიცით, რა წაგვგლიჯა კოლმეურნეობამ და ისიც, კოწიას და მიქეს იგავმა რომ უფრო მეტხანს შეიძლება იცოცხლოს, ვიდრე საბჭოეთის იმპერატორის უტოპიურმა იდეამ კოლექტივიზაციასა და კოლმეურნეობაზე, მილიონობით მსხვერპლი და სსრკ-ს კრახი რომ გამოიწვია…

P. S. წერისას გაწეული კონსულტაციისთვის მადლობას ვუხდი ბიძაჩემ პაატა პაჭკორიას, ვის მიერ მოთხრობილმა ამბებმა არაერთი ნოველა და წერილი მიკარნახა. ­Gracias, amigo!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი