სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

მანჰეტენი, მასწავლებელი, მონაგარი და სხვა – (საახალწლოდ)

ერთი ძველი ანდაზაა – „წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო“. ძველების დალოცვა-დადიდებაშიც მომიკრავს ყური: „შემოდგომა – ღალიან-ბარაქიანი, პურ-წყლიანი, ზამთარი – ნებისა, რგებისა, ზაფხული – მშვიდობისაო…“ სოფლად თუ ქალაქად, მინდვრად თუ კაბინეტ-სამსახურად ყველაზე მომქანცველი სწორედ წელიწადის ეს დროა. ვითვლით „წიწილებს“ და მთელი წლის ნაჯაფ-ნაოფლარს ვაფასებთ. აბა, რა ბიჭები და გოგოები ვიყავით, როგორ ვიშრომეთ, რა შევძელით, რა დაგვრჩა გაუკეთებელი. და ამ ყველაფერს სულაც არ ვაკეთებთ სატრაბახოდ. დღევანდელი ყოფის რიტმი აღარ გვაძლევს საშუალებას, ზამთარი მარტო „ნებისა და რგებისა“ იყოს. წლის მონაგარის დათვლა-გადათვლას სინამდვილეში ერთი მთავარი მიზანი აქვს – რა ვქნათ შემდეგ წელს. დიახ, მრავალმილიონიან მანჰეტენზეც და ორკომლიან სოფელ მათურაშიც პირველი თოვლის ჩამოყრისთანავე მთავარი საფიქრალი ეს არის.

ცხადია, არც ჟურნალი „მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“ არიან გამონაკლისები. ყოველი წლის ბოლოს რედაქტორი ჟურნალ-გაზეთის მთელ ამქარს ქალაქგარეთ წაგვასხამს ხოლმე წიწილებივით  და გვიკითხავს ლექციებს – ხან გვაქებს, ხანაც გვტუქსავს. წელსაც გუდაურში მოგვიწია თავყრილობამ. თბილისში არაფრად დაგვტოვა – ემანდ არავინ მოიმიზეზოს, სახლში აბოჟირებული ბალღები მელოდებიან და ადრე უნდა წავიდეო. ის კი არა, შარიანი რედაქტორის შეშინებულმა, ზოგიერთმა ბალღებიც თან იახლა.

ჰოდა, ვისხედით ორი დღე გუდაურში საფიხვნოზე და ვითვლიდით ჩვენს „წიწილებს“… თემას ოდნავ გადავუხვევ და ვიტყვი, რომ რამდენიმე წლის წინ ერთ საწარმოში ვმუშაობდი. არ შემრცხვება იმის თქმის, რომ ფრიად საჭირო და ერთობ ხარისხიან პროდუქციასაც ვუშვებდით, მაგრამ მის წარმოებაზე არ გვადგებოდა იმდენი ჯაფა, რამდენიც მის გაყიდვაზე. ამიტომ ძირითად პროდუქტთან ერთად რეკლამას რეკლამაზე ვაცხობდით. სამწუხაროდ, დღეს რამის გაყიდვა რეკლამის გარეშე შეუძლებელია.

თუმცა ამ მოთუხთუხე ბიზნესინდუსტრიასაც აღმოაჩნდა გამონაკლისი. ეს, არც მეტი, არც ნაკლები, ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“-ა. გინახავთ სადმე მისი რეკლამა? არა. ვერც ნახავდით, რადგან ასეთი რამ ამქვეყნად არ არსებობს. როგორ „იყიდება“?  Google Content Analytic-ის ჩანაწერების მიხედვით, მხოლოდ 2017 წელს 1 077 065 სტუმარი ჰყავდა, მათგან 513 728, ინტერნეტის ენაზე რომ ვთქვათ,  უნიკალური მომხმარებელი იყო.  სულ კი მიმდინარე წელს 5 072  831 სტატია ჩამოიტვირთა!!! დაუჯერებელია, მაგრამ Google-ის პატიოსნებაში ეჭვის შეტანა უხერხულია.

შეხვედრას დავუბრუნდები. რედაქტორმა ბოლოს სიტყვა ჩვენც გვათქმევინა. მესამეკლასელებივით სათითაოდ აგვაყენა ფეხზე  და საგულდაგულოდ გამოგვკითხა, რა გვედო გულში მომდევნო წლისთვის. ერთი ჩემი კოლეგა-ბლოგერი, ღვინისა (სომელიეა) და სპორტის ერთნაირად ზედმიწევნით მცოდნე და გულშემატკივარი, სკოლებში სპორტული ბაზების ბედით დაინტერესდა – ვინა თქვა ჯანსაღი ცხოვრება ბურთისა და მოედნის გარეშეო. მართალია, ვერ შეეკამათები.

მაგრამ კიდევ ერთი ძველი ანდაზა უნდა გავიხსენო: „ყველა თავისას ჩიოდა, მენახირე – ბუზალაკსაო“.  ამ შემთხვევაში მენახირე მე ვარ, ხოლო ბუზალაკი – ქიმიის ლაბორატორიები, რომლებიც ბევრ სკოლაში ან არ არის, ან უფუნქციოდაა მიტოვებული. არადა ქიმიის სწავლება ლაბორატორიის გარეშე ვერ მოხერხდება. არ მიწყენს ლევანი და იმასაც ვიტყვი, რომ ყმაწვილმა ბურთი შეიძლება  ქუჩაში ან სპორტულ მოედანზეც ითამაშოს, თუ სკოლაში ვერ შევუქმნით სათანადო პირობებს, მაგრამ ქიმიის ლაბორატორიას სად ნახავს?

საბედნიეროდ, ქიმია იმდენად მდიდარია ექსპერიმენტებით, რომ ყოველთვის, ყოველგვარ პირობებში შეიძლება გამოსავლის პოვნა. ყოფითი საგნებითა და უვნებელი საკვებითაც არაერთი ექსპერიმენტის ჩატარება შეიძლება და სულ არაფრის ჩვენებას, ეს სჯობია. არადა ბევრ სკოლაშია ქიმიური ჭურჭელი. სკოლის ადმინისტრაციის ცოტაოდენი მონდომებაა საჭირო, რომ ასეთი სკოლები ქიმიური რეაქტივებითაც მომარაგდეს.  თუ ვინმეს უფრო მეტის სურვილი გაუჩნდება, ლაბორატორიული ამწოვი კარადის აწყობასაც შეძლებს. არ არის ეს მეტისმეტად ძვირი. თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევაო. აქ ფინანსები მეორეხარისხოვანია. მთავარი სხვა რამაა.

თემურ ჩხეტიანისა არ იყოს,  მთავარი წადილია, თორემ

„სულ ადვილია, გამოიხმო მანჰეტენი

აქ, ამ დაკარგული ქვეყნის ერთ, მივიწყებულ სოფელში,

აი, ამ ეზოში,

როცა შემოდგომის მიწურული

ასეთი მზიანია და ასე თბილია“.

არ გჯერათ? ესტუმრეთ თემურს სოფელ ვაჩნაძიანში და დარწმუნდებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი