პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ნინო აბულაძე – „მოხეტიალე“ ისტორიკოსი

იცნობთ გრაფ ნიაბულ43-ე საჰერცოგოდან? ან მის დიდძალ მემკვიდრეობასა და უცნაურ ანდერძზე გაგიგონიათ რაიმე? გასაგებია. თქვენ არ გაქვთ წოდება, რომელიც უფლებას მოგცემდათ, შუა საუკუნეების სასურველი ქალაქის ისტორია და თვითმყოფადობა შეგესწავლათ, მისი განვითარების საუკეთესო გეგმა-პროექტი შეგედგინათ და თანაწოდებულთა შორის გაგემარჯვათ. გამარჯვება კი ღირდა. მარად ახალგაზრდა ნიაბულის მილიონები თქვენს საფულეში გადმოცურდებოდა და ხელ–ფეხს გაგიხსნიდათ ყველაზე ამბიციური პროექტის განსახორციელებლად.

ამ აზარტულ წინადადებაში ჩართვის პრივილეგია მხოლოდ მათ, ნინო აბულაძის მერვეკლასელებს ერგოთ. დიახ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულ-ხუთეულის წევრის, თბილისის 43-ე სკოლის ისტორია-სამოქალაქოს მასწავლებლის შესახებ გესაუბრებით. იმასაც გაგიმხელთ, რომ გრაფი ნიაბული მისი ახალი სახეა, ახალი ინტრიგა. ვისთვის და რისთვის? მოსწავლეებისა და სწავლებისთვის.

ნინო აბულაძე სიახლეების მაძიებელი „მოხეტიალე“ ისტორიკოსია პროფესიული წარმოსახვითა და საზრუნავით (სადღაა დრო პირადისთვის?). სოციალური ქსელები იტევს მის შფოთვას („ჩამქრალ ვულკანს ვგავარ… ვლოცულობ, ამოფრქვევა არ დავიწყო“), საყვედურს („არც ჩემზე გადაღებულ სიუჟეტში, არც ინტერვიუებში არ ჩანს ის ნინო, ვინც ვარ“), აღიარებას (“ამ პატარამ მასწავლა უცბად, რომ გაკვეთილის ფორმატი სასწრაფოდ უნდა შემეცვალა“). იმავე ქსელში თავდაჯერებულად „მოგზაურობენ“ მისი რესურსები კოლეგების მადლიერი კომენტარებითურთ.

– პირველსავე გაკვეთილებზე ვიგრძენი, რომ არის საგანი, რომელსაც ასწავლი და არის გამოწვევა, მოსწავლეები წამოიყვანო შენკენ, შენი საგნისკენ. ამისთვის უნდა დაანახო, რომ ეს სჭირდებათ, რომ ეს საინტერესოა. იქიდან მოყოლებული, თვრამეტი წელია ვფიქრობ, ვფიქრობ, როგორ გავხადო ყოველი გაკვეთილი საინტერესო. ჯერჯერობით, მგონი, ვახერხებ. არ უნდა ჩამორჩე სიახლეებს. ბავშვებს მოსწონთ, როცა ეუბნები: მოდი, ერთად ვისწავლოთ! ზოგჯერ კოლეგები მეკითხებიან, ვუმხელ თუ არა მოსწავლეებს, რომ რაღაც არ ვიცი. რა თქმა უნდა. იმასაც ვეუბნები, რომ რაღაც დამავიწყდა. „დამავიწყდა-შემახსნეს“ მეთოდსაც კარგად ვიყენებდი სწავლებაში, მაგრამ გამიგეს… მაიკროსოფტის პროგრამები ჩემი საყვარელი ინსტრუმენტია. Minecraft-ი არ ვიცოდი, შარშან ერთად დავიწყეთ სწავლა და საქართველოს რეგიონების აწყობა. შინიდან სკოლამდე დიდი გზაა და ამ გზაზე სულ ვფიქრობ, რა გავაკეთო ისეთი, რომ შუა საუკუნეების ქალაქები საინტერესოდ ვასწავლო–მეთქი. ეს პროექტი მოვიგონე – ნიაბული გავხდი. ახალი გიჟური თამაში წამოვიწყე. რა გამოგვივა, არ ვიცი. მე, გრაფ ნიაბულს, დიდძალი ფული მაქვს და უნდა დავაბანდო. ამათ ქალაქები უნდა აშენონ. ეს მოსწონთ, თამაშით სწავლების საქმეც კეთდება: ერთმა ვენეცია აირჩია, მეორემ – კონსტანცა… ამ ქალაქებზე მათ სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ. სხვათა შორის, თქვენც მოგიწევთ შეფასებაში მონაწილეობა, რადგან მინდა, ყველა ჩაერთოს იმ ქალაქის შერჩევაში, რომელიც ინვესტიციას მოიპოვებს.

– ნინო, როგორც ამბობთ, მასწავლებლობაზე არ გიოცნებიათ…

– ახლა დიფერენცირებულ სწავლებაზე რომ მიდის საუბარი, მაშინაც იყო ამგვარი დიფერენციაცია და დავამთავრე ჰუმანიტარული სკოლა, სადაც მასწავლიდა და თან ჩემი დამრიგებელი იყო ალექსანდრე ჩოლოყაშვილი. ბაბუას ოჯახიც რეპრესირებული გახლდათ. ეს საკითხები ყოველთვის მაინტერესებდა, მაგრამ ბაბუა დუმდა. ნამდვილი ისტორიებისადმი ინტერესი ბავშვობიდანვე ამყვა. სულ მაწვალებდა კითხვა, როგორ გამეგო მეტი ამ ამბების შესახებ. ბიძგი მომცა ჩემმა დამ, როცა ისტორიკოსის პროფესიაზე მიმანიშნა, რომ მეტ კითხვაზე მეპოვა პასუხი. ჩემი პირველი ნაბიჯები მაშინდელი პიონერთა სასახლის მხარეთმცოდნეობის წრეს უკავშირდება, სადაც კოტე ჩოლოყაშვილის შვილი გვასწავლიდა. გარემო საკმაო ინტერესს აღმიძრავდა და აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალებასაც მაძლევდა. ამას დაემთხვა ეროვნული მოძრაობის აღმავლობა საქართველოში. აქტიური კლასი გვქონდა, დავდიოდით, ხალხს მოვუწოდებდით, გამოსულიყვნენ. ამის გამო მამას აკითხავდა მილიცია, შავ სიაში ვიყავი. რაც შეეხება პროფესიას, მაინტერესებდა ჟურნალისტიკა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ისტორია ავირჩიე, სპეციალობით ეთნოგრაფი ვარ.

– 43-ე „საჰერცოგოში“ როგორ მოხვდით?

– ამაზე არც მიფიქრია და არც მიოცნებია, თუმცა მასწავლებლებთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მქონდა და სკოლაც მიყვარდა. 43–ეში ჩემი მეგობარი მარიკა კევლიშვილი მუშაობდა. დამამთავრებელ კურსზე ვიყავი, როცა დამირეკა და მითხრა: რაღა სხვაგან გაიარო პედაგოგიური პრაქტიკა, მოდი ჩვენთან, ისტორიის საათები არისო. მოვედი, არც ხელფასი მიკითხავს, არც არაფერი… მაშინდელი დირექტორი, ავთო ხმიადაშვილი მესაუბრა და პირდაპირ, მარტო შევედი გაკვეთილზე. ზუსტად ერთ კვირაში მივხვდი, რომ აქედან ვეღარსად წავიდოდი. დირექტორი გახდა ჩემი მეგზური სასკოლო ცხოვრებაში. სწორედ მან შემარქვა „მოხეტიალე“. არ ვივიწყებდი, რაც მოსწავლეობისას არ მომწონდა. გაზაფხულზე ბავშვს, მოზარდს კლასში გული არ უჩერდება. რა პრობლემაა – გაზაფხულია, გასვლით გაკვეთილს მოვაწყობ, გარეთაც იქნებიან და საგაკვეთილო მიზანსაც მივაღწევ… ვიტყოდი, ახლა სოლოლაკის ქუჩები უნდა შევისწავლოთ-მეთქი და გავიდოდით.

– თვრამეტ წელიწადში რამდენიმე თაობა შეიცვალა, ღირებულებები გადაფასდა… რა რჩება, რა იცვლება?

– ამაზე ბევრი მიფიქრია. მთავარი საყრდენის შესანარჩუნებლად ვეუბნები, რომ ეს არ არის მხოლოდ საგანი, ეს ჩვენი სამშობლოს ბიოგრაფიაა, თავისი კარგით და ცუდით, და როგორც საკუთარი ბიოგრაფია უნდა იცოდეს ადამიანმა, ასევე უნდა იცოდეს თავისი ქვეყნის ბიოგრაფიაც. მოსწავლემ უნდა გაითავისოს, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეა, იცნობდეს მას და გააზრებული ჰქონდეს საკუთარი მოვალეობები ქვეყნის წინაშე. ეს საკლასო ოთახში დაგდებულ ფურცელზე რეაგირებით იწყება, გრძელდება და გრძელდება… მინდა, ყველა დეტალზე თავად იფიქრონ, რატომ და როგორ. ქვეყნის სიყვარულსა და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას კომპიუტერის სიყვარული ვერ შეცვლის, ეს ღირებულებები გადადის ყველა თაობაში. ყველაზე დიდი ღირებულება ადამიანია და თუ ამ ღირებულებას აღიარებ, იქვეა სამშობლო, იქვეა გარემო, ბუნება, სადაც ცხოვრობ…

– ნინო, ყველაზე რთული, ალბათ, უახლესი ისტორიის სწავლებაა…

– 9 აპრილი ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. აქციაზე გავედით მოუმზადებლები, ქაქუცას დროშით… ჩვენი დამრიგებელი ცუდად გახდა, რადგან ახსოვდა, რა გადაიტანა მისმა ოჯახმა ქაქუცას გამო. ის ჩვენ გამო ფრთხილობდა, შიშობდა. მახსოვს, ენის საკითხებთან დაკავშირებული აქციის დროს სკოლის კარი გადაგვიკეტეს და ფანჯრიდან გადავედით… ახლა სხვანაირად აღვიქვამ ამ ყველაფერს. ცხრა აპრილის თემა სამოდელო გაკვეთილად ვაქციე მეექვსეკლასელებთან. ძალიან ძნელი ამოცანა დავუსახე საკუთარ თავს, რადგან ერთ გაკვეთილში მოვაქციე რამდენიმე თემა – ოკუპაციით დაწყებული, 9 აპრილით დამთავრებული. რთული იყო, მთელი კვირა ვმუშაობდი, რომ მარტივად და გასაგებად დამეშალა ეს საკითხები. გაკვეთილზე რამდენიმეწუთიანი ვიდეოსიუჟეტი ვაჩვენე და წამიერად ემოცია ვერ შევიკავე, რაც იქვე გულწრფელად ვაღიარე. მოსწავლეებთან ურთიერთობისას გულწრფელობა აუცილებელია. საქართველოს ისტორიის, მით უფრო – უახლესი მოვლენების შეფასებას ემოციები ახლავს თან და ეს ბუნებრივიცაა. თუ ჯერ სხვა ქვეყნების ანალოგიურ მოვლენებზე ვამსჯელებთ და მერე ჩვენსაზე გადავალთ, მოსწავლეები უფრო შეინარჩუნებენ ობიექტურობას. ვცდილობ, ჩემი აზრი მათ თავს არ მოვახვიო. ჩვეულებრივ, ვკითხულობთ წყაროს, ან ვუყურებთ ვიდეომასალას და ვსვამ კითხვებს, ვთხოვ, შეაფასონ – სწორი იყო, არ იყო, როგორ აჯობებდა, მაშინ რა მოხდებოდა? ეს ჩემთვისაც ხელახალი შეფასება-გადაფასების პროცესია. ყოველ თაობასთან ერთად ხელახლა გავდივარ ამ გზას.

რას გვეტყვით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე?

– საქართველოში ეს იყო პირველი გამოცდილება. კარგია, რომ მონაწილეობა მივიღე. ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ კოლეგებს, რომლებიც, მიმაჩნია, რომ მომავალ წელს ამ კონკურსში უნდა იყვნენ. მსურს,  საქართველომ დაინახოს უფრო მეტი პროფესიონალი მასწავლებელი, რომლებიც განათლების სისტემაში ნამდვილად არიან. პრობლემას ვერ გავექცევი და ვერ ვიტყვი, რომ ყველა მასწავლებელი კარგი პროფესიონალია, მაგრამ არიან ძალიან კარგი მასწავლებლებიც, რომლებმაც ან არ შეავსეს აპლიკაცია, ან შეავსეს, მაგრამ ისე არ წარადგინეს თავი, როგორებიც სინამდვილეში არიან. ბევრ მათგანს ვიცნობ, აღფრთოვანებული ვარ მათი პროფესიონალიზმით, ბევრი რამ მისწავლია მათგან და მიმაჩნია, რომ ისინი იმსახურებენ გამორჩევას ათეულშიც, ხუთეულშიც და ერთეულშიც… კონკურსის შემდეგ მომემატა პასუხისმგებლობა, რადგან ხუთეულში ყოფნაც ძალიან საპატიოა და ბევრ რამეს გავალდებულებს. ამ კონკურსში ჩემი დიდი გულშემატკივარი იყო ჩემი ქართულის მასწავლებელი. რეკომენდაცია ჩემმა მოსწავლემ დამიწერა, რომელიც ჩეხეთში სწავლობს და წარმატებულია. როცა ეს რეკომენდაცია წავიკითხე, მაშინ ვიფიქრე, რომ დიახაც, სწორად მოვიქეცი, როცა კონკურსში მონაწილეობა გადავწყვიტე.

–რა არის დღეს მასწავლებლისთვის მთავარი გამოწვევა?

– აქამდეც და ახლაც ჩემი საქმიანობა უპირველესად სწავლებისკენაა მიმართული. შემიძლია, მთელი ღამე გავათენო, რამდენიმე დღე ვიფიქრო იმაზე, როგორ მივაწოდო ბავშვებს გასაგებ ენაზე ერთი ტერმინი. რთული ტერმინი ისე უნდა დავუშალო, რომ არსი შენარჩუნდეს და თან იოლად გასაგები გახდეს. მიმაჩნია, რომ მასწავლებლობა, უპირველესად, ხარისხიანი სწავლებაა. სკოლის შიგნით ეს ერთი სერიოზული გამოწვევაა. უფრო ფართოდ, მთავარი გამოწვევაა, დაინგრეს მასწავლებლის სტერეოტიპი. მქონია და მაქვს ტიტულები, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საპატიო – მასწავლებლობაა. ასე რომ არ იყოს, წელგამართული ვერ შევალ კლასში. გამოწვევაა, გავუძლო ამდენ უარყოფით ენერგიას, რომელიც მასწავლებლებისკენ მოდის და დავარწმუნო საზოგადოება, რომ ჩემს პროფესიაში შედეგი სხვა პროფესიებივით მალე არ დგება, მაგრამ ამ შედეგში დარწმუნებული ვარ. ამას მიდასტურებენ ჩემი ყოფილი მოსწავლეები, როცა ვხედავ, როგორ ცხოვრობენ ისინი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი