პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მასთან ვიყოთ, როცა ვჭირდებით

ხელოვნურად მოღიმარი თვალები, უჩვეულოდ არაბავშვური ღიმილი ბავშვურ სახეზე,  ფამილარობით შენიღბული  სიფაქიზე,  შინაგანი დაძაბულობა გარეგანი მოშვებულობის  ფონზე –  ის თხუთმეტი წლისაა და უკვე პროსტიტუციაშია ჩაბმული.

როგორ მოხდა?

დიდხანს ითვლებოდა მშობლებისთვის „საამაყო“, სხვებისთვის „სანატრელ“ შვილად – ლამაზი, ალერსიანი,  დამჯერე, თავაზიანი, მხიარული, საზრიანი, კარგად ხატავდა, კარგად სწავლობდა. მშობლები საკმაოდ ყურადღებიანი იყვნენ, საკმაოდ აღიარებულიც: მაღალი  თანამდებობები, პრესტიჟული უბანი, ბინა, ბაღი და სკოლა,  „ელიტური“ სტუდიები, წრეები და რეპეტიტორები, ძიძა, ჯანსაღი საკვები, ბრენდული ტანსაცმელი. ოღონდ არსებობდა  თითქოს ბუნებრივი დისტანცია, ზღვარი, რომლის იქითაც არცერთი მხარე არ გადადიოდა.

მშობლებმა, მაგალითად, დიდხანს არ იცოდნენ, რომ მათ შვილს მეტსახელი ჰქონდა. ესპანურის გაკვეთილზე, მასწავლებელმა – „ბიჭი“ როგორ იქნება ესპანურადო, ჰკითხა. ნაკარნახევი „niño“ როგორც გაიგონა, ისე გაიმეორა. ყურადღება არ მიუქცევია, რომ ეს მისი სახელი იყო: „ნინჩო“. მაშინ, სხვებთან ერთად, თვითონაც ბევრი იცინა. მეტსახელი შერჩა – „ბიჭი“.

ძიძამ შემთხვევით გაიგონა და მშობლებს უთხრა. ამას მოჰყვა მშობლების ყვირილი, ჩხუბი, დადანაშაულება. მერე ექიმთან წაიყვანეს. ვერ გაიგო, რატომ გადაიყვანეს სხვა სკოლაში, რატომ აუკრძალეს ბიჭებთან მეგობრობა, რატომ გაქრა მისი გარდერობიდან  შარვლები და შორტები, სათამაშოებიდან – მანქანები და ბურთები, და მერე,  ცხოვრებიდან – მამა.

მე-6 კლასში, ქართულის საკონტროლო წერაზე თემა დაწერა: „ვინ ვარ მე?“, რომელშიც გრამატიკული შეცდომების გამო, დაბალი ნიშანი მიიღო და ამ ნიშნისთვის სახლში დაისაჯა:

„თქვენი სამყარო რომ დავინახე პირველად, თავიდან ბევრი რამე ვერ გავიგე და გამიკვირდა. ნელ-ნელა მივხდი, რომ თქვენი სამყარო ჩემიც არის. ოღონდ მასში თქვენ ხართ. მე თქვენი იმდენ ხანს მჯეროდა. თქვენ როცა მიდიოდით სახლიდან,  ჩვენი სახლი უცხო ხდებოდა. კარადაში ვიღაც ფხაკუნობდა, ვიღაც ჩემ ოთახში ფარდებს აქანავებდა და კარს აჭრიალებდა. როცა ჩემთან იყავით, ისევ სიმშვიდე იყო. ამეების მოყოლა რამდენჯერაც დავაპირე, სულ მეუბნებოდით: რა სისულელეა, საშიში რა არი, უკვე დიდი ხარ და ძიძა ხომ სულ შენ გვერზეაო. მერეც, რომ მტოვებდით უფრო დიდხანს უცხო ადგილებში და მეუბნებოდით, რომ „შენ საბავშო ბაღში ივლი და მერე სკოლაშიო, იქ შენნაირი ბავშვები არიანო“,  მე ჩუმად ვტიროდი, მაგრამ სულ გელოდებოდით და თქვენი სულ მჯეროდა.

დიდხანს მეგონა, რომ ჩემი სახლი ერთად ერთი მთავარი და საუკეთესო ადგილი იყო მთელ დედამიწაზე და თქვენ კიდევ ყველაზე მთავარი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე მაგარი და ყველაზე უკეთესი დიდი ადამიანები მეგონეთ. მერე აღმოვაჩინე, რომ ჩვენი სახლი არაა ყველაზე მთავარი და არც ყველაზე საუკეთესო. თქვენ კი, დედა და მამა არც ყველაზე მთავრები, არც ყველაზე ჭკვიანები, არც ყველაზე მაგრები და, საუბედუროდ, არც ყველაზე უკეთესები ყოფილხართ თურმე.

თქვენ ისე მონდომებით მერეკებოდით მე უცხო სამყაროში, რომ ვერც კი შეამჩნიეთ, როგორ იზრდებოდა უცხო და როგორ პატარავდებოდით თქვენ. ახლა კი თითქმის არ ჩანხართ, უჩინმაჩინები გახდით, გინდაც ჩემ გვერდით იყოთ და გინდაც არა. თქვენ თითქმის დაიკარგეთ. მე მაინც ახლაც გეძახით თქვენ და გეძებთ. თქვენც გეძებთ და ჩემს თავსაც“.

უნაკლო გარეგნობის, თითქმის სულ გაღიმებული, ხალისიანი, დაუზარელი, სასიამოვნოდ მოსაუბრე გოგონა ყველგან ყურადღების ცენტრში იყო. რამდენიმე ბიჭი სიყვარულში გამოუტყდა. ერთთან, ცოტა მოზრდილთან, თითქოს რაღაც გამორჩეულიც დაიწყო, მაგრამ მალე ძალადობით დასრულდა. სირცხვილითა და შიშით არავისთვის არაფერი უთქვამს.

დღიურში ბუნდოვნად ჩაწერა: „მივხვდი, რომ  მათ, ყველას, მე კი არ ვჭირდები, არამედ მხოლოდ ჩემი სილამაზე სჭირდებათ და აინტერესებთ. რა საშინელებაა, როცა თოთხმეტი წლისაც არ ხარ და ცხოვრება თავზე გენგრევა. ვიცი, ჩემი ბრალია ყველაფერი. ხოდა, თავმოყვარეობაც აქ დამთავრდა“.  „ვერავის ვეტყვი, ვერავინ გამიგებს, ძალიან მეშინია“ – ეს მოკლე ჩანაწერი კოშმარული სიზმრიდან გაღვიძებულმა გააკეთა. „სკოლაში ერთი მეგობარიც არ მყოლია, დაქალები – ქვეყნის, „პაკლონნიკებიც“ – უამრავი. მეგობარი კი – არცერთი. მშობლები? ეგენი, საერთოდ, რა შუაში არიან?“ – ეს მოგვიანებით, ფსიქოლოგთან თქვა.

მანამდე კი მტანჯველი საიდუმლოს დავიწყებას ცდილობდა: მუსიკას უსმენდა, ფილმებს უყურებდა, წიგნებს კითხულობდა, კომპიუტერული თამაშებით ერთობოდა, ხატავდა, ტანვარჯიშზე დადიოდა, ციგურებით სრიალებდა. ოღონდ „გაქცევა“ არ გამოსდიოდა.

უკანასკნელი სიცარიელე – მისგან გარბიხარ, მასთან ბრუნდები.

დედასთან მორიგი, როგორც თვითონ ამბობს, „უაზრო“ შელაპარაკების შემდეგ, სახლიდან გაიქცა და მასზე ცოტათი უფროს გოგონებს გადაეყარა, რომლებმაც „თავისუფლება“ უკვე გამოსცადეს. თითქოს მომენტალურად, მომრავლდა ტყუილები, სკოლის გაცდენები, სახლიდან გაქცევები, განურჩეველი ურთიერთობები. სიცოცხლე, რომელიც უკვე ისედაც გაიყო სიცოცხლედ „სხვებისთვის“ და საკუთარი თავისთვის, დაიხლიჩა უამრავ ეპიზოდად, ნაგლეჯად – სექსიდან სექსამდე.

მალე ყველაფერი გაფერმკრთალდა. დარჩა მხოლოდ ერთი საზრუნავი – პარტნიორთა მოსაზიდად ნებისმიერი გზით შეინარჩუნოს ფორმა და სილამაზე. ყოფნა იქცა არყოფნაში გაქცევად.

ამ ყველაფრის ფონზე თითქმის მექანიკურად აბარებდა სასკოლო ტესტებს, წერებს, გამოცდებს. დედამ ყურადღება ჯერ სახლიდან გამქრალ ძვირფას ნივთებსა და სასმელების კოლექციის შეთხელებულ ვიტრინას მიაქცია, შემდეგ – გამომწვევ ჩაცმულობას და მაკიაჟს, ალკოჰოლისა და თამბაქოს სუნს, უცხო ნივთებს და „უჩვეულო“ მეგობრებს. „არ მემორჩილება, გაფუჭდა“ – დასამორჩილებლად და გამოსასწორებლად დედამ სცემა, გალანძღა, მობილური ჩამოართვა, ინტერნეტი გამოურთო, ოთახში ჩაკეტა.  მეორე დღეს  გაქცევა მოახერხა და სამი დღე „დაქალთან შერჩა“.  დაბრუნებულს, დედისთვის ხმა არ გაუცია, ოთახის კარი ცხვირწინ მიუჯახუნა.

ვინ არიან?

„გზასაცდენილ“ მოზარდთა შორის უამრავ სხვადასხვა ტიპს ვხვდებით. აქ არიან ძალადობაგანცდილნი, მომხდარში საკუთარ თავს რომ იდანაშაულებენ და გახმაურების ეშინიათ; ცნობისმოყვარენი, რომლებსაც ყოველგვარი სიახლე აინტერესებთ და იზიდავთ; მიმბაძველნი, მიბაძვის ბავშვური უნარით ბრმად რომ იმეორებენ ვიღაცის ქცევას; თავმოყვარენი, ამ გზით რომ აპროტესტებენ მშობლების კონტროლს ან პირიქით, გულგრილობას; თავდაჯერებულობას მოკლებულნი, რომლებსაც ძალიან უნდათ გარკვეული ჯგუფის წევრობა; ექსპერიმენტატორები, რომლებიც საკუთარი თავისა და სხვების გამოსაცდელად თავს სახიფათო სიტუაციებში იგდებენ; პიროვნების ქცევითი აშლილობის მქონენი, ყველაზე სწორი აღზრდის მიუხედავად, მაინც მიდრეკილნი რომ არიან სახლიდან გაქცევების, ასოციალური ქცევებისკენ და ბევრი სხვა. მგრძნობიარე მარტოსული, გარეგნული კომფორტითა და ნაცნობ-მეგობრებით გარშემორტყმულს ზედაპირული ურთიერთობები თუ ეფექტები რომ არ აკმაყოფილებს – ერთი მრავალთაგანია. მას ნინჩო, ლუკა, გიორგი, ანი, მარიამი, ირაკლი, სოფო, ზუკა, ქეთი ჰქვია. მათი „გზასაცდენის“ გამომწვევი  ფაქტორი ასე ფორმულირდება: „ძალადობისგან და უგულებელყოფისგან თავის დაღწევის სურვილი და პროტესტი არსებული ოჯახური და სოციალური გარემოს მიმართ“.

რატომ მოხდა?

ჩვენ მას სიცოცხლე მივეცით, მაგრამ რატომღაც გადავწყვიტეთ, რომ მას ჩვენი შეხედულებებით და ღირებულებებით უნდა ეცხოვრა. ალბათ შეგვეშინდა, რომ ჩვენი ცხოვრება დაგვეწყო მისი ცხოვრებიდან. ჩვენ დაჟინებით ვტენიდით მას ჩვენს ნახევარცოდნებს და ნახევარგამოცდილებებს. ალბათ იმედიც გვქონდა, რომ ის ჩვენს მცდელობებს დააფასებდა,  ჩვენს „კეთილშობილებას“ აღიარებდა. ის კი მათ უკან გვიბრუნებს, თითქოს სახეში გვესვრის. ახლა ის,  თუნდაც დასწავლილი, დაზუთხული სიტყვებით  გვეთანხმებოდეს, აღარაფერს ელის ჩვენგან, გარდა იგივე დაზეპირებული, მანეკენური სიტყვებისა. მაშინაც კი, როცა სიტყვები გულწრფელია, მას ისინი აღარ ესმის, რადგან დიდი ხანია,  სიტყვებზე  „ალერგია“ აქვს.

ის ძალიან დაგვშორდა. შეიძლება იმიტომ, რომ ჩვენი გადამეტებული მზრუნველობის მიუხედავად, ჩვენ მისი განცდების მიმართ უყურადღებო ვიყავით, მისი ამბები არ გვაინტერესებდა. ავაშენეთ მისთვის სახლი, შევუშვით შიგ, როგორც გალიაში პატარა ცხოველი და როცა გვეძახდა, არ მივედით. ახლა კი თვითონ აღარ გვიშვებს.

რას დავეყრდნოთ?

ყოველ განვითარებაში არის ნათელი და ბნელი ზოლები. თანაბარი მოძრაობა მხოლოდ ფიზიკის სახელმძღვანელოებშია, შეუქცევადი პროგრესი – მხოლოდ აბსტრაქციაში. ცხოვრებაში, ცოცხალ ადამიანს აღზევებები და დაცემები აქვს, ზოგჯერ – ხანგრძლივიც. ბავშვი უამრავჯერ „ფუჭდება“ და ამ დროს ის  საკუთარ თავს, სხვა ადამიანებსა და მთელ სამყაროს გამოცდის;  უამრავჯერ „ინგრევა“, თავისებურად ხელახლა რომ „აშენდეს“.

სხვა სხვის, თუნდაც შვილის ნაცვლად, ვერ იცხოვრებს, ისევე, როგორც სხვა სხვის ნაცვლად ვერ ისუნთქებს. შეგვიძლია, მხოლოდ დავეხმაროთ.

როგორ დავეხმაროთ?

უპირობო სიყვარულითა და ნდობით, მისი შესაძლებლობების რწმენითა და წახალისებით,  მისი სურვილებისა და აზრების გაზიარებით, რთულ სიტუაციებში  – თანაგრძნობით, დამშვიდებით და გამხნევებით.

და, რაც ყველაზე მთავარია:

არასდროს დავიჯეროთ, რომ განვითარებადი, ჩამოუყალიბებელი ფსიქიკა შეიძლება შეუქცევადად დაირღვეს. ბავშვის ფსიქიკა, მრავალი მიზეზის გამო იოლად ზიანდება და ხშირად უმძიმეს სურათს იძლევა, მაგრამ მას საოცარი აღდგენის უნარიც აქვს. მთავარია, მასთან ვიყოთ, როცა ვჭირდებით.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი