ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ხუთი საუკეთესო მიკრომეთოდი პროფესიულ განათლებაში

არსებობს უნივერსალური მიკრომეთოდები, რომლებიც სწავლის ნებისმიერი მიმართულების ნებისმიერ საფეხურზე თანაბრად ეფექტურად მუშაობს დამოუკიდებლადაც და როგორც განსაზღვრული მაკრომეთოდის ერთ-ერთი ფუნქციური რგოლი. განვიხილავთ რამდენიმე მათგანს:

ორმაგი კარუსელი. ეს მეთოდი, როგორც წესი, გამოიყენება სანიმუშო ტექსტის გასააზრებლად და ითვალისწინებს მოსწავლეების მიერ ერთმანეთისთვის ტექსტის შინაარსის გაზიარებას. ეფექტურია, პირველ რიგში, წაკითხულის გააზრებისა და დროის ეფექტურად გამოყენების თვალსაზრისით. ჯგუფები ეცნობიან ტექსტის არა ყოველ, არამედ – ერთ განსაზღვრულ პასაჟს. დანარჩენ დროს ისინი ტექსტში მოცემული არსებითი ინფორმაციის გაცვლას უთმობენ.

მოსწავლეთა ჯგუფებს ამა თუ იმ საკითხის, ან მაგალითის შესახებ პასაჟებად დაყოფილ სანიმუშო ტექსტს დავუნაწილებთ, რის შემდეგაც ისინი შეუდგებიან ჯგუფურ, ხმამაღალ კითხვასა და ტექსტის გააზრებას. მას შემდეგ, რაც თითოეული გუნდი თავის წილ ინფორმაციას გადაამუშავებს, აუდიტორიაში სკამების განლაგება იცვლება. იქმნება ორი – შიდა და გარე წრე. მოსწავლეები განაწილდებიან ამ ორ კარუსელზე იმგვარად, რომ განსაზღვრული ჯგუფების (A, B, C) წარმომადგენლები მხოლოდ შიდა კარუსელზე მოხვდნენ, სხვა ჯგუფებისა (D, E, F) კი – გარეთ. ამოცანა ითვალისწინებს შიდა კარუსელზე მსხდომთა მიერ ტექსტის შესაბამისი პასაჟის გაზიარებას გარე წრეში წარმოდგენილთათვის. კარუსელი შეგვიძლია ორი მიმართულებით „დავატრიალოთ“ – მონაცვლეობით, შიგნიდან გარეთ და მარჯვნიდან მარცხნივ. ეს ხელს უწყობს კარუსელის მონაწილეთა – სხვადასხვა ჯგუფის წევრების მიერ ინფორმაციის გაზიარებასა და ამ ინფორმაციის განმტკიცებას. ყოველ ჯერზე თითოეული მონაწილე საკუთარ ტექსტს განსხვავებული აქცენტით წარმოაჩენს, ეს ეხმარება მსმენელს, სხვადასხვა პერსპექტივაში შეხედოს მოვლენას და საკუთარი, თვითმყოფადი შეხედულება ჩამოუყალიბდეს მის გარშემო.

ექვსი სააზროვნო ქუდი. ინგლისელი მწერლისა და ფსიქოლოგის, შემოქმედებითი აზროვნების ანალიტიკოსის – ედუარდ დე ბონოს მიერ შემუშავებული ექვსი ქუდის მეთოდი კარგი საშუალებაა სააზროვნო პროცესის სტრუქტურირება-ორგანიზებისა და მისი საბოლოო შედეგის მაღალი პროდუქტიულობისათვის. იგი აზროვნებას სძენს სისხარტეს, ამაღლებს შემოქმედებითობას, გვეხმარება, რომ ჩვენი აზრთა დინება დასახული ამოცანებისა და მიზნისაკენ მივმართოთ; საბოლოოდ კი – მივყავართ მართებულ გადაწყვეტილებამდე. ამ მეთოდის უპირატესობაა, რომ გვეხმარება ჩვენი მოსაზრებების ვერბალიზაციასა და ფიქსაციაში, აგრეთვე, ისეთი სამი წინააღმდეგობის დაძლევაში, როგორებიცაა – ემოცია, დაბნეულობა და გაურკვევლობა.

ექვსი ქუდის მეთოდის გამოყენება შეიძლება ნებისმიერი გონებრივი აქტივობის  შესრულებისას, საკამათო და კონფლიქტური საკითხების გადაჭრისას, ამოცანათა დაგეგმვისა და შეფასებისას და სხვ.

რას ნიშნავს ფერები?

თეთრი ქუდის მორგებისას მთელი მონდომებით ვუღრმავდებით ინფორმაციას – რა ვიცით საკითხის გარშემო და რა დამატებითი ინფორმაცია გვჭირდება მის შესახებ სრულყოფილი ცოდნის მისაღებად. აქვე განვსაზღვრავთ, თუ რა მეთოდებით უნდა მივიღოთ ინფორმაცია.

წითელი ქუდის მორგებისას თავისუფლებას ვანიჭებთ მოცემულ საკითხთან დაკავშირებულ ემოციებსა და ინტუიციებს. ამ დროს ყოველგვარი ანალიზის გარეშე გასაქანს ვაძლევთ ნებისმიერ აზრს, რაც პირველად მოგვდის გონებაში და თანაგუნდელებს ვუზიარებთ მათ. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აზრის სიხალასე, გულწრფელობა და სპონტანურობა.

ყვითელი ქუდის მორგებისას საკითხის მხოლოდ პოზიტიურ, ძლიერ მხარეებს ვუღრმავდებით. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ერთი შეხედვით, მოცემულ პრობლემას ცალსახად უარყოფითად ვხედავთ, უნდა შევეცადოთ, აღმოვაჩინოთ და გამოვკვეთოთ პრობლემის დადებითი ეფექტები.

შავი ქუდის შემთხვევაში კი – პირიქით. უნდა ვიყოთ კრიტიკულნი და სკეპტიკურად განწყობილები.  ვაცნობიერებდეთ უკვე არსებულ, ან მოსალოდნელ რისკებსა და საფრთხეებს.

მწვანე ქუდი შემოქმედებითი ძიებების, სიახლეებისა და ცვლილებებისთვისაა განკუთვნილი. განიხილეთ მრავალი ალტერნატივა, გზა მიეცით სიახლეებს, მიიღეთ ერთი შეხედვით უცნაური იდეებიც კი. სასურველია, ამ ეტაპზე ყველა მოსწავლემ მიიღოს მონაწილეობა და თითოეულმა მათგანმა თითო იდეით მაინც შეიტანოს წვლილი ძიების პროცესში.

მეექვსე – ლურჯი ქუდი ორიენტირებულია იდეის განხორციელების პროცესის მართვასა და პრობლემის გადაჭრაზე. მეექვსე ქუდს ორჯერ ვირგებთ – საწყის და საბოლოო ეტაპებზე. პირველ შემთხვევაში მოვხაზავთ მიზნის კონტურებს, მეთოდის გამოყენების შემდეგ კი – შედეგებს განვიხილავთ მიზანთან შესაბამისობაში.

ფერების რიგითობა მკაცრად განსაზღვრული არ არის, მაგრამ ყველაზე ხშირად ამ თანმიმდევრობით გამოიყენება – თავდაპირველად ვიხურავთ თეთრ, შავ, ყვითელ ქუდებს. მას შემდეგ, რაც განვსაზღვრავთ, რა ვიცით და რისი გაგება გვინდა მოცემული საკითხის გარშემო, შევაჯამებთ მის დადებით და უარყოფით მხარეებს, შემოქმედებითობის დრო დგება, ანუ მოვირგებთ მწვანე ქუდს, ვეძებეთ ახალ მიდგომებს, შეხედულებებს. იდეების გენერირების ეტაპზე წამოჭრილი მოსაზრებების განსახილველად კვლავ ყვითელ და შავ ქუდებს ვუბრუნდებით. პერიოდულად სასურველია წითელი ქუდის მორგება და ემოციებისთვის გასაქანის მიცემა.

მეთოდის მართებულად და ეფექტურად წარმართვა უნდა უზრუნველყოს მოდერატორმა. მას მუდმივად ცისფერი ქუდი აქვს მორგებული, ანუ ინარჩუნებს ფასილიტატორის ნეიტრალურ პოზიციას და სხვადასხვა დამოკიდებულების მონაწილეებს აქტივობაში ჩართვის თანაბარ შესაძლებლობებს აძლევს. მოდერატორის ფუნქციაა, აგრეთვე, თამაშის წესების განმარტება, განსახილველი პრობლემის დასახელება, მის გარშემო გამოკვეთილი მოსაზრებების ჩანიშნვა და საბოლოო შეჯამება.

დროისა და რესურსების დაზოგვის მიზნით ქუდები შეიძლება გუნდურ მუშაობას დავუკავშიროთ და სხვადასხვა ჯგუფებს განსხვავებული ფერის ქუდი მოვარგოთ. თუკი ქაღალდის ქუდების დამზადება ტექნიკურ სირთულეს შექმნის, მის ნაცვლად შესაძლებელია ნებისმიერი სხვა სახის, განსაზღვრული ფერის სიმბოლოს, ან მარკირების გამოყენება – ტანსაცმელზე ფერადი ლენტების მიმაგრება, ფერადი ბარათების აღმართვა და სხვ.

გონებრივი რუკა. ექვსი ქუდის მეთოდის განხორციელებისას მნიშვნელოვანია მონაწილეთა მოსაზრებების ეფექტური ვიზუალიზაცია. ამისათვის ძალიან კარგი სასწავლო ინსტრუმენტია გონებრივი რუკა, რაც, ცხადია უნივერსალური მეთოდია და არამხოლოდ ექვსი ქუდის მეთოდში შეგვიძლია „ჩავაშენოთ“.

ეს მეთოდი ემსახურება ნებისმიერი მოვლენის ან პროცესის, აზრის ან იდეის კომპლექსური, სისტემატიზებული ვიზუალური გრაფიკული ფორმით რეპრეზენტაციას დიდი ფორმატის ქაღალდზე, ან ელექტრონულად. მასში ჩანს მოვლენათა შორის აზრობრივი, მიზეზ-შედეგობრივი, ასოციაციური და სხვა სახის კავშირები. იგი უფრო მოქნილად და ეფექტურად ასახავს აზრთა დინებას, ვიდრე ჩვეულებრივი წერილობითი ნარატიული ფიქსაცია.

გონებრივი რუკის პრინციპი თვითმყოფადი საგანმანათლებლო მეთოდის სახით ჩამოაყალიბა ინგლისელმა ფსიქოლოგმა – ტონი ბიუზენმა. კონცეფცია მდგომარეობს შემდეგში – გონებრივი რუკა ადამიანის ტვინის ანალოგიურად იყოს სტრუქტურირებული; იმავე პრინციპით, როგორც ჩვენი გონება მოიცავს ნეირონებსა და მათ განშტოებებს და თითოეული ელემენტი ერთმანეთთან გარკვეულ მიმართებაშია. გონებრივი რუკის შემუშავებისას ჩვენ თითქოს მატერიალურ სახეს ვაძლევთ იმ წესრიგს, რაც ჩვენს გონებაშია. ბიუზენის აზრით, ეს მეთოდი სააზროვნო პროცესის მართვაშიც გვეხმარება.

რუკის შექმნა მრავალ სხვადასხვა სიტუაციაშია მოსახერხებელი. პრინციპი – საკითხის დაშლა, ანალიზი და მის შემადგენელ ელემენტებს შორის მიმართებების განსაზღვრა მით უფრო ეფექტურია, რაც უფრო ფართო და კომპლექსური საკითხი გვაქვს გასააზრებელი. ამ შემთხვევაში  მოსაზრებების ნარაციული და წერილობითი ფორმით ჩანიშნვა გაცილებით მეტ დროს წაიღებს, ვიდრე სქემების შედგენა, გრაფიკული სტრუქტურირება, როგორც ეს გონებრივი რუკის შემთხვევაში ხდება. მეორე მხრივ, თავად ანალიზის პროცესია მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის განავითარებს სხარტი ლოგიკური აზროვნების უნარებს.

სპეციალისტები არაერთ პრაქტიკულ რჩევას გვთავაზობენ, თუ როგორი უნდა იყოს გონებრივი რუკის ვიზუალური მხარე. მაგალითად, მათი აზრით, გაცილებით ეფექტურია, როცა ცენტრში წარმოდგენილია ფერადი ნახატი. ზოგადად, გრაფიკული გამოსახულებების სიუხვე გონებრივ რუკას გაცილებით აღქმადს ხდის; სასურველია გრაფემების სიდიდის, გამოსახულებათა მასშტაბისა და ხაზების სისქის ცვლა; სტრუქტურულ ელემენტებს შორის კავშირების აღსანიშნად უნდა გამოვიყენოთ ისრები;  მთავარი ისრები კი აუცილებლად უნდა უკავშირდბოდეს ცენტრალურ ფიგურას; ყველა სიტყვა განთავსებული უნდა იყოს ჰორიზონტალურად და სხვ. ტექნიკური პარამეტრების გამართულობა უზრუნველყოფს სტრუქტურის, როგორ პრობლემის ვიზუალიზაციის ეფეფქტურად აღქმასა და დამახსოვრებას.

რაც შეეხება, ელექტრონულ ხელსაწყოებს, რომელთა საშუალებით შესაძლებელია გონებრივი რუკის შექმნა, მათი რიცხვი მრავალია. ერთ-ერთი მათგანია Mind42 https://mind42.com ღია წყარო, მარტივი ინსტრუქციული დიზაინითა და გაზიარების სხვადასხვა შესაძლებლობებით.

სიცილიური დებატები. ზოგადად, კამათი და დებატები ის სასწავლო მეთოდია, რომელიც, ალბათ, ყველაზე მეტად უწყობს ხელს მოსწავლეებში ანალიზური, საკომუნიკაციო, საპრეზენტაციო უნარების ერთდროულად განვითარებას. დებატები აყალიბებს მათში აზროვნებისა და მეტყველების კულტურას. განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, როცა მოკამათეები იცავენ არა იმ მოსაზრებას, რომელსაც რეალურად ემხრობიან, არამედ – ცდილობენ მათთვის  მიუღებელ მოვლენებშიც კი დადებითი ფაქტორების, გავლენების აღმოჩენას. ასე ხდება სიცილიური დებატების შემთხვევაში.

მას შემდეგ, რაც შეირჩევა დებატების თეზისი, კლასი იყოფა ორად. მონაწილეთა ნაწილს ეძლევა დავალება, დაიცვას მოცემული მტკიცებულება და წარმოაჩინოს მისი დადებითი მხარეები, მეორეს კი – უარყოს და მისი სისუსტეები გამოკვეთოს. გუნდის წევრები აუდიტორიის წინაშე გამოდიან სათითაოდ. მონაწილე მანამ იცავს თავის პოზიციას, ვიდრე არგუმენტები არ ამოეწურება. ამ შემთხვევაში ის დახმარებისთვის მომდევნო თანაგუნდელს მიმართავს და უწვდის ხელს, ხელისგულით ზემოთ. საპასუხოდ თანაგუნდელი ართმევს მას ხელს და იბარებს ესტაფეტას, წინა გამომსვლელი კი ეთიშება თამაშს. დებატები არგუმენტების სრულად ამოწურვამდე გრძელდება.

მეტაგეგმა. დისკუსია უნივერსალური მეთოდია, რომელიც სასწავლო პროექტის თუ გაკვეთილის ნებისმიერ საფეხურზე შედეგიანად მუშაობს. ეფექტური დისკუსიის აგებულება, რაც უნდა უჩვეულოდ და სპონტანურად განვითარდეს ის, სამ ძირითად ელემენტს უნდა ეფუძნებოდეს – პრობლემების გენერირება, პრობლემების სტრუქტურირება და სტრუქტურის რეპრეზენტაცია. ამ თვალსაზრისით დისკუსიის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ფორმა შეიძლება იყოს მიკრომეთოდი – მეტაგეგმა.

მეტაგეგმა მიმართავს პრობლემის ვიზუალიზაციის იმავე პრინციპს, როგორსაც გონებრივი რუკა, თუმცა განსხვავება ამ ორ მეთოდს შორის ერთი მხრივ, სოციალურ ფორმაშია, მეორე მხრივ კი – დროის მენეჯმენტში. თუკი გონებრივი რუკის შექმნა პლენარული დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობს, მეტაგეგმაზე უფრო ხშირად ჯგუფები ან წყვილები მუშაობენ. შესაბამისად, განსაზღვრულ დროში მისი შედეგები უფრო მკაფიო და ხელშესახებია. ნაკლებია იმის შანსი, რომ მცირე ჯგუფებში მნიშვნელოვანი საკითხები ყურადღების მიღმა დარჩეს და წევრების მცირე რაოდენობის გამო მათი მუშაობის შედეგიც უფრო რეპრეზენტაციული და ზედმიწევნითია.

დისკუსიის დაწყებამდე დაფაზე მაგრდება თეთრი ფერის ბარათზე წარმოდგენილი სადისკუსიო თემის სათაური. დისკუსიის მიმდინარეობისას მონაწილეები იქ გამოთქმულ მოსაზრებებს შესაბამისი ფერის მართკუთხა ბარათებზე ინიშნავენ და დაფაზე არეულად ამაგრებენ. ღია მწვანეზე იწერება პოზიტიური არგუმენტი, ნარინჯისფერზე – უარყოფითი, ღია ყვითელზე კი – ალტერნატიული მოსაზრებები.

იმისათვის, რომ მეტაგეგმის მეთოდი დაგვეხმაროს ნააზრევის მართებულად რეპრეზენტაციაში, სასწავლო ელემენტების ეფექტურად სტრუქტურირებაში, მათი მიზეზშედეგობრივი კავშირების  გათავისებაში, აუცილებელია, რომ აზრები ჩამოყალიბებული იყოს მკაფიოდ, ლაკონურად და მიზანმიმართულად. თითო ბარათზე წარმოდგენილი იყოს თითო საკითხი, ხელნაწერი იყოს მარტივად წასაკითხი და არ აჭარბებდეს 7 სიტყვას.

დისკუსიის დასრულების შემდეგ მოდერატორი კლასს სათითაოდ აცნობს ბარათებს და მონაწილეებთან შეთანხმებით აჯგუფებს მათ. ერთნაირი შინაარსის ბარათები დაფაზე ერთად მაგრდება. შემდეგი ეტაპია სისტემატიზებული ბარათების თემატური დასათაურება. ბარათების თემატურ ჯგუფებს შორის ურთიერთმიმართების აღსანიშნად ვიყენებთ დამაკავშირებელ ხაზებს. თუ რომელიმე მოსაზრებას ჰყავს ოპონენტი, შესაბამის ბარათზე მონიშნავს ელვა-ზიგზაგს და იქვე ამაგრებს თეთრ ოვალურ ბარათს თავისი კონტრარგუმენტით.

საბოლოოდ, მეტაგეგმის მრავალი ბარათი საბაზისო თემატიკაზე – მხოლოდ რამდენიმე საკითხზე დაიყვანება. თუკი მეთოდი გარკვეული პრობლემის დასაძლევი ამოცანის / ამოცანების განსაზღვრას ისახავს მიზნად, მოგვიწევს ამ ამოცანის / ამოცანების ამორჩევა უმრავლესობას მივანდოთ. მონაწილეები თავიანთ არჩევანს გააკეთებენ მათთვის სასურველი ბარათების ჯგუფის გარშემო წითელი წერტილების დასმით.

შევეცადეთ, თქვენთვის ამჯერადაც ის მიკრომეთოდები წარმოგვედგინა, რომლებიც თავიანთი ფუნქციით არა სპეციფიკურ, არამედ უნივერსალურ ამოცანებს ესადაგება. თითოეული მეთოდის შედეგიანობა, ცხადია, ბევრ სპონტანურ ფაქტორზეა დამოკიდებული. ეს გარემოებები აქტივობების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების ეტაპზე მასწავლებელმა აუცილებლად უნდა მიიღოს მხედველობაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოსწავლეები კი არ აქციოს მეთოდის განხორციელების რესურსად, არამედ – მეთოდი გამოიყენოს მოსწავლეთა საგანმანათლებლო მიზნების  ინსტრუმენტად.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი