ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მასწავლებლის მთავარი საყრდენი ბავშვებისა და საქმის სიყვარულია – ნათია ფურცელაძე

მასწავლებელს აქვს უზარმაზარი ძალა, უკეთესობისკენ (და, სამწუხაროდ, უარესობისკენაც) შეცვალოს გარემო, სკოლა, ქალაქი, სოფელი, სამყარო. მთავარია, მან გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა “, – ამბობს ნათია ფურცელაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებელი, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტს შორის ყველაზე ახალგაზრდა იყო. სკოლა, სამეცნიერო კვლევები, მთარგმნელობითი საქმიანობა – ნათიას ცხოვრების ყოველდღიურობაა.  2016 წელს გამომცემლობამ  არტანუჯმა” გამოსცა მისი თარგმანი “გრიგოლ  რობაქიძის წერილები სტეფან ცვაიგს”. ამჟამად,  სადოქტორო ნაშრომზე მუშაობს და დისერტაციისთვის ემზადება. სკოლაში კი სხვადასხვა საინტერესო აქტივობები აქვს დაგეგმილი მოსწავლეებთან,  ლიტერატურულ კლუბში და ასევე მოსწავლეებთან  ერთად რამდენიმე პროექტსაც  ახორციელებს. თუ ხშირად პროფესიული არჩევნის გაკეთება სხვადასხვა  გარემოებებზე ან  სპონტანურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით მიიღება, ნათიას ცხოვრების ადრეულ საფეხურზე არსებობდა  თამაში მასწავლებლობანა” და დიდი  სურვილი, გამხდარიყო მასწავლებელი. 

რვა წელია,  რაც ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი ხართ, თუმცა ეს დიდი თამაში მასწავლებლობანა” უფრო ადრე დაიწყო. მოგვიყევით, როგორი იყო ეს გზა პროფესიულ არჩევნის გაკეთებამდე  და მის შემდეგ?

მასწავლებლობა ჩემთვის იმაზე მეტია, ვიდრე პროფესია, ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი გზაა, რომლის დასაწყისიც ჩემს ბავშვობაშია საძიებელი. როცა ჩემი მეხსიერების სიღრმეებს ვათვალიერებ, ფსკერზე მასწავლებლობაზე ოცნებას ვპოულობ – შეიძლება გასაოცარია ან დაუჯერებელი, მაგრამ ჩემი დღევანდელობა რეალობად ქცეული ბავშვობის დროინდელი სურვილებია და ახლა ამის გაცნობიერება არის უაღრესად სასიამოვნო.

როცა მეათე კლასის მოსწავლე ვიყავი, ორ სფეროში მოვიაზრებდი საკუთარ თავს – ქართულ ფილოლოგიასა და ფსიქოლოგიაში. ოჯახის წევრებს ძალიან უნდოდათ, ექიმი გავმხდარიყავი, მაგრამ საკუთარ თავში ვიპოვე ძალა, დამესაბუთებინა მათთვის – ექიმების ოჯახში ცხოვრება არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ექიმი უნდა გახდე. ჩემს პოზიციას გაგებით მოეკიდნენ და მომცეს არჩევნის თავისუფლება – იმ დღიდან ვიგრძენი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა – ჩემი ,,არაპერსპექტიული” არჩევანი აუცილებლად უნდა გამემართლებინა.

2004 წელს ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 2010 წელს დავამთავრე მაგისტრატურა, პარალელურად ვმუშაობდი საზაფხულო ახალგაზრდულ ბანაკში ჯგუფის ხელმძღვანელად და ძალიან საინტერესო გამოცდილება დამიგროვდა. მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ გავიარე გასაუბრება და გავხდი კერძო სკოლა ,,ქორალის” მასწავლებელი. 2012 წელს დავადასტურე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია. მერვე წელია ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტს  შორის აღმოჩნდით. ასეთ  კონკურსებზე რას გვეტყვით, რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლის მოტივაციისთვის ასეთი წარმატება?

 

ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და, ამავდროულად, სიხარულია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფინალისტობა და წლის საუკეთესო მასწავლებლების ხუთეულში მოხვედრა. ვამაყობ იმითაც, რომ ვარ ხუთეულის ყველაზე ახალგაზრდა მასწავლებელი. ვფიქრობ, მსგავსი კონკურსების არსებობა უაღრესად მნიშვნელოვანია მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟისა და პედაგოგთა მოტივაციის ზრდისათვის. ამ წარმატებამ მე ნამდვილად ამიმაღლა მოტივაცია და მეტის კეთების სურვილი გამიჩინა, საკუთარ ძალებში დამარწმუნა და,  ამავდროულად, დამაფიქრა, რომ უნდა ვიზრუნო ჩემს პროფესიაზე, მის პოპულარიზაციაზე.

გარდა ამისა, რა სჭირდება მასწავლებელს წარმატებისთვის, ზრდისთვის, პროფესიონალიზმის ამაღლებისთვის?

მასწავლებელს პროფესიული ზრდისათვის, უპირველეს ყოვლისა, სჭირდება იმის გაცნობიერება, რომ პედაგოგობა მოიაზრებს განვითარების უწყვეტ პროცესს. შინაგანი მოტივაციის არსებობა, მუდმივი სწრაფვა სიახლეებისაკენ უმნიშვნელოვანესი მგონია. წარმატებას კი მოსწავლეებისა და საქმის სიყვარული, შრომისმოყვარეობა, მონდომება განაპირობებს. უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის და ამაყობდე იმით, რომ მასწავლებელი ხარ.

 22 წლის იყავით, როდესაც მაღალ კლასებს ასწავლიდით. როგორი იყო ეს ურთიერთობა, რა შეგძინათ მასწავლებლობის პირველმა წლებმა პროფესიული თუ პიროვნული თვალსაზრისით?

ყველაზე დიდი გამოცდილება მასწავლებლობის პირველმა წელმა შემძინა. 22 წლის ასაკში IX, X, XI და XII კლასებს ვასწავლიდი. ვიდრე სწავლა-სწავლების პროცესს ეფექტურს გავხდიდი, მანამდე ბავშვებთან ურთიერთობის ეტაპი წარმატებით უნდა გამევლო. ადვილი არ არის, გყავდეს შენზე რამდენიმე წლით უფროსი მასწავლებელი და ირწმუნო მისი. ვფიქრობ, ეს შევძელი. ამის თქმის საფუძველს კი ამ წლების განმავლობაში მოსწავლეებისგან მიღებული უკუკავშირი მაძლევს. ბავშვებთან ყოველთვის გულწრფელი ვიყავი და ვმეგობრობდი, მაგრამ ჩვენ შორის ზღვარი არასოდეს წაშლილა.

განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აბიტურიენტებთან მუშაობისას ვგრძნობდი. მალე ისე მოხდა, რომ მოსწავლეებმა უარი თქვეს რეპეტიტორთა ინსტიტუტით სარგებლობაზე, რადგან სკოლაშივე, გაკვეთილებზე მიიღეს ის, რაც ეროვნული და გამოსაშვები გამოცდების ჩასაბარებლად სჭირდებოდათ. ამ ნდობამ საოცარი ძალით ამავსო. თავდაუზოგავად ვშრომობდი, გამთენიისას ვიღვიძებდი, ვადგენდი ტესტებს, ვამოწმებდი დავალებებს, ვამზადებდი რესურსებსა და მასალებს. ბავშვებს ყველაზე ობიექტურ შემფასებლებად მივიჩნევ. როცა ისინი გრძნობდნენ მზრუნველობას და ხედავდნენ, რომ მასწავლებელი მათ თავის დროს უნაწილებდა და მათზე ფიქრობდა, უფრო მოტივირებულნი ხდებოდნენ. საბოლოოდ, მათ მაღალი შედეგები აჩვენეს გამოსაშვებ და ეროვნულ გამოცდებზე და ყველა ვხარობდით ერთმანეთის წარმატებით. არ ვიცი, როგორ წარიმართებოდა ჩემი პედაგოგიური საქმიანობა, რომ არა ასეთი დასაწყისი. მე არ ვასწავლიდი მხოლოდ, ვსწავლობდი კიდეც. გარდა საგნობრივი ცოდნისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენისა, ვისწავლე მთავარი – მომესმინა ჩემი მოსწავლეებისათვის და გაკვეთილები მათი სურვილებისა და ინტერესების გათვალისწინებით დამეგეგმა. ვფიქრობ, ეს პრინციპი განაპირობებს ჩემი და ჩემი მოსწავლეების წარმატებას.

რას სწავლობს მასწავლებელი სწავლების პროცესში? როგორია მოსწავლეების უკუკავშირი?

მთავარია, მასწავლებელს ჰქონდეს სურვილი, სწავლების პროცესში თავადაც ისწავლოს. ასეთ შემთხვევაში მას დიდი გამოცდილების მიღება და ყველაფრის სწავლა შეუძლია, რასაც კი მოინდომებს. ამ შეკითხვას იმდენნაირი პასუხი ექნება, რამდენი მასწავლებელიც არსებობს.

სწავლების პროცესში მე ის ვისწავლე, თუ როგორ უნდა ვასწავლო; გავაცნობიერე, რომ ღმერთმა ,,ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა” და აუცილებელია ყოველი მოსწავლის მიღება და მოსმენა, განურჩევლად შეხედულებისა, შესაძლებლობებისა, რელიგიური აღმსარებლობისა და ა.შ., ვისწავლე თითოეული ადამიანის პატივისცემა,  ინდივიდუალური მიდგომა. კიდევ ბევრი რამ ვისწავლე და მივხვდი მთავარს – არ არსებობს მოსწავლე, რომელსაც ვერ დააინტერესებ. მასწავლებელს აქვს უზარმაზარი ძალა, უკეთესობისკენ (და, სამწუხაროდ, უარესობისკენაც) შეცვალოს გარემო, სკოლა, ქალაქი, სოფელი, სამყარო. მთავარია, მან გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა.

მოსწავლეების უკუკავშირი ყველაზე გულწრფელი, ობიექტური და ადეკვატურია – თუ მასწავლებელს სურს, გაიგოს, როგორ ასწავლის, უნდა მოისმინოს მოსწავლეთა შეხედულებები და არა მხოლოდ მოისმინოს, გაითვალისწინოს ბავშვების რჩევები.

გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებას იკვლევდით. როგორი გახადა ამ პროცესმა ახალგაზრდა მეცნიერის ყოველდღიურობა?

ისევე როგორც ბევრი რამ ჩემს ცხოვრებაში, გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებით დაინტერესებაც ბავშვობაში იწყება. მართალია, ჩემი სამაგისტრო კვლევა ძალიან საინტერესო ავსტრიელი პოეტის ლირიკას უკავშირდებოდა, მაგრამ როდესაც 2008 წელს, სამაგისტრო გამოცდებამდე, შევავსე კითხვარი, შეკითხვას – თუ რა სამომავლო გეგმები მქონდა – ასე ვუპასუხე, რომ მინდოდა გრიგოლ რობაქიძის უცნობი საარქივო მასალების კვლევა, დაკარგულად მიჩნეული შვეიცარიული არქივის მოძიება. დოქტორანტურაში ჩაბარების შემდეგ ეს სურვილი ისევ გამიცხოველდა. მართალია, ყველაფერი ზუსტად ისე არ მოხდა, მაგრამ ჩემი სადოქტორო კვლევა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და ევროპულ არქივებში მართლაც მივაკვლიე გრიგოლ რობაქიძის უცნობ ეპისტოლურ მასალას. არ ვიცი, რა იყო ეს – ალღო, ინტუიცია თუ, უბრალოდ, დიდი სურვილი და რწმენა – მაგრამ იმედს არ ვკარგავდი, რომ იენის ბიბლიოთეკაში გრიგოლ რობაქიძის უცნობი წერილებს მივაკვლევდი. ბიბლიოთეკარს თავიც კი მოვაბეზრე, მაგრამ არაფერი შეედრება იმ საოცარ განცდას – როცა რამდენიმე მცდელობის შემდეგ, ერთ დღესაც, მან ფერდაკარგული საქაღალდე გამოიტანა და მაჩვენა და მკითხა, ეს ხომ არ იყო ის, რასაც ვეძებდი. მაშინვე ვიცანი გრიგოლ რობაქიძის ხელწერა და თავი ყველაზე ბედნიერად ვიგრძენი. ჩემი, როგორც ახალგაზრდა მეცნიერის, ცხოვრება ამ პროცესმა ძალიან საინტერესო გახადა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა, თუ თავდაუზოგავად ვიშრომებ, ბავშვური ოცნება ერთხელაც აუცილებლად იქცევა რეალობად.

როგორ ცდილობთ მოსწავლეებს ქართული ლიტერატურა შეაყვაროთ? ამ პროცესზე მოგვიყევით, რაზე საუბრობთ, როგორია მათ მიერ დანახული ქართული ლიტერატურა და ზოგადად, ლიტერატურა, რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ მათ?  რას აკრიტიკებენ, ძალიან საინტერესოა მათი შეხედულებები…

 

ბავშვებს რომ ქართული (და არა მხოლოდ ქართული) ლიტერატურა შეუყვარდეთ, ამისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნაა საჭირო და ამას ვცდილობ. გაცნობის დღიდან, პირველივე გაკვეთილებიდან, მოსწავლეებს ვუხსნი, რომ ლიტერატურა თავისუფლებაა და ტექსტის ინტერპრეტაცია იმდენივე შეიძლება არსებობდეს, რამდენი მკითხველიც ეყოლება მას. ბავშვებს ყოველთვის ვაცნობ კრიტიკოსების შეხედულებებს, ჩემს პოზიციას, მაგრამ არასოდეს ვახვევ თავს. ეს მეხმარება, რომ მათ შეიყვარონ ლიტერატურა და არ შეეშინდეთ საკუთარი აზრების გამოთქმისა, პირიქით, ეს წახალისებულიც კია ჩემ მიერ. თავისუფალი აზროვნება ჩემთვის, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისთვის, პრიორიტეტია და ბავშვებისაგან ისეთ საინტერესო აზრებს ვისმენ ხოლმე, სიხარულს ვერ ვმალავ. მაგალითად, შარშან, როდესაც ,,ხევისბერ გოჩას” სწავლობდნენ, უნდა დაესახელებინათ მათი თვალით დანახული მთავარი პრობლემა. როგორც წესი, ყველა საუბრობს მამის მიერ შვილის მკვლელობაზე, ღალატზე. ჩემს პრაქტიკაში პირველად, რამდენიმე მოსწავლემ მთავარ პრობლემად ნაადრევი ქორწინება მიიჩნია და სხვა პრობლემების სათავედ დაასახელა.

ვცდილობ, დავამსხვრიო სტერეოტიპი ,,ვეფხისტყაოსანთან” მიმართებით და ეს ტექსტი მათთვის არ იყოს ,,საძულველი”. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მოსწავლეებისთვის ,,ვეფხისტყაოსანი” ძალიან ძვირფასი ტექსტია, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ თავიანთ ყოველდღიურობას უკავშირებენ და რუსთაველის შეხედულებები მათთვის გასაგები ხდება.

ქართული ლიტერატურა რომ უყვართ, ამას ისიც განაპირობებს, რომ ჩვენი გაკვეთილები არ არის სტანდარტული, ვიყენებ ინოვაციურ მეთოდებს, თამაშებს, ვმართავთ დისკუსიებს, ლიტერატურულ კლუბში ვაწყობთ შეხვედრებს საინტერესო ადამიანებთან, ერთმანეთს ვუზიარებთ შთაბეჭდილებებს წაკითხული წიგნების შესახებ, შემაჯამებელი დავალებებიც მრავალფეროვანია და არ გულისხმობს მხოლოდ ტესტირებას.

აკრიტიკებენ იმას, რომ თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ ტექსტებს სასკოლო პროგრამა არ მოიცავს და აღნიშნავენ, რომ ცოცხალ ლიტერატურულ პროცესს მოსწავლეები ამის გარეშე თვალს ვერ მიადევნებენ. შეიძლება დაინტერესებული ბავშვები და მკითხველები ეცნობოდნენ აკა მორჩილაძის, დათო ტურაშვილის, თეა თოფურიას, ბესიკ ხარანაულის, ლია სტურუას და სხვათა შემოქმედებას, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ საშუალო საფეხურის პროგრამაში თანამედროვე ქართულ ტექსტებსაც შეიტანენ. შესაბამისად, ძალიან კარგი იქნება, თუ ეროვნული სასწავლო გეგმების ჯგუფი პროგრამის შედგენისას მათ სურვილს გაითვალისწინებს.

 

ზრდასრულ ადამიანებს სკოლის გამოცდილება დიდხანს მოგვყვება და  სხვადასხვა ფორმით თავს გვახსენებს. თქვენს შემთხვევაში, როგორი იყო სკოლის წლები, რა გახსენდებათ?

ჩემი ბავშვობის წლები იმერეთის ულამაზეს პატარა ქალაქს – ბაღდათს უკავშირდება. ვფიქრობ, იმ წლებმა განაპირობა ჩემი ისეთ ადამიანად ჩამოყალიბება, როგორიც დღეს ვარ და რასაც წარმოვადგენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოსწავლეობა 90-იანი წლების შემდეგ დაიწყო და სოციალური ფონი ქვეყანაში ძალიან მძიმე იყო, ეს დრო მტკივნეულად არ მახსენდება, უფრო – პირიქით. როცა ბაღდათში გატარებულ დროზე ვიწყებ ფიქრს, ახლაც განვიცდი ბედნიერებასა და სიამოვნებას. ჭადრის ფოთლებით მოფენილი სკოლის გზა დღესაც ისევე მიყვარს, როგორც მაშინ, როცა ამ გზაზე დავაბიჯებდი. ყველაფერი მიყვარს, რაც ჩემი მოსწავლეობის დროს და ბაღდათს უკავშირდება. მართალია, 90-იანების შემდგომი ბავშვები ვიყავით მე და ჩემი კლასელები, მაგრამ საკმაოდ პროგრესულად ვაზროვნებდით და დიდხანს  მიკვირდა კიდეც, როგორ ვახერხებდით ამას – მერე მივხვდი, სულ ვკითხულობდით და ამიტომ. მეამბოხეები ვიყავით და ჩვენს თავისუფალ აზროვნებას მასწავლებლები არ ზღუდავდნენ.

მყავდა რამდენიმე არაჩვეულებრივი მასწავლებელი და ვფიქრობ, ეს პროფესია რომ შემიყვარდა და ავირჩიე, სწორედ მათი დამსახურებაა. ვსწავლობდი მაიაკოვსკის მე-2 საშუალო სკოლაში (დღევანდელი – ბაღდათის N 2 საჯარო სკოლა). ძალიან მიყვარდა თავისუფალი აზროვნება, წიგნების კითხვა, წერა, ქართული, გერმანული და ისტორია. კლასის კედლის გაზეთის რედაქტორიც ვიყავი. აი, ამ დროიდან დავიწყე საკუთარი თავის შეცნობაც და ვირწმუნე ჩემი ძალების. გამორჩეულად მახსენდება ერთი ამბავი – იმერეთის რეგიონის საგანმანათლებლო კონკურსში გავიმარჯვეთ და გუბერნატორმა დაგვაჯილდოვა – 20 კლასელი დამრიგებელმა და მასწავლებლებმა 10 დღით ზღვის ბანაკში წაგვიყვანა. ეს ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონებაა.

გამოცდილებამ, წლებმა რა უნარები გამოგიმუშავათ. როგორია  პროფესიულ რუტინასთან გამკლავების თქვენეული  ხერხები?

ჩვენზეა დამოკიდებული, რომ ყოველდღიურობა მოსაწყენი და ერთფეროვანი არ გახდეს. შემოქმედებითობა მეხმარება, რომ ჩემი მასწავლებლური ცხოვრება საინტერესო იყოს და გაკვეთილებზე მე და ჩემი მოსწავლეები კი არ დავიღალოთ, პირიქით – ვისიამოვნოთ. სასკოლო ცხოვრების გასამრავალფეროვნებლად შევქმენი ლიტერატურული კლუბი და სალონი ,,წიგნიერი”, იქ მოხვედრა უკვე თავისთავად გულისხმობს მრავალფეროვნებას და დროის ისე გამოყენებას, როგორც გსურს.

დღეს მასწავლებლობა არც ისე პოპულარული პროფესიაა. თქვენ რას ურჩევთ თქვენს სტუდენტებს?

მე მასწავლებლობის პირველივე დღეს მჯეროდა, რომ იმედი გამიმართლდებოდა და როცა რაღაცის გჯერა, ცნობიერად თუ არაცნობიერად, მზად ხარ სურვილის შესასრულებლად. ყოველდღიურობა იმდენად დამღლელია, ხანდახან გავიფიქრებ, რომ რაღაცები უნდა შევცვალო, მაგრამ მომენტალურად ისეთ უკუკავშირს ვიღებ მოსწავლეებისაგან, ისეთ ნაწერს წავიკითხავ, აზრებს მოვისმენ, ვრწმუნდები, რომ მასწავლებლობა უდიდესი ბედნიერებაა და ვერაფერზე გავცვლი. ჩემს სტუდენტებს ვუზიარებ გამოცდილებას, ვურჩევ, კარგად გააცნობიერონ, რომ ეს პროფესია დიდ პასუხისმგებლობასთან, მუდმივ განვითარებასთან, დაუღალავ შრომასთან, ხანდახან დაუფასებლობასთანაცაა დაკავშირებული და ამისთვის მზად უნდა იყვნენ. მასწავლებლობა დაიწყონ მაშინ, როცა მიხვდებიან, რომ ეს ნამდვილად უნდათ. მთავარი საყრდენი ბავშვებისა და საქმის სიყვარულია და სურვილი, სხვა ადამიანებზე იზრუნო.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი