პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ვენის დიაგრამის პრაქტიკული გამოყენება

ზღაპარი და მითი, ფენტეზი და ფანტასტიკა 

 

ვენის დიაგრამა კრიტიკული აზროვნების განმავითარებელი ერთ-ერთი ეფექტური და ეფექტიანი საშუალებაა. ეს საორგანიზაციო სქემა შეგვიძლია გამოვიყენოთ მასალის ათვისების ნებისმიერ ეტაპზე (ახალი მასალის ახსნა, უკვე ნასწავლის შეჯამება, ტექსტის დამოუკიდებლად დამუშავება, საშინაო დავალების ფორმა და ა.შ.). ამჯერად ლიტერატურის გაკვეთილებზე ტერმინებისა და ცნებების შესწავლის, მათ შორის განსხვავებებისა და მსგავსებების სწავლების პროცესს შევეხებით.

 

აქტივობის შესახებ

ვენის დიაგრამა გამოისახება ორი ურთიერთგადამკვეთი წრეწირის სახით. წრეწირების გადაკვეთის შედეგად მიღებულ საერთო სეგმენტში იწერება ის საერთო, რაც ორ განსხვავებულ ობიექტს აქვს, მარცხნივ და მარჯვნივ კი მათი დამახასიათებელი ინდივიდუალური თავისებურებები აღინუსხება. მეთოდის აღწერიდან ცხადი ხდება, რომ ვენის დიაგრამის გამოყენება შესაძლებელია ისეთი ცნებების დამუშავებისას, რომლებსაც საერთოც აქვთ და განსხვავებულიც.

ამ გრაფიკული მაორგანიზებლის სახელწოდება მომდინარეობს ჯონ ვენის – ინგლისელი ფილოსოფოსის სახელისგან, რომელმაც დაამუშავა, აღწერა და გამოიყენა მსგავსი დიაგრამა. წიგნში „სიმბოლური ლოგიკა“ ჯონ ვენს განხილული აქვს მოვლენის, ცნების, ობიექტის შედარების მეთოდი სხვა, მსგავს მოვლენასთან, ცნებასა თუ ობიექტთან.

 

პრაქტიკა

ლიტერატურის გაკვეთილებზე ხშირად გვიწევს ცნებების, პერსონაჟების, სხვადასხვა ლიტერატურული მოვლენისა თუ თეორიის შედარება. ვენის დიაგრამის გამოყენება საშუალებას გვაძლევს, განვავითაროთ ტექსტის ანალიზის, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი, დავაკვირდეთ, შეუძლია თუ არა მოსწავლეს მონაცემების დახარისხება და ორგანიზება, ორ ობიექტს შორის ურთიერთმიმართების დადგენა.

სანიმუშოდ განვიხილოთ ტექსტის ფუნქციური ტიპების შესწავლისას დასამუშავებელი საკითხები – მითი და ზღაპარი.

საბაზო საფეხურზე მოსწავლეებს ამ ცნებებს შორის განსხვავებები, შესაძლოა, ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნული არ ჰქონდეთ. მათთვის მითი და ზღაპარი უძველესი ლიტერატურული ფორმებია, რომლებიც თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა უხსოვარ დროში. იმაზე დაკვირვება, რამდენად განსხვავდება მითი და ზღაპარი ერთმანეთისგან – საინტერესოცაა და შემეცნებითიც.

თავდაპირველად მოსწავლეებს ვთხოვოთ იმ ზღაპრებისა და მითების გახსენება, რომლებიც იციან, წაუკითხავთ ან შეუსწავლიათ. ამ საუბრის შემდეგ ავუხსნათ მათ ვენის დიაგრამის სპეციფიკა და დავიწყოთ შესაბამისი გრაფების შევსება.

კითხვების მეშვეობით მსჯელობა წარვმართოთ ისე, რომ აშკარად გამოიკვეთოს მითსა და ზღაპრებს შორის განსხვავებები და მსგავსებები.

 

სანიმუშო კითხვები:

  1. ამ ორი ფორმიდან რომელი იწყება სიტყვებით „იყო და არა იყო რა“ და სრულდება სიტყვებით „ჭირი იქა, ლხინი აქა“? (ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რომ ზღაპარს ახლავს დასაწყისისა და დასასრულის აღმნიშვნელი ე.წ. სიტყვიერი ფორმულები, რომლებიც მითში არ გვხვდება)
  2. რა მოტივები, რა თემები ხვდებათ ზღაპრებში და რა – მითებში? (ზღაპრებისთვის დამახასიათებელია ჯადოსნური ელემენტები – უკვდავების წყალი, ჯადოსნური ჯოხი, უჩინმაჩნის ქუდი… მითებში კი ასახულია ადამიანების წარმოდგენები სამყაროს სტრუქტურის, ბუნებრივი მოვლენების, ადამიანების ბედის, სეზონური ცვლილებების შესახებ)
  3. რომელში გვხვდება გმირების სახელები? (ზღაპრის გმირებს, უმეტესად, მოიხსენიებენ საზოგადო სახელებით: ხელმწიფის შვილი, მზეთუნახავი, უმცროსი ძე, – ან მეტსახელებით, რომლებშიც ხასიათის/გარეგნობის თავისებურებაა ხაზგასმული: ნაცარქექია, წითელქუდა, კოკროჭინა, მუჭანახევარა… მითების გმირებს კი საკუთარი სახელები აქვთ: ამირანი, იახსარი, კოპალა, ზევსი, პრომეთე და სხვა)
  4. სად არის დაკონკრეტებული გეოგრაფიული არეალი? (მითებში, წესისამებრ, გეოგრაფიული ადგილები სახელდებულია და მკითხველსა თუ მსმენელს ზუსტი წარმოდგენა ექმნება იმის შესახებ, სად ხდება მოქმედება, ზღაპრებში კი ადგილმდებარეობა ზოგადად, დაუკონკრეტებლადაა მონიშნული: ცხრა მთას იქით, შორეულ სახელწიფოში, ტყის მახლობლად და ა.შ.)
  5. ძველად მსმენელებისთვის რომელი უფრო დამაჯერებელი და სარწმუნო იყო – მითი თუ ზღაპარი? (მითსა და ზღაპარს შორის ეს განსხვავება აშკარაა. მითები ადამიანებისთვის სამყაროს შესახებ „სარწმუნო“ ცნობებს შეიცავდა. მსმენელებს ნამდვილად სწამდათ იმისა, რასაც მითებით იგებდნენ. ძველი ბერძენისთვის სეზონური ცვლილებები მარტივად „იხსნებოდა“ იმით, რომ დედა გლოვობდა ქვესკნელში გატაცებულ ქალიშვილს. ზღაპრის მსმენელმა კი იცის, რომ ის გამოგონილ, არარეალურ, ჯადოსნურ ამბავს ისმენს. შესაბამისად, მითის ფუნქცია სამყაროს ახსნაა, ზღაპრისა კი – გართობასთან ერთად სწავლება/შემეცნება).
  6. სად იმარჯვებს კეთილი და მარცხდება ბოროტი? უმეტესად რომელ მხატვრულ ფორმაშია დაცული ეს კანონზომიერება? (ზღაპრებისთვის ბოროტი ძალის დამარცხება უმნიშვნელოვანესი ასპექტია. მითებში ეს კანონზიმიერება არ გვხვდება. კეთილი, მამაცი გმირები იქ ხშირად იღუპებიან ან უბედურებას გადაეყრებიან ხოლმე, მარცხდებიან ან დასახულ მიზანს ვერ აღწევენ. ასეთი რამ ზღაპარში იშვიათია, რადგან ზღაპრის დანიშნულება მორალური ორიენტირების დასახვაც არის. ზღაპრებში მოქმედი გმირების გზაზე არსებული უამრავი დაბრკოლებაა ასახული, მაგრამ იმავდროულად ნაჩვენებია მათი გადალახვის გზებიც. ამ მხრივ ზღაპარს სოციალური/შემეცნებითი/აღმზრდელობითი დანიშნულებაც ჰქონდა. ბედნიერი დასასრული ამ შემთხვევაში საკვანძო მოცემულობაა).

 

მოცემულ კითხვებზე პასუხების მიღების შემდეგ მასწავლებელი ან თავად ავსებს ვენის დიაგრამის გრაფებს, ან მოსწავლეებს სთხოვს მათ რიგრიგობით შევსებას. საბოლოოდ მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროები შეივსება განმასხვავებელი ნიშან-თვისებების ჩამონათვალით, საერთო გრაფაში კი მოსწავლეებს შეუძლიათ ჩაწერონ ის საერთო, რაც მითსა და ზღაპარს შორის დაინახეს, და კლასს წარუდგინონ. კარგი იქნება წყვილებად ან ჯგუფებად მუშაობაც.

 

მოსწავლეები ხშირად ინტერესდებიან იმით, რა განსხვავებაა დღესდღეობით ძალიან პოპულარულ ფენტეზის ჟანრსა და ფანტასტიკას შორის. ამ საკითხის დამუშავება ვენის დიაგრამის გამოყენებით თვალნათივ წარმოაჩენს განსხვავებებს ორ, ბგერობრივად მსგავს, შინაარსობრივად კი სრულიად განსხვავებულ ჟანრს შორის.

 

ჩვენ მიერ ვენის დიაგრამაზე დატანილი ცნობები ასევე საორიენტაციო ხასიათისაა. მოსწავლეებს ფანტასტიკური და ფენტეზის ჟანრის ტექსტების შედარების საფუძველზე შეუძლიათ თავად გამოიტანონ დასკვნა, რომ ფანტასტიკურ ტექსტებში აღწერილი არარეალური ამბები მეტი „დამაჯერებლობით“ გამოირჩევა და ავტორები ცდილობენ, თხრობა ლოგიკური ან ფსევდოლოგიკური, მეცნიერული ან ფსევდომეცნიერული სტილით წარმართონ, ფენტეზის ჟანრის ტექსტებში კი მოვლენების ლოგიკური ახსნა არ გვხვდება, რადგან მკითხველმა იცის, რომ ჯადოსნურ, მაგიურ, ირეალურ სამყაროში იწყებს მოგზაურობას. მიმართება დაახლოებით იგივეა, რაც ზღაპრის შემთხვევაში, როდესაც მსმენელები წინასწარ იყვნენ განწყობილნი გამოგონილი ამბების მოსასმენად. ნიშანდობლივია ისიც, რომ ფენტეზის ჟანრის ტექსტებში ზღაპრული, მაგიური, ჯადოსნური მოტივები და ატრიბუტები ხშირია. ასევე ვხვდებით ალუზიებს მითოლოგიიდან, ზღაპრებიდან. ფანტასტიკურ ტექსტებში კი ალტერნატიულ სამყაროს ვეცნობით. ავტორი ყოველთვის ცდილობს, დააჯეროს მკითხველი და უხსნის მას ფანტასტიკური დაშვების წინაპირობას (რატომ არის ისე, როგორც არის, რა მოხდა, რამ გამოიწვია ის არსებითი ცვლილებები, რომლებიც აღწერილია ტექსტში).

ვენის დიაგრამის შევსების შემდეგ, მასალის განსამტკიცებლად, სასურველია, მოსწავლეებმა შეასრულონ წერითი დავალება, სადაც ისინი განავრცობენ მიღებულ ცნობებს, მიმოიხილავენ მოცემულ საკითხებს, მოიყვანენ კონკრეტულ მაგალითებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი