პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ცუდი შვილები

არ ვიცი, სხვაგან როგორ ხდება, მაგრამ ჩემს სამეგობროში გოგოები დაუფარავად ვსაუბრობთ ჩვენი ასაკში შესული დედების ქცევებზე (ალბათ იმიტომ, რომ უმეტესობას მამები არ გვყავს, თორემ სხვა სამეგობროებში მამებზეც საუბრობენ), უფრო კონკრეტულად, იმ ქცევებზე, რომლებიც გვაღიზიანებს და რომელთა რიცხვიც, თითქოს ჩვენს ჯიბრზე, დღითიდღე სულ უფრო მატულობს წლებთან ერთად. დამეთანხმებით, არ არის ადვილი თუნდაც უახლოეს მეგობართან საკუთარ მშობელზე ლაპარაკი, მაგრამ ერთხელაც, ვერც ჩვენმა „ჭირმა დამალა  თავი“. ჯერ ფრთხილად, მორცხვად, გადაკვრით, მინიშნებით, შემდეგ კი ერთმანეთის წაქეზებით თუ მხარის აბმით, ყველამ ამოვთქვით სათქმელი, რომლის გამოც, თითოეულ ჩვენგანს ყველაზე უღირს შვილად მიაჩნდა თავი. ისიც მალევე გაირკვა, რომ ამ პრობლემიდან თავის დასაღწევად არც წიგნების და სტატიების კითხვა დაგვზარებია, ფილმიც ბევრი გვინახავს და ზოგიერთი ჩვენგანი ფსიქოლოგთან და მოძღვართანაც წასულა შვების მოსაგვრელად, მაგრამ ბოლოს მაინც ყველამ ერთხმად ვაღიარეთ, რომ ასეთ დროს ყველაზე დიდი შვება,  სწორედ შენნაირ მდგომარეობაში მყოფ ადამიანთან საუბარი და მისთვის გულის გადაშლაა.

მინდა, ამ  ქცევებიდან რამდენიმე ჩამოვთვალო, რომელიც ყველაზე მეტად გვაღიზიანებს. მაგრამ მანამდე ვიტყვი, რომ ამაში დამნაშავე, პირველ რიგში, მათი ასაკია, ანუ სიბერე – „ყველა ჭირზე უფრო ძნელი ჭირი“ (რომელიც, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ მათი ბრალი სულაც არ არის,  მაგრამ, რა ვქნათ, გვაღიზიანებს); გვაღიზიანებს ცხელი ჩაის ან წვნიანის  კოვზით დიდხანს გაცივება და მერე მათი იმხელა ხმით ხვრეპა, რაზეც ბავშვობაში თავადაც არაერთხელ მიუთითებიათ სახლში ხმამაღლა, ხოლო სტუმრად ყოფნისას – თვალების ან მკლავებზე ხორცის გადატრიალებით (და ასეთ დროს, მოთმინების ფიალაავსებული, რომ არ დაგვეყვიროს, ხშირად უჭმელი ვდგებით მაგიდიდან); გვაღიზიანებს მათ მიერ გარეცხილ ჭურჭელზე შერჩენილი ცხიმი, რომლის აღმოჩენისასაც, განსაკუთრებით, თუ სტუმრები არიან სახლში, გულში ვიქადნებით, რომ თუ ახლა გადავურჩით სირცხვილს, აღარასოდეს არაფერს გავარეცხინებთ; გვაღიზიანებს ჭამის დროს  თეფშის გვერდით ჩანგლის „ფასონად“ დება და მთელი კვირის დამშეულივით საჭმლის ხელით ჭამა; გვაღიზიანებს უკბილო პირის წკლაპუნი ან პროთეზის  პაკუნი, რომელსაც ყურებზე ჩვენი ხელების აფარება (ოღონდ დედა ვერ უნდა მიხვდეს, რომ ეს მის გამო ხდება) და ნატვრა მოჰყვება, ღმერთო, რა იქნებოდა, კბილები არ ფუჭდებოდეს, ან მათთვის იმპლანტანტის ჩასმის საშუალება გვქონდეს! და მით უფრო აუტანელია ეს განცდა, როცა იცი, რომ თავადაც ცუდად გაქვს უკვე კბილების საქმე და შეიძლება რამდენიმე წელიწადში შენც ამავე მდგომარეობაში აღმოჩნდე; გვაღიზიანებს ჩუმჩუმად უზომოდ ბევრი ტკბილეულის  ჭამა, განსაკუთრებით, თუ დიაბეტი აქვთ; გვაღიზიანებს მუქი ქვედაკაბების სათავიდან ან ბოლოებიდან თეთრად ან ვარდისფრად გამოკრეჭილი „პოდიუბკები“ და „ჟორსეს“ პერანგები (თუმცა ამის დანახვაზე ზოგჯერ ისე გვიჩუყდება გული, რომ თუ იმ დღისით სხვა არაფერს გავუღიზიანებივართ, მივდივართ და ჩვენივე ხელით ვუსწორებთ); გვაღიზიანებს სულ „ცივა-ცივა“-ს ძახილით ფენა-ფენა, აჯაჯული ტანსაცმლით სიარული  და წინდების უკუღმა ან ცალ-ცალი ჩაცმა; გვაღიზიანებს ინდური და თურქული სერიალების ყურება და ტელევიზორის ისეთ ხმაზე აწევა, რომ სახლში მისულებს კარს ზოგჯერ ნახევარი საათის დაგვიანებით გვიღებენ: ჯერ ზარის ან კაკუნის ხმა არ ესმით, ხოლო როცა გაიგებენ, ამის შემდეგ კიდევ იმდენ ხანს მოდიან, იმდენ ხანს ისმის მათი ფლოსტების ფლარტუნის ხმა, რომ მზად ვართ, გავბრუნდეთ და აღარასოდეს დავბრუნდეთ უკან. და როცა, ადრე თუ გვიან, კარში საკეტი გაჩხაკუნდება, უკვე ისე უთავმოყვარეოდ ვართ აღშფოთებულები, რომ  პირგამეხებულები აქეთ-იქით ვისვრით ჩანთას, ფეხსაცმელს, დორბლებს, და გაჩენის დღეს ვიწყევლით იმის გამო, რომ ყველა ისე ცხოვრობს, როგორც უნდა, ჩვენ კი იმის უფლებაც არ დაგვიტოვეს, რომ კარი შიდა საკეტით არ იყოს ჩაკეტილი და ჩვენი შინ დაბრუნება მთელმა კორპუსმა არ გაიგოს; და ყველაზე უფრო გამაღიზიანებელი, მომაკვდინებელი და საკონტროლო გასროლის ტოლფასი, ეს არის ჩვენი წარმოუდგენლად საშინელი აგრესიის დროსაც კი, მათი მზრუნველი და იმავდროულად, დამნაშავე თვალების დანახვა.

რა გინდა რომ ქნა ამ თვალების შემხედვარემ? არაფერი, გარდა იმისა, რომ იმ წამსვე აორთქლდე, გაქრე, დასრულდე, მოუსავლეთში წახვიდე, დაიძინო და აღარ გაიღვიძო,  ჰარაკირი გაიკეთო ან ფანჯრიდან გადახტე (თუ, რა თქმა უნდა, მაღალ სართულზე ცხოვრობ)… და კიდევ სხვაც ბევრი ალტერნატიული ვერსია დაგირბის თავში ძალაგამოცლილს და გაცამტვერებულს. სინამდვილეში კი რას აკეთებ? რას და, რისი გაკეთებაც ყველაზე გონივრულია ამ დროს:  მეგობრებთან მიდიხარ გულის გადასაშლელად, ან თუ ამას ვერ ახერხებ, იკეტები შენს ოთახში (თუ ასეთის ბედნიერება გაქვს), ტელეფონზე ურეკავ ისევ რომელიმე მათგანს და უყვები შენს განცდებსა თუ განსაცდელებზე (შიგადაშიგ წაუტირებ კიდეც ცოტას. მეგობართან შეიძლება ამის გაკეთება).

ვიცი, ჩვენსავით ბევრს გაწუხებთ ეს პრობლემა, მაგრამ გიჭირთ ამაზე საუბარი, რომ არ შეგაჩვენონ, შინაბერობა არ დაგწამონ, ნათქვამი ქვეყანას არ მოსდონ და მშობელი დედის „სიძულვილში“ არ დაგადანაშაულონ. მაგრამ უნდა გაბედოთ და სხვებიც მალევე აგყვებიან. რაღაც პერიოდის შემდეგ კი მსგავს საუბრებს იუმორით გაახალისებთ და ცხოვრებაც ისე საშინელი აღარ მოგეჩვენებათ. თანაც, ახლა თქვენ უკვე გყავთ „თანამოაზრეები“, რომლებიც ზუსტად ისე გაიგებენ თქვენს ნათქვამს, როგორც ამბობთ: რომ ამ ნათქვამის ხმამაღლა გაჟღერების მიზანი დედის დამცირება ან მისი ცუდი მხარეების საქვეყნოდ გამომზეურება კი არა, საკუთარი თავის თერაპიაა იმ რეალობის გასაძლებად, რომელშიც გიწევთ ცხოვრება.

მიუხედავად იმისა, რომ „მსხვერპლის“ როლში  ჩვენივე სურვილის საწინააღმდეგოდ აღმოვჩნდით (ან ასე გვგონია), ჩვენ მაინც არ უარვყობთ იმას, რომ ცუდი შვილები ვართ, ოღონდ არა – სულელები, რადგან  ბევრი გვიფიქრია იმაზე, თუ რატომ ხდება ასე, რატომ გვჭირს ის, რაც გვჭირს, და ცხადია, ამ კითხვებზე პასუხებიც გვაქვს. პირველ რიგში ეს იმის ბრალია, რომ ჩვენ იდეალური შვილები არ  ვართ (სიმართლე თუ გაინტერესებთ, არც გვინდა, რომ ვიყოთ).  ამის გარდა კი, სხვა უამრავი ობიექტური (სუბიექტური ალბათ უფრო ნაკლებად) მიზეზიც არსებობს: ჩვენ ცუდი დროის შვილებიც ვართ, დაღლილი, დანევროზებული შვილები, ქვეყნისა და  ხელისუფლებებისგან შეურაცხყოფილი შვილები, ოცნებაჩაკლული, ჯანმრთელობაგანადგურებული შვილები; ის შვილები, რომლებსაც გაქცევა შეეძლოთ, მაგრამ საზღვრები არ გადაკვეთეს ბევრი მიზეზის, მათ შორის, იმავე დედების (მშობლების) ვერმიტოვების გამო; ჩვენ ვართ შვილები, რომელთა უმეტესობა ვერ გათხოვდა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოტენციური ქმრები გაურკვეველმა ომებმა შეიწირეს და რომლებმაც, ისევ დედების (ოჯახის) ღირსება რომ არ შეელახათ, თავიანთი  საკუთარი შვილებიც კი ვერ გააჩინეს (ერთეულებმა მოახერხეს ამის გაკეთება, მაგრამ უმრავლესობა მხდალები აღმოვჩნდით და შეგვინდეთ ეს სისუსტე!). ჩვენ ისიც ვიცით, რომ არც ისე ბევრი დრო  გავა და მწარედ ვინანებთ ჩვენს აგრესიულ განწყობას (იმაზე უფრო მტკივნეულად, ვიდრე ახლა ვნანობთ), ხოლო როცა ჩვენი დედების ასაკისები გავხდებით, თავადაც გავიმეორებთ მათ  ქცევებს, ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ ჩვენ არ გვეცოდინება, ვის გააღიზიანებს ჩვენი ქცევები – ჩვენ ხომ ჩვენი საკუთარი „ცუდი შვილებიც“ კი არ გვეყოლება. და  მიუხედავად იმისა, რომ  ეს ყველაფერი ვიცით, მაინც გვიჭირს კარგად მოქცევა (ესეც მოგვიტევეთ!).

ნეტავ, საერთოდ არსებობენ იდეალური შვილები? და თუ არსებობენ, როგორები არიან ისინი? ახალგაზრდობიდანვე კარიერისკენ ისწრაფიან და უნდათ კარგი სამსახურები და ბევრი ფული იშოვონ? ყველა ასაკსა და სიტუაციაში  მშვიდდები და გაწონასწორებულები არიან? მშობელ დედას მუდამ ერთი და იმავე ფორმით –  „დედიკო“, ან „საყვარელო დედა“ – მიმართავენ, რომელსაც ემოცია არც ემატება და არც აკლდება? უნდა გითხრათ, რომ ჩვენ, ცუდი შვილები და გოგოები, ვერ ვიტანთ ასეთ ფშუტე და ფუტურო ურთიერთობას და ასეთობას ისევ ჩვენნაირობა გვირჩევნია. ჩვენ იდეალურები არ ვართ, მაგრამ, სამაგიეროდ, სხვა ღირსებები გაგვაჩნია: ყოველთვის შეგვიძლია ბოდიშის მოხდა,  უძღები შვილის სინანულიც  ვიცით და დედებთან ათასი ჩახუტების დამტევი ერთი უხერხული ჩახუტებაც, რომელიც შესაძლოა, წამზე ნაკლებ ხანს გრძელდება მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ურთიერთობის სტილი არ ცნობს ასეთ ბანალურ  ფრაზებს:

„- მაპატიე, დედა, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ.

– მეც ძალიან მიყვარხარ, შვილო“…

ჩვენ, ცუდმა შვილებმა, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ისეთი შვილებიც არსებობენ, სულ მუდამ თვალებში რომ შესციცინებენ დედებს. თუმცა, უფრო ხშირად, „შვილები არ არიან“ მშობლებისთვის, ისინი მაინც უფრო თავისთვის არიან (თუ მისცეს ამის უფლება). რადგან სიტყვამ მოიტანა, ვიტყვი, რომ ამ სტრიქონების ავტორი, მგონი, მართლა იყო  იდეალური შვილი. აქ აღარ ჩამოვთვლი, რამდენი გულმდუღარე ამბავი გვაკითხა „ბესიკ-ბესო“ ხარანაულმა დედაზე – თუ ახალგაზრდამ, თუ ასაკში შესულმა, თუ „8-10-ისამ“, თუ „14-15-ისამ“, და კიდევ ბევრმა სხვა მწერალმაც (ისეთებიც ვიცი, დედას რომ დასანახად ვერ იტანდნენ სიცოცხლეში), მაგრამ მწერლობა მაინც მწერლობაა, და საკმაოდ შორსაა რეალური ცხოვრებისგან.

თუ თქვენ ცუდი შვილების მსგავსი არა ხართ და მშობელ დედას გულშიც კი არასოდეს გასწყრომიხართ, მაშინ გვაპატიეთ, რომ „დაგაბრკოლეთ“ და სულ სხვა რაკურსით გაგახედეთ, თან კი გილოცავთ – თქვენ „აქ“ ღვთისთვის სათნოდ გიცხოვრიათ და, ალბათ, როცა ამის დრო დაგება, „იქაც“, ანგელოზთა დასში ჩაგრიცხავენ. ხოლო იმათ, ვისაც ჩემი და ჩემი მეგობრების მსგავსი განცდები გაქვთ, გირჩევთ, რომ ფიქრით და თვითგვემით ნუ დაიავადებთ თავს. ასეთ დროს, მეგობრები და იუმორი მოიშველიეთ  და რაც შეიძლება ხშირად, „კარჩაკეტილი ცხოვრებიდან – გამოდით მზეზე“.  თანაც, ნურც იმას დაივიწყებთ, რომ ეს ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტეებია, რომელიც თვით ქრისტესაც კი ჰქონდა. და თუ სულ ცდილობთ, მაგრამ მაინც ვერ უმკლავდებით აგრესიას და გამუდმებით იტანჯებით ამის გამო, მაშინ თქვენც მოსალოცად გქონიათ საქმე –  მეხუთე მცნება კარგად გხსომებიათ!

P.S. დაბოლოს, რადგან იმაზე მეტად გულახდილი ვიყავი და იმაზე მეტი ვიფილოსოფოსე, ვიდრე საჭირო იყო, იმ იმედით გემშვიდობებით, რომ ოდესმე შევძლებ ცუდი შვილის და ავტორის შელახული რეპუტაციის აღდგენას.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი