შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ფოთოლი იძირება, ქვა მიცურავს

ოდესმე დაინტერესებულხართ, რატომ იძირება ზოგჯერ ფოთოლი, ქვა კი ზედაპირზე მიცურავს?  არ შეგინიშნავთ? მდინარეში კი არა, ცხოვრებაში… ადამიანი წვალობს, შრომობს, ნიჭიც და ცოდნაც მოსდევს და არაფერი… სრულიად არაფერი… ფოთოლივით იძირება… აი, ვიღაც მავანი კი, რომელიც არც არაფრით გამოირჩევა, ტალღებზე ყოჩაღად ტივტივებს, ამისთვის ხელსაც კი არ აპარტყუნებს და, რაც მთავარია, ნელ-ნელა იფერებს ზედაპირზე ყურყუმელაობას.

მე ბევრჯერ მინახავს… ეტყობა, იაპონელებმა ჩემზე ადრე შენიშნეს და ანდაზაც  შეთხზეს: ზოგჯერ ფოთოლი იძირება, ქვა კი მიცურავსო.

სხვა ანდაზაც აქვთ – მოღიმარ  სახეს ძნელია ისარი ესროლოო… ანუ, თუ ადამიანი იღიმის და კეთილგანწყობას გიჩვენებს, როგორ უნდა მოგიტრიალდეს ხელი ისრის სასროლადო?

ღიმილი რამდენიმენაირია. ერთი მართლაც გულწრფელია და ეს ანდაზაც ალბათ, სწორედ მასზეა. ასე ბავშვები, დედები  და ცხოველები იღიმებიან, კიდევ სუფთა გულის ადამიანები, რომლებიც ძალიან ცოტანი არიან, მაგრამ – ხომ არიან.

სხვა ღიმილი ყალბია, სერიიდან „თეთრი კბილი და შავი გული“, თუმცა, ამ შემთხვევაში „თეთრ კბილზეც“ მადლობლები უნდა ვიყოთ და ჰქონდეთ „შავი გული“. მთავარია, ეს „სიშავე“ გარეთ არ გამოიპაროს და მოქმედებაში არ მოვიდეს.

ხელოვნური, ე.წ. დაყენებული ღიმილიც არსებობს. ამ შემთხვევაში არავითარი შავი გული არ არის, გულში არც არის იმ ადამიანის ადგილი, ვისაც უღიმიან. უბრალოდ, გზად შეხვდათ, ხელოვნურად, მექანიკურად გაუღიმეს, გზა განაგრძეს და უკვე გადაავიწყდათ, ვინ შეხვდათ ან ვის გაუღიმეს. ასეთ ღიმილებს  უცხოელების სემინარებზე შეხვდებით. ერთხელ ამერიკელმა ტრენერებმა დანახვისთანავე  ხელები გამიშალეს, მთელი სახე ღიმილად აქციეს და ჩემს გულში ჩაკვრას არაფერი დააკლდათ. კინაღამ ვიფიქრე, ჩემი ნახვით ცხოვრების ყველაზე დიდი ოცნება აიხდინეს-მეთქი.

თუმცა, ღიმილებს დავუბრუნდეთ.

ზოგჯერ ადამიანი ღიმილით ან სიცილით რაიმეს დამალვას ცდილობს, მაგალითად, ცუდი განწყობის, დარდის ან თუნდაც დანაკარგის. ამიტომ, ყოველ ჯერზე შეიძლება გაღიმებულს კი არა, მოკისკისესაც გადააწყდე. ამაზე ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ათიდან რვას სულაც არ ეცინება, დარჩენილ ორს კი შეიძლება მართლაც სასაცილოდ ჰქონდეს საქმე.

ასეა თუ ისე, სიცილი ტირილს ყოველთვის სჯობს. დაე, სულ გაცინებულ ადამიანებს შევხვდეთ, სიცილის ხარისხი კი თავადვე განვსაზღვროთ და, შესაბამისად, მოვიქცეთ, ანუ ჩვენც გავუცინოთ.

ღიმილზე, სიცილზე და მათ დახარისხებაზე ტყუილად არ დამიწყია საუბარი. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ესპანეთის მეფე ფილიპე მეორე ღიმილის დიდოსტატი ყოფილა. მის  დახარისხებასაც კარგად ფლობდა და პრაქტიკაშიც წარმატებით იყენებდა. ეს კაცი ვინ იყო და რა უნდოდა, ადრე სტატიაში დავწერე  (იხ. ტერმინალში დაწერილი ამბავი https://mastsavlebeli.ge/?p=3950). აქ უბრალოდ, კვლავ გავიმეორებ, რომ მეფე იყო, ალქიმია აინტერესებდა, დიდი ალქიმიური აკადემია შექმნა და მსოფლიოს ყველა კუთხიდან იწვევდა ალქიმიკოსებს, რათა ოქრო და ელექსირი მიეღოთ. ცდებს თავადაც აკეთებდა და უპირველეს ელექსირად გამოხდილი წყალი მიაჩნდა. სიცილ-ღიმილის დიდოსტატი იყო-მეთქი და ერთ-ერთი კატეგორიის ღიმილით თავის გასაჭირსაც  მალავდა.

პოდაგრა სტანჯავდა, რაც შეეძლო ებრძოდა და მთელი იმედები ვარდის ფურცლებჩაყრილი გამოხდილი წყლის სმაზე ჰქონდა დამყარებული. მისი აზრით, ეს იყო ელექსირი. ვერ უშველა…

სახელწოდება „პოდაგრა“ წარმოსდგება ბერძნული სიტყვებიდან: pous-ფეხი,  agrios – მკაცრი, საშინელი. დაავადება უძველესი დროიდან ცნობილია. მის განვითარებას უკავშირებენ კვების გარკვეული პირობების შედეგად პურინნუკლეოტიდების მოშლას. მიიჩნევდნენ, რომ პოდაგრას იწვევდა დიდი ხნის განმავლობაში ისეთი საკვების მიღება, რომელიც პურინის შემცველი ნუკლეოტიდებით არის მდიდარი (ნუკლეინის მჟავების დაშლის შედეგად წარმოიქმნებიან). ასეთ საკვებად მიაჩნდათ ხორცეული, ღვიძლი, თირკმელი, პომიდორი, ბადრიჯანი და სხვა. ამჟამად, კვებითი ფაქტორი არ შეიძლება ჩაითვალოს პოდაგრის გამომწვევ მიზეზად. იგი მხოლოდ მიდრეკილების შემთხვევაში მის გამოვლინებას უწყობს ხელს. პოდაგრა X ქრომოსომასთან შეჭიდული რეცესიული ტიპის მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომლის მიზეზია პურინნუკლეოტიდების მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტების გენეტიკური დეფექტი, რის გამოც ადგილი აქვს პურინნუკლეოტიდების de novo (ხელახალი) სინთეზის გაძლიერებას.

საკვებზე ჩამოვარდა სიტყვა, „კილკა“, „ანჩოუსი“, იგივე ქაფშია, პურინების შემცველობის მწვერვალია. ამიტომ მისი გადაჭარბებული მიღება, პოდაგრის გამოვლინებასაც ხელს შეუწყობს და ზედმეტი პურინებისგან წარმოქმნილი შარდმჟავას კრისტალების სახსრებში დაგროვებით მათ ტკივილსაც გამოიწვევს. ჩვეულებრივ, სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციაა 0,18-0,24 მმოლი/ლ (3-4მგ %), პოდაგრის დროს კი-0,36 მმოლი/ლ (6 მგ %). სახსრებში დაგროვილი კრისტალების გარშემო ანთებითი პროცესები მიდის და, ე.წ. პოდაგრული კვანძები წარმოიქმნება. აღსანიშნავია, რომ პოდაგრული შეტევის დროს შარდში შარდმჟავას რაოდენობა ნორმალური რჩება და მხოლოდ შეტევის შემდეგ მატულობს. შარდმჟავას მარილების დაგროვება თირკმელებშიც ხდება, რაც კენჭების წარმოქმნას იწვევს.

სახსრების, ტკივილისა და საკვების თემას თუ გავაგრძელებთ, თურმე, მზესუმზირის ზედმეტი კნატუნიც სახიფათო  ყოფილა.

მზესუმზირა ცუდი სულაც არ არის და მის 100 გრამში E ვიტამინის სამი დღის ნორმის მარაგი შედის. თუმცა… მზესუმზირის 100 გრამი ასევე შეიცავს ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავას 75 მგ-ს, ის კი სახსრების ზედაპირზე  ლაგდება და მათ ანთებას, შესაბამისად, ტკივილს იწვევს.

ტერმინმა „ომეგა“, არ დაგაბნიოთ. ომეგა-3 მჟავები ძალიან გვჭირდება, რასაც ვერ ვიტყვით ომეგა-6-ზე. ის პოლიუჯერი მჟავების კლასს წარმოადგენს, სადაც ათი სხვადასხვა მჟავა შედის. მათგან უფრო მნიშვნელოვანი ლინოლენ და არაქიდონმჟავებია და ომეგა-3 მჟავებთან ერთად ეფექტურად მოქმედებენ.  ომეგა-3 და ომეგა-6 ორგანიზმში საკვებთან ერთად ხვდება. მათი მეშვეობით რეგულირდება ქოლესტეროლის დონე სისხლში, რაც ათეროსკლეროზს აგვარიდებს. აუმჯობესებენ კანისა და თმების მდგომარეობასა და გარეგნულ იერს. მონაწილეობენ ქსოვილების რეგენერაციაში. თუმცა ეს ყველაფერი მეტწილად ომეგა-3-ზე უფრო ითქმის. ის კი არა, 2009 წელს გამოიცა რობერტ ბრაუნის წიგნი, რომელსაც ავტორმა კითხვის შემცველი სათაური დაარქვა- „ომეგა-6 – ეშმაკეული მჟავა?“.

თუმცა, აქ დასკვნა ერთია და ის ჯერ კიდევ ავიცენამ დაწერა თავის „სამედიცინო ტრაქტატში“ – აკრძალული საკვები არ არსებობს, მხოლოდ ნორმის დაცვაა აუცილებელი. ჰოდა, ჩვენც გადაბმულად ნუ გავაკნატუნებთ მზესუმზირას, დოზირებულად მივირთვათ.

კვლევების თანახმად, კიდევ ერთი პროდუქტი,  რომელიც სახსრების ტკივილის პროვოცირებას იწვევს, ყველი „პარმიზანი“ ყოფილა. ამ ტიპის ყველში ყველაზე დიდი რაოდენობითაა კალციუმის იონები, რომლებიც ნორმაში სასიცოცხლოდ აუცილებელია, გადამეტებული რაოდენობით კი – სახსრებში ლაგდება. ზოგადად, ის კუნთის შეკუმშვაში მონაწილეობს, მაგრამ გადაჭარბებული კონცენტრაციისას მის სპაზმს იწვევს. სხვათა შორის, ლობიოსა და პარკოსნებშიც ასევე მომატებული რაოდენობითაა.

პირადად მე პარმიზანს არ გეახლებით, უფრო მეტიც, არც კი გამისინჯავს. თუმცა დავინტერესდი და ვიცი, რომ მისი წარმოება ყოველწლიურად პირველ აპრილს იწყება და სადღაც 11 ნოემბერს სრულდება. ამის შემდეგ, ყველი 12-36 თვე მწიფდება და როგორც მწარმოებლები ირწმუნებიან, ტყის კაკლის სურნელი ახლავს თან. 1 კგ ყველის დასამზადებლად 16ლ რძე ყოფილა საჭირო. ერთი თავი ყველის საწარმოებლად კი – 550 ლიტრი რძე. თავად რძეს იტალიის პროვინცია პარმაში აწარმოებენ. ყველი მომწიფდა თუ არა, ამას სპეციალური „ყურის“ მქონე ადამიანები ამოწმებენ. ვერცხლის პატარა ჩაქუჩებით ყველის თავს დაუკაკუნებენ და მიაყურადებენ. თუ ხმა მოეწონებათ, ყველიც მომწიფებულად ჩაითვლება. თუმცა, ამის შემდეგ, ყველი კიდევ ერთი წელი არ უნდა გაიჭრას. პარმიზანზე ინფორმაციის კითხვისას, გავიგე, რომ მოლიერს ჰყვარებია ძალიან და დიდი რაოდენობით მიირთმევდა. მაშინვე დავინტერესდი, სახსრები თუ აწუხებდა, მაგრამ ამ ამბავს ვეღარსად  მივაგენი და ძებნისთვის აღარ გადამიდია თავი.

ბავშვობაში დედასთან ერთად ლიკანში დავდიოდი. მაშინდელი ლიკანი სხვა იყო, კამკამა ჰაერით და სუფთა წყლით… სანატორიუმიდან  მუდმივად  ექსკურსიები იმართებოდა. ჩვენც სულ დავდიოდით და ხან საფარისკენ გვქონდა გეზი, ხან ვარძიისკენ, ერთხელ ქუთაისსაც ვესტუმრეთ. სანატორიუმს თავისი ფოტოგრაფი ჰყავდა – სახელად ვიტალი. ბულგარელი იყო, მაგრამ ოჯახთან ერთად საქართველოში ბავშვი ჩამოსულა და ასეც შემორჩენილა ჩვენთან. ყველა ექსკურსიას თან დაჰყვებოდა და სულ იცინოდა. სიცილი ოდნავ დაყენებული ექნებოდა. აბა, დაბღვერილი ფოტოგრაფი ვის რად უნდოდა. თავადაც „უშნოდ“ იცოდა გადაკიდება:

  • „აბა, გავიცინოთ, გავიცინოთ. გოგო, შენ მაინც გაიღიმე…“, შეუტევდა ვინმე სერიოზული გამომეტყველების მქონეს.

ჰო, ვიტალი ფოტოებს ყველას გვიღებდა. შემდეგ მას, ბუნებრივია, ვყიდულობდით. ეს ახლა ვაჩხაკუნებთ  დაუზარებლად ტელეფონ-პლანშეტ-ფოტო აპარატებს, თორემ მაშინ, ფოტოებს მხოლოდ ვიტალი იღებდა.

ერთხელ, ვარძიაში ყოფნისას ერთ ქალბატონს წელი ასტკივდა, ოხრავდა, ამდენმა მოხრილმა სიარულმა მომსპოო (ვარძიის გამოქვაბულებში სიარულს გულისხმობდა). ჯერი ჯგუფურ სურათზე მიდგა და ვიტალიც აყვირდა:

  • „ვიღიმებით, ვიცინიით, ყველანი ვიცინიით“.

ეტყობა, ეს ქალი სერიოზული სახით იდგა და ვიტალიმაც არ დააყოვნა:

  • „ქალბატონო, ყველაფერს გაფიცებთ, ძალიანაც, რომ გტკიოდეთ ეგ წელი, ახლავე გაიცინეთო“…

ჰოდა, ვიტალის პერიფრაზს გავაკეთებ:

  • „ამდენი მზესუმზირის კნაწუნით, სახსრებიც, რომ გტკიოდეთ, ყველაფერს გაფიცებთ, გაიცინეთ!“

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი