შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ჩვენი სკოლის ეზო

რისთვის აქვს სკოლას ეზო? ერთი შეხედვით სასაცილო კითხვაა, აი, დაახლოებით ისეთი -რა კავშირია ჩაისა და ჩაიდანს შორის ან რატომ თამაშობენ ფეხბურთს ბურთით. მაგრამ ეს კითხვა მაინც უნდა დავსვა, რადგან სპორტის იშვიათი გაკვეთილების გარდა ( ისიც მხოლოდ თბილ დღეებში) იშვიათად ვნახავთ ჩვენს სკოლის ეზოებში ჩატარებულ გაკვეთილებს, საგანმანათლებლო თამაშებს თუ უბრალოდ, სასიამოვნო დასვენების პროცესს. არადა, სკოლის ეზო შეიძლება ისეთივე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო სივრცე იყოს, როგორვ სკოლის ლაბორატორია, ფიზიკისა თუ ბიოლოგიის კაბინეტები.

მაგალითად, მარტივად, ზედმეტი ფინანსური რესურსის გარეშე შეგვიძლია ვაქციოთ ჩვენი სკოლის ეზო სენსორულ ბაღად.
სენსორული ბაღი სივრცეა, სადაც შეგრძნებისა და შემეცნების პროცესი ერთმანეთს უკავშირდება, ამ ბაღში ყოველი დეტალი, მცენარე, მასალა, ნივთიერება, სათამაშო, როგორც შემეცნებით, ისე თერაპიულ ფუნქციას ითავსებს. სენსორული ბაღი მნიშვნელოვანი კომპონენტია ბავშვის განვითარებისათვის, ხოლო აუტისტური სპექტრის და სხვა დარღვევების დროს თერაპიისა და განვითარების შეუცვლელ რესურსს წარმოადგენს.
სხვა ბაღებისგან განსხვავებით, სენსორული ბაღი ადამიანისა და მცენარის კონტაქტს ემყარება, აქ ყველა გრძნობა აქტიურდება, შედეგი კი – შთაბეჭდილებაზე დამყარებული შემეცნებაა. შესაძლებელია, სენსორული ბაღი რომელიმე კონკრეტულ გრძნობას ეძღვნებოდეს, მაგალითად, მხოლოდ შეხებას, ანდა ხუთივე გრძნობის გააქტიურების საშუალებასაც იძლეოდეს, შესაბამისად, ასეთი ტიპის ბაღი უფრო მრავალფეროვანი და რთული სტრუქტურისაა.
სენსორული ბაღი რამდენიმე ნაწილისგან შედგება:
1. მცენარეების ნაწილი
ბაღის ფლორა ხუთი გრძნობის მიხედვით ხუთ პირობით სივრცედ იყოფა:
ა. ყნოსვა:
ამ ნაწილში მოთავსებულია მცენარეები ყველაზე გამოკვეთილი, ადვილადსაგრძნობი სურნელით, მაგალითად: როზმარინი, პიტნა, დაფნა, ლემონგრასი, ლავანდა, ვარდი, ბაზილიკი, კამა, ციტრუსები და სხვა.
ბ. შეხება:
ამ განყოფილებაში გვხვდება სხვადასხვაგვარი ზედაპირის მცენარეები, პრიალა, ბუსუსოვანი, ეკლიანი, ხავერდოვანი – კაკტუსები, ათასგვარი ხავსი თუ სეკულენტები.
გ. გემო – მცენარეები გამოკვეთილი გემოვნური თვისებებით, რასაკვირველია, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო, როგორიცაა, მჟაუნა, პიტნა, მარწყვი, სამყურა, ბაზილიკი, რეჰანი, ოხრახუში, სამყურა, ნიახური, მარწყვი და სხვა.
დ. სმენა – ამ ნაწილის შექმნა ყველაზე რთულია და აქ მხოლოდ მცენარეები საკმარისი არ არის, ვიყენებთ ხმაურიან და ჟღარუნა სათამაშოებს, ზანზალაკებს და ისეთ მცენარეებს, რომლებიც ყველაზე ხმაურიანად შრიალებენ ან სხვადასხვაგვარ ხმას გამოსცემენ, მაგალითად, გამოგვადგება მაჩიტები, ზანზალაკების მსგავსი სხვა ყვავილები. ასევე, ამავე ნაწილში შეგიძლიათ მოათავსოთ ფრინველების გალიები, ბილიკი კი ისეთი მასალით დაფაროთ, რომელიც მეტად ხმაურობს სიარულისას, ხოლო ხელოვნური ჩანჩქერი ანდა პატარა წყარო თავისი ჩუხჩუხით შესანიშავ განწყობას შექმნის.
5 . ხედვა – აქ მცენარეებს ვირჩევთ ფერთა პალიტრის მიხედვით. ბაღის ამ ნაწილში ყველაზე დიდი არჩევანი გვაქვს, თუმცა აქაც არის რამდენიმე პრიციპი, პირველ მოდულში ვათავსებთ ძირითადი, საბაზო ფერის მცენარეებს, რომელთაც პირველ რიგში ვასწავლით ბავშვებს, დანარჩენ ნაწილში უკვე სხვა ფერების გამოყენებაც შეგვიძლია. ამგვარად, ჩვენს ფერთა შემეცნებას რამდენიმე სირთულის საფეხურად ვყოფთ, რაც უფრო აადვილებს სასურველი მიზნის მიღწევას.
ბაღის მეორე სივრცე – ნივთიერებები და მასალები:
სენსორული ბაღის ეს ნაწილი აგრძელებს შემეცნებით კონცეფციას, თუმცა, აქ მცენარეების გარდა, სხვადასხვა ნივთიერებებითა და მასალებით ვმუშაობთ, როგორიცაა, ნახერხი,ქვიშა, ნიჟარები, კენჭები ( სხვადასხვა ზომის), მიწა, ნაფოტები, წყალი -შადრევანი და აუზი, შესაძლოა, წყლის მცენარეები და თევზებიც მოვაშენოთ, რაც ბაღს კიდევ ერთ, დამატებით ფუნქციას მიანიჭებს.
ბაღის მესამე სივრცე – ფერები და განათება
ამ სივრცეში გამოყენებულია სხვადასხვა ფერის განათება, დამუშავებული მინა და მოზაიკა, ვიტრაჟები, რომლებიც მზის შუქზე სხვადასხვაფრად აელვარდებიან, ჩრდილები, შესაძლოა მოეწყოს მზის საათი.
ბაღის მეოთხე სივრცე – მუსიკალური განყოფილება
1. ჰაერის საკრავები, სხვადასხვა მეორადი მასალისგან მომზადებული, კონსერვის ქილებისა, რკინისა და თუნუქის ჭურჭლისგან, მინის ბოთლებისგან.
2. დასარტყამი ინსტრუმენტები – ასევე სხვადასხვა მეორადი მასალისგან დამზადებული;
3. დიდი, ფერადი ქსილოფონი;
4. სხვადასხვაგვარი მეორადი მასალისგან აწყობილი ჩასაბერი საკრავები.
5. მეორადი მასალებისგან მომზადებული ასაწყობები, დიდი ფაზლები და ა.შ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი