გონების მიღმა

სასწავლო წლის პირველი დღე ასეთი ამბით დაიწყო:  „აუტიზმის მქონე ბავშვი, რომელიც წელს პირველად  მივიდა სკოლაში, საჯარო სკოლის მასწავლებლის მხრიდან შესაძლო დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა”.

ცხელი სექტემბრის დღეებს   შერონ მ.დრეიპერის „გონების მიღმა”-ს კითხვაში  ვატარებ. ეს წიგნი  ერთ არაჩვეულებრივ გოგოზე, თერთმეტი წლის მელოდი ბრუკსზეა, რომელიც  თავისი უბნის სკოლაში სწავლობს. მისი სასკოლო ცხოვრება იმის მუდმივი მტკიცებაა, რომ იგი გაცილებით უფრო ჭკვიანი და საზრიანია,  ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, თუმცა ამის დაჯერება სხვებისთვის მარტივი არ არის. მელოდი ცდილობს, თავის კლასელებს, მასწავლებლებს და სხვა გარშემომყოფებს დაუმტკიცოს, რომ ისიც „ნორმალურია”, მასაც შეუძლია სწავლა და წარმატების მოპოვება, თუ მოინდომებს. მასაც შეუძლია ტესტებში მაქსიმალური ქულის აღება, თუმცა მის მცდელობებს მისთვის ტკივილი მოაქვს, უფრო მეტად ირიყება  კლასელებისგან და ხშირად მათი დაცინვის მსხვერპლიც ხდება.

„ჩვენმა სკოლამ, ეგრეთ წოდებული, „ინკლუზიური კლასი” დაუშვა. რაც, თურმე ზოგად სასწავლო პროცესში ჩვენს ჩართვას ითვალისწინებს. ჰმ, საინტერესოა, აქამდე არაფერში ვყოფილვარ ჩართული. მაგრამ ეს გაკვეთილები იმას ნიშნავს, რომ ჩემისთანა ბავშვებს „ნორმალურ” მოსწავლეებთან ურთიერთობის საშუალება მიეცემათ. მაინც რა არის „ნორმალური” ნეტავ?” – ფიქრობს მელოდი.

თერთმეტი წლის  გოგო  ვარდისფერ ეტლსაა მიჯაჭვული და მისი სამყარო სიტყვებად იშლება, თუმცა მას სიცოცხლეში ერთი სიტყვაც არ უთქვამს და თავისი ნააზრევის გაგონებას მხოლოდ სამეტყველო დაფის საშუალებით ახერხებს. ეს გოგონა შეძლებს  ყველას დაუმტკიცოს, რომ შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა და ჩვენი სტერეოტიპული წარმოდგენები ადამიანებზე, რომლებსაც სპეციალური საჭიროებები აქვთ, მცდარი და ლოგიკას მოკლებულია. იგი ოცნებობს ილაპარაკოს, მარტივი სიტყვების წარმოთქმა შეძლოს. სურს თავისი ნაფიქრი სხვებსაც გააგებინოს და ზოგჯერ მისი მცდელობები წარმატებულია.

ის წარმატებები, რასაც მელოდი აღწევს,  მხოლოდ მისი დამსახურებაც არ არის. ამ საქმეში, ან ამ ბრძოლაში მელოდისთან ერთად  მისთვის სხვა მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩართულნი, რომელთაც სწამთ, რომ „ადამიანი გაცილებით მეტია, ვიდრე მის ავადმყოფობის ისტორიაში ჩაწერილი დიაგნოზი” და თავიანთ ღრმა რწმენას მელოდისაც გადასცემენ; აჯერებენ, რომ თუ მოინდომებს, გაარღვევს იმ მოჯადოებულ წრეს, რომელიც მის გარშემოა. ეს მისი ოჯახია, დედა, მამა და მომვლელი მისის ვი, რომელსაც შეუძლია ეტლს მიჯაჭვულ გოგოში, რომელიც ვერ ლაპარაკობს, გააღვივოს სწავლის ინტერესი, ზოგჯერ მაგრად შეაჯანჯღაროს, გამოაფხიზლოს, რომ საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოს. ეს ზორბა ქალი არის ერთ-ერთი მასწავლებელი მელოდისთვის, რომელიც მასში ჩვეულებრივ ბავშვს ხედავს და დარწმუნებულია, რომ მელოდის სწავლა და განვითარება შეუძლია. „მოდით, არ გვინდა  ინვალიდ ბავშვებზე წიგნებიდან ნასესხები სენტიმენტალური ფრაზები. მელოდი ჩვეულებრივი ბავშვია, რომელსაც შეუძლია სწავლა და ჩემს ხელში ისწავლის კიდეც”, – ასე ამბობს  მისის ვი და მას ვერავინ ეწინააღმდეგება. პირიქით, მისი ენერგია ყველასთვის გადამდებია: მელოდის მშობლებისთვის და თავად მელოდისთვისაც. ამ ურთიერთობათა ჯაჭვის კიდევ ერთი რგოლი სკოლის მასწავლებლები არიან, თავიანთი შეცდომებითა და  მიღწევებით, რომლის არდანახვა შეუძლებელია. „სწავლისთვის მათმა ასეთმა შემართებამ გამაკვირვა. მასწავლებელმა ნამდვილი ფეხბურთის მწვრთნელივით გაუღვივა ყველას სულისკვეთება”, – წერს მელოდი ისტორიის მასწავლებელ მისტერ დიმინგზე, რომელიც მთელ კლასს სწავლისადმი საბრძოლო შემართებით განაწყობს.

 

ზაფხულის გამოყოლილ  საკითხავებს ამ წიგნით მოვრჩი და იმაზე ვფიქრობდი, რომ ლიტერატურა ემპათიისა და თანაგრძნობის უშრეტი წყაროა. ის ხან შეფარვით, ხანაც პირდაპირ თვალში თითის კვრით გვეუბნება, სად ვცდებით.

 

 

 

 

კომენტარები

comments