პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

თვითრეგულაციის სათავეებთან

განათლების სისტემის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოსწავლეებისთვის დამოუკიდებლად სწავლის უნარის განვითარებაა. თანამედროვე სამყაროში მართლაც შესაძლებელია ტექნოლოგიების გამოყენებით თვითგანვითარება. დისტანციური სწავლებაც აღარ არის უცხო ხილი, თუმცა ამ სასწავლო რესურსის დამოუკიდებლად გამოყენება არცთუ ადვილია საჭირო უნარ-ჩვევების გარეშე.

ბოლო დროს ბევრს საუბრობენ თვითრეგულირებადი სწავლის სიკეთეებზე. ამ უნარის მქონე ადამიანს დამოუკიდებლად შეუძლია თავისი საქმიანობისა თუ სწავლის პროცესის ეფექტურად დაგეგმვა და განხორციელება.

 

როგორც ვიცით, ადამიანი პირველად ცოდნას სხვებზე დაკვირვების შედეგად მოიპოვებს, ანუ პირველადი გამოცდილება მემკვიდრეობითია და დაკვირვებით სწავლის მეთოდს გულისხმობს. სანამ თვითრეგულაციით სწავლის მექანიზმს ავამუშავებდეთ, აქტიურად ვახორციელებთ მოდელირებას – სხვების ქცევის იმიტაციას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ბავშვიან ოჯახში უფროსების მხრივ საკუთარი ქცევის მართვა. ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი ფსიქოლოგის, ალბერტ ბანდურას ექსპერიმენტმა “თოჯინა ბობო” დაადასტურა მოსაზრება, რომ დაკვირვებით სწავლა ადამიანის თანდაყოლილი უნარია. თუმცა მოდელირება მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, როცა მისაბაძი ქცევა კომპეტენტურ, ძალაუფლების მქონე პიროვნებას ეკუთვნის. ბავშვები დაკვირვების გზით კონკრეტულ ქცევასთან ერთად ემოციურ რეაქციებსაც “სწავლობენ”.

შეიძლება ითქვას, რომ ბანდურას თეორია ბიჰევიორიზმისა და კოგნიტიური მიდგომის შემაკავშირებელი რგოლია. ბანდურა ამტკიცებს, რომ ადამიანის ფუნქციონირებას მხოლოდ შინაგანი ან გარეგანი ფაქტორები კი არა, პიროვნული თვისებები, გარემო, ქცევები და მათი ურთიერთდამოკიდებულებაც განსაზღვრავს. ბიჰევიორისტული შეხედულების თანახმად, ადამიანი საკუთარი გამოცდილების საფუძველზე სწავლობს. სოციალურ-კოგნიტიური თეორია სასწავლო არენას აფართოებს და სწავლის პროცესში სხვების გამოცდილების გამოყენებას რთავს. თვითრეგულაცია კი არა მხოლოდ საკუთარი სააზროვნო პროცესის ძლიერ და სუსტ მხარეებს შეისწავლის, არამედ მთელი შემეცნებითი პროცესისა და მასთან დაკავშირებული ფუნქციების მართვის შესაძლებლობას იძლევა.

თვითდაკვირვების პროცესში ადამიანი შეისწავლის რომელიმე კონკრეტულ ქცევას, რომელიც იმ მომენტში სჭირდება/აინტერესებს. მაგალითად, თუ ის საკვლევ მასალად აიღებს საუბრის მანერას, რომელიც, როგორც ირკვევა, გარშემო მყოფთა დიდ ნაწილს აღიზიანებს, სხვა დეფექტების არსებობის შემთხვევაშიც კი მთელი ყურადღება ზემოაღნიშნულ საკითხს დაეთმობა და სასურველი შედეგის მიღწევამდე საკვლევ საგნად დარჩება.

თვითდაკვირვების მომდევნო ფაზა ქცევის შეფასებაა. შეფასებისას ადამიანი ითვალისწინებს როგორც პირად შეხედულებებს, ისე საზოგადოებრივ სტანდარტსაც. თუ პიროვნება საკუთარი წარუმატებლობის მიზეზად პროფესიული განათლებისა და გამოცდილების სიმწირეს ასახელებს, ის თვითრეგულაციისადმი მაღალ მზაობას ავლენს, მარცხის მიზეზების გამუდმებით გარემოში ძიება კი თვითმართვის დაბალ საფეხურზე მიუთითებს.

შეფასების ფაზას მოსდევს რეაგირება – შესწავლილი საკითხის მიმართ დადებითი ან უარყოფითი ემოციების გამოვლენა. პირად დამოკიდებულებასთან ერთად საზოგადოებრივი თუ მორალური სტანდარტებიც ხშირად ეწევა ქცევის კორექციას, თუმცა გარეგანი მოტივატორებია და მხოლოდ მაშინ ახდენს ქცევაზე, როცა ადამიანს დასჯის ან გაკიცხვის ეშინია. შინაგან მოტივატორად შეიძლება ჩაითვალოს ისეთ ქცევაზე დაკვირვების სურვილი, რომელიც მხოლოდ პიროვნული სტანდარტის ჩარჩოებში ჯდება.

შინაგანი კონტროლის ჩართვა-გამორთვა ადამიანის ხელთაა. თვითკონტროლირებადი გონება არ აძლევს მას არასასურველი ქცევის განხორციელების საშუალებას. თუმცა დაკვირვების პროცესის ხანგრძლივობის შენარჩუნება ცოტას თუ შეუძლია. თვითმართვადი ქცევის სიმწირე განსაკუთრებით მოზარდებში შეიმჩნევა.

თავის ნაშრომში ემოციური ინტელექტის შესახებ გოლმანი თვითრეგულაციას ემოციური განვითარების ხუთ ძირითად ელემენტს შორის ასახელებს (თვითშემეცნება, თვითრეგულაცია, მოტივაცია, ემპათია და სოციალური უნარ-ჩვევები). ამ თეორიის თანახმად, ადამიანის წარმატების საზომი მაღალი ემოციური ინტელექტია. თვითშემეცნების პროცესი პიროვნებას განცდების გაცნობიერებაში, საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. თვითრეგულაციის პროცესი ემოციების მართვაზე აგებს პასუხს (სტრესულ გარემოში ორიენტირება, იმედგაცრუებისა და მარცხის გადატანა და სხვ.). მოტივაცია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებისთვის საჭირო და მომავალი მოქმედების მამოძრავებელი ძალაა. ემპათიის უნარი კი ადამიანს სხვისი გრძნობების გაგებას უადვილებს, რაც, თავის მხრივ, სოციალური სიტუაციების სწორად შეფასებას უწყობს ხელს.

ემოციური ინტელექტის განვითარება სკოლის ასაკიდან უნდა დაიწყოს, რადგან იმედგაცრუებითა და მარტოობით გამოწვეული ემოციების მართვა საკმაოდ რთულია და მოზარდთა აკადემიურ წინსვლასაც საგრძნობლად აფერხებს.

 

მასწავლებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ მოსწავლეებს მონდომება და პასუხისმგებლობა აკლიათ, თუმცა ასეთი სიტუაციის ამსახველი სტანდარტული ფრაზა: “არ უნდა სწავლა და რა ვქნა?!” – დიაგნოზს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე პრობლემის დაფიქსირებას და მისი გადაჭრის გზის ძიებას.

სურვილის გაჩენას ანუ მოტივაციის ამაღლებას სწორედ თვითრეგულაციის განვითარება უწყობს ხელს. როგორმე უნდა იპოვოთ “საჭირო ფიქრი”, რომლითაც მოსწავლეს “დაავადებთ”. მიზნის დასახვა და თვითმონიტორინგი თვითრეგულაციით სწავლის გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯებია. მიზანი მოსწავლემ უნდა დაისახოს და წესებიც თავადვე შეიმუშაოს.

ყველა ქცევა შინაგან მოტივაციას ვერ დაეყრდნობა, ამიტომ გვჭირდება გარეგანი მოტივატორებიც – ჯილდო, შეფასება, დასჯის თავიდან აცილება და სხვ. გარეგანი მოტივაციით განპირობებული ქცევა შეიძლება თვითრეგულაციის განვითარების ადრეულ საფეხურად ჩაითვალოს. შინაგანი მოტივატორების გაჩენას დრო და შედარებით ზრდასრული ფსიქიკა სჭირდება. როცა მოსწავლეები გაითავისებენ, რომ მიზნის მიღწევაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ მათ ეკისრებათ, გააანალიზებენ დადებითი და უარყოფითი შედეგების მომტან ქცევებს, მათი თვითრეგულაციის დონე საგრძნობლად აიწევს, თუნდაც გარეგანი მოტივატორებით გამყარებულ სწავლის პროცესში. მოსწავლეს ნელ-ნელა ჩამოუყალიბდება აკადემიური ქცევის ეფექტური თვითრეგულირების მოთხოვნილება, რაც საკუთარ ცხოვრებასა და თვითგანვითარების პროცესზე პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს. ამასთან, კონკრეტული დავალებების შესასრულებლად ინდივიდს უნდა ჰქონდეს ადეკვატური წარმოდგენა საკუთარი საჭირო უნარების შესახებ. მაშინ მისი ქცევის თვითეფექტურობას ვერაფერი შეუშლის ხელს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარმატება მხოლოდ მაღალი ქულების მიღებას არ ნიშნავს. სწავლებაზე ორიენტირებულ გარემოში წარმატებად აღიქმება ნებისმიერი პროგრესი და სასწავლო უნარების დაუფლება. წარმატებაზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოში შეცდომა არ ნიშნავს დამარცხებას, ის სწავლის პროცესის ორგანულ ნაწილად აღიქმება.

რაც შეეხება სწავლების თვითეფექტურობას, ის მასწავლებლის თვითრწმენასა და ენთუზიაზმზეა დამოკიდებული. სამართლიანი, მაგრამ მომთხოვნი პედაგოგი სწავლების პროცესში მოსწავლის მცირე წარმატებასა და მზარდ ინტერესს მუდმივად უსვამს ხაზს, დაბალი თვითეფექტურობის მქონე მასწავლებლები კი მოსწავლის წარუმატებლობას ინტელექტის ნაკლებობას, ოჯახს, ადმინისტრაციას და სხვა გარეგან ფაქტორებს აბრალებენ და ვერ ხედავენ/არ აღიარებენ საკუთარ ხარვეზებს სწავლების პროცესში. წარუმატებელი მოსწავლის მიმართ მეტად კრიტიკულები არიან, გარდა ამისა, მათში ჭარბობს ნეგატიური ემოცია, რაც მოსწავლეების განწყობასაც ამძიმებს. დაბალი თვითეფექტურობის მქონე მასწავლებლის სტიქია კონტროლია. აქედან გამომდინარე, მას არც მოსწავლეების მიერ მართული სასწავლო პროცესის წარმატებისა სჯერა.

მაღალი კოლექტიური თვითეფექტურობის მქონე პერსონალით დაკომპლექტებული სასწავლო გარემო წარმატებული მოსწავლეების აღზრდის ალბათობას ერთიორად ზრდის. ამასთან, ამცირებს განსხვავებას სოციალურ ჯგუფებს შორის. ზემოაღნიშნული პერსონალის ეფექტურ მუშაობას უმეტესად პოზიტიური განწყობა, ურთიერთთანამშრომლობაზე ორიენტირებული ხედვა და, რაც მთავარია, თვითრეგულირებადი ქცევა განაპირობებს.

 

თვითრეგულაციით სწავლის ერთ-ერთი მთავარი რგოლი ინტერესის კომუნიკაციაა. თუ მასწავლებელი მაღალ ინტერესს ამჟღავნებს სასწავლო საკითხის მიმართ, მოსწავლის ინტერესიც იზრდება. მოტივაციას ამაღლებს პედაგოგის მზრუნველობაც. მოზარდი სკოლაში თავს უფრო დაცულად იგრძნობს, თუ მის სახელს მასწავლებლები მალევე დაიმახსოვრებენ, მიესალმებიან დერეფანში, ჰკითხავენ გაკვეთილის გაცდენის მიზეზს, გამოხატავენ ადეკვატურ პატივისცემას, საჭიროების შემთხვევაში – უკმაყოფილებასაც და ა.შ. “თუ მასწავლებელი შენზე არ ზრუნავს, ეს შენს აზროვნებაზე ახდენს გავლენას. გგონია, რომ არაფერს წარმოადგენ და ეს სკოლის მიტოვებას განდომებს” (Noblit, Rogers, & McCadden, 1995).

ამრიგად, თუ სასწავლო პროცესები დაწყებითი საფეხურიდანვე თვითრეგულირებადი სწავლის უნარის განვითარებაზეა ორიენტირებული, მოსწავლეებში იზრდება მოტივაცია, შეიმჩნევა ცვლილებებისკენ სწრაფვა, ისინი უფრო თამამები ხდებიან, არ აშინებთ შეცდომები და დაბრკოლებებს გამოწვევებად აღიქვამენ. თვითრეგულირებად გარემოში აღზრდილი მოზარდი გაცილებით დამოუკიდებელ, თავდაჯერებულ და მიზანზე ორიენტირებულ პიროვნებად ყალიბდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი