პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ქართული პოლემიკა

– მოსმენაშ კულტურა ვარე! – ეს სიტყვები ისე მკაფიოდ ჩამრჩა გონებაში, რომ მგონია, ათი ან თხუთმეტი წლის წინ კი არ გავიგე პირველად, თითქმის ყოველდღე მესმის და თუ არ მესმის, ვხედავ იმას, რასაც ეს სიტყვები გამოხატავენ.

 

ჩემმა ერთმა მეზობელმა უთხრა მეორეს, დაბნეულმა და აგვისტოს სიცხისა და ნესტისგან გალახულმა – თავშეკავებულად და აუღელვებლად უთხრა, ისე, რომ მთელი ეს სიბრაზისა და პაპანაქების ნამზეური არ შეტყობია:
– მოსმენაშ კულტურა ვარე!
ეტყობოდა, რომ თავისი რესურსი და სულიერი ინსტრუმენტები დახარჯა გულში დაგროვილი უარყოფითი ემოციების შესაკავებლად, მაგრამ თავს უფლებას ვერ მისცემდა, მეზობლების – განსაკუთრებით ბავშვების – წინაშე წყობიდან გამოსულიყო.
როგორც კვლევებმა და მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, უფრო ბედნიერია ის ადამიანი, ვინც ხშირად იგინება. ის (ჩვეულებრივ) დიდხანს ცხოვრობს და ერთ აღსარებაში (თუკი ამის გუნებაზე დადგა საერთოდ) ატევს მისი სიტყვით გაფუჭებული და მოკლული ადამიანების ცოდვებს; ის უმალ ივანე მხარგრძელ-ათაბაგის ყოყმანსა და უკანდახევას გაამართლებს გარნისის ომში, ვიდრე თვითონ, თუნდაც ერთხელ დაიხევს უკან ან გადაწყვეტს კომპრომისზე წასვლას, რადგან ჩვენი პოლემიკის დაუწერელი კანონი მოითხოვს, რომ – არავის არაფერი არ უნდა შეარჩინო!
იტყვიან – უპასუხებ! გიპასუხებენ – უპასუხებ! ერთი – მეორე! ერთი – მეორე! სულერთია, აზრიანს პასუხობ ან ღირს თუ არა საერთოდ რამის თქმა. ხალხი გაქეზებს და პოლემიკის დაუწერელი კანონი გავალდებულებს, რომ – „ზადნი“ არ უნდა მისცე!
ალბათ თქვენც შეატყობდით, რომ განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას ცივილიზებულობისა არაფერი სცხია. ცოტა ხანში ის ნაქები იუმორიც არ შეგვრჩება და სოციალური ქსელი ანგარიშსწორების ჩვეულებრივ არენად იქცევა, მერე კი ქართული პოლემიკური ტრადიციებით თავის მოწონება და მაგალითად მოხმობა (https://mastsavlebeli.ge/?p=9607), ცოტა დაგვიანებული შეიძლება იყოს.
– მოსმენაშ კულტურა ვარე!
მეც სხვებივით ბევრი ვიცინე მოხუცი მეზობლის სიტყვებზე და იმასაც, ახარხარებული შუახნის კაცებისა და ბავშვების შემხედვარე, სახეზე ღიმილმა გადაჰკრა, მაგრამ კარგად ეტყობოდა, სევდასა და იმედგაცრუებას რომ მოეშხამა და ამის გამგები იქ არავინ იყო.
ხატვის სულ მცირე ნიჭიც რომ გამოეყოლებინა ღმერთს, ამდენი სიტყვა ალბათ არ დამჭირდებოდა იმ შემაძრწუნებელი სურათის საჩვენებლად და ჭკუისდამრიგებლური პათოსის უხერხულობასაც ავცდებოდი. მაგრამ ყველაფერმა ასე შეთქმულივით მოიყარა თავი და რადგან ჩემს მეხსიერებას თვალდახუჭული ვენდობი, დიდი ხნის წინანდელი ეს ამბავიც იმ შემთხვევებს უნდა მივათვალო, რომლის გახსენებისაც ყოველთვის შემრცხვება. აი, დაახლოებით ისე და იმ გრძნობის საოცარი გამოხატვით, როგორც ამას დაიან ლეინი აკეთებს ფილმში „მოღალატე“.
ჩვენი უკუღმართი ცხოვრება ხომ ეგაა: იმით უნდა შერცხვე, რითაც თავი მოგქონდა. ყველა შეწყვეტინებული სიტყვისთვის, ფრაზებისთვის, რომელიც არ დაამთავრებინე; იმ ათასი ქცევისთვის, სადაც თავი აუცილებლად მართალი გეგონა და შენი სიმართლით სხვებს ღირსება აჰყარე, სიტყვაში აჯობე და მისი დამცირება-გაბითურებით სიმტკიცე შეიძინე.
ჩვენთან პოლემიკა ხშირად სხვის დაჩაგვრაზე და გამასხრებაზე გადის და თანდათან უფრო გვშორდება ის დრო, როცა ყველაზე მწვავე კამათის დროსაც კი პირადულზე შეხება აკრძალული და მიუღებელი იყო. კონსტანტინე გამსახურდია, მიუხედავად დიდი პატივისცემისა და სიყვარულისა, საყვედურობს აკაკი წერეთელს, – მთელს თაობას უხეშად მოგექცათ, მაგრამ როგორც პოეტს, გრიგოლ ორბელიანს, არამც და არამც არ ეკადრებოდა თქვენგან „ხარაბუზა ღენერლის“ ეპითეტიო; ოთარ ჭილაძე კი თავის ღია წერილში ინგლისელ მეცნიერს ჯორჯ ჰიუიტს ეუბნება, – ჩვენს უნებლიე „პაექრობაში“ პირადული საერთოდ გამორიცხულია და თუკი თქვენც ამავე აზრს იზიარებთ, მაშინ იქნებ ინგლისელ მკითხველსაც გააცნოთ ჩემი წერილიო.
არადა, აკრძალული სივრცეების მორღვევას ბრიყვული სითამამეც ჰყოფნის და თითქოსდა უწყინარი „მოსმენის კულტურის უქონლობამ“ ხვალ-ზეგ შეიძლება ერთმანეთის სიძულვილამდეც კი მიგვიყვანოს… თუმცა რაღა ხვალ-ზეგ…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი