ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

     ჭირი იქა, ლხინი აქა…

წარმოუდგენელია, ვინმეს ზღაპარი სხვა ჟანრში აერიოს, თუნდაც იმიტომ რომ ზღაპრები ერთნაირად, სტანდარტული ფრაზებით იწყება და ზღაპრები ერთნაირად, სტანდარტული ფრაზებით მთავრდება. თუკი დაგუგლავთ, ინტერნეტი ზღაპრის დასაწყისისა და დასასრულის სტანდარტულ ფრაზას 84 ენაზე შემოგთავაზებთ. ეს ფორმულები მეტნაკლებად ერთმანეთს წააგავს. ზღაპრის შესავლის და დასასრულის ფორმულები ყველამ, ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია ან ერთხელ მაინც წაუკითხავს თუნდაც ერთი ზღაპარი, ზეპირად იცის. ზღაპრის რამდენიმე სიტყვიანი შესავალი მსმენელს შეამზადებს, რომ საქმე რეალურთან კი არა, უცნაურ ამბავთან ექნება. ამიტომაც მსმენელი აღარ გააპროტესტებს არც მფრინავ ხალიჩას, ცხრა ზღვისა და ცხრა მთის იქით წამში რომ გადაიყვანს პერსონაჟს; არც ჯადოსნურ საგანს, ხიფათის დროს რომ თანაბარ დახმარებას აღმოუჩენს ნებისმიერს, ვინც მისი მფლობელი გახდება; არც საზარელ არსებებს, თან ბრიყვულად რომ იქცევიან და თან ძალიან საშიშები არიან, იმაზე მეტი ან ნაკლები სხეულის ნაწილი აქვთ და ამით განსხვავდებიან სხვა სულიერებისგან; არც მზაკვარ მავნეს, რომელიც მუდმივად ცდილობს, ხაფანგი დაუგოს მიამიტ ადამიანებს, აწყენინოს, ზიანი მიაყენოს და დააზარალოს; არც ერთგულ შემწეს, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს, ხიფათი და ფათერაკი აარიდოს თავის საყვარელ და რჩეულ ადამიანს. ზღაპარი რომ ზღაპარია და არა სხვა ჟანრი, ამიტომაც არ უკვირს მსმენელს, როცა ხან შინაური თუ გარეული ცხოველი და ხანაც მოჭიკჭიკე ფრინველი, ხან უტყვი ხე და ხანაც დახავსებული ქვა, ხან უწყინარი ნიავი და ხანაც მოჩუხჩუხე ნაკადული უეცრად ალაპარაკდება და აღმოჩნდება, რომ მას იმაზე მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე მანამდე ვინმეს ეგონა. ეს უეცარი გარდასახვა მხოლოდ ზღაპრის პერსონაჟებს აოცებს, თუმცა მხოლოდ თავიდან და არცთუ ისე ძალიან. როგორც კი გაოცება გადაუვლით, ამის შემდეგ წარმოუდგენელიც შესაძლებელი ხდება: ერთ ღამეში მანამდე თვალით უნახავი სასახლეები წამოიჭიმება – ბროლის კედლებით, განათებულ-გაჩახჩახებული, ცამდე აჭიმულ-ატყორცნილი; ერთ ღამეში ენით აღუწერელი ბაღები გაშენდება – ხეების ერთი რიგი რომ ნაყოფს ისხამს, მეორე რიგი რომ ჯერაც შეკვირტულია ანდა ყვავილობს, მესამე რიგი რომ უკვე ისე დამწიფებულა, უკვე სადაცაა მიილევა კიდეც; ერთი ტაშის შემოკვრით კოშკში გამომწყვდეული მზეთუნახავის საცხოვრებელში შესვლა შესაძლებელი ხდება, თუმცა მანამდე ასჯერაც რომ შემოგევლო, კარს მაინც ვერ მოუძებნიდი; თვალის ერთ დახამხამებაში რაღაც მაგიური სიტყვების წარმოთქმით, ბუმბულის ერთი აქნევით საძულველი არსება გაუჩინარდება, სანატრელი კი იქვე გაჩნდება, არასასურველი მოგონება დავიწყებას მიეცემა, ვიღაც წლობით დაიძინებს, ვიღაც კი, სამუდამოდ დაძინებული, ისე გაახელს თვალებს, თითქოს ეს წუთია ჩასძინებიაო. ეს ყველაფერი ზღაპრებში ხდება. ზღაპრის დასაწყისი სიტყვებით შემზადებულმა მსმენელმა კი იცის, რომ ზღაპრის ბოლო კეთილი იქნება და როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, რა განსაცდელიც არ უნდა შეხვდეს მთავარ გმირს, ის მაინც ყველა სიტუაციიდან გამოძვრება, ყველაზე გამოუვალი მდგომარეობიდანაც დაიძვრენს თავს, ყველას მოერევა, ძალით თუ არა, ხერხით მაინც და ყოველთვის გამარჯვებული დარჩება.

ზღაპრის შესავალი სტანდარტული ფრაზის მსგავსად ზღაპრის დასასრული სტანდარტული ფორმულაც ამზადებს მსმენელს, ნელ-ნელა გადმოვიდეს ირეალურიდან რეალურ სამყაროში. მაგრამ, თუკი შესავალი ფორმულა არანაირ პროტესტს არ იწვევს, ზღაპრის დასასრული ფორმულები, ერთი შეხედვით, უცნაურია და ვიღაცას, შესაძლოა, წყევლასაც აგონებდეს. თუმცა ეს ერთი შეხედვით. როდესაც კარგად დავფიქრდებით, დავუკვირდებით და გავაანალიზებთ, ბევრ საინტერესოს აღმოვაჩენთ. რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში? ნუთუ მართლა წყევლას ვასწავლით ჩვენს შვილებს, როდესაც, ჩვენდა უნებურად, ძვალრბილში გამჯდარ ზღაპრის ბოლო ფორმულას გამოთქმით ჩავუმარცვლავთ ძილის წინ? ნუთუ უნებლიეთ ჩავაგონებთ ჩვენს შვილებს, ყველა სხვას, ვინც მათთან ახლოს არ არის, ცუდი უსურვონ? ხომ შეიძლება, შემოგვიტრიალდეს ბავშვი, რომელიც დაკვირვებულია (მაგრამ ჯერ კარგად ვერ ხვდება, რომ სიტყვა „აქ“ ხან მიკროკოსმოსს, ხანაც კი მაკროკოსმოსს აღნიშნავს, გააჩნია რასთან მიმართებით გამოიყენება ეს სიტყვა, ამიტომაც მას „აქ“ მხოლოდ თავისი ოთახი ან სახლი ჰგონია), მიმოიხედოს გარშემო, თავის გვერდით ვერ აღმოაჩინოს ახლობელი ადამიანი და დასვას შეკითხვა: აქ არის ბებია და აქ არ არინ მშობლები, აქ არის მამა, მაგრამ აქ არ არიან და-ძმები, აქ არის დედა, მაგრამ აქ არ არიან მეგობრები, ნათესავები, მეზობლები, მაშ, რატომ უნდა ვუსურვო მათ, აქ არმყოფებს ჭირი? ანდა, რა იცის ბავშვმა, რომ დიეტოლოგების რჩევებს თუკი დავუჯერებთ, ქატო უფრო სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, ვიდრე – ფქვილი და, როცა იქ მყოფ ახლობლებს ქატოს ვუსურვებთ, მათ ამ სიტყვებით ჯანმრთელობის გახანგრძლივებას ვუსურვებთ? ამის შესახებ არ იცოდნენ ძველ დროში და ვერ ხვდებოდნენ, რომ აქ მყოფებისთვის ლხინი კი სურდათ, მაგრამ მათ სულაც არ უსურვებდნენ კარგ რამეს, იქ მყოფებისთვის კი სასარგებლო პროდუქტი ემეტებოდათ… ხუმრობა იქით იყოს და შევეცადოთ, განსხვავებულად შევხედოთ ზღაპრის დასასრულის ამ ფორმულას. საქმე ისაა, რომ სიტყვებიდან: „ჭირი – იქა, ლხინი – აქა, ქატო იქა, ფქვილი – აქა“ აქცენტი სიტყვებზე „ჭირი“, „ლხინი“, „ქატო“ და „ფქვილი“-ზე კი არ უნდა გაკეთდეს, არამედ სიტყვებზე „აქა“ და „იქა“; და აი რატომ:

უძველესი რწმენა-წარმოდგენების მიხედვით, სამყარო „აქ“ და „იქ“ ნაწილებად იყოფა. ეს ორი სიტყვა მხოლოდ ამ და იმ ქვეყნის აღსანიშნად კი არ გამოიყენება (სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონა ქართული“ სიტყვა „საიქიოს“ ასე განმარტავს: „მერმის სოფელი სიკუდილის უკან“, ხოლო სიტყვა „სააქაოს“ როგორც „ეს სოფელი“), აქ და იქ, შესაძლოა, განსხვავებული სამყაროებიც იყოს, დასახლებული თავისი განსხვავებული ბინადრებით. ამდენად, როდესაც პროტაგონისტი თავისი სამკვიდრებლიდან უცნობ ადგილას, უცხო მხარეში გადადის, მისთვის ეს მოგზაურობა იქ, ანუ საიქიოში მოგზაურობის ტოლფასია. რადგან უცხო საშიში და ხიფათისშემცველია, ამიტომაც ნებისმიერი სამყარო, რომელიც იქ არის, ცოტათი იმ საიქიოსაც წააგავს, რომელსაც ენაში მიცვალებულთა სამყაროსაც უწოდებენ. ნებისმიერი ჯადოსნური ზღაპარი გმირის სახლიდან გასვლით იწყება. ზღაპრის პროტაგონისტი, როგორც წესი, ტოვებს სახლს, გადის სახლიდან, ე.ი. ის ტოვებს აქაურობას, მიდის აქედან იქით, სხვაგვარად რომ ვთქვათ, რაღაც გაგებით ის სააქაოდან საიქიოში გადადის. თუმცა, ერთი შეხედვით, ყველაფერი სხვანაირად, ბევრად უფრო მარტივად ჩანს. ადამიანი სახლიდან რომ არ გავიდეს, მის ცხოვრებაში არც არაფერი საინტერესო არ მოხდება, ყველაფერი ისეთივე ერთფეროვანი და მოსაწყენი იქნება, როგორც მანამდე იყო. აი, სახლიდან გასვლა კი, გარდა იმისა, რომ სამყაროს შეცნობაში გვეხმარება და თვალსაწიერს გვიფართოებს, ხიფათთანაც არის დაკავშირებული. სახლში დაცულები ვართ, გარეთ კი საფრთხე გვემუქრება. მაგრამ ყველას ესაჭიროება ამ საფრთხეებთან, მცირეწლოვანი იქნება ის თუ დიდი, გამკლავება ისწავლოს. ამგვარი მარტივი ახსნის გარდა, მკვლევრები ზღაპრის გმირის სახლიდან გასვლას კატაბასისსაც ადარებენ. კატაბასისი იმქვეყნიურ სამყაროში მოგზაურობას ნიშნავს. არავინ იცის, როგორ გამოიყურება ის ქვეყანა, საიქიო, როგორია „იქ“, ამიტომაც ზღაპარში იმ ქვეყანაში, საიქიოში, „იქ“ ხდება ყველაზე უცნაური ამბები. იქაურობა ამოუცნობი მოვლენებითაა სავსე, „იქ“ ბინადრობენ ურჩხულები და გველეშაპები; „იქ“ გადაეყრებიან დევები, გაუგონარი ღონის მქონე არსებები; სწორედ იქ საუბრობენ ადამიანურ ენაზე ხან ცხოველები, ხან ფრინველები, ხან ხეები, ხანაც ქვები; სწორედ იქ ართმევენ ძალას, იქ ვნებენ, მაგრამ იქვე ჩუქნიან ჯადოსნურ საგნებს, იქვე პოულობენ ნამდვილ გულშემატკივარს, ერთგულ მეგობარს, დამხმარეს, შემწეს, იქვე უწყალობებენ სხვადასხვა დამსახურების გამო არნახულ სიმდიდრეს, ნახევარ სამეფოს, იქვე მიათხოვებენ მზეთუნახავ საცოლეს, რომელსაც ზოგჯერ აქეთ გამოატანენ კიდეც.

როგორ ვითარდება ზღაპრის სიუჟეტი? გმირი გადის სახლიდან, შესაძლოა, ეს მისი ნებით არც ხდებოდეს და მას აგდებდენ სახლიდან, მაგალითად, დედინაცვალი ან მშობელი მამა; ან, შესაძლოა, მას სხვა გზას არ უტოვებენ და ამიტომაც უნდა დატოვოს ღარიბული, მაგრამ უსაფრთხო სახლი, რადგან მამამ ქონება არ დაუტოვა, სახლი და კარმიდამო უფროს ძმას ერგო; შესაძლოა, გმირმა სახლი იმიტომაც დატოვოს, რომ მას და ან ძმა დაეკარგა, მოსტაცეს და ახლა პასუხი უნდა აგოს დაუდევრობის გამო; შესაძლოა, გმირმა თბილი ან ცივი, მაგრამ მაინც მყუდრო სახლი თავისი ნებითაც დატოვოს, რადგან სახლში შეშაა, საკვებია მოსატანი. თავდაპირველად შეშის ან ხილის მოსაგროვებლად გასულ პროტაგონისტს ტყე ჩვეულებრივი ტყე ჰგონია, ტყეში კი ვინ არ წასულა, ვის არ დასჭირვებია ტყიდან შეშის ან ხილის მოტანა? ისიც ხომ ხშირად დადიოდა მანამდე ტყეში? მაგრამ სახლიდან ტყეში წასული პროტაგონისტი მალევე აღმოაჩენს, რომ ეს ტყე ჩვეულებრივი ტყე კი არაა, მანამდე რომ ადვილად სავალი ეგონა, სხვა ტყეების მსგავსი კი არაა, არამედ ეს ტყე განსაკუთრებულია, რადგან ეს ტყე „იქ“ არის; ანდა სანადიროდ წასულ პროტაგონისტს მთა ჩვეულებრივი მთა ჰგონია, მთაში კი ვინ არ დადის, რომელი მონადირის ცოლს არ მოუმზადებია რამდენიმე დღის საგზალი, რომელ მონადირეს შეშინებია მთის ციცაბო ბილიკების? მაგრამ სახლიდან მთაში წასული პროტაგონისტი მალევე აღმოაჩენს, რომ ეს მთა ჩვეულებრივი მთა კი არაა, მანამდე რომ მარტივად დასალაშქრი ეჩვენებოდა, ეს მთა სხვა მთების მსგავსი კი არაა, არამედ ეს მთა განსაკუთრებულია, რადგან ეს მთა „იქ“ არის; ანდა სხვა ქვეყანაში ბედის საძიებლად გადახვეწილ პროტაგონისტს უცხო მხარე ჩვეულებრივი ქვეყანა ჰგონია, ვის არ სმენია უცხო ქვეყანაში გადახვეწილი თანამემამულის შესახებ დაუჯერებელი ამბები, ვის არ უნატრია მისი ბედი? მაგრამ უცხო ქვეყანაში ბედის საძიებლად წასული პროტაგონისტი მალევე აღმოაჩენს, რომ ეს ქვეყანა, მანამდე რომ სანუკვარი მხარე ეგონა, სხვა ქვეყნების მსგავსი სულაც არ ყოფილა, არამედ ეს ქვეყანა განსაკუთრებულია, რადგან ეს ქვეყანა „იქ“ არის. ზღაპარში განა იმიტომ ხდება საოცრებები, რომ ის ზღაპარია (ამ სიტყვის დღევანდელი გაგებით, როცა სიტყვა „ზღაპარი“ დაუჯერებელი ამბის სინონიმი გახდა), არამედ იმიტომ, რომ ის იმქვეყნიურ ამბებზეა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, „იქ“-ზე გვიამბობს. „იქ“ კი ვერც ყველა მიდის და, მით უმეტეს, „იქ“-იდან ყველა ვერ გამოდის. ეს მხოლოდ ზღაპრის გმირს შეუძლია, რადგან ის ბედის ნებიერა განსაკუთრებულია. თავისი განსაკუთრებულობის შესახებ კი ზღაპრის პერსონაჟმა მანამდე არაფერი იცის, სანამ „იქ“ არ მოხვდება. ზოგი მას „აქ“ სულელს ეძახის, ზოგი მასხრად იგდებს, ზოგი ჩაგრავს. მაგრამ საკმარისია, სულელი, ჩაგრული ან გამასხარავებული „იქ“ აღმოჩნდეს, მაშინვე გამოავლენს დაფარულ უნარებს. მას, სხვებისგან განსხვავებით, „იქ“-იდან გამოსვლის ძალა შესწევს, მერე რა, თუ მას ვიღაც ეხმარება? ესეც ხომ თავისებური უნარია, შეძლო დაარწმუნო ან შენ მიმართ კეთილად განაწყო ის, ვისაც შენი დახმარება ძალუძს. გახსოვთ, ზღაპარში იქაური ბინადრები რას ამბობენ? აქ გავლილი ბევრი გვინახავს, აი, გამოვლილი კი – არავინო, ამვლელი ბევრი გვინახავს, ჩამომვლელი კი – არცერთიო. ჰოდა, რადგან გამოვლილი და ჩამოვლელი არავინ უნახავთ, ამიტომაცაა, რომ აქაური „იქაურობას“ ჭირისთვის საუკეთესო ადგილად მოიაზრებს. ყველაზე დიდი ჭირი ხომ სიკვდილია! იქაურები ხომ ისედაც მკვდრები არიან, რადგან აქეთ გადმოსვლის ძალა არ შესწევთ. ჰოდა, რა უჭირს, თუკი სწორედ მათთან გავისტუმრებთ ამ ჭირს, ვერბალურად მაინც. ასე აქაურებიც მადლიერები დაგვრჩებიან და ზედმეტად არც არავის გავანაწყენებთ. რადგან სასაცილოა, გავანაწყენოთ იქაურები, რომლებიც ისედაც ჭირში, ჭირის ტყვეობაში იმყოფებიან და ახლა კიდევ ჩვენგან ვერბალურად გადმოლოცვილ ჭირზე გაბრაზდნენ.

ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ, მშობლებო, მასწავლებლებო, და თამამად, მორიდების გარეშე გაიმეორეთ საუკუნეებგამოვლილი ფორმულა: „ჭირი – იქა, ლხინი – აქა, ქატო – იქა, ფქვილი – აქა!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი