პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სხვა თბილისი

ჩვენი ქვეყნის არაერთ მაცხოვრებელსა თუ სტუმარს საქართველოს დედაქალაქის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა. ტურისტებისთვის თბილისი მშვენიერ ლანდშაფტთან და არქიტექტურასთან, ქალაქის ძველ ნაწილთან, ერთ უბანში თავმოყრილ სალოცავებთან და სტუმართმოყვარეობასთან ასოცირდება. რეგიონებში მოგზაურობის დროს მრავალჯერ მომისმენია მითები დედაქალაქის მკვიდრთა ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. სოფლად ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ატალახებულ ორღობეში ცხოვრებას ნებისმიერ ფასად ქალაქისკენ გამოხიზვნა სჯობს. თითქმის აღარავინ ფიქრობს იმაზე, რომ ურბანულ სივრცეში ადამიანების მხოლოდ უმცირესი ნაწილი ახერხებს ველური კონკურენციის დაძლევასა და გადარჩენას. დანარჩენები კი „ბეტონის ჯუნგლებში“, ხმაურში, მტვერში, გაუცხოებაში, ჩაგვრასა და უსამართლობაში აგრძელებენ ცხოვრებას.

ჩვენს ქალაქში ყოველდღიურად მცირდება საჯარო და გამწვანებული სივრცეების რაოდენობა, თბილისში თითქმის არც ერთი დიდი ინდუსტრია აღარ მუშაობს, რომელიც მოქალაქეების მასობრივ დასაქმებას მოახერხებდა. საღამოს საათებში დიდ პროსპექტებზე გადაადგილება თითქმის შეუძლებელია, ავტომობილთა არმიას ყველა პატარა შემოვლითი გზაც კი ჩახერგილი აქვს. ურბანისტების ნაწილი ჯენტრიფიკაციის პროცესზეც ამახვილებს ყურადღებას. საქართველოში აღნიშნული ტერმინი ჯერ კიდევ უცხო ცნებად მიიჩნევა, მაგრამ თავად ფენომენი თბილისელებისთვის საკმაოდ ნაცნობი უნდა იყოს. ჯენტრიფიკაცია აღნიშნავს პროცესს, რომლის დროსაც ქალაქის ძველი, არაკეთილმოწყობილი უბნებიდან ღარიბ მოსახლეობას აძევებენ. გამონთავისუფლებულ სივრცეებში კი ახალ, პრესტიჟულ კვარტალებს აშენებენ. ახალ კვარტალებში დასახლების შესაძლებლობა მხოლოდ შეძლებულ ოჯახებს ეძლევათ. გაძევებული მოსახლეობა კი მიყრუებულ გარეუბნებში აგრძელებს ცხოვრებას, საიდანაც სამუშაო ადგილებზე, უნივერსიტეტებში, სავაჭრო ცენტრებსა თუ თეატრალურ დარბაზებში აღმოჩენა მოუხერხებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამო მრავალსაათიან მოგზაურობასთან არის დაკავშირებული.

საქალაქო ცხოვრების ამგვარ წესს მსხვერპლიც ახლავს თან. თბილისში შეუიარაღებელი თვალითაც კი შეიძლება ნირშეცვლილი, დაკარგული ან განწირული ადამიანების აღმოჩენა. უცნაურ ადამიანებს ყველანი ვამჩნევთ, მაგრამ მათი ბედით იშვიათად ვინტერესდებით. ქუჩაში მოსიარულე სვედამწვარ მოქალაქეებზე დაკვირვება ნორმალურ და ყოველდღიურ ჩვევად გვექცა. არადა, თითოეული მოხეტიალის მიღმა დიდი ტრაგედია იმალება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ, ათი წუთით მაინც თუ მოკალათებულხართ იქვე მდგარ კომფორტულ ძელსკამზე, აუცილებლად შეამჩნევდით ორ ადამიანს. პირველი საშუალო ასაკისა და სიმაღლის ყვითელთმიანი ქალია. სახე უზომოდ ბევრი ფერუმარილით აქვს დაფარული. მუდამ ვაკის პარკის მიმართულებით გადაადგილდება და ყოველთვის ერთ ღერ სიგარეტს ან „ოც კაპიკს“ ითხოვს. იმდენად კეთილია, რომ ჩემნაირი მოცულობისა და გარეგნობის ბიჭსაც კი „კრასავჩიკად“ მოიხსენიებს. ქუთაისელები ამბობენ, რომ იგი ადრე საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქის ქუჩებში დადიოდა ხოლმე. ერთადერთხელ ვცადე მასთან გამოლაპარაკება. ჩვენი კომუნიკაცია წარმატებული აღმოჩნდა. მართალია, ვერ მოვახერხე მისი პროფესიის ზუსტად დადგენა, მაგრამ რამდენიმე საინტერესო დეტალი მაინც დავადგინე. ქალაქის მოხეტიალემ უამრავი ბიოლოგიური ტერმინი განმიმარტა. როგორც სჩანს, ის ერთ დროს ბუნებისმეტყველების მიმართულებით საქმიანობდა, დღეს კი რუსთაველის მეტროსა და უცნობი ჯარისკაცის მემორიალს შორის გადაადგილების გარდა, სხვა გზა აღარ დარჩენია.

უნივერსიტეტის ბაღს ხშირად სტუმრობს ერთი მოხუცი ქალი. მას კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს, შესანიშნავად აყალიბებს თავის სათქმელს. მოხუცი ყველას ტელეფონზე დარეკვას სთხოვს. ის ყოველთვის პროკურატურაში რეკავს. რეკავს და ლამის საათობით ეჩხუბება ოპერატორებს. მოხუცი საათობით ითხოვს პასუხს დაკარგული ქონებისა და ადამიანების გამო. როგორც ჩანს, პროკურატურაში მის ზარებს მიეჩვივნენ, ალბათ, მისი ჩხუბის დროს თანამშრომლებს ყურმილი გვერდით აქვთ გადადებული. უკვე სტუდენტებიც კი ერიდებიან მისთვის მობილურის გადაცემას. გაბრაზებული ქალი ტირილითა და მოთქმით დაადგება ხოლმე სახლისკენ მიმავალ გზას.

კოსტავას ქუჩაზე, ალბათ, ყველას შეგხვედრიათ გრძელწვერა ქალი, რომელიც ნაგვის ურნებში იქექება. ყოველთვის სევდა და ტკივილი მიპყრობს მის დანახვაზე. რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ ლექციაზე სტუდენტმა შესანიშნავი ისტორია გაგვიზიარა. მან მოსკოვში მოღვაწე წარმატებული ექიმის შესახებ მოგვითხრო. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ეს წარმატებული ექიმი კოშმარს თბილისის ყველაზე დასამახსოვრებელ და სულისშემძვრელ მოხეტიალედ გადაუქცევია.

ზოგიერთი ადამიანი ტრაგიკულ რეალობას ღიმილით გაურბის. არაყიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე დილას თუ საღამოს, ქარში თუ წვიმაში, ზამთარ-ზაფხულ  ქ-ნი ნათელა დგას, რომელიც ყველა გამვლელს ხმამაღალი სიცილით, დალოცვითა და მხიარულად ეგებება, სანაცვლოდ კი ფეხითმოსიარულეთა და მძღოლთა პატივისცემასა თუ შემწეობას იმსახურებს ხოლმე. ნათელა ყველას უყვარს.

ჩვენს ქალაქში დადიან ისეთი ადამიანებიც, რომელთა უცნაურობასა და განსაკუთრებულობას ერთი შეხედვით ვერ აღმოაჩენთ. მათი მდგომარეობის აღსაქმელად მათთან გასაუბრებაა აუცილებელი. ჩემთან თითქმის ყოველ კვირა მოდიან მოქალაქეები და დახმარებას მთხოვენ. ზოგიერთს თამარ მეფის საფლავის გასათხრელად სჭირდება სახელმწიფო სტრუქტურებთან შუამავლობა. რამდენიმე მათგანი დავით აღმაშენებლის სამოცკილოგრამიან მახვილს მალავს სარდაფში. არიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარ თავს დედამიწაზე მეორედ მოსულ ქრისტედ აცხადებენ. ერთ-ერთ მათგანს მსოფლიოს მოსახლეობის შიმშილისგან გადარჩენა ძეძვისა და ანწლის ნაყენით სურს. თავიდან ამგვარი ისტორიების მოსმენისას მეცინებოდა. შემთხვევების მომრავლების შემდეგ კი უკვე სოსოწარკვეთა მიპყრობს. ეს ადამიანები ერთ დროს ყველანი წარმატებულები იყვნენ, ჰქონდათ თავიანთი საქმე და სამუშაო, მათ აზრს ეკითხებოდნენ, მათი შრომა სჭირდებოდათ. დღეს ისინი თავს ზედმეტად გრძნობენ, არსებულ სიტუაციაში საკუთარ ადგილს ვერ პოულობენ, ამიტომ ქმნიან ვირტუალურ რეალობას. დაკარგული და გარიყული ადამიანები მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში ახერხებენ თვითრეალიზებას, მხოლოდ იქ, არარსებულ ქვეყანაში შეუძლიათ საკუთარი საქმიანობის, საკუთარი სიცოცხლის მნიშვნელობის განსაზღვრა.

სხვა თბილისი არსებობს, მისი ყოფის გამოსწორება კი თითოეული ჩვენგანის მოვალეობა უნდა იყოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი