შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ბარათაშვილი Live

მისგან (რუსთაველივით) მხოლოდ გვარ-სახელი რომ დარჩენილიყო და ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიიდან არაფერი გვცოდნოდა, ეჭვი არ მეპარება, ჩვენ მაინც უზომოდ შევიყვარებდით ტფილისური სალონების მუდმივ ბინადარს, ერთდროულად ქალაქური ჭორების მოტრფიალეც რომ იყო და მტკვრის პირას, ფიქრთ გასართველად სეირნობას დაჩვეული მარტოსული პოეტი.

ნიკოლოზ ბარათაშვილის ფოტო არა, მაგრამ ცხოვრების ამბები ნამდვილად შემოინახა ისტორიამ, თუმცა რაღა ისტორიამ – ყველაზე უწინ მაინც იონა მეუნარგიას უნდა ვუთხრათ მადლი, რომ ბარათაშვილის მნახავ-ნაცნობი, კლასელი და შინაური არავინ დატოვა და მათგან სათითაოდ ჩაიწერა – როგორც თვითონ უყვარდა თქმა, „მოაქუჩა“ – ის წვრილმანები, რომელიც ახლა ათასმაგად ფასეულია და წვრილმანი ხომ არც მაშინ იყო.

მაგრამ, ალბათ დაუფიცებლად დამიჯერებთ, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის პირად წერილებთან მაინც ვერაფერი მივა. როგორც ჩვენი ძველები იტყოდნენ, სხვა ვერრა წყაროს ფეხი ვერ ჩაუვა იმ რამდენიმე ბარათის სიღრმესა და მნიშვნელობაში. ჰო, ზოგჯერ ლექსებსაც კი დაჩრდილავს ხოლმე, იმდენაც ცოცხალი და ამქვეყნიური ვნებებით ასხმული კაცი გვიყურებს იქიდან.

ბიძამისს – გრიგოლ ორბელიანს (რომელსაც თავიდან „ძიას“ ეძახის, შემდეგ კი „ძმაო“-თი უფრო გაუშინაურდება) მიმართავს თუ მიხეილ თუმანიშვილს, მაიკო ორბელიანს თუ ბაბალე საგინაშვილს, „მერანის“ ავტორი ყველგან თავის ბედისწერის ამბავს ჰყვება, რომელიც ნიკოლოზ ბარათაშვილივით ერთადერთია – სხვა არც შემდგარა და ვერც შედგება ამ „გზა უვალზე“. გულგადახსნილი, ყოველ ჯერზე ცდილობს, უფრო ცოცხლად და მკვეთრად გვიჩვენოს, რაც მასშია და მის გარშემოა:

ბავშვობის ოცნება: „…ჯარის-კაცობა, იგი მზრდიდა მე აქამომდენ და ახლაც ხანდისხან კიდევ შთამომეპარება ხუალმე გულში. მაშ რაღამ დამიშალა, თუ კი ჩემი სურვილი იყო? აი, რამ დამიშალა: ჩემთა მშობელთა მიზეზად ეს მომიდეს, რომ კოჭლი ხარო და, თუ არ ინვალიდის კომანდაში, სხუაგან არ მიგიღებენო. მაშინ, როდესაც ფერხი უკედ მქონდა და კარგადაც მაქვს, ასე, რომ ჩემებურად კიდეც ვჰხტი და კიდეც ვტანცაობ… უბედურებისა გამო, მამაც ამ დროს ავად შეიქნა და ავადმყოფი, ჩემს თხოვნაზე, ასე მეტყოდა: „შვილო, ხომ ჰხედავ შენის სახლის გარემოებასაო, იქნება მე ვეღარც კი გავაწიო ამ სნეულებასაო, შენს სახლს არ უპატრონებო?“ ამის შემდეგ გული აღარ იყო, რომ კიდევ შემეწუხებინა მამა ჩემის თხოვნით…“

ჭორიანობითა და ჭირიანობით მოცული ქალაქი: „დიდი დაძგერებაებია ქალებისა, დიდი აყალ-მაყალი, დიდი ტირილი, დიდი ღამის თევაები, დიდი წვეულებაები ერთმანერთის ჯავრით. დაწვრილებით მოგწერდი ყოველს ფერს, მაგრამ კვლავ იყოს, როცა მოცლით ვიქნები. ამ ამბავს დიდი აწერა უნდა…“

ბიძასთან შეხუმრება: „შევიტყეთ, რომ თურმე фრანციცულს ჰსწავლობ. ერთმა ქალმა შემოგითვალა: „სპარსულად ნათქვამიაო: ოც და ათ წელიწადს უკან რომ კაცი ჩონგურს ისწავლის, საიქიოს დაუკრავსო!“. მოგვიანებით: „საყვარელო ძმაო გრიგოლ, არა, უკაცრავად, მთავარო ავარისაო, ემირ-ავარო, ატტილას ტახტზედ მჯდომარეო… კნიაზი ჭავჭავაძე თავისი კნეინათი მარტყობს იყვნენ ჯვარობას. ამათ დასტაში იყვნენ სავარსამიძის ცოლი, სივრიჩის ცოლი და ბეზაკის ცოლი; ეს კი მუხრავანიდგან გადმოვიდა, ამ ზაფხულს იქ იდგა უქმროდ. არ გინდა, რომ ერთს საათს მაგ მთებში გამომძვრალიყავ და მუხრავანში, იმის ოთახში შუაღამისას დაბადებულიყავ?“

სისხლსავსე ტიპები, ხასიათები, პირად ბარათებში ჩადებული ინტონაციები, სარკაზმი და ირონია, რომელიც ჩინსა და დაწინაურებას მომლოდინე ქართული საზოგადოების დანახვაზე ჩნდება. ნიკოლოზ ბარათაშვილიც ამ წრის შვილია, გაცემული შეთქმულებით დემორალიზებული, დასჯილი, გადასახლებული, გადასახლებიდან დაბრუნებული და რუსთა მეფის სამსახურში ჩამდგარი თავად-აზნაურთა ოჯახიდან. დრამა და კომიკური სიტუაციები მის ცხოვრებაში/ბარათებში ხშირად მონაცვლეობს: „ჩვენს დიდს პლატონს (იოსელიანი) ძილში კატა დაჰსწოლოდა ბაკენბარდზედ და ასე გაეთელა, რომ ვეღარას გზით ვერ გაუსწორებია. ეს ერთი ბაკენბარდი ასე გათელილი დარჩა. ვურჩევთ, რომ მოიპარსოს, მაგრამ არ გვიჯერებს. ეს აკლდა ამის ფილოსოფიურს სახეს!“.

მაია ცერცვაძის გულმოდგინე, მრავალწლიანი შრომის შედეგად ჩვენ გვაქვს ნიკოლოზ ბარათაშვილის პირადი წერილები, სრულყოფილი სამეცნიერო აპარატით, როგორც იტყვიან ხოლმე – ისეთი, მკითხველს რომ წიგნს გარეთ გასვლამ აღარ მოუწიოს. უამრავი ტიპი, გეოგრაფიული სახელი და წერილებში ნაგულისხმევი გარემოებაა მიკვლეული და დაზუსტებული. XIX-XX საუკუნეების ქართველ მოღვაწეთა მემუარებისა და ეპისტოლური მემკვიდრეობის ფონზე აღდგენილია ერთი კაცის თავგადასავალიც და ყველაფერი ის, რაც მის გარშემოა.

ესეც კიდევ ერთი საქმიანი ნაბიჯი. თორემ, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ დღის წესრიგშია მტკივნეული საკითხი, ნიკოლოზ ბარათაშვილი სასკოლო სახელმძღვანელოების გაქვავებულ პერსონაჟად დარჩეს თუ მუდმივი ძიება-გააზრებისა და ინტერპრეტაციების საგნად; ბარათაშვილი ქუჩას, ხიდს, ძეგლსა და მუზეუმს გვახსენებდეს თუ ყოველ დროში აქტუალური გენიოსის პოეტურ სამყაროს. დროზე გარკვევა სჯობს. თუ არადა, როგორც მაიკო ორბელიანისადმი მიწერილ ბარათში ამბობს: „ვისაც ვახსოვდე, მომიკითხე, და ვისაც არა… რაც მოუვიდეთ, მოუვიდეთ!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი