პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ბესტსელერები თბილისის წიგნის მე-19 ფესტივალიდან

25-დან 28 მაისის ჩათვლით „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონს უამრავი დამთვალიერებელი სტუმრობდა, რომელთა შორის ახალგაზრდები თვალშისაცემად ბევრნი იყვნენ. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით უკვე მეცხრამეტედ გაიმართა და ხალხის რაოდენობამ, რიგებმა გამომცემლობების სტენდებთან დიდი იმედიც გააჩინა, რომ მომავალი თაობა, რომელიც სიხარულით ესწრება უცხოელ (წლევანდელ შემთხვევაში – ნორვეგიელ) თუ ქართველ ავტორებთან შეხვედრებს და ფასდაკლებების პერიოდსაც აქტიურად იყენებს, წინა თაობაზე უფრო ნაკითხი იქნება.

ფესტივალის ბოლოს, როგორც წესი, გამომცემლები ბესტსელერთა სიებს ადგენენ, რასაც სიამოვნებით წარმოგიდგენთ. თუმცა აუცილებლად უნდა მოგითხროთ ჩემი აზრით სავალალო შედეგის შესახებაც: ქართველი ავტორების წიგნები ძლივს ხვდება გაყიდვების ლიდერების სამეულში და ხუთეულშიც კი. პირველ ადგილს ძირითადად ახალი თარგმანები იკავებს, მეორეზე კი ქართველი ავტორის წიგნი იმ შემთხვევაში ხვდება, თუ მას  მკითხველს პირველად სწორედ ფესტივალზე წარუდგენენ. ამის ნათელი დადასტურებაა დრამატურგისა და მთარგმნელის – დავით გაბუნიას სადებიუტო რომანიც, რომელიც პირველად თბილისის წიგნის ფესტივალზე გამოჩნდა „წიგნები ბათუმშის“ სტენდზე, ხოლო არჩილ ქიქოძის უკვე პრემირებულმა რომანმა „სამხრეთულმა სპილომ“ მეხუთე ადგილი დაიკავა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ბესტსელერების სიაში.

გამომცემლობის – „წიგნები ბათუმში“ – ბესტსელერების სამეულში პირველ ადგილზე ასევე საფესტივალოდ გამოსული ზეიდი სმიტის „თეთრი კბილები“ (ინგლისურიდან თარგმნა თამარ ბაბუაძემ) აღმოჩნდა, მესამეზე კი წინა წლების გაყიდვების ლიდერი – დენიელ კიზის „ყვავილები ელჯერნონისთვის“ (ინგლისურიდან თარგმნა თინათინ ხომერიკმა).

დავით გაბუნიას „დაშლა“ მცირე რომანია, რომელშიც სიუჟეტი 2012 წლის აგვისტო-სექტემბერში ვითარდება. პერსონაჟების მონოლოგებს ფონად იმავე დროის თბილისის რეალური მოვლენები გასდევს. უმუშევრობა, ახალი ურთიერთობები და ვნებები, სხვისი, კერძოდ – ახალი მეზობლის, ცხოვრებით ცხოვრება, თავიდან, ერთი შეხედვით, გაწელილი, თუმცა ჩამთრევი ამბავი, განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების დრამა და მწერლის ოსტატური თხრობა წიგნს რამდენიმე საათში წაგაკითხებთ. მკითხველი პერსონაჟთან ერთად დადის ერთგვარ წრეზე, გარს კი არ უვლის ქალაქს, პირიქით, შიგნითვე ტრიალებს დაუსრულებლად და უშუალო მონაწილე ხდება ოჯახების რღვევისა, ავტორი რომ დაშლას, ანუ ჩამოშლას უწოდებს. რომანში თითქოს წამზომია ჩართული, რომელსაც ხმა სატელევიზიო „ნიუსების“ ფონს მიუგავს და მასში მოცემული დღიურის თითოეული საათი ჩვენთვის, ყველასთვის, ძალიან ნაცნობია.

გამომცემლობა „ინტელექტის“ ბესტსელერების სია „აკრძალული წიგნების თაროს“ სერიის  უახლესი თარგმანებით დაკომპლექტდა. მარიო ვარგას ლიოსას „ქალაქი და ძაღლები“ (ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ) და მაია ენჯელოუს „ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი“ (ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა) ფესტივალის ბოლო წუთამდე ეჯიბრებოდა ერთმანეთს. გაყიდვების მხრივ ამ ორ რომანთან ძალიან ახლოს მდგომ ელის უოკერის „იისფერზე“ მოგახსენებთ: წიგნმა 1983 წელს პულიტცერისა (ავტორი პირველი ფერადკანიანი ქალი იყო, რომელმაც ეს პრემია მიიღო) და ამერიკის წიგნის ეროვნული პრემიები მიიღო. თუმცა ის ბევრჯერ გამხდარა ცენზურის სამიზნე არასრულწლოვანზე ძალადობის, ქალთა ჩაგვრისა თუ სექსუალური თემების გამო. მაღალმხატვრული რომანი ორი აფროამერიკელი დის მიერ ღმერთისა და ერთმანეთისათვის მიწერილი წერილებისაგან შედგება და მასში მკვეთრად ისმის ორი განსხვავებული ხმა, ორი სამეტყველო ენა, რომელთა შთამბეჭდავად თარგმნა გია ბერაძის დამსახურებაა. ცოდვის კვალი ადამიანებზე აქ მეტისმეტად ხილულია – პერსონაჟები სინდისის ქენჯნის გამო ავად ხდებიან და მხოლოდ მონანიებისა და შეცდომის გამოსწორების შემდეგ თუ ახერხებენ უშფოთველ ძილსა და სრულფასოვან ცხოვრებას. წიგნი, რომელშიც აღმოაჩენთ სამშობლოს განსაკუთრებულ განცდას, მიტევებასა და სიყვარულს, ვფიქრობ, არც ზედა კლასების მოსწავლეებს და არც მათზე უფროს მკითხველებს გულგრილს არ დატოვებს.

„არტანუჯის“ გაყიდვების შედეგებიდან ჩანს, რომ  მკითხველი უპირატესობას მაინც რომანის ჟანრს ანიჭებს და ბესტსელერების სიის ხუთეულის ბოლოსკენ „გზავნის“ მხატვრულ-დოკუმენტურ წიგნებს. გასაკვირია, რომ სულ ახლახან გამოცემული 2015 წლის ნობელიანტის – სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნს – „სექენდ ჰენდის დრო“ (რუსულიდან თარგმნა ნინო ბექიშვილმა) წინა წლების ბესტსელერმა თარგმანებმა, ხალიდ ჰოსეინის ორმა რომანმა – „ფრანით მორბენალმა“ და „ათასმა მოელვარე მზემ“ და უილიამ ფოლკნერის შედევრმა – „სული რომ ამომდიოდამ“ აჯობა.

„ფრანით მორბენალი“ ავღანური წარმოშობის თანამედროვე ამერიკელი მწერლის – ხალიდ ჰოსეინის სადებიუტო რომანია, რომელიც გამოსვლისთანავე (2003 წ.) იქცა საკულტო წიგნად. ის აშშ-ის დამამთავრებელ კლასებში სავალდებულო საკითხავ ლიტერატურად გამოცხადდა. ბევრისგან მსმენია, რომ ჰოსეინის რომანებიდან ყველაზე მეტად სწორედ „ფრანით მორბენალი“ მოსწონს. ჩემი აზრით კი, პროფესიით ექიმის მწერლური ოსტატობა შემდგომ რომანებში უფრო და უფრო გამოჩნდა. სავარაუდოდ „ფრანით მორბენალის“ წარმატებას ნედლი ამბავიც განაპირობებს და სულ რამდენიმე, თუმცა ემოციური ხაზი – მამა-შვილობის, მეგობრობისა და თავგანწირვის. „შენი გულისთვის, თუნდაც ათასჯერ!“ – ეს ფრაზა ერთგვარ რეფრენად გასდევს რომანს და მას სულმოუთქმელ საკითხავად აქცევს. სასიხარულოა, რომ ჰოსეინის სამივე რომანს მშობლიურ ენაზე შეუძლია გაეცნოს ქართველი მკითხველი, რომელიც ბევრ მსგავსებას შენიშნავს საქართველოსა და ავღანეთს შორის. ხალიდ ჰოსეინის რომანებზე, რომელთაგან ორი ინგლისურიდან ლალი ყუშიტაშვილმა თარგმნა, ამავე ჟურნალში ადრეც გვისაუბრია: https://mastsavlebeli.ge/?p=13738https://mastsavlebeli.ge/?p=10281 და https://mastsavlebeli.ge/?p=12410

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა“ და „დიოგენეს“ გაყიდვები კიდევ ერთი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა: ბესტსელერების რიგებში ხშირად კლასიკური საყმაწვილო რომანებიც ხვდება. გამოდის, რომ წიგნის მყიდველები უმტესად სრულწლოვანი ადამიანები და მოზარდები, თინეიჯერები არიან. სულაკაურის გამომცემლობაში ჯოან როულინგის „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ (ინგლისურიდან თარგმნა ქეთევან ყანჩაშვილმა) და ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა პრინცის“ მერაბ ფიფიასეული თარგმანი პირველ და მეორე ადგილს იკავებს. ასტრიდ ლინდგრენის „პეპი გრძელწინდა“ კი „დიოგენეს“ N3 ბესტსელერია. 70-იან წლებში შესრულებულმა ეთერ კუბლაშვილის თარგმანმა თაობებს გაუძლო და განუმეორებელი პეპი ახლაც ატყვევებს ნებისმიერი ასაკის მკითხველს. ვილა „ყიყლიყოში“ მცხოვრები 9 წლის გოგონასა და მისი მეგობრების – ტომისა და ანიკას ამბების კითხვა დღესაც სახალისოა. „დიოგენეს“ გამოცემებიდან N1 ბესტსელერი ხათუნა ცხადაძის მიერ იტალიურიდან სულ ახლახან თარგმნილი უმბერტო ეკოს „ფუკოს ქანქარა“ გახდა. მილან კუნდერას „ყოფის აუტანელმა სიმსუბუქემ“ კი, რომელიც ჩეხურიდან სულხან მუხიგულაშვილმა თარგმნა, ამ გამომცემლობის საფესტივალო გაყიდვებში მეორე ადგილი დაიკავა.

ფრანც კაფკას „ამერიკა“ ქართულად პირველად სწორედ ფესტივალზე გამოჩნდა „ბაკურ სულაკაურის გამომცელობის“ სტენდის თაროზე და ამ მწერლის შემოქმედების მოყვარულთა ყურადღებაც მაშინათვე მიიპყრო. გამომცემლობის N3 ბესტსელერი გერმანულიდან რუსუდან ღვინეფაძემ თარგმნა. დიდი მწერლის პირველი დაუსრულებელი რომანი ამერიკაში ემიგრირებული მისი ნათესავების ბევრ ცხოვრებისეულ დეტალს შეიცავს. მასში 16 წლის ემიგრანტის, გერმანელი კარლ როსმანის ამბავია მოთხრობილი; ბიჭისა, რომელმაც 35 წლის მოახლე დააორსულა და მისგან ვაჟიც ეყოლა. ამის გამო მშობლებმა ის გემით სასწრაფოდ ნიუ იორკში გაამგზავრეს. სწორედ გემიდან იწყება კარლის ამერიკული თავგადასავალი: ცეცხლფარეშის გამოსარჩლება და კაპიტნის ოთახში შეხვედრა აქამდე უნახავ ბიძასთან, რომელიც სენატორი აღმოჩნდება და ძმისშვილს თავისთან წაიყვანს. 1911-1914 წლებში კაფკამ თავად დაასათაურა რომანის პირველი ექვსი თავი და პირველი თავი სათაურით „ცეცხლფარეში“ ცალკე მოთხრობად გამოაქვეყნა. ამ სახით კი, როგორიც დღეს გვაქვს, წიგნი მწერლის სიკვდილის შემდეგ, 1927 წელს გამოიცა კაფკას მეგობრისა და ბიოგრაფის – მაქს ბროდის მიერ. სწორედ მან შეარჩია სახელწოდებად „ამერიკა“. რომანის სათაურის ავტორისეული ვერსიები კი იყო: „ამერიკული რომანი“, „კაცი, რომელიც გაუჩინარდა“ და „ცეცხლფარეში“.

თბილისის წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალზე ოცდაათამდე საგამომცემლო სახლი მონაწილეობდა, მაგრამ ვფიქრობ წარმოდგენილი ხუთი გამომცემლობის ბესტსელერების სიის მოკლე მიმოხილვით გარკვეული წარმოდგენის შექმნა შეგვიძლია იმაზე, თუ ძირითადად რას კითხულობენ დღეს საქართველოში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი