შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ფატმანის სახის გაგებისთვის  ,, ვეფხისტყაოსანში’’

 

რამდენადაც ღვთაებრივი ნათელით ვეცნობით ,,ვეფხისტყაოსნის’’ მეფე  ქალებს, იმდენად დაუნდობელი ცივი რეალობით, თითქოსდა ნეტან-დარეჯანისა და თინათინის ანტიპოდად გვაცნობს ფატმანის სახეს რუსთველოლოგიური კრიტიკის უმრავლესობა, თუ არ ჩავთვლით მხოლოდ ერთ დადებითს, რომ ფატმანი  კარგი მეგობარია, რასაც ყველა კრიტიკოსი ეთანხმება… კარგი მეგობარი კი ვერ იქნები თუ ხასიათისა და თვისებათა ნიშნულში თავს არ იყრის სხავადასხვა ,, კარგი“. ხასიათის  შავ-თეთრ ფერებში დანახვა, ანუ აბსოლიტურად თეთრი და აბსოლიტურად შავი, ჯერ კიდევ კომუნისტური ცნობიერებიდან შემორჩა ჩვენს მეხსიერებას.  ფატმანს ქაჯეთის სამეფომდე ვეცნობით, რამდენადმე ეს ნიუანსიც უწყობს ხელს ფატმანის უარყოფითად აღქმას, მოლწამოსხმული ფატმანის მსახურები გვაგებინებენ ნესტანის შესახებ, მაგრამ ეს ფაქტი ფატმანის გონიერებაზე მეტყველებს, თავად ფატმანი არასოდეს გმხდარა ქაჯთა თანაზიარი. პერსონაჟის მიმართ დამოკიდებულება მკითხველისა, [ თუკი ის ჭეშმარიტი მკითხვალია]  მჟღავნდება იმის მიხედვით, თუ რა არჩევანს აკეთებს იგი გადამწყვეტ მომენტში- სულიერსა თუ ნივთიერს. ფატმანი კი სავსეა, როგორც ნივთიერებით , ე.ი. ფიზიკური ქალური ბუნებით,- ასევე სულიერებით, და იგი, როგორც პერსონაჟი, იმიტომაც ,,იმარჯვებს,’’ რომ არ დაურღვევია წონსაწორობა ნივთიერებასა და სულიერებას შორის ,, სულსა და ხორცს შორის’’[აკაკი ბაქრაძე]

თუკი ჩავთვლით, რომ  ადამიანის ქცევასა და ბუნებას რამდენადმე განაპირობებს გარემო, რომელშიც უხდება მას ცხოვრება „ფატმანი ბნელში ნათელია, რომელმაც გაიარა მიწიური ცხოვრების ყველა ბნელი კუნჭული, გაიარა ქალური ცოდვითა და ტკივილებით ისე, რომ არაფერი ადამიანური უცხო არ ყოფილა მისთვის, მაგრამ ცოდვის გზაზე ფატმანი არ შეჩერებულა, იგი ნათელთან [ნესტან-დარეჯანი, ავთანდილი]   ნათელია და ცოდვის ჩრდილიც არსად დაჰკრავს მის კეთილშობილურ ბუნებას ,, ასე თანდათან მიილტვის ფატმან ზექალობისკენ’’ [გრიგოლ რობაქიძე] გავიხსენოთ ამქვეყნიური გზა ჩვენი წმინდანი ქრისტიანი ქალებისა, განა მათაც  ცოდვიანი, ეკლიანი გზა არ გაიარეს ამქვეყნიურ ცხოვრებაში? [მარიამ მაგდანილელი, მარიამ მეგვიპტელი] მაშ რაღას უნდა ვერჩოდეთ ფატმანს. ჩვენ ხომ მას ვტოვებთ არა ცოდვაში ჩაფლულს, არამედ ცოდვაზე ამაღლებულს. [ზვიად გამსახურდია]

 

ვფიქრობ, ფატმანის ბუნების ამგვარი განზოგადება თუ ახსნა უნდა მივაწოდოთ მოსწავლეს საუბრის შესავალ ნაწილში, ხოლო შემდეგ ტექსტის კომენტირებით შეიძლება ხასიათის უფრო ღრმა და კონკრეტული გახსნა.

ფატმანს, როგორც პერსონაჟს, ავთანდილთან მიმართებით ვეცნობით, ნესტან-დარეჯანის (ზეციური სატრფოს), მაძიებელი ავთანდილი ვაჭართა ქალაქში მოხდება. ზვიად გამსახურდია თვლის, რომ ნესტანის, როგორც სოფიას პოვნა, უზენაესი ჭეშმარიტების წვდომა, შეუძლებელია სოფლისგან მოწყვეტით, ამისთვის პრაქტიკული ინტელექტის დაუფლებაა საჭირო, პრაქტიკულ ცხოვრებაში განხორციელება თეორიული სიბრძნის პრინციპებისა, ასე, რომ  გულანშაროში ავთანდილის ზეცნობიერი გონება მიწიური სიბრძნითაც უნდა გაჯერდეს, რათა ავთნდილი მიწვდეს საწადელს. ხოლო ვინ არის ავთანდილის გულანშაროელი მასპინძელი- ფატმანი, ამაში მისი სახელის ეტიმოლოგიური ახსნაც დაგვეხმარება. ძირითადად ეს სიტყვა ცოდნას, გაგებას ახსნას უკავშირდება. ფატმანის გზაც პრაქტიკულ ცოდნაზე დამყარებული სიბრძნის გზაა.

ავთანდილის დაახლოებას ფატმანთან რამდენიმე კრიტიკოსი ალეგოლიურად მაღალი ფილოსოფიური ზეცნობიერისა და პრაქტიკული   მიწიური სიბრძნის შერწყმას უკავშირებს. ამით ხორციელდება ავთანდილის კრედო ,, ვისთვის კვდები ვერ მიხვდები, თუ სოფელსა მოიძულებ“ და, რადგან მარტივი ჭეშმარიტებაა ის, რომ ადამიანი ზეციურისა და მიწიური ბუნების შერწყმაა.  ეს სწორედ ფატმანის ბუნებაში ხორციელდება. აქვე მინდა გავიხსენო თამაზ ჭილაძის აზრი ვაჭართა შესახებ,- ვაჭრები აქ კეთილი ძალაა და არა ბოროტი. გავიხსენოთ ისიც, რომ მე-12 საუკუნეში ვაჭრებს იმდენი ძალა გაჩნდა, რომ სამეფო ცხოვრებაში გარკვეულ როლს ასრულებდნენ. რუსთაველს არც სძულს და არც უყვარს ვაჭრები, გენიალურმა პოეტმა მათი დადებითი მხარეც იცის და უარყოფითიც. ამავე დროს დაუშვებელია ვაჭრებს და რაინდებს შორის სრული თანხმობის ძიება. ვაჭრები ხომ სრულიად სხვები არიან, რაინდები კი სრულიად სხვანი- „ შუა უძევთ დიდი ზღვარი’’, უფრო სწორედ ეს ზღვარი ღვთის მიერაა აღმართული, რათა არ დაირღვეს რუსთველური ჰარმონიულობის კანონი ,, რაცა ვის რა ბედმან მიცეს დასჯერდეს და მას უბნობდეს’’.

„ბედმან’’  ფატმანს სხვა ფუნქცია დააკისრა, დიდი და დაუტეველი სიყვარული ჩადო მასში, ვიდრე  იგი ვაჭართა ქალაქში გულანშაროში მოთავსდებოდა, ამიტომაც იგი ნესტან- დარეჯანის  ზეციური მასპინძელია  და უხარბოა  და სულგრძელი, როგორც სიყვარული.

ასე, რომ თუ ნაწარმოების დასაწყისში რუსთველი გვაცნობს ,, მუტრიბთა და მომღერალთა’’ მოყვარულ ფატმანს ნაწარმოების ბოლოს მას ცრემლში განბანილს მონანიეს ვხედავთ. აქედან გამომდინარე ფატმანის გამომწვევი უდარდელობა და პირდაპირობა იქნებ ნიღაბია არსებულ სამყაროსგან თავის დასაცავად. მას ხომ ხშირად სტანჯავს მარტოობა ამ სიმდიდრითა და ყვავილებით გაძეძგილ  ქალაქში (,, მარტო დავრჩი,  სევდა რამე შემომექცა გულსა მურად’’) მარტოობა კი სულის სიმაღლისა და კეთლშობილების ნიშანია, როგორც უთქვამთ,- სული იზრდება მარტოობაში. იქნებ მარტოობაში გაზრდილი სულის შინაგანი გამოძახილია ფატმანის ავთანდილისადმი მიწერილი წერილი, როგორც მას უწოდებს პოეტი ,,უსტარი შესანახავი, არ ცუდად დასახეველი’’. აქვე მინდა გავიხსენო კორნელი კეკელიძის შესანიშდნავი გამოთქმა ,, მოულოდნელი სიყვარული’’,  ამ სიტყვებით ახსნა მან ავთანდილისა და ფატმანის ლტოლვა ერთმანეთისაკენ. გავიხსენოთ ავთანდილის განწყობა ფატმანის მიმართ პირველი შეხვედრისას ,, რა ყვავი ვარდსა იშოვის თავი ბულბული  ჰგონია’’ დაშორებისას – ,, შენ  გიცი კარგი მოყვარე, ერთგული მისნდობელი’’.  ასე, რომ ავთანდილმა და ფატმანმა ბევრი რამ ისწავლეს ერთმანეთისაგან- დაეხმარნენ ერთმანეთს აღმოეჩინათ საკუთარი  თავი.

ზვიად გამსახურდია ავთანდილის  მიერ ჭაშნაგირის მკვლელობას ასე ხსნის ,,ეს უნდა გავიგოთ, როგორც ფატმანის  განთავისუფლება უარყოფითი ბახკიზმისაგან, რომლისგანაც მას სულიერი დაღუპვა  ელოდა. ამას ფატმანი თავდაცვის მიზნით აკთებს,  ფაქტიურად ავთანდილიც თავს იცავს  ჭაშნაგირისაგან, ჭაშნაგირისთვის, რომ უცხო იყო ამაღლებული ზეარსი აზროვნება ეს მთელი ტექსტიდან ჩანს. ისიც ცხადია, რაც უნდა იდეალური  იყოს სახელმწიფოებრივი წყობა, ზოგჯერ მისი გზა მაინც ამ სისხლიან წუთისოფელზე გადის, არა მარტო ფატმანის , არამედ ,, ვეფხისტყაოსნის’’ რაინდთა  არაერთი გადაწყვეტილებისა თუ ქმედებისას ,, იცქირება“  დემნა ბატონიშვილის დათხრილი თვალები“. ზვიად გამსახურდია ამბობს ,, როდესაც ადამინში ივანებენ სარწმუნოება და სიბრძნე [ ავთანდილი] ისინი კლავენ მასში  მიდრეკილებას ლოთობისა და ჰედონიზმისაკენ. აი, რას ნიშნავს ჭაშნაგირის  მკვლელობა.“

ავთანდილს ჭაშნაგირის სიკვდილისა და ნესტან-დარეჯანის ამბის გაგების შემდეგ შეეძლო დაემალა მისთვის თინათინის ამბავი, მაგრამ ამ  უკიდურესობამდე მართალ ქალს ვერ აკადრა ტყუილი. დახმარების თხოვნა კი ცნობიერთა მკურნალის მიერ ფატმანის ზეცნობიერად აღიარებაა. ფატმანის პასუხიც მისი კეთილშობილებისა და ღირსების კიდევ ერთი დადასტურებაა ,,ფატმან თქვა; ღმერთსა მადლობა, საქმენი მომხვდეს, მო რანი, დღეს რომე მესმეს ამბავნი უკვდავებისა სწორანი’’. ეს არის ,, სიყვარულში ამაღლება ადამიანური სულისა, სადაც დიდი ინგლისელი პოეტის არ იყოს, ბევრი რამ ხდება, ისეთი, რაც ფილოსოფოსთ სიზმრადაც არ დაესიზმრებაო’’[ თ. ჭილაძე]

ფატმანის დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა სიკეთის გამაჯვება. სიკეთე კი ფატმანის ცნობიერებაში ისეთივე ფორმულირებით ხმიანდება, როგორიც ავთანდილის ცნობიერში. ქაჯეთის ციხიდან გამოხსნილ ნესტანს ფატმანი ასე მიმართავს ,, ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია მისი გრძელი’’

ეს თითქმის, იმ სიტყვების განმეორებაა, რაც ცოტათი ადრე ავთანდილმა ასმათს უთხრა: ,,ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია’’. ოღონდ ესაა ავთანდილი კეთილს კეთილი ნიადაგი დახვდა, იხარა და ადვილად აღმოვაჩენთ-ხოლმე ფატმანის კეთილს კი ჭუჭყი და ამქვეყნიური ბიწი უნდა განაშორო, რათა იბრწყინოს.

ასე რომ ფატმანის სულის ევოლუციის გზა უნდა დავანახოთ მოსწავლეს, რომ ეს პერსონაჟი სწორად აღიქვას. ამ  გზის შეცნობაში კი თავად ფატმანის ღია უშურველი ბუნება და საკუთარი სულისკენ მიმართული  ირონია გვეხმარება. და რაც მთავარია, მართებული ქმედება და საქმე ყველა გადამწყვეტ  და კულმინაციურ სიტუაციაში,  რამეთუ ,, საქმეთაგან გამართლდების კაცი და არა სიტყვათაგან“.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი