შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

საინტერესო ინტერაქცია ლიტერატურის გაკვეთილზე

ბავშვებს ვუყვებოდი: ჩემს ბავშვობაში ბიჭები გოგონებს 8 მარტს ყვავილებით გვილოცავდნენ. ჩვენც, შესაბამისად, 23 თებერვალს (წითელი არმიის დღეს) დიდი რუდუნებით საჩუქრებს ვუკეთებდით ჩვენს თანაკლასელ ბიჭებს-მეთქი. მაინტერესებდა, მათი რეაქცია ამ თარიღთან მიმართებით როგორი იქნებოდა.

– მასწ, საქართველოს გაუბედურების დღეს ულოცავდით ერთმანეთს? – გაკვირვებით მკითხა შავტუხა, ლამაზთვალება ბიჭმა, რომელსაც აღშფოთება და გაკვირვება სახეზე ნათლად ეხატა.

– ჩვენგან დამოუკიდებლად ხდებოდა ეს… ეს სხვა ეპოქა იყო, „ჟამი მეფისტოფელისა“ (გალაკტიონი), რომელმაც  „უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები“ (გალაკტიონი). თუმცა ჩვენ გვინერგავდნენ და გვაჯერებდნენ, რომ ამ დღის „წყალობით“ ჩვენმა ქვეყანამ ბედნიერება, თავისუფლება, ნათელი მომავალი მოიპოვა.

– ისტორიას არ კითხულობდით, ასე როგორ გატყუებდნენ? – იკითხა კიდევ უფრო გაკვირვებულმა გოგონამ და მხრები აიჩეჩა.

გამიხარდა… მივხვდი, რომ თავისუფლების განცდა ჩვენს ბავშვებში ღრმად იყო ფესვგადგმული. ამათ ვეღარ დააჯერებდი იმას, რასაც ჩვენ „გვთავაზობდნენ“. ჩაკეტილი საინფორმაციო ვაკუუმი გარღვეული იყო და ამათი გონებაც ტყუილით ვეღარ მოიწამლებოდა. ვერაფერი ჩაკლავდა ამ ხალას გოგო-ბიჭებში ბედნიერებისა და სიამაყის განცდას.

1921 წლის ავბედით დღეზე უნდა მესაუბრა. კოლაუ ნადირაძის ლექსი ამაში ნამდვილად დამეხმარებოდა… ლექსის ახსნამდე მოსწავლეებს ვაჩვენე ამ დღეებთან დაკავშირებული დოკუმენტური კადრები და ვთხოვე, ორიოდე სიტყვით დაეწერათ ნანახით აღძრული ემოცია.  მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყეთ ლექსის კითხვა და ანალიზი.

კოლაუ ნადირაძემ ეს ლექსი 1969 წელს დაწერა. მასში დიდი ტკივილი, სევდა, თავისი თანამოძმეების (პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე…) დაბნეული ქმედებები იკითხება. გენერალ მაზნიაშვილის თხოვნით, „ცისფერყანწელთა“ წარმომადგენლები არეულობის თავიდან ასაცილებლად,  წითელგვარდიელთა გვერდით  აღმოჩნდნენ. როგორც ცნობილია, ამ ამბავს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა (ახლა ამაზე არ ვისაუბრებთ). 1921 წლის 25 თებერვალს

„თოვდა და თბილისს ებურა თალხი,

                    დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“…

კონტრასტის არაჩვეულებრივი ხერხით თოვლის სიწმინდეს, სიკაშკაშეს სიშავე ერწყმის, რაც ემოციურ დისონანს ქმნის მკითხველის გონებაში. არსად, არც ერში და არც ბერში, არ იყო კონსოლიდაცია: „დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“.  ყველა თავგზააბნეული  იყო.

სიმბოლურად გრდემლი ბედისწერაა, რომელიც უბედურების მომასწავებლად არის ლექსში  წარმოჩენილი. ვხედავთ, მხსნელისა და პატრონის გარეშე დარჩენილი ქალაქი როგორ ადის გოლგოთაზე, როგორ აცვამენ ჯვარზე,  როგორ ნერწყვავენ, აფურთხებენ, ფეხქვეშ თელავენ… უმძიმესი ტრაგედია შავ-თეთრ ფონზე იხატება, რომელშიც წითელი ფერი სიკვდილის მაუწყებლად შემოდის.  სხვა ფერი ამ ტექსტში არ დომინირებს. სიცოცხლეს ძალით ჩააცვეს თალხი. კოჯორსა და ტაბახმელაში თეთრი თოვლი დასტირის „გმირების გვამებს, /განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს“.

კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს ყურადღებას გავამახვილებინებთ ამ ტექსტში არსებულ სიმბოლოთა მნიშვნელობებზე. კოლაუ ნადირაძე, როგორც სიმბოლისტი პოეტი, ტროპის ამ სახეს უშურველად  გვთავაზობს, რაც ჩვენს გონებრივ ჰორიზონტს აფართოებს და წარმოდგენათა სპექტრს ამრავალფეროვნებს.  მოსწავლეები დავაფიქროთ  გრდემლის, ცელის, სისხლის, თოვლის, თალხის, გოლგოთის მნიშვნელობებზე. როგორც ზემოთ აღვნიშნე, კონტრასტის ხერხი ამ ლექსში ძალზე მნიშვნელოვანია.

„წითელი დროშით, მოღერილ ყელით,

თეთრ ცხენზე მჯდომი ნაბიჯით ნელით

შემოდიოდა სიკვდილი ცელით“. 

სისხლის მწოველ არმიასთან თეთრი ცხენი გარკვეულ შეუსაბამობაში მოდის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ ვინ იყო ამხედრებული (სერგო ორჯონიკიძე) ამ ცხენზე, მარტივად ამოსაცნობი იქნება მოღალატის მიზანი.

 

ლექსი პირობითად სამ ნაწილად იყოფა. თითოეულ ნაწილში ავტორი სხვადასხვა საკითხს ეხება.

 

 პირველი ნაწილი ეთმობა წითელი არმიის შემოსვლით  გამოწვეულ დაბნეულობასა და არეულობას („ძილღვიძრად იყო ქალაქი  ჩემი“);

მეორე ნაწილში დახოცილი იუნკერების ხილვით  აღძრული ტკივილია ნაჩვენები;

მესამე ნაწილი ჩვენი ქვეყნის ღირსეული წარსულის შელახვის თემას ეძღვნება.

 

რეფრენი – „თოვდა და თბილისს ებურა თალხი,/ დუმდა  სიონი და დუმდა ხალხი“ –  იმდროინდელი საქართველოს, ქართველი ხალხის მორალურ-ფიზიკურ მდგომარეობას ასახავს.

 

ვერსიფიკაციის მიხედვით, ლექსი ათმარცვლიანია, პირველი და მესამე სტროფები წყვილი რითმითაა გაწყობილი (თალხი – ხალხი, ჩემი – გრდემლი/; თალხი – ხალხი, ტაბახმელა – ნელა). შემდეგი სტროფების რითმა სათქმელის მიხედვით იცვლება, რაშიც იკითხება ავტორის დაძაბულობა და ემოციურობა.

 

გასაბჭოებამ რა სიკეთეც მოუტანა ჩვენს ქვეყანას, არაერთ ნაწარმოებშია ასახული. ამის ხმამაღლა ან შეფარულად მთქმელნი დააპატიმრეს, გააციმბირეს, სიკვდილით დასაჯეს. მწერლებს ის უნდა ეწერათ, რაც საბჭოთა იდეოლოგიის პროპაგანდისთვის იქნებოდა სასურველი და ხელსაყრელი.  მწერალს ახალი ადამიანი, ე.წ. საბჭოთა მოქალაქე უნდა გამოეწრთო. შეიცვალა მორალური და კულტურული ფასეულობები, ბელადებზე დითირამბები, მათი ქება და მაამებლობა სასიცოცხლოდ  აუცილებელი მოთხოვნა გახდა.

ლექსის იდეურ-მხატვრული ანალიზის დასაწერად და პარალელის გასავლებად მოსწავლეებს შევთავაზე გოდერძი ჩოხელის მოთხრობის („აჩლახუნე“) წაკითხვა.

 

 გამოყენებული ლიტერატურა:

ნადირაძე კოლაუ,   „25 თებერვალი, 1921“, „ცისფერყანწელები“, 100 ლექსი, გამომც. „ინტელექტი“, თბ. 2007, გვ.123.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი