ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მხატვრული ტექსტის წაკითხვისათვის

„ყველგან, სადაც სამყარო განიცდება ჩვენ მიერ, სადაც ხდება უცხოობის ჩამოცილება – სრულდება ჰერმენევტიკული პროცესი სამყაროს შეკრებისა სიტყვაში და ზოგად ცნობიერებაში“.

ჰ. გადამერი

 

„აზრის გამოვლინება ენაში“ _ ასე განსაზღვრავს გაგების ცნებას შლაიერმახერი.

ხშირად მოსწავლე კითხულობს ამა თუ იმ ტექსტს, იცის მისი შინაარსი, მაგრამ დარწმუნებული არ ვართ, რომ ის ჩაწვდა ავტორის სათქმელს. როდის შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსწავლემ სწორად გაიგო ტექსტი? ლიტერატურული ნაწარმოების მიმართ ასეთი ერთმნიშვნელოვანი კრიტერიუმი არ არსებობს. მხატვრული ტექსტის გაგება, მისი სწორად ინტერპრეტაცია, სინქრონული და დიაქრონული რაკურსების გაერთიანება, მკითხველი და თეორეტიკოსი, ავტორი და ისტორიული კონტექსტი, შინაგანი და გარეგანი ლოგოსი, ენობრივი და ჟანრული მოდელი – ეს ლიტერატურის თეორიის საკითხების ის მცირე ჩამონათვალია, რომლის ცოდნაც საჭიროა სხვადასხვა ასაკის მკითხველისთვის ტექსტის დეკონსტრუქციისა და შემდგომი სწორი რეკონსტრუქციისთვის.

მხატვრული ტექსტების ჰერმენევტიკული მეთოდით კვლევა მეტად აქტუალური და საინტერესოა. ჰერმენევტიკას სხვაგვარად გაგების თეორიის სახელით მოიხსენიებენ. იგი მოიაზრება როგორც ლიტერატურული ნაწარმოების ახსნისა და განმარტების უნივერსალური ხერხი. მხატვრული ტექსტების ამ კუთხით კვლევას ღრმა ფილოსოფიურ-ლიტერატურათმცოდნეობითი საფუძვლები აქვს. ის ტექსტის ფუნდამენტური გააზრების საშუალებას იძლევა, მისი გამოყენებით შევიცნობთ ტექსტის მთავარ სათქმელს, საზირსს. ტერმინ „ჰერმენევტიკას“ ეტიმოლოგიურად ანტიკური ღმერთის ჰერმესის სახელთან აკავშირებენ. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰერმესი შუამავალია ზევსსა და ადამიანებს, ზევსსა და მიწისქვეშეთს, აგრეთვე მიწისზედა და მიწისქვეშა სამყაროებს შორის. ის მედიატორია, რომელიც განუწყვეტლივ კვეთს ონტოლოგიურ საზღვრებს და ასრულებს “სიტყვის მიმტანის”, “ამბის განმმარტავის” ფუნქციას.

გაგებისა და ახსნის პრობლემით ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში დაინტერესდნენ. ტექსტის გააზრების კუთხით პირველი ნაბიჯები სტოელთა ფილოსოფიურ სკოლას უკავშირდება. ამ სკოლის წარმომადგენლებმა დაიწყეს ბერძნული მითების, ჰომეროსის “ილიადასა” და “ოდისეას” და ჰესიოდეს “თეოგონისს” განმარტება. განმარტების ხელოვნებას ეხებოდნენ სოფისტებისა და რიტორიკის სკოლებში. შემდეგ სტოელებთან განვითარდა ე.წ. ალეგორიული ინტერპრეტაცია.

მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის პროცესში სტოელები ერთმანეთისგან განასხვავებდნენ წარმოთქმულ და შინაგან ლოგოსს: პირველი ტექსტის პირდაპირი აზრია, ხოლო მეორე – ამ გამოხატულების შინაარსი ანუ დაფარული საზრისი. შინაგანი ლოგოსი ანუ ტექსტის დაფარული საზრისი ცხადდება გარეგან ლოგოსში. ტექსტის ალეგორიული ინტერპრეტაციის მეთოდი შემდგომ განვითარდა ბიბლიის ტექსტების ელინისტური და პატრისტიკის პერიოდის ეგზეგეტიკაში.

შუა საკუნეებში ჰერმენევტიკა განუყოფლად დაუკავშირდა თეოლოგიას, რადგან ქრისტიანული თეოლოგიური აზროვნების აღმავლობის ეპოქაში აუცილებელი გახდა საღვთო წიგნების, ეკლესიის მამათა თხზულებების განმარტება. წმინდა წიგნებში მოცემული დოგმები და მათი ახსნის ფორმები საუკუნეების განმავლობაში ღვთისმეტყველთა პრეროგატივას წარმოადგენდა. ეკლესიას სჭირდებოდა გარკვეული მოძღვრება, ახსნის თეორია და მეთოდი. ამგვარად, უკვე გვიან შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა ჰერმენევტიკის თეოლოგიასთან დაკვავშირებული სახეობა, რელიგიურ-დოგმატური ჰერმენევტიკა.

ბიბლიის ტექსტების ალეგორიული განმარტების წამოწყება ფილონ ალექსანდრიელს უკავშირდება (ძვ. წ. I ს). ფილონს მიაჩნია, რომ ავტორი ყოველთვის ზრუნავს, რათა ტექსტი ალეგორიული იყოს. შესაბამისად, ამგვარი ტექსტი ალეგორიულად უნდა განიმარტოს.

ბიბლიის ალეგორიული განმარტება ასევე დაკავშირებულია ღვთისმეტყველ იოანე ოქროპირის სახელთან. ფილონის მოძღვრებაზე დაყრდნობით იგი აყალიბებს თავის ცნობილ სწავლებას საღვთო წერილის სამგვარი განმარტების, ანუ საღვთო წერილის ტექსტში სამმაგი საზრისის არსებობის შესახებ. ტექსტში პირდაპირი და დაფარული საზრისების გამოყოფა შეესატყვისება ადამიანის არსის სამ შემადგენელ ნაწილს: ხორცს, სამშვინელს და სულს. იოანე ოქროპირის აზრით, ეგზეგეტი სახარების ტექსტებში ჯერ ჰპოვებს სხეულებრივს, სიტყვასიტყვით – აზრს, შემდეგ – მშვინვიერს ანუ ტექსტის მორალურ-ეთიკურ საზრისს, დაბოლოს – სულისმიერს ანუ ტექსტის შინაგან ლოგოსს.

XIX საუკუნიდან კი ჩნდება ფილოსოფიური ჰერმენევტიკა, რომელიც წერილობითი წყაროების ინტერპრეტაციის პრობლემებს განიხილავს. მისი წარმოშობა გერმანელი ფილოსოფოსისა და თეოლოგის ფრიდრიჰ შლაიერმახერის (1768-1834) სახელს უკავშირდება. შლაიერმახერის მოღვაწეობა იქცა ჰერმენევტიკული კვლევისაკენ შემობრუნების წერტილად.

ამდენად, ლიტერატურული ნაწარმოების გაგება გულისხმობს არა მხოლოდ ფაქტების ცოდნას, არამედ მთელ ნაწარმოებს როგორც განსაზღვრული შინაარსის მქონე მოდელს. ეს მოდელი ვლინდება ჟანრით, მხატვრული ხერხებით, კომპოზიციისა და სიუჟეტის თავისებურებით, მწერლის ენითა და სხვადასხვა „კოდის“ ერთობლიობით, რომლებსაც ამოხსნა, დეკოდირება სჭირდება.

ტექსტის სწორად ინტერპრეტაციის გასაღები კოდების ფლობით გამოიხატება. მკითხველი ტექსტს გაიაზრებს მასში მოცემული ენიგმებით როგორც სინქრონულ, ასევე დიაქრონულ ჭრილში. ასე ხდება მკითხველის გამოცდილების გადანაცვლება ტექსტში.

განვიხილოთ რამდენიმე კოდი.

გამოსახვის საშუალებათა კოდი – მოიცავს ლიტერატურული ნაწარმოების ენობრვ მხარეს და გულისხმობს მკითხველისაგან ენის ცოდნას, სტილისტიკურ თავისებურებათა გააზრებას, ტროპების გამოყენების გათვალისწინებას და სხვ. მაგალითად, იმპრესიონისტული პროზისათვის დამახასიათებელია ერთგვარი ირონია როგორც აზრის ლაკონიური გამოხატვის საშუალება, ემოციურ-ექსპრესიული თხრობა, მრავალწერტილი, დაუმთავრებელი წინადადებები, მძაფრი რიტმი, მოკლე, სხარტი ფრაზები, „დეპეშური“ სტილი, მუსიკალურობა. ნიკო ლორთქიფანიძე ერთგან წერს: „უმთავრეს მიზნად დასახული მქონდა, მკითხველში ერთგვარი სულის განწყობა გამომეწვია – სიტყვის საშუალებით მუსიკის საწადელი მიმეღწია“. გავიხსენოთ ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედება:

„მოკვდა უცხოეთში.

– ათასი სნეულებით იყო ავად, არავითარმა წამალმა არ იმოქმედა, – იმართლებდა თავს ამხანაგთა წინაშე ექიმი.

ცხედარი გაჭრეს. პროფესორმა ხელები ჩამოუშვა და გაკვირვებულმა წამოიძახა:

– შეხედეთ, ბატონებო, ეს რა ამბავია?!

ერთმანეთს შესცქეროდნენ“.

(„გული“).

„დარჩა მამა-შვილი ისევ ობლად. ელის ბავშვი ეყოლა.

გაუჭირდათ. გაჰყიდეს, დააგირავეს უსაჭიროესიც… ელის მხოლოდ მედალიონი დარჩა გულზე…“

(„შელოცვა რადიოთი“)

„გაძვრა-გამოძვრა მაჭანკალი…“ (თავსაფრიანი დედაკაცი“) – ამ ორი სიტყვით მწერალმა შექმნა სიტყვის ფერიც, მუსიკალურობაც, პერსონაჟის გამოკვეთილი სახასიათო ტიპიც.

მწერალი თავისი ოსტატობით, პატარა, სხარტი წინადადებებით, ზუსტად მიგნებული ფრაზებით ახერხებს ემოციური სიუჟეტის აგებას. მშრალი ფრაზები ფერწერული სურათის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ასევე შეგვიძლია გამოვყოთ ჟანრული კოდი. მკითხველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ლიტერატურულ ჟანრს სიუჟეტის აგების თავისებური კანონები აქვს.

ჰაგიოგრაფიული ტექსტების სწავლა რომ გაუდვილდეთ, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ სასულიერო მწერლობისათვის ნიშანდობლივია ეროვნული გმირის ახლებური სახის შექმნა (რ. სირაძე). ჰაგიოგრაფიულ ტექსტებს თან სდევს აღმზრდელობით-დიდაქტიკური მოტივები, გმირითა და მასთან დაპირისპირებული ანტიგმირით წმინდანის სრულყოფილი სახის შექმნა, ისტორიზმის სიჭარბე. წმინდანი იმეორებს ქრისტეს გზას. საყურადღებოა ჰაგიოგრაფიული ტექსტების ბიბლიასთან მიმართება, რომლითაც ვლინდება შუასაუკუნეების მრწამსი.

გავიხსენოთ შუა საუკუნეების ეპოსი. „ვეფხისტყაოსნის“ სწავლის დროსაც გვმართებს ჟანრის მახასიათებლების გათვალისწინება. შუა საუკუნეების ეპოსი მიზნად არ ისახავს კონკრეტული სინამდვილის ასახვას, აქ გმირები მხატვრულ იდეალებს განასახიერებენ. გვხვდება სინთეზი რეალური და გამოგონილი ფაქტებისა, ქვეყნებისა. არ გვხვდება დრო-სივრცითი საზღვრები. ყოველივე ამის გათვალისწინებით ტექსტის გააზრება მართებს როგორც მასწავლებელს, ისე მოსწავლესაც, რომლისთვისაც უკვე გასაგები იქნება, რატომ აღწერს რუსთველი დევებთან ბრძოლას, სამი გმირის სამი ჯადოსნური აღკაზმულობით ქაჯთა ძლევას და სხვ.

რაც შეეხება იმპრესიონისტულ პროზას, მან მოხსნა სიუჟეტის კლასიკური გაგება, გააბატონა მცირეფორმიანი თხზულებები, რომლის მიზანიც ემოციურ-ექსპრესიული განწყობის შექმნაა (ნ. ლორთქიფანიძე, ლეო ქიაჩელი). მინიატურა, ნოველა, ესკიზი – მწერლის შთაბეჭდილებითი ასახვის ყველაზე ზუსტად მიგნებული ფორმებია. ვრცელ მონოტონურ აღწერებს, თხრობას ანაცვლებს სხარტი ფრაზები: „ქართველი ქვრივი დედაკაცი თავსაფრიდან წუღებამდის… წინდაც კი შავი…“ აქ აშკარად იკვეთება რეალისტური სტილისგან განსხვავებული დახვეწილი ლაკონიური თხრობა, ფერწერული პორტრეტების თხზვა. ასევე, ნიშანდობლივია მწერლის სუბიექტური შეფასების ღიად წარმოჩენა, რიტმულ-მუსიკალური მინიატურებით რეალისტური სურათების შექმნა. მაგალითად, ნ. ლორთქიფანიძის „საშობაო მინიატურები“ იწყება ამაღლებული ინტონაციით: „იქ, სადღაც, ბეთლემში, ცხრამეტი საუკუნის წინათ, ცამოჭედილ ღამეს მღვიმეში დაიბადა იესო… აქ კი… დღეს…“ – და შემდეგ მწერალი მთელი ტრაგიზმით ხატავს სურათებს იმ განწირული ადამიანების ყოფიდან, რომელთათვისაც დახშულია „ტანჯვის შემამსუბუქებელი“ გზები. გმირის სულიერი სამყაროს წვდომისათვის იმპრესიონისტული წერის თავისებურების დახვეწილი შტრიხების გააზრება მკითხველს სულ სხვა რეცეფციულ პროცესს სთავაზობს. ხშირად მარტივი შინაარსის სიღრმისეულ წვდომას სწორედ ჟანრის სპეციფიკის ცოდნა უადვილებს მკითხველს.

ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიჭია იყო მწერალი და ასევე უდიდესი ნიჭია, იყო კარგი მკითხველი. როგორც გამოჩენილი ინგლისელი მწერალი ვირჯინია ვულფი ამბობდა, კითხვა ხელოვნებაა, მკითხველიც ხელოვანია. წიგნის კითხვის უნარი ნაწილობრივ თანდაყოლილიც შეიძლება აღმოჩნდეს, თუმცა კულტურული მკითხველისთვის საჭირო ჩვევების გამომუშავება ყოველ ჩვენგანს შეუძლია.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ჟურნალი “სჯანი”, ჰერმენევტიკა, 2000, #1, 207-213
  2. ლიტერატურის თეორია, XX საუკუნის ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციები და მიმდინარეობები, თბილისი, ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2008, 114-122
  3. რატიანი ი. ლექციები ლიტერატურის თეორიაში, თბილისი, ლიტერატუ-რის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2005, 46-49
  4. ყარალაშვილი რევაზ, წიგნი და მკითხველი, თბილისი, განათლება, 1977

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი