პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

,,მშობლებს ადანაშაულებენ, მაგრამ არ ასწავლიან“

,,მშობლებს ადანაშაულებენ, მაგრამ არ ასწავლიან“.
       თომას გორდონი

,,მშობლებს ადანაშაულებენ ახალგაზრდობის ყველა პრობლემის, ასევე იმ პრობლემების გამო, რომლებსაც ის საზოგადოებას უჩენს“ (თ. გორდონი  ,,როგორ გავხდე კარგი მშობელი“). დიახ, ადანაშაულებენ, მაგრამ ცოტას ასწავლიან. რამდენი მშობელია იმისთვის მზად,  თავის თავზე რომ აიღოს შვილების აღზრდა? სწორედ ეს კითხვა დასვა  1962 წელს კალიფორნიის შტატში (აშშ) დოქტორმა თომას გორდონმა, რომელმაც  მშობელთა წვრთნის პროგრამა შექმნა, შემდგომ კი წიგნადაც გამოსცა. პროგრამა და წიგნი მშობელთა სწავლებისთვისაა შექმნილი. მისასალმებელია, რომ ქართულად ითარგმნა და გამოიცა. ამ წიგნის წაკითხვა და დამუშავება გახდა მთავარი მოტივი  მკითხველისათვის ჩემი შეხედულებები გამეზიარებინა. ამ ეტაპზე სამიზნე ჯგუფი დაწყებითი კლასების  მასწავლებლები იქნებიან.

როცა ახალგაზრდა მშობელი ვიყავი, მინდოდა ჩემ შვილებს ყველაფერი ჩემი სურვილისამებრ ეკეთებინათ და ვერ ვხსნიდი, რატომ ჰქონდათ პროტესტი ზოგიერთ რამეზე. როცა მრავალი წელი დაწყებით  კლასებში ვიმუშავე, გავეცანი მეთოდურ ლიტერატურას, ვაკვირდებოდი მოსწავლეთა ქცევებს, ბევრ რამეს მივხვდი, მათ შორის უმთავრესს  – მთავარია  გულისყურით მოვუსმინოთ  ბავშვებს (მოზარდებს). მათი ყველა მოქმედება, გამოთქმა, ჟესტი რაღაცას მიგვანიშნებს.  თომას გორდონს წიგნში მოჰყავს ასეთი მაგალითი: ბავშვი ეკითხება დედას: ,,საჭმელი  მალე იქნება?“(სავარაუდოდ შია), დედა უბრუნებს კითხვას: ,,სადმე გეჩქარება?“ შესაძლოა დედამ ბავშვის შეტყობინება არასწორად გაიგო, ბავშვს კი მართლა შია. დედამ მასში ეჭვი შეიტანა, რაც ბავშვისთვის შუმჩნეველი არ დარჩება და მსგავსი ურთიერთობის გაგრძელებამ შესაძლოა ურთიერთგაგებისა და ურთიერთნდობის დეფიციტი წარმოშვას. ამ შემთხვევაში, მოსალოდნელია, ურთიერთობა დროთა განმავლობაში გაქრეს. მას თ.გორდონი ,,მშობლების დათხოვას“ უწოდებს. დამეთანხმებით, ბევრი გვსმენია, რომ შვილი მშობლის აზრს და შეხედულებებს საერთოდ არ იზიარებს, ანუ ,,დაითხოვა“ მშობელი.

მინდა რამდენიმე საკითხს შევეხო, რომლებშიც მშობლებს დახმარება სჭირდებათ:

  • ძალიან ბევრი იწერება (მივესალმები ამ ფაქტს) ინკლუზიურ განათლებაზე, მშობლები ინფორმირებულები არიან მეტ-ნაკლებად, განსაკუთრებით ქალაქში, თუმცა ამას რაიონებზე, სოფლებზე ვერ ვიტყვით. ვფიქრობ, ამ კატეგორიის მშობლების დამატებითი ინფორმირებაა საჭირო, მეტი დარწმუნება მაგალითების ჩვენებით, გულისხმიერი მიდგომა.  ისინი უარს ამბობენ შვილებისთვის   სსსმ სტატუსის მინიჭებაზე, ეს კი, მოგეხსენებათ, ხელს უშლის პედაგოგებს,  ეფექტურად იმუშაონ ამ მოსწავლეებთან.
  • მშობელი, რომელმაც არ იცის ბავშვის (მოზარდის) ასაკობრივი თავისებურებანი, უკვირს: რატომ არ სჯერა მის პირველკლასელ შვილს მისი და სჯერა მასწავლებლის? რატომ უნდა მეტი თამაში და რატომ არ ჯდება გაკვეთილების მოსამზადებლად . თუ ეცოდინება, რომ პირველკლასელობა დიდობას არ ნიშნავს, რომ მან ჯერ კიდევ ბევრი უნდა ითამაშოს, დახარჯოს ენერგია, რომ ეს მისი ასაკისთვისაა დამახასიათებელი და ნელ-ნელა უნდა შეეჩვიოს სკოლას და წიგნებს, მაშინ მშობელი თვითონ დაეხმარება შვილს, დრო სწორად გაანაწილოს, გამოიყენოს სხვადასხვა აქტივობები.

ისმის კითხვა: ვინ უნდა ასწავლოს მშობელს ეს ყველაფერი? ჩემი აზრით, აქ დიდი როლი მასწავლებელს ეკისრება: მან ახალბედა მშობლებს  კორექტულად, თითქმის შეუმჩნევლად  უნდა ,,ასწავლოს“ შვილთან ურთიერთობა, მარტივი აქტივობები, რათა გაუადვილდეს ბავშვის ,,მართვა“. ვფიქრობ, უპირველესად, ასაკობრივი თავისებურებები უნდა იცოდეს მშობელმა, რომ არ უკვირდეს შვილის ესა თუ ის საქციელი, რაც ზოგადად დამახასიათებელია ამ ასაკში.  ხშირად დაინტერესდეს მისი დამოკიდებულებით სკოლისადმი, წაახალისოს, დაეხმაროს პატარ-პატარა უსიამოვნებების მოგვარებაში, აქტიურად მოუსმინოს და ყურადღებით გაშიფროს ყველა მისი შეტყობინება და ა.შ.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა: მოგვისმენს, გვენდობა მშობელი?  მშობელი უნდა დავარწმუნოთ, რომ ვზრუნავთ მის შვილზე(ეს აქსიომაა) და ამაზე არანაკლებია მისი დარწმუნება ჩვენს კომპეტენტურობაში. ამ ორი ძირითადი საკითხის მოგვარების შემდეგ, მშობელი მიიღებს ჩვენს რჩევებს, რეკომენდაციებს, მით უმეტეს, თუ რომელიმე ჩვენი რჩევა მას დაეხმარა პრობლემის მოგვარებაში.

ერთხელ ერთმა მშობელმა მომმართა ჩივილით, რომ მისი პირველკლასელი შვილი (ჩემი მოსწავლე) სახლში ძალიან უხეშია, განსაკუთრებით დედისადმი იჩენს აგრესიას, არ ასრულებს მის  მითითებებს, თხოვნასაც კი. ამ დროს იგივე მოსწავლე სკოლაში ძალიან თავაზიანია, კარგი ურთიერთობა აქვს თანატოლებთან.  პრობლემა და მიზეზი ერთად  იყო დასადგენი. ხშირად ვკონტაქტობდი მშობელთან, ერთად ვაკვიდებოდით დათოს ქცევებს, მაგრამ არაფერი იცვლებოდა. დავინტერესდი დათოს ურთიერთობით პატარა ძმებთან. აღმოჩნდა, რომ მათაც ეუხეშებოდა. დედამ გაიხსენა დათოს სიტყვები, რომელიც გაბრაზეულმა უთხრა: რას გააჩინე ეს ზუკა და თემოო… ის ძმებზე ეჭვიანობდა, ნაცნობი სიტუაცია, დამეთანხმებით…დედამ ჩათვალა , რომ დათო უკვე დიდი ბიჭია და პატარების ,,სამსახურში“ ჩააყენა. დათომ კი დედაც და ძმებიც ლამის შეიძულა. ეს პრობლემა ერთობლივად მოვაგვარეთ, მაგრამ რა მოხდებოდა, მშობელს რომ არ მოემართა მასწავლებლისთვის? სავარაუდოდ,  ურთიერთობა უფრო გაუარესდებოდა და დათო მშობლებს  გაუუცხოვდებოდა, ძმებსაც შეიძულებდა.

მშობლებს უნდა დავეხმაროთ, გამოიყენონ სწორი მიდგომები , მოგვენდონ, მიიღონ ჩვენგან კონსულტაციები და არც ჩვენ დავიღალოთ ე.წ. ,,რთულ“ მშობლებთან მუშაობით. მეც შემხვედრია და კოლეგებისგანაც მსმენია ე.წ. ,,საბჭოთა მშობლების“ შესახებ, რომლებთანაც ურთიერთობა , დამეთანხმებით, არც ისე მარტივია. ერთერთმა მშობელმა ნახა ჯგუფური მუშაობისთვის დალაგებული მერხები და პროტესტი გამოთქვა: ასე „ჯგროდ“ რა უნდა ისწავლონ ბავშვებმაო. მე ის დავპატიჟე ჩემს გაკვეთილზე და სწორედ ჯგუფური მუშაობა ვაჩვენე, სადაც მისი შვილი პრეზენტატორი იყო… მაშინვე არ უღიარებია  თავისი შეცდომა, თუმცა მსგავსი შენიშვნა მერე არ მოუცია (ხშირად გვსტუმრობს ხოლმე).

ბევრს ვფიქრობ და ვგეგმავ შევიმუშაო სხვადასხვა აქტივობები ე.წ. ,,პასიური“ მშობლების გასააქტიურებლად. ესეც  პრობლემაა და შევეცდები შემდგომში ამ საკითხშიც გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება.

და ბოლოს, მასწავლებლებს გთხოვთ, ვურჩიოთ მშობლებს იკითხონ მეთოდური ლიტერატურა. მე ვურჩევდი აუცილებლად წაიკითხონ თომას გორდონის ,,როგორ გავხდე კარგი მშობელი“. როცა ჩემი მოსწავლეების (და არამარტო მათი) მშობლებთან ამ წიგნის პრეზენტაცია გავაკეთე და სავარჯიშოებიც ერთად შევასრულეთ, მიხვდნენ, რომ მათ ეს სჭირდებათ.

ვფიქრობ, ერთ რამეში შევთანხმდებით, რომ მასწავლებელმა (განსაკუთრებით დაწყებითი კლასების) უნდა აღზარდოს არამარტო მოსწავლე, არამედ იზრუნოს მათი მშობლების ,,აღზრდაზეც“, რომ არ გაწყდეს ჯაჭვი:  მშობელი-მოსწავლე-მასწავლებელი, რომელიც სრულფასოვანი პიროვნების ფორმირების გარანტია.

 

 

ნატო კვარაცხელია–დმანისის მუნიციპალიტეტი, ირგანჩაის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი, პროგრამა ,,ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • თ. გორდონი- ,,როგორ გავხდე კარგი მშობელი“–მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი-2014წ.
  • ლევან ლორთქიფანიძე- ,,საბჭოთა ადამიანი ცოცხალია“—-ჟურნალი ,,მასწავლებელი“- N 4 –2016წ.
  • ქეთევან ოსიაშვილი–,,როგორ ვითანამშრომლოთ მშობლებთან“–ჟურნალი ,,მასწავლებელი“ 2015წ.
  • Google—-დემიკ მეადორი–მშობლებთან მუშაობის ასპექტები“.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი