შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ბავშვთა უფლებები ანიმაციაში        

   ჟალუზები ჩამოვუშვი, ოთახში შუქი ჩავაქრე.

კედელზე ფერადი გამოსახულება ჩნდება. კადრში ჩანს ოთახი. ოთახში თბილი განათებაა, იქვე ბუხარი ანთია, ბუხრის გვერდით პიანინო დგას, კედელზე კი მუსიკალური საკრავი კიდია. მოსწავლეები ყურადღებით უყურებენ ანიმაციას. ისევ კადრი: 7-8 წლის გოგონა სავარძელში კომფორტულად მოკალათებულა, ტანზე ლურჯი სპორტული მაისური აცვია, ხელში ბურთი ჩაუბღუჯავს და  გატაცებით უცქერის რაგბის თამაშს ტელევიზორში. ოთახში გოგონას მშობლები შემოდიან და სურათიც იცვლება; მათ უკვირთ, არ მოსწონთ და ეუცნაურებათ  სპორტით გოგონას გატაცება. მით უმეტეს, ისეთი ბავშვისა, რომლის ოჯახში მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა ტრადიციაა, მათი შვილის (თანაც გოგონას) სპორტით დაინტერესება კი – სრულიად გაუგონარი რამ.  ბრაზმორეული მამა სწრაფად თიშავს ტელევიზორს. უფრო მეტიც, მალე  გოგონას მაისური  ბუხარში აღმოჩნდება, ბურთი კი – ეზოში. მოსწავლეები ეკრანზე გამოსახულ გოგოს უყურებენ, რომელიც სავარძელში ზის და უხალისოდ უკრავს ვიოლინოზე, ცოტა ხნის წინ მშობლებმა რომ მისცეს ხელში. საკრავი უსიამოვნო ხმას გამოსცემს.

 

წამით თვალს ვწყვეტ ეკრანს და იქ მსხდარ გოგონებსა და ბიჭებს ვაკვირდები, რომლებსაც სახეზე ეტყობათ გაოგნება, ზოგს – სიფიცხე, ბრაზი, რამდენიმეს ეღიმება კიდეც. ვაკვირდები და ვფიქრობ, რომ ახლა ისინიც ამ ანიმაციის გმირები არიან, რადგან  ალბათ ერთხელ მაინც აღმოჩენილან მსგავს სიტუაციაში, როდესაც მთელი გულით სურდათ, მოსწონდათ რაღაც, მერე კი მოსულა მავანი და ეჭვი შეუტანია ამ ოცნებებსა და მისწრაფებებში. მათ ნაცვლად, მათი სურვილების საწინააღმდეგოდ სხვებს გადაუწყვეტიათ, ვისთან ემეგობრათ, რომელი წიგნი წაეკითხათ თავისუფალ დროს, თოჯინათი ეთამაშათ თუ კონსტრუქტორით, რომელი პროფესია აერჩიათ და ა.შ. და ა.შ. მერე ჩემი ბავშვობის მეგობარი მახსენდება, რომელმაც გაკვეთილების შემდეგ სკოლის სტადიონზე ფეხბურთის თამაშს მიმაჩვია. თინამ მასწავლა, რომ ჩვენ, გოგოებს, სინამდვილეში ბევრი რამ შეგვიძლია; მასწავლა, რომ უნდა შემეძლოს ზღვრის გავლება ორ რამეს შორის – როგორი უნდათ, რომ ვიყო სხვებს  და რა მინდა მე. იყო სამაგალითო – ზოგჯერ არ ნიშნავს შენთვის საუკეთესოს. ხშირად ეს, უბრალოდ, თავს მოხვეული წესების მიყოლაა, რისთვისაც შემდეგ წაგახალისებენ – ყოჩაღ, გოგოც ასეთი უნდაო. როცა რაიმე უფლებაზე ამბობ უარს, სინამდვილეში ილუზიაა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთ უფლებას თმობ. რეალურად, ყველა დანარჩენი ისე ჩამოგერთმევა, შეიძლება ვერც კი შეამჩნიო. ამიტომაა მთელი ეს ამბავი იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ის, რომ გოგოებს არ უნდა ავუკრძალოთ ფეხბურთის, ბიჭებს კი – თოჯინებით თამაში.

 

ანიმაციური ფილმი მთავრდება და ეკრანზე ტიტრები ჩნდება. მოსწავლეები ტექსტს ხმამაღლა კითხულობენ: „ბავშვის უფლებათა კონვენცია. მუხლი 3. ყველა მოქმედების დროს, რომელიც ბავშვს ეხება, დაცული უნდა იყოს მისი ინტერესები“.  შემდეგ კი იხსენებენ მსგავს ისტორიებს, რომლებიც თავად მათ ან მათ თანატოლებს გადახდენიათ. საინტერესო დისკუსია დიდხანს გრძელდება.

***

 

ანიმაცია, რომელიც ეკრანზე გადიოდა, 15 სხვა ანიმაციურ ფილმთან ერთად ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც ერქვა „ბავშვის უფლებათა კონვენცია ანიმაციაში“. აღნიშნული პროექტი 2015 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ განხორციელდა. მისი ფინანსური მხარდამჭერი იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. პროექტი მიზნად ისახავდა, რომ ბავშვებისთვის საკუთარი უფლებების შესახებ ცოდნა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გზით – ანიმაციური ფილმების საშუალებით მიგვეწოდებინა. ვიზუალური და აუდიომასალა, ფერები, პერსონაჟები, ხმები და მუსიკალური გაფორმება – ამ ყველაფრის ნაზავი საბოლოოდ  მათთვის ქმნის განწყობას, ემოციას, ამბავსა და შინაარსს, რომელიც ბავშვის უფლებათა კონვენციის მუხლებს გასაგებს ხდის და ამარტივებს. მით უფრო მაშინ, როცა ყველა ამბავი ბავშვების რეალურ ისტორიებს ეფუძნება,  რომლებიც, შესაძლოა, არსად, არავისთან გაუმხელიათ, რადგან შეეშინდათ, შერცხვათ, იფიქრეს, რომ ვერ გაუგებდნენ, დასცინებდნენ ან, უბრალოდ, არ მოუსმენდნენ.

 

16 ანიმაციური ფილმი ანიმაციის განვითარების ფონდის მიერ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ბაზაზე არსებული არაფორმალური განათლების ცენტრის 10-18 წლის მოსწავლეების მონაწილეობით შეიქმნა. ისინი მოგვითხრობდნენ ისტორიებს, ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტებს, რომლებსაც კონვენციის შესაბამის მუხლს უკავშირებდნენ. შემდეგი ეტაპი იყო ამ ისტორიების გარდაქმნა ლიტერატურულ და რეჟისორულ სცენარებად, ასევე ანიმაციების პერსონაჟების შექმნა (დახატვა) მოსწავლეების მიერ. დისკრიმინაციის, ძალადობის, უგულებელყოფისა და ტრეფიკინგისაგან დაცვა, ბავშვების სიცოცხლის, ჯანდაცვის, დასვენებისა და გართობის უფლებების რეალიზება – ეს მცირე ჩამონათვალია იმ მუხლებისა, რომელთა სწავლებასაც აღნიშნული ანიმაციური ფილმები ემსახურება.

 

პროექტის მნიშვნელოვანი შედეგი არის ის, რომ მის ფარგლებში ჩატარებული საქმიანობა გასცდა ერთი კონკრეტული ორგანიზაციის ფარგლებს, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ბაზაზე არსებულ არაფორმალური განათლების ცენტრს და მიზნად ისახავს საჯარო სკოლებში ანიმაციების ჩვენებასა და მათი დახმარებით ბავშვებისთვის საკუთარი უფლებების სწავლებას საქართველოს მასშტაბით. ეს მიზანი განხორციელდება ასევე დამხმარე სახელმძღვანელოს მეშვეობით, რომელშიც მოცემულია საგაკვეთილო გეგმა თითოეული ანიმაციისთვის. ეს კი კარგად მეტყველებს იმაზე, რომ პასუხისმგებლობა მასწავლებლებსაც ეკისრებათ, რომელთა ჩართულობის გარეშე შეუძლებელია მიზნის მიღწევა. ანიმაციები მოსწავლეებს დაეხმარებათ იმაში, რომ თანაგრძნობით მოეკიდონ სხვების სატკივარს, შეძლონ რელიგიური, ეთნიკური, სქესისა და სხვა ნიშნით ჩაგრული თანატოლების დაცვა და, რაც მთავარია, ბევრი ისაუბრონ საკუთარ გამოცდილებაზე, მოუსმინონ სხვებს და ერთად მონახონ პრობლემების მოგვარების გზები.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი