პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ლაიპციგის წიგნის ბაზრობა და ბავშვები

წელს ძალიან საინტერესო გაზაფხული გამომივიდა.  სიდიდითა და მნიშვნელობით მეორე წიგნის ბაზრობაზე – ლაიპციგში მოვხვდი ქართულ დელეგაციასთან ერთად.  ქართული პროგრამა დატვირთული და მრავალფეროვანი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრები ვიყავით. ევროპელი გამომცემლების ინტერესი ქართული ლიტერატურისადმი დიდია. ამიტომაც რამდენიმე ქართველი ავტორის გერმანულენოვანი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, მათ შორის, ერთმა ცნობილმა და დიდმა ავსტრიულმა გამომცემლობამ Wieser Verlag ჩემი წიგნი გამოსცა და გერმანელ მკითხველს წარუდგინა. თუმცა, ამაზე სხვა დროს მოგიყვებით, ახლა სულ სხვა რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება და ჩემი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ.

რასაკვირველია, ლაიპციგის წიგნის ბაზრობა მრავალი კუთხითაა საინტერესო – თანამედროვე საგამომცემლო მიმართულება თუ გემოვნება, წიგნის დიზაინი, მსოფლიოში პოპულარული წიგნები და ავტორები, შეხვედრები, პრეზენტაციები, უამრავი ღონისძიება, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც თვალში მომხვდა, ამ მასშტაბურ ფესტივალში ახალგაზრდებისა და ბავშვების ჩართულობაა.

წიგნის ბაზრობა დიდი მოვლენაა ზოგადად ლაიპციგისათვის, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ორგანიზატორთა სწორი სტრატეგია ახალგაზრდა თაობის დასაინტერესებლად.

ლაიპციგის ბაზრობაზე შესვლა ფასიანია, თუმცა ყველა, ვინც რომელიმე ლიტერატურული, ანიმეს თუ კომიქსის პერსონაჟის მსგავსად ჩაცმული მივა, შესვლას უფასოდ მოახერხებს. ამიტომაც მთელი ქალაქი, მუნიციპალური ტრანსპორტი, ქუჩები, მოედნები და პარკები სავსეა ფერადი პარიკებითა თუ კოსტიუმებით შემოსილი ახალგაზრდებით, რაც ბაზრობას განსაკუთრებულად სადღესასწაულო იერს ანიჭებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეთავაზება ორგანიზატორებისგან ისიცაა, რომ ბაზრობის ბილეთი იმავდროულად ტრანსპორტში უფასო მგზავრობის საშუალებას გაძლევს. ვფიქრობ, ჩვენთანაც აუცილებელია, რომ მხოლოდ რელიგიურ დღესასწაულებზე ან წინაპრების საფლავების მოსანახულებლად კი არ გვემსახურებოდეს უფასოდ მუნიციპალური ტრანსპორტი, არამედ იმ დღეებშიც, როცა თბილისში წიგნის საერთაშორისო ბაზრობა იმართება.

საბავშვო და მოზარდთა ლიტერატურას უზარმაზარი ცალკე პავილიონი აქვს დათმობილი, თუმცა პავილიონის მასშტაბურობაზე მეტად საბავშვო აქტივობების სიმრავლემ მომხიბლა. თითქმის ყველა საბავშვო გამომცემლობის სტენდთან სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი, იქნება ეს წიგნების კითხვა, ზღაპრის პერსონაჟების წარმოდგენა, ხატვა თუ წიგნების მომზადება. აქ წიგნთან დაკავშირებულ ნებისმიერ აქტივობაში ბავშვები არიან ჩართული. ერთგან წრეზე მსხდარ ბავშვებთან ერთად საუკეთესო ამბებს იგონებენ, მეორეგან – ილუსტრაციებს ქმნიან, მესამეგან – პატარა სტამბაა მოწყობილი, ილუსტრაციებისა თუ ტექსტების გაერთიანების შემდეგ მათი ტირაჟირება ხდება, ოღონდ ყველაზე კარგი ისაა, რომ ამ ყველაფერს თავად ბავშვები აკეთებენ უფროსების მითითებით.

ნებისმიერ სტენდთან მისვლა და წიგნის წაკითხვა თუ გადაფურცვლა შეიძლება. აქ ბავშვს არავინ ეტყვის, რომ ზედმეტად არ ირბინოს, წიგნებს არ შეეხოს. მრავალ სტენდთან ძირს დაყრილ რბილ ბალიშებზე მოკალათებული ბავშვები კითხულობენ და თამაშობენ, ხოლო პავილიონის ცენტრში უფრო დიდი და კომფორტული სამკითხველოა მოწყობილი.

აქ ყველა საშუალებაა გამოყენებული, რომ ბავშვები წიგნით დაინტერესდნენ. რამ უნდა მიიყვანოს ბავშვი ლიტერატურულ ტექსტთან, თუ არა თამაშმა. აქ სპეციალური განყოფილება ეთმობა სამაგიდო, ვირტუალურ თამაშებს ცნობილი ლიტერატურული სიუჟეტების მიხედვით და სხვადასხვა სახის სათამაშოებს, იქნება ეს პაზლი, რბილი სათამაშოები თუ ასაწყობები.

სამკითხველო დარბაზთან უზარმაზარი საოჯახო კაფეა მოწყობილი, სადაც მშობლები და ბავშვები ერთად ათვალიერებენ ნაყიდ წიგნებს, კითხულობენ, ერთობიან და მუსიკას უსმენენ.

მუსიკაზე გამახსენდა: საბავშვო პავილიონის შესასვლელთან დიდ ფერად კარავში შესანიშნავი ორკესტრი იყო. გარდა კონკრეტული მუსიკალური საათებისა, როდესაც რომელიმე კომპოზიტორის ნაწარმოებები სრულდებოდა, ნებისმიერ დროს ბავშვებს, თუკი დაინტერესდებოდნენ, შეეძლოთ იქ შესვლა, ინსტრუმენტების ახლოდან ნახვა, მათი ჟღერადობის მოსმენა, ხელით შეხება და მნიშვნელოვანი ინსტრუქციების მიღება. კლასიკური მუსიკის გარდა, ორკესტრი ჯაზს, თანამედროვე კომპოზიციებსაც უკრავდა, მუსიკას საბავშვო ფილმებიდან და მულტფილმებიდან.

 

ცალკე აღნიშვნის ღირსია ვირტუალური თამაშების, ახალი ტექნოლოგიების, ანიმაციებისა და ინტერნეტის როლი ბავშვების ლიტერატურით დაინტერესებისათვის, რასაც, ლაიპციგის წიგნის ბაზრობაზე ძალიან დიდი ყურადღება ექცეოდა. ისევ მრჩება იმედი, რომ ოდესმე რუსთველის  „ვეფხისტყაოსნის“ ან თუნდაც არჩილ სულაკაურის „სალამურას“ მიხედვით მომზადებულ ვირტუალურ თამაშსაც იხილავენ ტექნოლოგიებით დაინტერესებული ჩვენი ბავშვები….

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი