პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როცა მკვდარი დიქტატორი ცოცხალია

 

  1. თავისი მთავარი დასაყრდენისა და თანამებრძოლის ჩამოცილება რომ გადაწყვიტა, სტალინმა „მეგრელთა საქმის“ მომზადება ბრძანა. საქმის ფიგურანტები თანამდებობიდან მოხსნეს და დააპატიმრეს. კვალი უეჭველად „ყველაზე დიდ მეგრელამდე“ – ლავრენტი ბერიამდე უნდა მისულიყო, მაგრამ ამ დროს პროლეტარიატის ბელადი კუნცევოს აგარაკზე, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა და ამ ამბავმა მატარებლის სატვირთო ვაგონში მყოფ ბრალდებულებს გზაში მიუსწრო. აბაშის რაიკომის მდივანმა სევერიან ებრალიძემ ვაგონის კუთხეში გაკეთებული ჭუჭრუტანიდან სამგლოვიარო წესით მოწყობილი ერთ-ერთი სადგური შენიშნა, ეს ამბავი პატიმრების მოსკოვიდან თბილისში მოულოდნელ გადმოყვანასთან დააკავშირა და თანამგზავრებს ახარა, – რაღაც დიდი ამბავია ჩვენს თავს, მე მგონი სტალინი უნდა იყოს მკვდარიო. ამის გაგონებაზე დახურულ სივრცეში გამოკეტილი და თვეობით ნატანჯი პატიმრები ჯერ განცვიფრდნენ, შემდეგ კი დაუნდობლად, წიხლებით შესდგნენ კოლეგას, ესაო და, რა წამოგცდა, ამის თქმა კი არა, გაფიქრებაც როგორ გაბედეო.
  2. შეთქმულება დომინიკის რესპუბლიკის დიქტატორის – ტრუხილიოს წინააღმდეგ დიდხანს მზადდებოდა. ამ პროცესში სასულიერო პირებთან ერთად, ქვეყნის პრეზიდენტი, მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები იყვნენ ჩაბმული. მათ შორის ტრუხილიოს ნათესავი, თავდაცვის მინისტრი პუპო რომანიც, რომელიც შეთქმულებს შეპირდა, დიქტატორის გვამს თუ მაჩვენებთ, სამხედრო მობილიზაციას გამოვაცხადებ, ჯარს გამოვიყვან და რეჟიმისგან გავათავისუფლებ ქვეყანასო. ტრუხილიოს მკვლელობის შემდეგ, ყველაფერი თითქოს გეგმის მიხედვით უნდა მომხდარიყო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში გენერალი პუპო რომანი ყოველთვის იმის საწინააღმდეგოს აკეთებდა, რაც უნდა გაეკეთებინა. „რა მოხდა, პუპო? რატომ არაფერი გააკეთე? რატომ დაიმალე? გეგმა ხომ გვქონდა? შეთქმულთა ჯგუფმა თავისი წილი შეასრულა. გვამი მოიტანეს, როგორც ითხოვდი. რატომ არ შეასრულე დანაპირები, პუპო?“ – სასოწარკვეთილი ძმის შეკითხვებზე მას პასუხი არ ჰქონდა. მარიო ვარგას ლიოსა რომანში „ვაცის ნადიმი“ რამდენიმე სიტყვით, ზუსტად და შთამბეჭდავად გადმოსცემს თავისი პერსონაჟის სულიერ მდგომარეობას: „(ეს იყო) პირუტყვული შიში, ტრუხილიოს მკვლელობის დღიდან მასზე რომ ამხედრდა“.

ორივე შემთხვევაში თითქმის ერთნაირი სურათია: დიქტატორი, რომელიც სულ ახლახან ქვეყანას აზანზარებდა, ცოცხალი აღარ არის. ეს, როგორც საქმეში ჩახედული ექსპერტები იტყვიან ხოლმე, ზედაპირული ვიზუალური დათვალიერებითაც დასტურდება. ერთ შემთხვევაში ამაზე მეტყველებს პომპეზური სამგლოვიარო ნიშნები და მოვლენების ლოგიკური ჯაჭვი, მეორეგან – თვითონ დიქტატორის გვამი. მაშინ რა არის დაუჯერებელი? რატომ უჭირს ადამიანს (მით უმეტეს ისეთ ადამიანს, ვინც ამ დიქტატორის მსხვერპლია) ირწმუნოს სიმართლე და სიხარულით თუ არა, შვებით მაინც შეხვდეს მტრის განადგურებას? იქნებ ისაა მიზეზი, რომ სისხლიანი რეჟიმის წინაშე დაუცველისა და განწირულის გონება ურყევ, უცვლელ მოცემულობას სანდო წყაროდ ვერ იღებს, ვერ იაზრებს ერთი შეხედვით მარტივ ჭეშმარიტებას.

შეიძლება დიქტატორი მოკვდეს – შეიძლება კი არა, ერთხელაც ყველა დიქტატორი კვდება – მაგრამ თუ დიქტატორის ძლევამოსილი ხატი გონებაში დარჩა, ის მხოლოდ ფორმალურადაა გვამი, რადგან კვლავაც (და ალბათ უფრო მეტი ძალისხმევითაც კი) განაგრძობს ხალხზე ზემოქმედებას, ახალ-ახალი თაობების დათრგუნვასა და დამონებას.

ასე იყო აქამდე, ასეა ახლაც. ისინი ყველა გზით ცდილობენ ჩვენს გონებაში შემოძრომას და იქ დამკვიდრებას. ცოცხლები, და უფრო მეტად – მკვდრები. ნივთიერად ძალაუფლებადაკარგულები ყველაფერს იყენებენ ამისთვის – სათავისოდ მოქცეულ ისტორიას, ძალაუფლებაზე შეყვარებულ კაცებს, კონტექსტს, სადაც წესრიგის სახელით თავისუფლების შეზღუდვა/წართმევა გამართლებულია.

„მეგრელთა საქმეს“ გადარჩენილმა სევერიან ებრალიძემ კიდევ სამი ათეული წელი იცოცხლა (გარდაიცვალა 1982 წელს, ზუგდიდში) და იმ დრამატული, საბედისწერო ეპიზოდის გახსენებისას, შინაურებთან იტყოდა ხოლმე, – ციხის ჯალათების აუტანელ წამებას ისე არ უმოქმედია ჩემზე, როგორც იქ, მატარებელში მომხდარ ამბავსო; ლიოსას რომანის პერსონაჟი – გენერალი პუპო რომანი ტრუხილიოს დაკრძალვის ცერემონიაზევე დააპატიმრეს, დიდხანს აწამებდნენ, მაგრამ მას უკვე დაემარცხებინა „პირუტყვული შიში“, თავის უმოქმედობასა და ამ მიზეზით ციხეებში ჩაყრილი დომინიკელების გამო პასუხისმგებლობაც აეღო და სიკვდილსაც ღირსეულად ელოდა: „გენერალი ხოსე რენე რომანი ბედნიერი შეეგება ტყვიების უკანასკნელ ჯერს.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი