შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ტურიზმის განვითარების სივრცითი ასპექტები

კრიტიკული აზროვნების განვითარება სხვადასხვა რესურსითა და აქტივობით არის შესაძლებელი. გთავაზობთ გეოგრაფიის გაკვეთილისთვის საჭირო მასალას, რომელიც ტურიზმის განვითარებას ეხება. მაგალითებში ასახულია ტურისტული ობიექტების განვითარების პროცესები. განვითარების სხვადასხვა დონის ქვეყნების მაგალითების ანალიზისა და შეფასებისთვის შეიძლება კუბის მეთოდი გამოვიყენოთ, რადგან ის მოსწავლეს საკითხის მრავალი კუთხით დანახვას ასწავლის, ანალიზის, არგუმენტების მოძიებისა და შეფასების უნარს გამოუმუშავებს.
მაგალითი 1
ბრაიტონის საზღვაო კურორტის განვითარება
ბრაიტონის განვითარება თვალსაჩინოდ ასახავს იმ ძირითად ფაქტორებს, რომლებიც ხშირად განაპირობებდა ადრეული საკურორტო განვითარების პროცესს. კერძოდ, პატრონაჟს, ტრანსპორტის გავლენას მისადგომობაზე, ინვესტიციების მნიშვნელობას კურორტის ინფრასტრუქტურისთვის და განვითარებადი ტურისტული ინდუსტრიის ფორმირებას, სოციალური მისაწვდომობის მზარდ გაფართოებას. პატრონაჟი ბრაიტონის როგორც საზღვაო კურორტის ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო. ადრეულ 1750-იანებში ექიმმა რიჩარდ რასელმა, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა ზოგიერთი დაავადებისთვის ზღვის წყლის სამკურნალო თვისებების აღმოჩენით, ბრაიტონში დაიწყო მუშაობა. რასელის რეპუტაცია ქალაქის შეძლებული მფარველების მცირე, მაგრამ მზარდ კლიენტურას იზიდავდა. თავდაპირველად ვიზიტორების უმეტესობა სამკურნალოდ ჩადიოდა, მაგრამ საზღვაო კურორტმა მალე დაიმკვიდრა მოდური დასასვენებელი ადგილის რეპუტაცია. ბრაიტონის ყველაზე გავლენიანი მფარველი უელსის პრინცი (მოგვიანებით – მეფე გეორგ IV) იყო, რომელმაც 1783 წელს პირველმა მოინახულა ქალაქი. პრინცისა და მისი გარემოცვის იქ ყოფნამ კურორტს გამორჩეულისა და მოდურის სტატუსი შესძინა. თუმცა პატარა, ელიტური დასასვენებელი ადგილიდან, რომელსაც რეგენტი მფარველობდა, პოპულარულ კურორტად ბრაიტონის გარდაქმნა მოითხოვდა მისადგომობის გაუმჯობესებას, ახალ ინფრასტრუქტურას და კურორტის რეორგანიზაციას, რათა იგი ტურისტულ დესტინაციად ქცეულიყო. თავდაპირველად ბრაიტონის მისადგომობა დამოკიდებული იყო ეტლებით მომსახურებაზე, რომელთა უმეტესობა ნელი და საკმაოდ შეზღუდული ტევადობისა გახლდათ, 1841 წელს კი გაიხსნა ლონდონისა და ბრაიტონის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი, რამაც გარდამქმნელი ეფექტი მოახდინა: საგრძნობლად შემცირდა მგზავრობის ხანგრძლივობა და ღირებულება, გაიზარდა ერთ ჯერზე ჩაყვანილი ვიზიტორების რაოდენობა. შედეგად 1850 წლისთვის ბრაიტონის სტუმართა და დამსვენებელთა რიცხვმა წელიწადში 250 ათასს გადააჭარბა. ამან ნათელი გახადა, რომ, მოთხოვნისამებრ, აუცილებელი იყო ახალი ინფრასტრუქტურით მათი სწრაფი უზრუნველყოფა. ბრაიტონის განვითარების რეგენტობის ფაზამ ქალაქის ფიზიკური განვითარებაც გამოიწვია: აიგო სასტუმროები, განვითარდა ზღვის სანაპიროს გასწვრივ საზოგადოებრივი სივრცე, ახალ რაიონებში აშენდა ვიზიტორების განთავსებისთვის საჭირო ნაგებობები, სულ უფრო მზარდი ადგილობრივი მოსახლეობისთვის (1851 წელს მათმა რაოდენობამ 65 ათასს გადააჭარბა), რომელსაც კურორტის განვითარებისთვის უნდა შეეწყო ხელი, აიგო იაფი სახლები. მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებისთვის ბრაიტონში ვიზიტების სიმრავლემ, განსაკუთრებით კი – საშუალო კლასის ტურისტების მოზღვავებამ, განვითარებისა და რეორგანიზაციის შეთანხმებული პროგრამების სტიმულირება მოახდინა. ამ პროცესში ცენტრალური ადგილი დაიკავა დიდი სასტუმროს აგების პროგრამამ, რომელიც მოიცავდა ბრაიტონის ცნობილი Grand Hotel-ის (1864), ასევე – დასავლეთ ნავმისადგომისა (1868) და ბრაიტონის აკვარიუმის (1871) მშენებლობას. ზღვის სანაპიროზე გართობის ახალი ტენდენციების გათვალისწინებამ იმ პერიოდში სიახლის ძირითადი ატრიბუტის როლი შეასრულა, ახლა კი ვიქტორიანულ ზღვისპირეთთან ასოცირდება. აქ იგულისხმება სამხედრო ორკესტრის კონცერტები, მენესტრელების შავ-თეთრი შოუები, კლოუნადა და, მოგვიანებით, ბაზრობათა თანმხლები გასართობები და ინტერმედიები. ახალი ატრაქციონების უმეტესობა ასახავდა მუშათა კლასის გემოვნებას, რომელმაც 1900-იანი წლებისთვის კურორტის ვიზიტორების მნიშვნელოვანი ნაწილი შეადგინა. კურორტის განვითარების ადრეული სტადიის მახასიათებელი მომენტი იყო მისი სოციალური მისაწვდომობის ისეთი გაფართოება, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვოდა საკურორტო ტურიზმის დროითი და სივრცითი საკითხების დამუშავებაში. მეფე გეორგ IV-ის სიკვდილის შემდეგ უილიამ IV, მოგვიანებით კი დედოფალი ვოქტორიაც, ერთხანს ინარჩუნებდნენ ბრაიტონში სტუმრობის სამეფო ტრადიციას, მაგრამ როგორც კი რკინიგზის ამოქმედებამ საშუალო და მუშათა კლასის წარმომადგენლებს კურორტზე ჩასვლის საშუალება მისცა, ელიტურმა ჯგუფებმა ისეთი ადგილებისკენ გადაინაცვლეს, რომლებიც ჯერ კიდევ ინარჩუნებდა გამორჩეულობის ატმოსფეროს (მაგალითად, მეზობლად მდებარე ჰავი). სოციალური გადანაცვლების ეს პროცესი გადამწყვეტი აღმოჩნდა საკურორტო ტურიზმის უფრო ფართო გავრცელებისთვის და ის ხშირად მეორდება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კურორტების განვითარების გეოგრაფიაში.

მაგალითი 2

ოკავანგოს დელტის (ბოტსვანა) ანკლავური განვითარება

ოკავანგოს დელტა (ბოტსვანის ჩრდილო-დასავლეთში) მოიცავს ჭარბტენიან ზონას, რომლის ფართობი 550 კვადრატულ მილს აღემატება და ცოცხალი ბუნების საერთაშორისო მნიშვნელობის ჰაბიტატს წარმოადგენს. აქ ასევე 120 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც აწუხებთ უმუშევრობა, დაბალი შემოსავლები, შეზღუდული საკვები რესურსები, მარცვლეულის პერიოდული ნაკლებობა და ავადობის მაღალი მაჩვენებელი, რაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს სიღარიბის არსებულ დონეს. ამ მაჩვენებლით ბოტსვანა სუბსაჰარული აფრიკის ერთ-ერთი უღარიბესი სახელმწიფოა. როდესაც 1966 წელს ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მის ეკონომიკაში ტურიზმი თითქმის არ ფიგურირებდა, მაგრამ ის განვითარდა და დღეს მისი წილი ერთიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 5%-ის ფარგლებშია, რაც მეორე უდიდესი სექტორია ალმასის მოპოვების შემდეგ.

ოკავანგოს დელტას ყოველწლიურად დაახლოებით 50 ათასი ტურისტი სტუმრობს, უმთავრესად – ველური ბუნებით ტკბობისათვის. აქედან თითქმის 90% უცხოელი ვიზიტორია (უმთავრესად – ევროპიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან და სამხრეთი აფრიკიდან). ვიზიტორები განთავსების სხვადასხვა ადგილს ირჩევენ – მდიდრული ოთახებით დაწყებული, კარვებით დამთავრებული.

განვითარებადი ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ტენდენციისამებრ, ბოტსვანის მთავრობამ ტურიზმი ენთუზიაზმით მიიღო როგორც სექტორი, რომელიც შემოსავლებსა და ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს მოუტანდა მას, თუმცა ოკავანგოში განვითარების ანკლავურმა ბუნებამ რეალური წინსვლა რამდენიმე მიზეზით შეაფერხა:

● ადგილობრივ მოსახლეობასა და ვიზიტორებს შორის შეზღუდული ურთიერთობა. ტურისტების უმეტესობა თვითმფრინავით ჩადის მაუნის აეროპორტში, საიდანაც ისინი მსუბუქი საჰაერო ან საავტომობილო ტრანსპორტით გადაჰყავთ ოკავანგოს ძირითად განთავსების ადგილებში. შედეგად ტურისტები მცირე თანხას ხარჯავენ მაუნსა და ოკავანგოს სოფლებში.

● ძლიერი დამოკიდებულება უცხოურ სერვისებზე და სუსტი კავშირები ბოტსვანის ეკონომიკის სხვა სექტორებთან. ტურისტული ინფრასტრუქტურის 80% მთლიანად ან ნაწილობრივ უცხოურ კომპანიებს ეკუთვნის, განთავსების ადგილები საკვებით უმთავრესად სამხრეთი აფრიკიდან მარაგდება.

● ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შენარჩუნების სირთულე ბოტსვანის ფარგლებში, რაც უცხოური მფლობელობის ასეთი მაღალი დონის პირობებში გარდაუვალია. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის დიდი ნაწილი ქვეყნიდან გადის – იმპორტის გადასახადებისა და სერვისის, უცხოელი თანამშრომლებისთვის გადახდილი ხელფასების, ზღვისგაღმელი ინვესტორების დივიდენდების სახით. სამოგზაურო კომპანიები, რომლებიც ბილეთებს ყიდიან და სხვა საორგანიზაციო საკითხებს აგვარებენ, ასევე უცხოელებისაა. უცხოელებს ეკუთვნით ძირითადი ავიახაზებიც, რომლებითაც ბოტსვანაში ჩამოჰყავთ და შემდეგ უკან აბრუნებენ ტურისტებს. შედეგად ოკავანგოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის 70%-ზე მეტი სხვაგან ნაწილდება.

● ადგილობრივი დასაქმების შეზღუდულობა. ტურიზმის განვითარებამ რეგიონში 1,6 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობას უმეტესად ასაქმებენ დაბალი კვალიფიციკაციის დაბალანაზღაურებად თანამდებობებზე – დამლაგებლებად, სამზარეულოს თანამშრომლებად, მძღოლებად და შვეიცარებად. ანკლავური განვითარებისთვის დამახასიათებელია მაღალი დონის მენეჯერული პოსტების დაკომპლექტება უმთავრესად უცხოელებით, რომლებიც საქმის ცოდნის საჭირო დონითა და გამოცდილებით გამოირჩევიან.

● ბოტსვანის გარეთ რეგისტრირებული კომპანიებიდან ადგილობრივი გადასახადების ადეკვატური მოსაკრებლის მიღების სირთულეები. ოკავანგოს დელტის რაიონში მოქმედი ტურისტული კომპანიების მხოლოდ 11% იხდის ადგილობრივ გადასახადებს. ამის გამო დადებითი შედეგი ძნელად შესამჩნევი აღმოჩნდა და ეს შესაძლოა ანკლავური განვითარების პირობებში მეტი შემოსავლის მიღების სირთულის მაჩვენებელი იყოს. მიუხედავად კეთილი განზრახვისა, პრობლემა ვერც ბოტსვანის მთავრობის პოლიტიკამ მოაგვარა, რომელიც ცდილობდა განეხორციელებინა „ნაკლები ტურისტი – ძვირად ღირებული ტურიზმის” პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობდა ოკავანგოსთვის დამახასიათებელი ნიშნების შენარჩუნებას. ამ პროგრამამ შეზღუდა ტურიზმის იმ იაფი ფორმების განვითარების შესაძლებლობა, რომლებიც ხელს შეუწყობდა ადგილობრივი საზოგადოების ინდუსტრიაში უფრო ფართო ინტეგრაციას.
მაგალითი 8
ტურიზმი და მაიას ტომელთა იდენტურობა
კვლევა ჩატარდა ბელიზის სოფელ სან ხოსე საკოჩში, რომელიც ქვეყნის ყველაზე მონახულებადი არქეოლოგიური ძეგლის – მაიას ტომის უძველესი ქალაქის ქსანანტუნიკის (Xunantunich) სიახლოვეს მდებარეობს. სან ხოსეში მაიას მემკვიდრეობაზე მტკიცებულებები ემყარება არა მარტო მის ძირითად ცენტრთან სიახლოვეს, არამედ იმასაც, რომ სოფელს აქვს თავისი წარსული მაიას ცივილიზაციაში. მკვლევრები მიუთითებდნენ მოპანისა და იუკატეკ მაიას მოსახლეობის მნიშვნელოვან რაოდენობაზე და აღნიშნავდნენ, რომ ისინი მაიას რიტუალებს იყენებდნენ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ხანდახან ამ ტომების ენაზეც საუბრობდნენ. მოგვიანებით სოფლის ცხოვრებაში სოფლის მეურნეობის როლის დაქვეითებამ ტრადიციული რიტუალების გაიშვიათება გამოიწვია, ხოლო მოსახლეობის ცვლილებამ – იმ სოფლების რაოდენობის შემცირება, რომლებიც თავს მაიასთან აიგივებდნენ ან მაიას ენას ფლობდნენ. კვლევის მომენტისთვის (1999) სოფლების 80%-ზე მეტის მოსახლეობა თავს მეტისებად (ევროპელთა და ადგილობრივთა შთამომავლებად) მიიჩნევდა. მაიას იდენტურობის ძირითადი ნიშნები (წარმომავლობა, ენა და რიტუალი) ამჟღავნებდნენ მარგინალიზაციის ძლიერ ტენდენციას. მაიას იდენტურობასთან ინტერესის ლოკალურ აღორძინებას ბიძგი მისცა ქსანანტუნიკის არქეოლოგიურმა გათხრებმა. აღნიშნულმა სამუშაოებმა ადგილი იოლი მისადგომი გახადა მაიას ცივილიზაციით დაინტერესებული ტურისტებისთვის და წარმოაჩინა მათი მოთხოვნა ადგილობრივი მაიას კულტურის ამსახველ სუვენირებზე, რამაც მაიას იდენტურობისადმი ინტერესისა და პატივისცემის ახალ დონეზე ასვლის სტიმულირება მოახდინა. ამან გამოიწვია რამდენიმე ადგილობრივი მოვლენა, რამაც საშუალება მისცა სოფლის მცხოვრებლებს, დაეკმაყოფილებინათ ტურისტების მოთხოვნა მაიას შესახებ ჭეშმარიტი შთაბეჭდილების მიღებაზე. მაგალითად, ზოგიერთმა ადგილობრივმა გიდმა მაიას ენის საბაზისო ცოდნა შეიძინა, რასაც ტურისტული ატრაქციის საკუთარი ინტერპრეტაციის ნაწილად იყენებდა. უფრო ტიპობრივი იყო ცოდნის შეძენა (წიგნებიდან თუ ქსანანტუნიკში ჩატარებული კურსებიდან) მაიას კოსმოლოგიის, ისტორიის, ადათებისა და ჩვევების შესახებ, რომელსაც ისინი ტურისტებს გადასცემდნენ. ორგანიზებულ ტურებთან ერთად განვითარდა სუვენირების ადგილობრივი წარმოებაც, განსაკუთრებით – ქვაზე კვეთა და მეთუნეობა – თიხის ჭურჭლისა და სუვენირების წარმოება, რის საფუძვლადაც მეწარმეები იყენებენ უმთავრესად იმ გამოსახულებებსა და სქემებს, რომლებიც მაიას შესახებ არსებულ წერილობით ტექსტებშია შემორჩენილი ან ქსანანტუნიკში აღმოაჩინეს. ამრიგად, თანამედროვე დაფინანსებით მოპოვებულ მასალებს თუ მივმართავთ, სოფლის მცხოვრებლებმა განავითარეს იმ ცოდნის მოპოვების ახალი გზები, რომელიც ვეღარ გადაეცემა ტრადიციული არხებით (თაობებს შორის სოციალური კავშირების მეშვეობით) და რომელიც, უკიდურეს შემთხვევაში, დაკარგული კულტურის ზოგიერთი ელემენტის ხელახალი გამოყენების საშუალებას იძლევა. მაიას ამ ახალაღმოჩენილი იდენტობის ფორმის უტყუარობა, ბუნებრივია, შორსაა სრულყოფილებისგან. კვლევის ავტორი პროცესს აღწერს როგორც მაიას კულტურაზე საზოგადო შეხედულებას, რომელიც ყოველდღიურად გამოიყენება არქეოლოგების, ტურიზმის პრომოუტერების, ტურისტების, ტურისტული გიდების, მეწარმეებისა და ამ ნაწარმის გამყიდველთა მიერ. თუმცა ავთენტურობა შესაძლოა გახდეს გაყიდვის საგანი. აქ სან ხოსე საკოჩის მსგავსი ადგილების გამოცდილება მოწმობს, რომ ავთენტურობა და პროდუქტად გარდაქმნა უთუოდ შეუთავსებელი ცნებები არ არის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი