შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ნიკო ბუკიას ზუგდიდი

ზამთარში ზუგდიდს ვსტუმრობდი. სტუმრებს ზუგდიდის ბიბლიოთეკაში გვიმასპინძლეს. დაგვათვალიერებინეს ბიბლიოთეკის ცენტრალური დარბაზი, „ამერიკული კუთხე“ და კომპიუტერული ცენტრი. ბუნებრივია, რომ შანსი ხელიდან არ გავუშვი და დაწესებულების წარსულითა და გამოცდილებით დავინტერესდი. წიგნთსაცავის დირექტორმა, ქალბატონმა მანანა გვარამიამ სრულიად არაჩვეულებრივი ისტორია გაგვიზიარა. თურმე, სამეგრელოს ცენტრში საგანმანათლებლო საქმიანობის დაწყება საქართველოს ისტორიის იმ ეტაპს უკავშირდება, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს. ზუგდიდში სამოქალაქო კულტურის პირველი ცენტრების წარმოქმნა მეცხრამეტე საუკუნის უკანასკნელ პერიოდთან ყოფილა დაკავშირებული. მაშინდელი ეპოქის დემოკრატიულ და განმანათლებლურ საქმიანობაზე დაკვირვება ბევრი უცნობი, დაკარგული მოღვაწის ხელახლა აღმოჩენის შესაძლებლობას გვაძლევს. საბჭოთა ეპოქამდე მებრძოლი აქტივისტების თავგადასავლის გახსენება კი უმნიშვნელოვანესი და საშური საქმეა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ, დიდი ლიდერების გარდა, საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარებისათვის რეგიონებში მცხოვრები რიგითი მოქალაქეებიც შრომობდნენ. მათი შრომის გარეშე ეროვნულ-განმათავისუფლებელი თუ სოციალ-დემოკრატული მოძრაობის ხელმძღვანელები უმცირეს შედეგსაც ვერ მიაღწევდნენ.

1890-იან წლებში გაზეთი კომუნიკაციის ყველაზე ეფექტიანი საშუალება იყო. მხოლოდ პრესის მკითხველები ახერხებდნენ გარესამყაროსთან მუდმივი კავშირის შენარჩუნებას. მხოლოდ მათ შეეძლოთ მწყობრად გაეცნობიერებინათ ჩვენს ქვეყანასა თუ მთელ მსოფლიოში შექმნილი პოლიტიკური და სოციალური ვითარება. რუსეთის იმპერიაში მკაცრი ცენზურა მოქმედებდა. გაზეთებს ყველაფერზე წერა არ შეეძლოთ. ღარიბი გამოცემები მრავალფეროვანი თემატიკის დამუშავებას ვერც ასწრებდნენ. ცენზურისა და შეზღუდული ფორმატის გამო ერთი გაზეთის გამოწერით ადამიანი ფონს ადვილად ვერ გავიდოდა და მუდმივი დაუკმაყოფილებლობის, არასრულყოფილი ინფორმაციის ფლობის შეგრძნება გასტანჯავდა. მაშასადამე, თუ ადამიანს სურდა რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან მეტ-ნაკლებად სტაბილური კავშირის შენარჩუნება, მას ყველა გაზეთისთვის უნდა შეევლო თვალი. საქართველო მაშინაც ღარიბი მხარე იყო. მხოლოდ დაწინაურებულ ოჯახებს ჰქონდათ პრესის გამოწერისთვის საკმარისი შემოსავლები. შესაბამისად, სოციალურად გაჭირვებული მოქალაქეებისათვის მოვლენების ეპიცენტრში დარჩენის, ისტორიის მსვლელობის მაჯისცემის შეგრძნების ერთადერთი გზა არსებობდა – ბიბლიოთეკა, სადაც ყველა გაზეთი ხელმისაწვდომი იქნებოდა ნებისმიერი მსურველისთვის.

წარმოიდგინეთ, თუ მოქალაქეთა გააქტიურებისა და შეკავშირების საქმეში გაზეთსაც კი  გრანდიოზული მნიშვნელობა ჰქონდა, საზოგადოების განვითარების თვალსაზრისით რამხელა ფუნქცია დაეკისრებოდა წიგნს. ცხადია, წიგნებიც ძვირი და ნაკლებად ხელმისაწვდომი გახლდათ მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილისათვის. იშვიათი გამოცემების ადამიანებამდე მიტანის ერთადერთი გზაც ბიბლიოთეკებზე გადიოდა.

1895-1900 წლებში ზუგდიდს ბიბლიოთეკა არ ჰქონდა. ერთ-ერთი სტამბის ბნელ კუთხეში იდგა გრძელი მაგიდა, სადაც მსურველებს კანტორის უფროსის მიერ გამოწერილი გაზეთების გადაფურცვლა შეეძლოთ. სტამბის მფლობელი, ტალახაძე, ხშირად ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდებოდა ხოლმე. მისი შემოსავლების შემცირება ქალაქის უდიდესი ნაწილის ინფორმაციის გარეშე დარჩენას ნიშნავდა. 1899 წელს იგი იძულებული გახდა ახალი გაზეთების გამოწერაზე საბოლოოდ ეთქვა უარი. ქალაქის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ინფორმაციის უმნიშვნელოვანესი წყაროს გარეშე დარჩა.

სწორედ ამ დროს აიღო საკუთარ თავზე უდიდესი სამოქალაქო პასუხისმგებლობა სემინარიის კურსდამთავრებულმა ნიკოლოზ ბუკიამ. მან ზუგდიდის სცენისმოყვარეთა საზოგადოების მუშაობა გააქტიურა. თეატრად გადაკეთებულ საამქროებში სამოყვარულო დასები ცნობილ სპექტაკლებს დგამდნენ. თეატრალურ საქმიანობას ორმაგი დატვირთვა ჰქონდა. ერთი მხრივ, მოქალაქეები გამართულ, ლიტერატურულ ენაზე უსმენდნენ დადგმებს, რომელთა მიზანი საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულებებისა და დევნილი ეროვნული კულტურისადმი პატივისცემის გაღვივება იყო. მეორე მხრივ კი, წარმოდგენებზე დასწრებისთვის გადახდილი თანხა სახალხო ბიბლიოთეკის მოწყობას ხმარდებოდა. ნიკო ბუკიას და სხვა ზუგდიდელების მონდომებით თეატრალურმა მოძრაობამ თავის მიზანს მიაღწია. მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე ზუგდიდელებს უკვე ჰქონდათ თავიანთი სამკითხველო, რომლის ფუნქციონირება რომელიმე ერთი საქმოსნის ფინანსურ მდგომარეობაზე აღარ იყო დამოკიდებული. სახალხო ბიბლიოთეკას თავიანთი საწევრო გადასახადებითა და შემოწირულობებით მთელი ქალაქი არჩენდა, ვისაც რამდენი შეეძლო იმდენს გასცემდა უმნიშვნელოვანესი ცენტრის ფუნქციონირებისათვის.

სახალხო თეატრმა სახალხო ბიბლიოთეკას ჩაუყარა და გაუმყარა საფუძველი. ორივე მათგანის მუშაობამ კი „წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ ზუგდიდში დიდი სახალხო სკოლის მოწყობისკენ უბიძგა. სკოლის გაძლიერების საქმესაც ნიკოლოზ ბუკია ედგა სათავეში. სამწუხაროდ, დღეს ნიკო ბუკიას ღვაწლი სათანადოდ არ არის დაფასებული. ზუგდიდის ბიბლიოთეკას ილია ჭავჭავაძის სახელი ჰქვია. დიდ ილიას არაფერი დააკლდება,  თუ საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქის წიგნთსაცავს მისი სახელი არ ერქმევა. ილიას სახელი ისედაც უკვდავყოფილი და გადაჯაჭვულია საქართველოს გათავისუფლებისა და დემოკრატიული განვითარების საქმესთან. ნიკოლოზ ბუკიას, მისი მოღვაწეობის წარმოჩენას კი ნამდვილად უდიდეს სამსახურს გაუწევდა ისტორიული სამართლიანობის დამკვიდრება და ბიბლიოთეკისთვის მისი დამფუძნებლის სახელის მინიჭება. მაგრამ ჩვენ ვინ გვეკითხება, ყველაფერს თავად ზუგდიდელები გადაწყვეტენ.

თეატრის საშუალებით ბიბლიოთეკებს საქართველოს ყველა კუთხეში აარსებდნენ. თეატრისა და ბიბლიოთეკის მუშაობას ყოველთვის მოჰყვებოდა ხოლმე დიდი სკოლისა თუ სახალხო უნივერსიტეტის დაარსება. საქართველოს ყველა რეგიონს თავისი ნიკოლოზ ბუკია ჰყავს. მათი სახელები მოსაძიებელი და გასახსენებელია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი