პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

თურქეთის ბუნებრივი ძეგლები

ბოლო წლებში თურქეთმა დიდი ნაბიჯები გადადგა ტურიზმის განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების კუთხით. თანამედროვე თურქეთის ბუნებრივ ძეგლებს დიდი მნიშვნელობა აქვთ არ მარტო ტურიზმის განვითარებისათვის, არამედ მთლიანად კაცობრიობისათვის. ბუნებრივი ძეგლების მდებარეობის ადგილას ტურიზმის განვითარებისათვის ყველა პირობაა შექმნილი, რაც ”იუნესკოს” მოთხოვნებს შეესაბამება.

 

თურქეთის ბუნების ძეგლები გამოირჩევიან თავიანთი უნიკალურობით, აქვთ დიდი ღირებულება ეკოლოგიური, კულტურული, სამეცნიერო და ესთეტიკური თვალსაზრისით. ამ ტერიტორიებზე მოქმედი განსაკუთრებული დაცვის რეჟიმის წყალობით ისინი გარემოსადცვით ფუნქციას ასრულებენ: შენარჩუნებულია სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმების გენოფონდი, სწავლობენ და იკვლევენ გადაშენების პირას მყოფი მცენარეებისა და ცხოველების საარსებო გარემოს. თანამედროვე ტურიზმის სფეროში კი ბუნების ძეგლები მოგზაურობის ობიექტებად იქცნენ. მათ ყოველწლიურად ესქკურსანტებისა და ტურისტების დიდი ნაკადები სტუმრობენ. თურქეთის ბუნების ძეგლებს შორის განსკუთრებით პოპულარულია ფამუკალე, ამიტომ თურქეთში დასასვენებლად თუ მიდიხართ, აუცილებლად უნდა გამონახოთ დრო და ესტუმროთ მას.

ბუნებრივი ფენომენი ფამუქალე თერმული წყლების ბუნებრივი საცავია, რომელიც თურქეთში დენიზილის პროვინციაში, ქალაქ დენიზილიდან 20 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.

წყალი, რომელიც მთის ფერდობებიდან ჩამოდის კირქვის ბუნებრივ აუზებსა და კედლებს ქმნის. მთის ფერდობზე ქათქათა თეთრი ტერასები კალციუმით გაჯერებული თერმული წყლების მარილების ნადებით წარმოიქმნა. 1988 წელს ეს ადგილი იერაპოლისის ნანგრევებთან ერთად იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს. თავად სიტყვა ”ფამუკალე” თურქულიდან თარგმანში ” ბამბის ციხე-სიმაგრეს” ნიშნავს.

ფამუკალეს წყლებს სამკურნალო თვისებები აქვს და მას გულის, ნერვიული სისტემის, კანის, რევმატიული დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ცხელი წყალი 320 მეტრი სიგრძის მიწისქვეშა არხის საშუალებით ამოდის დედამიწის ზედაპირზე.

ამ ადგილის პეიზაჟი მართლაცდა ზღაპრულია – ტრავენტინები მთის ფერდობებზე კასკადებადაა შეფენილი, ხოლო ამ კასკადებზე მდორედ ჩამოედინებიან წყრაოები და მათში სარკის მაგვარად ირეკლება ცა და ღრუბლები.
ფამუკალეს ტერიტორიაზე მთელ მსოფლიოში ცნობილი კლეოპატრას აუზი მდებარეობს. ამბობენ, რომ მასში ბანაობის შედეგად სულ მცირე 10 წლით გაახალგაზრდავება შეიძლება. კლეოპატრას აუზი ერთდროულად თერმული წყაროა მინერალური წყლით. წყლის ტემპერატურა დაახლოებით 35-36 გრადუსია. აუზის წყალი პატარა ბუშტუკებითაა გაზირებული, ისე როგორც შამპანური. დადგენილია, რომ ყოველ წუთს აუზში მიწის წიაღიდან 200 ლიტრი მინერალური ელემენტებით გაჯერებული წყალი ხვდება. აუზი საკმაოდ დიდია და მასში ერთდროულად თავისუფლად ეტევა 250 კაცი.
თურქეთში ასევე საინტერესო ადგილია ისტუზუს პლაჟი, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ეს 6 კმ-იანი ქვიშის ზოლი გამყოფია ხმელთაშუა ზღვასა და მდინარე დალიანს შორის. პლაჟი ცნობილი გახდა აქ მობინადრე საკმაოდ იშვიათი სახეობის ზღვის კუების კარეტა კარეტას წყალობით. კუ ლოგგერჰედი იგივე კარეტა კარეტა წითელ ნუსხაშია შეტანილი, როგორც გადაშენების პირას მყოფი სახეობა. ზრდასრული კუის სიგრძე ნახევარ მეტრს აღწევს და დაახლოებით 150 კგ-ს იწონის. ისინი სწორედ ისტუზუს პლაჟზე დებენ ასეულობით კვერცხს შთამომავლობის გასაგრძელებლად. ეს პროცესი მაისიდან სექტემბრამდე გრძელდება. ამ პერიოდში აქ მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან მეცნიერები, ეკოლოგები და უბრალოდ ბუნების მოყვარულები, რომლებიც ამ პროცესს აკვირდებიან და ამავე დროს იცავენ მათ მტრებისგან – კიბორჩხალებისა და ფრინველებისგან. ამჟამად პლაჟი სახელმწიფო დაცვის ქვეშაა. აქ აკრძალულია ყველა სახის მშენებლობა და ტერიტორია ნაკრძალადაა გამოცხადებული.
აღნიშვნის ღირსია ასევე მდინარე დალიანიც, რომელიც პლაჟის სიახლოვეს მიედინება. ამ მდინარის არხები ნამდვილი ლაბირინთებია. ნაპირები დაფარულია ლელქაშით, ხოლო მდინარეში წყალი იმდენად სუფთაა, რომ თევზების ცურვასაც შეგიძლიათ ადევნოთ თვალ-ყური.

თურქეთის ქალაქ ალანიას ცენტრში, სანაპიროდან სულ რაღაც ასიოდე მეტრში ზღაპრული სილამაზის ბუნებრივი მღვიმე დამლატაში მდებარეობს. სიტყვა დალმატაში თარგმანში ”ქვა წვეთისგან”, ანუ ”სველი ქვების გამოქვაბული” ნიშნავს. მღვიმე 1948 წელს შემთხვევით აღმოაჩინეს. მღვიმის ადგილას ქვის სამტეხლო მდებარეობდა და ერთ-ერთი აფეთქების შედეგად კლდეში შესასვლელი გამოჩნდა. ცნობისმოყვარე მუშებმა კი ბუნების უმშვენიერესი ქმნილებები – სტალაქტიდები და სტალაგმიტები იხილეს. დალმატაში მეცნიერებმა გულდასმით შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მღვიმის ასაკი დაახლოებით 15 000 წელია. დღეს მღვიმეს სახელმწიფო იცავს და მრავალ ტურისტს იზიდავს.

დენიზილის პროვინციის პატარა სოფელი ჯინდერა ჩანჩქერი გიუნეთითაა განთქმული. ჩანჩქერი მდინარე მენდრესის ნაპირას მდებარეობს და თავისი ულამაზესი ბუნებრივი პეიზაჟის გამო თურქეთის ბუნებრივი ძეგლების რეიტინგში საპატიო ადგილი უკავია. წყლის ნაკადი რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან ვარდება. ჩანჩქერი გიუნეთი 1994 წლიდან თურქეთის ბუნებრივ ძეგლადაა აღიარებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი