შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ჯანყი ბათუმში

რამდენიმე დღის წინ მთელი საქართველო ერთმა მოულოდნელმა მოვლენამ შეაშფოთა. ბათუმის ქუჩებში უბედურება დატრიალდა. გაბრაზებული ადამიანები პოლიციის წარმომადგენლებსა და საქალაქო ინფრასტრუქტურას დაერივნენ. კომპიუტერებთან მოკალათებული გაკვირვებული მოქალაქეების ნაწილი ეგზალტირებული მასის გამოსვლის აღკვეთას და დემონსტრანტთა სამაგალითო დასჯას მოითხოვდა. მათი მოთხოვნები დღემდე ძალაში რჩება. სამწუხაროდ, საქართველოში იშვიათად ვფიქრობთ მიმდინარე პროცესების შინაარსზე და ვერასდროს ვპოულობთ გაუგებრობის გამომწვევ უპირველეს მიზეზებს. ჩვენთვის მთავარია ზედაპირული ანალიზი, განტევების ვაცის სასწრაფოდ აღმოჩენა და მასზე სასტიკი შურისძიება, რათა ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ოსტატურად ავირიდოთ და წესრიგად წოდებულ სისტემას ბზარიც კი არ გაუჩნდეს.

ბათუმის არეულობა უნიკალური მოვლენა არ გახლდათ. ასეთი ამბები მსოფლიოს უამრავ კუთხეში ყოველწლიურად ხდება. განვითარებული ქვეყნებიც კი ვერ გაურბიან ამგვარ დავიდარაბას. აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს მთავარი ქალაქი, ლოს-ანჯელესი არაერთხელ გამხდარა საყოველთაო-სახალხო აგრესიის მსხვერპლი. გასულ წელს დიდმა აჯანყებამ მიწასთან გაასწორა ბალტიმორი. სპონტანურად შეკრებილი ჯგუფები ხშირად არბევენ ლონდონისა თუ პარიზის გარეუბნებს. როგორც წესი, ძალადობრივი სამოქალაქო გამოსვლების ტალღა იმ დასახლებებს გადაუვლის, სადაც მოქალაქეები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. ავტომობილები ისეთ ქალაქებში იწვის, სადაც ადამიანებს სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი თუ სხვა ნიშნით ჩაგრავენ. პოლიციის წინააღმდეგ ისეთ უბნებში ილაშქრებენ, სადაც ახალგაზრდები გარიყულად და არარეალიზებულად გრძნობენ თავს.

უკანასკნელი წლებია თითქმის ყოველ წელს დავდივარ აჭარაში. ჩემი მოგზაურობების მიზანი მხოლოდ დასვენება და გართობა არ გახლავთ. ხშირად ვსტუმრობ მაღალმთიან რეგიონებსა და საგარეუბნო დასახლებებს. რამდენიმე საპილოტე კვლევაშიც მაქვს მიღებული მონაწილეობა. ვამაყობ, რომ ახლოს ვიცნობ აჭარის არცთუ ისე ცნობილ, მაგრამ გულმოდგინედ მშრომელ სამოქალაქო აქტივისტებს. ვყოფილვარ მუყაოს ნაგლეჯებით შეკოწიწებულ „ოცნების ქალაქშიც“ და გიგანტური მშენებლობების შედეგად დაცარიელებულ სოფლებშიც. მოკლედ, აჭარაში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიური ყოფის შესახებ ცოტა რამ მეც ვიცი. მინდა, რომ მათი პრობლემების შესახებ მოგიყვეთ. შემდეგ თავად გადაწყვიტეთ, რა მიზეზებმა განაპირობეს არეულობა ბათუმში.

ბათუმსა და აჭარაში ადგილობრივი ბიზნესი სულს ღაფავს. ყველაზე მაღალშემოსავლიანი ობიექტები ხელთ უპყრიათ გაურკვეველი სტატუსის მქონე კომპანიებს. ტურისტული სეზონის დროს გამომუშავებული მოგების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ მსხვილ საწარმოებს მიაქვთ სახლში. ადგილობრივი ახალგაზრდების უმრავლესობა უმუშევარია. ელემენტარული შემოსავლის მოპოვების მიზნით, ბავშვები, მოზარდები, სტუდენტები იძულებულნი არიან უმძიმესი სეზონური სამუშაო შეასრულონ. ისინი მინიმალური, არაადეკვატური ანაზღაურების ფასად დღეს და ღამეს ასწორებენ ბუნგალოებში, სანაპირო ბარებში, სასტუმროებსა და მშენებლობებზე. არავინ იცავს მათ შრომით უფლებებს, მათი შრომის უსაფრთხოებას. კოლოსალური სამუშაოსთვის მიღებული გროშები სწავლის ქირის გადახდისა და ტრანსპორტის ხარჯის დაფარვისთვისაც კი არ არის საკმარისი. არსებობისთვის აუცილებელი რესურსების მოსაპოვებლად შრომისუნარიანი ადამიანები მეზობელ თურქეთში გადადიან ხოლმე. თურქეთში ისინი „შავ სამუშაოს“ ასრულებენ, ჩაის ბუჩქის გამარგვლის დროს ჩამუხლვის საშუალებაც არ აქვთ, მცირედი გადაცდომისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი ხდებიან. ხშირია სექსუალური ძალადობის შემთხვევებიც.

ტრანსნაციონალური კორპორაციები და საერთაშორისო ბანკები აჭარის მაღალმთიანეთში აქტიურად აშენებენ გიგანტურ ჰიდროელექტროსადგურებს. აჭარის მაღალმთიანეთი ისედაც მცირემიწიანი რეგიონია. მასშტაბური მშენებლობები კიდევ უფრო მეტად ამცირებენ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაოდენობას. მიწისქვეშ გაყვანილმა გვირაბებმა არაერთ დასახლებაში დააჩქარეს ისედაც მწვავე მეწყრული პროცესები. კიდევ რამდენიმე ათეული ოჯახი დარჩა ღია ცის ქვეშ. სოფლებში თანამედროვე სკოლების დეფიციტია. სოციალური და ეკოლოგიური პრობლემებით გაწამებულ მოსახლეობაში ძალიან პოპულარულია გამონათქვამი – „დაბაში ჩავიდეთ“. ისინი დაბად ბათუმს მოიხსენიებენ. შესაბამისად, ბათუმი მთიანი აჭარის უსახლკაროდ დარჩენილი პოპულაციის თავშესაფარიცაა. მთიდან ბარში ჩამოსულები უკეთეს რეალობას ნამდვილად არ აწყდებიან, ისინი ორმაგად იმედგაცრუებულნი არიან და გაცილებით უფრო დიდი აგრესიით აკვირდებიან ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.

უმძიმეს სოციალურ ყოფას, გარიყულობისა და დაჩაგრულობის შეგრძნებას ზოგიერთი ბოროტმოქმედის ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულებაც ემატება. ვიღაცები აჭარელ მუსლიმებს „თათრებად“ მოიხსენებენ. ვიღაცებს ვერ აუტანიათ ის, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი განსხვავებული აღმსარებლობისაა.

ერთი წუთით მაინც წარმოიდგინეთ სოციალური ჩაგვრისა და რელიგიური დისკრიმინაციის პირობებში მცხოვრები ადამიანების ყოფა. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ამგვარი ჩაგვრის შემთხვევაში ნებისმიერი ჩვენგანის მანიპულირება ძალიან ადვილი იქნებოდა. ალბათ, თქვენც ფიქრობთ, რომ გაბრაზებული, გამწარებული, უიმედო და მომავლის რწმენის არმქონე საზოგადოების ბრბოდ გარდაქმნა უნიჭო პროვოკატორსაც კი შეუძლია.

რა ხდება დღეს?

არავინ ფიქრობს კონფლიქტის სოციალურ შინაარსზე. 17 წლის მოზარდი, რომელსაც სკოლაში არასდროს უვლია, უკვე დასაჯეს. კიდევ რამდენიმე ადამიანს დასჯიან. ნამდვილი პროვოკატორები და მჩაგვრელები კი მშვიდად და ბედნიერად განაგრძობენ საქმიანობას.

ვითარება არასდროს შეიცვლება, სანამ არ გავიგებთ, რომ ძალადობა მხოლოდ სისხლისღვრისა და ხელდახელ ანგარიშსწორების თავიდან არიდება არ არის. მშვიდობის მეცნიერების ფუძემდებელი, იოჰან გალტუნგი ძალადობას განმარტავს მდგომარეობად, როდესაც ადამიანები სხვადასხვაგვარი ზეწოლის ქვეშ არიან და მათი რეალური სომატური თუ გონებრივი რეალიზაციის მაჩვენებელი მათი პოტენციური რეალიზაციის მაჩვენებელზე დაბალია. ძალადობის ამგვარი ფორმების აღმოფხვრაზე თუ არ ვიფიქრებთ, საშინელი არეულობების საფრთხე მუდმივად იარსებებს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი