პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

„ … არა მიფლობს დუმილად“

მასწავლებელს და წიგნს ბევრი საერთო აქვთ: ორივე ერთ მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება, ორივემ ინტერესი უნდა  გააღვივოს რაღაცის მიმართ და უფრო მეტიც,შეაყვაროს კიდეც ის რაღაც.  ამ ურთულეს საერთო საქმეში, მართალია, მასწავლებელი ვერ ეხმარება წიგნს, მაგრამ სამაგიეროდ წიგნი უპირველესი დამხმარეა მისთვის. დღეს იმ სავალალო შემთხვევაზე უნდა ვილაპარაკო,როცა ეს ჰარმონია ირღვევა.

ძველი ქართულის სწავლა – სწავლება ყოველთვის მტკივნეული საკითხი იყო ერთნაირად მოსწავლეებისთვისა და მასწავლებლებისთვის. ასე იყო ჩემს ბავშვობაშიც, 90 – იანებში და ასეა ახლაც. პარადოქსია, მაგრამ მიუხედავად ამდენი რეფორმისა, მაინც  მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა. ძველი ქართული მაშინაც ტვირთი იყო ბავშვებისთვის და ახლაც ასეა. კიდევ კარგი, არავის მოსვლია აზრად, ქუჩაში ახალგაზრდებს აჰკიდებოდა და ეკითხა, უყვართ თუ არა სკოლაში ნასწავლი, ერთი წლის განმავლობაში ტვინდანთხეული ჰაგიოგრაფია, ან გურამიშვილი, ან ,,ვეფხისტყაოსანი“ ( სულხან – საბას სიყვარულის მეტი შანსი აქვს იგავ- არაკების სიმარტივის გამო)… ეკითხა შუახნის ადამიანებისთვის, სკოლის დამთავრების მერე ერთხელ მაინც თუ მოუნდათ, გადაეშალათ  ძველი  ტექსტები, ან ,, დავითიანი“, ან ,,ვეფხისტყაოსანი“…

დარწმუნებული ვარ, პასუხთა უმეტესობა გულის გასახარებელი არ იქნებოდა.

თუკი სადმე თავს მოიყრიან ფილოლოგები, მგონია,რომ მხოლოდ იმაზე ლაპარაკობენ, როგორ გაუადვილონ ბავშვებს ძველი ქართული მწერლობის სწავლა, როგორ დააძლევინონ ზღვა მასალა და მგონი, შეყვარებამდე აღარც მიდის ფიქრი. არადა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფიქრია. მერე მიდიან სახლში და ისევ ამაზე ფიქრობენ, უამრავ პროექტსა და აქტივობას იგონებენ ამ პრობლემის დასაძლევად და ბავშვებისთვის ტვირთის შესამსუბუქებლად. ეს ის პრობლემაა,რომელიც არა ერთსა და ორს აწუხებს დიდი ხანია და სამუშაო თუ არასამუშაო გარემოში თავმოყრილი მასწავლებლები ჩუმად არ უნდა წუწუნებდნენ.

სამწუხარო რეალობაა, რომ ჩემი მოსწავლეების უმეტესობას, ჩემი მეგობარი ფილოლოგი მეგობრების მოსწავლეთა უმეტესობას, იმათი ფილოლოგი მეგობრების მოსწავლეთა უმეტესობას არ უყვარს ძველი ქართული ლიტერატურა.

ყველანაირად ვცდილობ, მთელი სულითა და გულით, ყველა მასწავლებლურ თუ მკითხველურ ხრიკს ვიშველიებ, რომ ბავშვებს შევაყვარო ის, რაც მე მართლა გულწრფელად მიყვარს, მაგრამ ვერ დავიკვეხნი, რომ ამას ჩინებულად  ვახერხებ.შეიძლება ბევრმა ისწავლა, მაგრამ  ჩემი პედაგოგიური ცხოვრებიდან მხოლოდ ორიოდე მოსწავლე თუ მახსოვს, რომლებსაც მართლა მოეწონათ და შეუყვარდათ ,,ვეფხისტყაოსანი“ ჩემი დახმარებით.

ამ ,,უსიყვარულობას“ თავისი მიზეზები აქვს –

პირველი: ძველი ქართული ლიტერატურის სწავლა (სწავლებაც) ძალიან რთულია;

და მეორე, უმნიშვნელოვანესი: ამ ურთულეს საქმეს  ერთ წელში უნდა გაართვას თავი: წაიკითხოს,თანამედროვე ქართულზე უნდა გაიაზროს, ლექსიკაზე იმუშავოს,წამოჭრილ უამრავ პრობლემაზე დაფიქრდეს,იმსჯელოს,წეროს და შეიყვაროს (!) კიდეც.

 

რა განაპირობებს იმას,რომ მთელი ძველი ქართული ერთი სასწავლო წლის ფარგლებში უნდა ისწავლონ მოსწავლეებმა? ერთადერთი რამ – ლიტერატურული ქრონოლოგიის დაცვა. მაშინ მიჩნდება კითხვა – რა უფრო მნიშვნელოვანია, ის,რომ ლიტერატურის ისტორიის განვითარება თარიღების მიხედვით იცოდეს მოსწავლემ თუ ის, რომ გაიაზროს, მოეწონოს, შეუყვარდეს და რაც შეიძლება, ადვილად დაძლიოს ურთულესი ძველი ქართული ლიტერატურა? არადა, საგანგებოდ გადავათვალიერე, ყველა გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო ამ პრინციპს მყარად იცავს.

ეროვნულ სასწავლო გეგმას რომ გადავხედე, ვერც ზოგადად და ვერც კონკრეტულად მე-10 კლასის საგნობრივ სტანდარტში ვერ ვიპოვე რაიმე განსაკუთრებული მითითება იმის შესახებ,რომ მოზარდმა ლიტერატურა მაინცადამაინც ლიტერატურის ისტორიის ჭრილში უნდა  გაიაზროს.

ვერც სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭების პრინციპებსა და სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმებში ვიპოვე მსგავსი რამ.

ვერც იმას გადავაწყდი სადმე,რომ პედაგოგიკაში აუცილებელია, მაინცადამაინც ქრონოლოგიის დაცვით ისწავლებოდეს ტექსტები და ეს ქრონოლოგია განსაკუთრებულად უწყობდეს ხელს მოსწავლეს ამ ტექსტების აღქმა – გააზრება – შეყვარებაში.

რატომ არ შეიძლება, გადანაწილდეს თუნდაც ეს სამი საინტერესო ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები სამ წელზე?ან ,,დავითიანი“ და ,,ვეფხისტყაოსანი“ დაიყოს მონაკვეთებად ( საერთოდ, მოცულობა უნდა შემცირდეს თუ არა, ეს ცალკე წერილის თემაა) და სხვადასხვა წელს ისწავლებოდეს? ყოველ ახალ წელს ხომ უფრო ლაღად და თავისუფლად იგრძნობს თავს ბავშვი ძველი ქართული ლიტერატურის სამყაროში, ახალს აღმოაჩენს, სხვანაირად გაიაზრებს?!  ჩემი აზრით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლემ პარალელები გაავლოს სხვა ეპოქის ნაწარმოებებსა და პრობლემებთან, გარდა რელიგიური საკითხისა, დაინახოს პიროვნული თავისუფლების, მოძალადის, მსხვერპლისა და საზოგადოების ურთიერთობის პრობლემა; რა გზას გადის ადამიანი მიზნის მისაღწევად, რა მნიშვნელობა აქვს  ზნეობას… ,,ვეფხისტყაოსანი“ მხოლოდ საზეპიროები არ ეგონოს და დავითიანი მხოლოდ ,,სწავლა მოსწავლეთა“.

თანაც ეს ლიტერატურის ისტორიის უწყვეტი ჯაჭვის მიყოლა მხოლოდ  ძველი ქართულის შესწავლაში არ ქმნის პრობლემას, ეს ჯაჭვი გრძელდება მე-19 საუკუნის ქართულის შესწავლისას. მიუხედავდ იმისა,რომ მე-11 კლასში საკმაოდ ბევრი მწერლისა თუ პოეტის შემოქმედებას სწავლობენ, ეს ქრონოლოგია ერთგვარად მაინც ქმნის თემების, პრობლემების, პერსონაჟთა სახეების, სტილის ერთფეროვნებას, რაც სწავლების პროცესს ნამდვილად არ მატებს ხიბლს.

ამიტომაც ვფიქრობ, სპირალური სწავლების სტილი, როცა სახელმძღვანელოში სხვადასხვა ეპოქის ნაწარმოებები ერთმანეთის ენაცვლება და ქრონოლოგიის მიხედვით კი არა თემის, პრობლების მიხედვით ნაწილდება, ბევრად უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი და მომგებიანია შესწავლის თვალსაზრისით. 2010-11  წლებში კრიტიკოს თამაზ ვასაძის ამ პრინციპით შედგენილი (ოღონდ ძველ ქართულს არა) სახელმძღვანელოებით ვასწავლიდით  და ეს წიგნები ნამდვილად მეხმარებოდა, მოსწავლეთა ინტერესი არ განელებულიყო,ღრმად გაეაზრებინათ პრობლემა და გაკვეთილის გარეთაც გაჰყოლოდათ ფიქრი. დღესაც ვერ ველევი და სულ ხელმისაწვდომ ადგილას მიწყვია.

ჰო, ასეთი სახელმძღვანელოებიც არსებობენ, არა მარტო გვეხმარებიან, სამუდამო მეგობრებადაც რჩებიან.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი