პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ხელოვნებისა და სპორტის ხელმისაწვდომობის შესახებ

 

მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ მოზარდისათვის ფიზიკური დატვირთვა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ჯანსაღი კვება. ამასთან, ხელოვნებასთან სიახლოვეც საკვებივით აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის.

შეცევადე გამერკვია სპორტული თუ სახელოვნებო წრეები რამდენადაა ხელმისაწვდომი საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვისათვის. საჯარო სკოლების რამდენიმე კლასის გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა საშუალოდ 40% დადის დამატებით სპორტის რომელიმე სახეობაზე ან მაგალითად სიმღერაზე, ცეკვასა თუ ხატვაზე. უფროსები ვამბობთ, რომ თანამედროვე ბავშვები წიგნებს არ კითხულობენ, კომპიუტერს უსხედან, მაგრამ იქნებ მშობლებსაც მიუძღვით „წვლილი“ შვილების დღის რეჟიმის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საქმეში? მიუძღვით და თან არ მიუძღვით. ყველა მოქალაქის ვალია დიდი ქალაქების ჰაერის დაბინძურების ფონზე მოითხოვოს ეკოლოგიურად სუფთა გარემო. მაგრამ ხშირად თავს ზემოთ ძალა არ არის.

პედიატრ ეკა უბერის რჩევით, ბავშვი ნებისმიერ ამინდში მინიმუმ ორ საათს მაინც უნდა ატარებდეს ჰაერზე. ასევე დადგენილია, რომ ის ყოველდღიურად მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში უნდა იყოს ფიზიკურად (აქტიური თამაში, ვარჯიში, სირბილი და სხვ.) დატვირთული.

ფიზკულტურა საქართველოს სკოლების სასკოლო ცხრილში კვირაში ორი-სამჯერ გვხვდება, სადაც ბიჭებს მეტწილად ფეხბურთს ათამაშებენ, გოგონებს კი – წრეში ბურთს. რეაბილიტოლოგი მარინე აფციაური მიიჩნევს, რომ ეს არ არის საკმარისი მოზარდის ძალის, გამძლეობის, მოქნილობის, სისწრაფისა და სიმარჯვის განვითარებისათვის. „სწორი მიდგომა ამ საგნისადმი საბავშვო ბაღიდანვე უნდა ხდებოდეს. დაწყებით კლასებში სასურველია ჩატარდეს მსუბუქი ტანვარჯიში კვირაში სამჯერ. ასევე კარგი პრაქტიკაა ნებისმიერი საგნის მასწავლებლის მხრიდან ე. წ. „ფიზკულტურის წუთის“ გამართვა, რომელიც ყოველ გაკვეთილზე 2-3 წუთის განმავლობაში „აქტიურ დასვენებას“ გულისხმობს. ეს ჯდომას მიუჩვეველი ბავშვებისთვის განტვირთვის კარგი საშუალებაა და დასწავლასა და კონცენტრაციასაც უწყობს ხელს.

მოსწავლის ფიზიკურ დატვირთვას ასაკისა და მისი ინდივიდუალური მონაცემების მიხედვით განსაზღვრავს სათანადო კვალიფიკაციის მქონე მასწავლებელი.  ფიზკულტურის გაკვეთილი სპორტის ყველა სახეობის ელემენტებით უნდა იყოს გაჯერებული. მეხუთე კლასიდან სასურველია დაიწყოს სირბილი, მსუბუქი ტანვარჯიშის კომპლექსი, სიგრძეზე და სიმაღლეზე ხტომა, ბაგირზე ცოცვა, ფრენბურთი, შვედურ კედელზე ვარჯიში და ა. შ. სკოლის დამთავრებამდე მოზარდმა უნდა იცოდეს სპორტის თითქმის ყველა სახეობის თამაშის წესები. სამწუხაროდ, დღესდღეობით შესასწავლ სპორტის სახეობას სკოლის დირექტორი ირჩევს და ის ერთადერთი სახეობა ყველა მოსწავლისათვის შეიძლება ჭადრაკი იყოს, რომელიც კვლავაც ჯდომას მოითხოვს მოზარდისაგან. ეს კი დაუშვებელია. ასევე დასადგენია, რამდენად გამართულია პროგრამებიც, რითაც ამჟამად ფიზკულტურის მასწავლებლები ხელმძღვანელობენ.

ჩემი აზრით, სწორედ ზემოაღნიშნული პრობლემების ერთობლიობის გამო იმატა ბოლო პერიოდში მოზარდებში აღნაგობის დარღვევამ და სერიოზულმა პათოლოგიებმა. სკოლის დამთავრებისთანავეც ხომ სულ სხვა ფიზიკური დატვირთვა ელოდებათ ვაჟებს ჯარში. ცხადია, მას, ვისაც 100 მეტრიც არ ურბენია სკოლის პერიოდში, გაუჭირდება ჯარის ფიზიკური ნორმატივების შესრულება და კილომეტრების გარბენა.“

მოსწავლეთა სქოლიოზისადმი მიდრეკილება მშობლებისათვის კარგადაა ნაცნობი. ამ და სხვა დარღვევების თავიდან ასაცილებლად და პროფილაქტიკისათვის სპორტის მრავალი სახეობა არსებობს. მათ შორისაა ცურვა, რომელიც სასარგებლოა როგორც მოზარდის ნერვული სისტემისთვის, ისე კუნთებისთვის, სისხლის მიმოქცევისა და ძვლოვანი სტრუქტურის სწორად ჩამოყალიბებისათვის. ერთია ბავშვის საჭიროება და მეორე – თანხები, რომელიც პირდაპირ აწვება მშობლების მწირ ბიუჯეტს. ხშირ შემთხვევაში სწორედ ფინანსების არარსებობის გამო უარესდება მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამასთან დედაქალაქში ასე თუ ისე არის არჩევანი აუზებისა, სადაც სწავლის ფასი 60-დან 150 ლარამდე მერყეობს, რეგიონებში კი აუზები ხშირ შემთხვევაში ფიზიკურად არ არსებობს. იქ უმეტესად გვხვდება ფეხბურთისა თუ რაგბის კლუბები, ცეკვის შემსწავლელი კურსები.

როდესაც საქმე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეს ეხება, ბავშვისთვის მაგალითად ცურვის მასწავლებლის მოძიება კიდევ უფრო რთულდება. ამაზე ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ. https://mastsavlebeli.ge/?p=10030 სასიხარულოა, რომ ბოლო დროს გაჩნდა საფეხბურთო და საკალათბურთო კლუბები, რომლებიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სოციალიზაციასა და მათი რეაბილიტაციის ხელშეწყობას ემსახურება.  მოზარდებისთვის შემუშავებულია სპეციალური პროგრამა, რაც ინდივიდუალური და გუნდური სწავლის მიდგომებზეა დამყარებული. ბევრ მოზარდს ესაჭიროება იპოთერაპია, არტ თერაპია, სენსორული ინტეგრაციის სეანსები, არადა საქართველოში სამწუხაროდ ძალიან ცოტაა  საჯინიბოები თუ კარგად აღჭურვილი ოთახები, რომლებიც მათ სათანადოდ მოემსახურება. უნდა აღვნიშნოთ კვალიფიკაციური სპეციალისტების ნაკლებობა და მაღალი ტარიფებიც (1 საათი 20-30 ლარიდან ზევით), რომელსაც ბევრი მშობელი ფინანსურად ვერ სწვდება. რაც შეეხება ჩოგბურთსა და თხილამურებით სრიალს, ორივე ყოველთვის „ძვირიან სპორტად“ ითვლებოდა სპეციალური აღჭურვილობისა და მწვრთნელების გამო.

თბილისში ბოლო დროს მომრავლდა საკვირაო სკოლები, სადაც მოზარდებს ხატვას, ძერწვას, ასევე აპლიკაციების, ხელნაკეთი წიგნებისა თუ სხვადასხვა ნივთის შექმნას ასწავლიან, საუბრობობენ წიგნების გმირებზე და სხვ. ფასები 30-დან 120 ლარამდე მერყეობს. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამები ასე თუ ისე შეიცავს ზემოხსენებულ არტ თერაპიისა და სენსორული ინტეგრაციის მცირე ელემენტებს, რაც ასე აუცილებელია ბავშვებისათვის.

მოზარდებს ძალიან რომ შეუყვარდათ ე. წ. „ტყლარწი“, ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ამას ორ ახსნას უძებნის: „1. ბავშვებს სენსორული შიმშილი აქვთ; 2. ტყლარწი შფოთვას ამცირებს. ფეხბურთს ვინ თამაშობს დღეს? ან ეზოში ვინ დარბის? ეზოში თუ არიან, უმეტესწილად სხედან. ბავშვები ძირითად დროს ან სკოლაში ატარებენ ან კომპიუტერთან, ამიტომ აქვთ სენსორული შიმშილი. ამ ფონზე ასეთი ტიპის ფაქტურები მათთვის მიმზიდველია. საჭიროა, რომ ბავშვებს ბუნებასთან ჰქონდეთ კონტაქტი და სპორტითაც დაკავდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ამას ტყლარწი ვერ ჩაანაცვლებს. მაგრამ როცა თბილისში ხე და ბალახი აღარ არის, ის, როგორც ჩანს, მოზარდებს ამ შეგრძნებებს უწესრიგებს“.

გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოში ასაკის მატებასთან ერთად ბავშვი უფრო და უფრო ნაკლებად დადის დამატებით სპორტსა თუ სახელოვნებო კურსებზე. ამასთან, მომსახურების ფასები დედაქალაქში რამდენჯერმე აღემატება რეგიონისას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი