პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

კვლავ გეოგრაფიის სწავლების შესახებ

ასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა დამტკიცდა და ახალი ვნებათა ღელვა დაიწყო: როგორ განაწილდებიან მასწავლებლები სქემის მიხედვით, ვინ რომელ საფეხურზე მოხვდება, რა გზები დაუსახა პედაგოგებს კარიერული ზრდისთვის განათლების სამინისტრომ, როგორ მოხდება შეფასება, ვინ შეგვაფასებს?.. უამრავი კითხვა დაისვა, მაგრამ ამჯერად სქემაზე არ ვაპირებ საუბარს – სექტემბრამდე იგეგმება გზამკვლევის გამოცემა, სადაც ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მინდა, ამ სტატიაში კვლავ გაკვეთილის დაგეგმვაზე გავამახვილო ყურადღება. უდიდესი წილი აქ გაკვეთილის შეფასებაზე მოდის, განსაკუთრებით – პრაქტიკოს და უფროს მასწავლებლებთან. ყველამ ვიცით, რომ განათლების სისტემის რეფორმა ინტერაქტიულ გაკვეთილებს გულისხმობს. ვფიქრობ, ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის გააზრებული ინტერაქტივის არსი. ასეთ გაკვეთილებზე მთავარია სასწავლო პროცესში მოსწავლის აქტიური ჩაბმა. თუმცა ინტერაქტივად დღემდე მხოლოდ მოსწავლის კითხვა-პასუხში ჩართვა მიიჩნევა, რომელიც დამახსოვრების ანუ დეკლარატიული ცოდნის დონეზე გადის, დინამიკური და ფუნქციური ცოდნა კი უმეტესად უყურადღებოდ რჩება.

გეოგრაფია საგანია, რომელიც მოსწავლეებს დედამიწის შესახებ კომპლექსურ წარმოდგენას უყალიბებს. გეოგრაფიის შესწავლის დროს ყველა სფეროს ვეხებით: ბუნებას, საზოგადოებას, ადამიანის ეკონომიკურ საქმიანობას, ტრადიციებს, დასვენებას… გეოგრაფიის შესწავლის მთავარი მიზანი უნდა იყოს პიროვნების როგორც ცივილიზაციის, ზოგადსაკაცობრიო კულტურის მატარებელი სუბიექტის მრავალმხრივი განვითარება. მთავარია, მოსწავლეს განუვითაროთ დამოკიდებულება და ცოდნა, რათა ნებისმიერ ადგილას – ბუნებასა თუ სოციალურ-ეკონომიკურ გარემოში – სწორი ორიენტაცია მოახდინოს, შეძლოს ეკოლოგიური პრობლემის არსის გაგება, გეოგრაფიის როლის განსაზღვრა პრობლემის გადაჭრის დროს, ადამიანის საქმიანობისა და ბუნების ურთიერთკავშირის განსაზღვრა და სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციის განხილვა.

ამიტომაც არის, რომ გეოგრაფიის შესწავლა სამეცნიერო ხასიათს იღებს და მოიცავს რუკების, დიაგრამებისა და გრაფიკების ანალიზს, მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენას. სწავლება რთულდება მაშინ, როდესაც მოსწავლეებს ანალიტიკური და აბსტრაქტული აზროვნების უნარი არ გააჩნიათ. ისინი მხოლოდ ფაქტებსა და მოვლენებს იმახსოვრებენ, რომლებიც მალევე ავიწყდებათ და არასასურველ შედეგს ვიღებთ.

მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესი განაპირობებს ქვეყნებსა და კულტურებს შორის ურთიერთდამოკიდებულების, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, მულტიკულტურული საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელიც ადამიანს ადრინდელზე მეტ მოთხოვნას უყენებს. საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების უგულებელყოფა შეუძლებელია. მაგალითად გავიხსენებ 2011 წელს, რომელიც მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი იყო: ნეპალი, ტრადიციული მონარქიული სახელმწიფო, რესპუბლიკად გამოცხადდა; სუდანი ორად გაიყო; სამოამ ახალ ზელანდიასთან ეკონომიკური ურთიერთკავშირის გასამარტივებლად დროის სარტყელი შეიცვალა…

პრაქტიკიდან გამომდინარე, არაერთხელ აღმინიშნავს, რომ გეოგრაფიის სწავლება ნომენკლატურის დამახსოვრებით არ უნდა შემოიფარგლოს. ინტერნეტთამაშები და დოკუმენტური ფილმებიც გაგიზიარეთ, რომლებიც მოსწავლეებს მსოფლიოს გაცნობასა და რუკის წაკითხვაში დაეხმარება. რამდენჯერმე ვცადე და პრაქტიკაში გამოვიყენე რუკაზე მუშაობის ის მეთოდი, როცა ერთი ან, მაქსიმუმ, ორი მოსწავლე ნომენკლატურულ ერთეულებს აჩვენებს და მინდა გითხრათ, რომ საბოლოოდ დავრწმუნდი ამ აქტივობის სისუსტესა და უეფექტობაში. ის ბავშვებმაც უარყოფითად შეაფასეს: „მასწ., ისევ ჩვენი თამაში სჯობია…”

ჩვენი თამაშიც ძველია, არახალი. შეგახსენებთ: რამდენიმე მოსწავლისგან შემდგარი ჯგუფი ჩაიფიქრებს გეოგრაფიულ სახელს ან ქვეყანას და ამბობს 3 მინიშნებას, რომლებიც დამახასიათებელია ჩაფიქრებული ერთეულისთვის, დანარჩენი ჯგუფები კი გამოცნობას ცდილობენ. ეს ერთ-ერთი სახალისო და აქტიური თამაშია. ამ დროს შეფასებაც შესაძლებელია. კრიტერიუმებზე თამაშის დაწყებამდე ვთანხმდებით: ვინ გამოიცნობს ყველაზე მეტ ერთეულს, ვინ გააკეთებს ყველაზე „კარგ” მინიშნებას და ა.შ. „კარგი” რას გულისხმობს, ამასაც წინასწარ განვსაზღვრავთ.

დაახლოებით ასე:

  1. პოლარული არქიპელაგი, რომელიც ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში მდებარეობს;
  2. არქიპელაგიც და მიმდებარე აკვატორიაც დემილიტარიზებული ზონაა;
  3. არქიპელაგზე ქვანახშირს მოიპოვებენ.

შარშან ახალ კლასში შევედი. ცოტა არ იყოს, ძნელია, მეათეკლასელები მუშაობის ახალ მეთოდებს შეაჩვიო. ტექსტების დაზეპირება ეადვილებოდათ, მაგრამ კითხვას თუ დაუსვამდი, ჩუმდებოდნენ. „ეს საიდან უნდა ვიცოდეთ?”, „წიგნში არ წერია!” – მესმოდა ნაწყენი ხმები.

ერთ გაკვეთილზე მოულოდნელად მოვიფიქრე და განსხვავებული დავალება მივეცი. აქამდეც მითქვამს, რომ გეოგრაფიის სახელმძღვანელო მომწონს. ახლა გეტყვით, რატომ: დავალებები და კითხვები ისეა შედგენილი, რომ ყველა დონე გათვალისწინებულია. ეს დავალებაც სახელმძღვანელოსთან იყო დაკავშირებული: მოცემული პარაგრაფის კითხვები დააჯგუფეთ კითხვებად, რომელთა პასუხებსაც წიგნშივე იპოვით და კითხვებად, რომელთა პასუხებსაც სახელმძღვანელოში ვერ ნახავთ.

დავალება შეასრულეს. „ახლა მითხარით, სად უნდა ვეძებოთ ამ კითხვებზე პასუხი”. ჩემს კითხვაზე იმსჯელეს და მიხვდნენ, რომ თუ იფიქრებდნენ და გააანალიზებდნენ, ყველა კითხვას უპასუხებდნენ. შედეგი არცთუ ურიგო აღმოჩნდა. გაკვეთილის მოყოლის დროს თავად აძლევდნენ შენიშვნას ერთმანეთს, თუ რომელიმე მათგანს დაზეპირებული ტექსტის მოყოლა გაიტაცებდა; ერთმანეთზე არ ბრაზობდნენ – ყველამ იცოდა, რომ შენიშვნების მიცემა თავადაც შეეძლო, რომ აზროვნება ერთად უნდა გვესწავლა. ხანდახან ქულების დაწერაც უხდებოდათ. ამასაც ხალისით ასრულებდნენ, ხან ზედმეტად მკაცრები იყვნენ, ხან კი – სასაცილოდ ლოიალურები. ასე ხალისიანად გავატარეთ სასწავლო წელი.

დღეს უკვე მეთერთმეტეკლასელები არიან და გაკვეთილის მეთოდებს თავად ირჩევენ.

დამეთანხმებით, ინტერაქტიული გაკვეთილის ჩატარება მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე ტრადიციული, ცოდნაზე დაფუძნებული გაკვეთილისა.

საკუთარი პრაქტიკიდან კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ: მე-7 კლასში კლიმატის ჩამოყალიბების ფაქტორები მე და ჩემმა მოსწავლეებმა ერთობლივად ჩამოვთვალეთ. გავიხსენე სითბური სარტყლები, ატმოსფეროს ცირკულაცია, ავუხსენი, რა არის კლიმატი და მერე უკვე კითხვების მეშვეობით მივედით ჰავის განმსაზღვრელ ფაქტორებამდე. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ვუთხარი, რომ ახალი მასალის ახსნაში დამეხმარნენ. დარწმუნებული ვარ, ჩემს მეშვიდეკლასელებს აღარ დაავიწყდებათ არც ჰიმალაის მთები და არც ჩერაპუნჯა, ყველაზე ტენიანი ადგილი მსოფლიოში, რადგან დამოუკიდებლად მიხვდნენ, რატომ არის ეს ადგილი ყველაზე ტენიანი, ასევე – რატომ არის ყველაზე მშრალი კონტინენტი ავსტრალია და რატომ არ არის ევროპა უფრო ცივი, ვიდრე ჩრდილოეთი ამერიკის ჩრდილოეთი ნაწილი. კლიმატური სარტყლის დახასიათებაც დამოუკიდებლად, რუკის დახმარებით და წინარე ცოდნაზე დაფუძნებით მოახერხეს. მერე თავიანთი დასკვნები სახელმძღვანელოში მოცემულ დახასიათებას შეადარეს. დამეთანხმებით, რომ ინტერაქტიული გაკვეთილი შედგა.

ამ თემასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ აქტივობას შემოგთავაზებთ.

აქტივობა: მასწავლებელი აძლევს ჯგუფებს დედამიწის კლიმატური სარტყლების რუკას და სთხოვს, გაიხსენონ:

  1. რამდენი კლიმატური სარტყელია დედამიწაზე.
  2. რამდენი ძირითადი და რამდენი გარდამავალი სარტყელია; დააჯგუფონ ისინი.
  3. რომელ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს საქართველო.

შემდეგ კლასი იყოფა ჯგუფებად. ჯგუფები ინაწილებენ კლიმატურ სარტყლებს. შეიძლება, ერთმა ჯგუფმა 2 ან 3 კლიმატურ სარტყელზე იმუშაოს. მათ დედამიწის კლიმატური სარტყლებისა და პოლიტიკური რუკის მიხედვით უნდა ამოიწერონ თითოეულ სარტყელში მდებარე სამ-სამი ქვეყანა და ინფორმაცია წარმოადგინონ ცხრილის სახით.

 

ცხრილის ნიმუში:კლიმატური სარტყლები

ეკვატორული სუბეკვატორული ტროპიკული
ინდონეზია

მალაიზია

კამერუნი

სამხრეთი სუდანი

ეთიოპია

გვინეა

მექსიკა

მავრიტანია

ინდოეთი

მოსწავლეებს ეს აქტივობა ქვეყნების დასწავლაშიც ეხმარება.

სწავლების ნებისმიერი მეთოდის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ გეოგრაფიის როგორც საგანმანათლებლო, ისე ინტერდისციპლინური, საგანთაშორისი ფუნქციაც. ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის საქმიანობის, მათი ურთიერთმიმართების განხილვისა და ანალიზის დროს მათემატიკის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიისა და ისტორიის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის გამოყენება სიღრმეს მატებს გეოგრაფიული პროცესებისა და მოვლენების ანალიზს.

მეთოდოლოგიური პრობლემები გადაწყდება, თუ შემოქმედებითი გაკვეთილის ძირითად მოთხოვნებს დავიცავთ, კერძოდ, რაციონალურად გამოვიყენებთ საგანმანათლებლო რესურსებს: რუკებს, სახელმძღვანელოებს, დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, ფოტოებსა და სტატისტიკურ მასალებს; თუ თეორიული ცოდნა რეალურ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე იქნება დაფუძნებული; თუ საგანთაშორის კავშირებს მსოფლიოში მიმდინარე პროცების ანალიზისთვის გამოვიყენებთ. გაკვეთილის შეფასების მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაღვივება, რაც გარემოზე პასუხისმგებლობის მქონე პიროვნების აღზრდას უწყობს ხელს.

იმედი მაქვს, ინტერაქტიული გაკვეთილები შესამჩნევად აამაღლებს გეოგრაფიის სწავლების დონეს და გაზრდის მის როლს სასკოლო ცხოვრებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი