ესა, მესა, გადის ესა…

ახლაც გუშინდელი დღესავით მახსოვს …

1993 წლის ზაფხულია, ასფალტიც რომ კარაქივით ლღვება, ისეთი სიცხეა თბილისში. ვისაც ის წლები გახსოვთ, არ მკითხავთ – მერე, შე კაი ადამიანის შვილო, თუ ხვატი იყო, სიცხე და უბედურება, ვერ გაგიყვანეს ქალაქგარეთო.  ვერ გამიყვანეს… კი მემუდარებოდა დედაჩემი, არ შეიძლება, რამე დაგემართება, საღამოს გადიო, მაგრამ გარეთ რაღაც სასწაული ჟინი და  „მაღალი პასუხისმგებლობა“ მიმარბენინებდა. და ამ პასუხისმგებლობას „კრასკობანაში“ მგლის ფუნქცია ერქვა. სიმართლე გითხრათ, ტანკენარი და წერწეტა არც ახლა ვარ და მით უფრო 10 წლისასაც ბევრი მაკლდა სასურველ ფიგურამდე. ამიტომ აქამდე ვერ ამიხსნია ასეთ ზომიერად ფეხხორციან სუბიექტს, თამაშის შინაარსიდან გამომდინარე, მაინცდამაინც მეტ-ნაკლებად ფეხმარდი მგლის ფუნქციას რად მაკისრებდნენ. მოკლედ, ასეა თუ ისე, სხვა, დედებს გამოპარულ, ეზოში სათამაშოდ თავისუფლებაგამოთხოვილ ბავშვებთან ერთად მეც ვუფრთხობდი 90-იანი წლების მტვრიან, ხვატიან ეზოებს ანგელოზებს. თამაშს თამაში ცვლიდა, გამარჯვებულს – დამარცხებული, დღეებს – დღეები, მაგრამ ის ჟინი, თავში რომ ვახსენე, ერთხელაც არ განელებულა, პირიქით, ისეთივე ძლიერი და აღმაფრთოვანებელი იყო, როგორიც შუქის მოსვლისგან გამოწვეული კოლოსალური მუხტი და დიდისა თუ პატარის უღმრთო ბღავილი.

ამ თამაშებს ყველგან და ყოველთვის ვთამაშობდით – ეზოში, კორპუსში, მიგდებულ შენობებში, ნაგავსაყრელზე, საბავშვო ბაღისა თუ სკოლის სარდაფში. ამ  უკანასკნელში თამაში სასტიკად გვეკრძალებოდა მშობლებისგან ორი მიზეზის გამო: ერთი, რეალური – ფეხსაცმელების გაცვეთილი ძირები ვერ დაგვიცავდა გულუხვად, დაუზარელად მიმოფანტული შპრიცების ნემსებისაგან და მეორე, ლეგენდური – დაგიჭერენ მორფინისტები და ძალით გაგიკეთებენ მორფს. ცოტა გადავუხვიე სათქმელს, მაგრამ ჩვენი თამაშისა და გართობის რეპროდუცირება რომ მთხოვონ, ეს სურათი უცილობლად ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ტილოზე.

მართალია, დაულეველი ომისა და სროლის პირობებში კიდევ ომობანას თამაში, შეშლილი, გაოფლილი სახით სირბილი და მოკვდი, დაგჭერის განწირული ყვირილი ვერაფერი ბედენა იყო ჩვენი მშობლებისა თუ, ზოგადად, მაყურებლებისათვის, მაგრამ მაგაზე ფიქრით 10 წლისა არ იღლი გონებას ან რატომ უნდა დაიღალო, როდესაც ვინც საჭიროა, ისიც არ იღლიდა მაშინ. ახლა რომ ვიხსენებ, რაღაც საშინლად სარკაზმული იყო ამ ომობანაში – საბჭოთა სათამაშო თოფებით თავისუფლებამოპოვებული  საქართველოს ბავშვები  გაგანია ძმათამკვლელი ომის დროს სხვისი სიკვდილით გამარჯვების მოპოვების სურვილმოძალებულები დავკიოდით უშუქო, ცივ ქუჩებში – „მოგკალი, მოგკალი, ბიჭო !!!“

ჰოდა, ახლა მე ქართულის მასწავლებელი ვარ, აი, ის მასწავლებელი, პირველ კლასშიც რომ ასწავლის და მეთორმეტეშიც. შესაბამისად, სამივე საფეხურზე ყველა კლასში მისწავლებია და ჩემი სათქმელიც ამ გამოცდილებიდან მოდის. ბევრს გადაგხდენიათ, ალბათ, თავს, ექსკურსიაზე ე.წ. შემეცნებით ნაწილს როცა მორჩები და თვალები გაწყდება უკეთესი, ჯერ კიდევ სხვა ბავშვების მიერ დაუკავებელი ადგილების ძებნა-თვალიერებით. იპოვი რამე ველკეთილს, მირბიხარ ადგილის მოსაზომ-დასაპატრონებლად და გულში ის ბავშვური გამარჯვების განწყობა გაქვს, ბოლო დამალულის „დასტუკებისას“ რომ გეუფლებოდა. სწორედ ამ გამარჯვების შემდეგ იწყება მთავარი ამბები – უკლებლივ ყველა ბავშვი ურყევ ალყას გარტყამს და დიდი თვალებითა და მომთხოვნი ტონით გეუბნება: „რა ვითამაშოთ, მას?“ ;  „მას, გაგვყავით და გვათამაშეთ.“ ეგ კი არა და, ხანდახან მუშტი-სილაც შეიძლება აღმოჩნდე. ჰოდა, იწყებ თამაშების გახსენებას – ეს ერთადერთი გზაა ალყის გასარღვევად. იხსენებ მოძრავ თამაშობებს, მათ პრინციპებს, იმასაც, „ჟილკობას“ რომ არ ვართ და განსაკუთრებულ შემთხვევაში, თამაშიდან გამორთვისას, განწირულმა, მთელ რაზმს რომ უნდა გასძახო, „ ზა კამანდუ“. ეს წესები წმინდათაწმინდა იყო ჩვენთვის, დაურღვეველი. აი, მათემატიკის მასწავლებლები გამრავლების ტაბულაზე რომ გვეუბნებოდნენ, გამოღვიძების წამსვე უნდა გქონდეს რვაჯერ შვიდის პასუხიო, იმ რანგის. სთავაზობ ხან ერთ, ხან მეორე თამაშს და ხვდები, რომ აქამდე არც „ხუთქვაობანა“, არც ზემოთ ნახსენები „კრასკობანა“, არც „რიცხვობანა“ არ უთამაშიათ და გიკვირს. მიდი და ნუ გაგიკვირდება, როცა მთელი შენი შეგნებული ბავშვობის წლები სწორედ ამ თამაშებისათვის თავის ვერდანებების გამო დატუქსულიხარ მშობლებისგან, ამ თამაშების არჩაშლის მიზნით გამოგყოლიან მეგობრები დესპანებად დედასთან და 10-15 წუთით გამოუთხოვიხარ უვნებლად დაბრუნების პირობით.

მიკვირს-მეთქი ვამბობ და, კაცმა რომ თქვას, ჩემს ეზოში წლებია არ დამინახავს კლასობანას სათამაშოდ გულდაგულ დახაზული ცხრილი, არ გამიგია ჩვენებური შეშლილი ღრიანცელი და არც რაღაცნაირად გამარჯვებულიერიანი, მუხლებგადატყავებული ბავშვები მინახავს. მიზეზებსა და ამ დიდი საქმეების გამოსწორების მიზნებზე  ფიქრი და საუბარი თქვენთვის მომინდია, მკითხველო. მე, უბრალოდ, მაკლია შებნელებულზე ფანჯრებში შემომავალი ხმა – „ გამარჯვებულო გამოდი, ერთი ქულა გყავს!“

კომენტარები

comments