შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

დემილიტარიზებული ზონები

მინდა კვლავ დემილიტარიზებული ზონების შესახებ გესაუბროთ.

ერთ-ერთი ასეთი ზონა კორეის ნახევარკუნძულზე ორ კორეულ ქვეყანას შორის არსებობს.

კორეა 1945 წლამდე იაპონიის კოლონია იყო. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ 38-ე პარალელის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორია საბჭოთა კავშირის კონტროლს ექვემდებარებოდა, სამხრეთ ნაწილს კი – შეერთებული შტატები აკონტროლებდა. საბჭოთა კავშირი და აშშ ქვეყნის გაერთიანების შესახებ ვერ შეთანხმდნენ და 1948 წელს ჩამოყალიბდა ორი განსხვავებული სახელმწიფო: ჩრდილოეთ (პროსაბჭოთა) და სამხრეთ (პროამერიკული) კორეა.

1950 წელს ურთიერთდაპირისპირება ორ კორეულ სახელმწიფოს შორის ომში გადაიზარდა. 25 ივლისს კორეის სახალხო რესპუბლიკის ჯარებმა სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საზღვრები გადალახა. ომი სამ წელს გრძელდებოდა. სამხრეთ კორეის მხარეს ომში ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები მონაწილეობდა (გაეროს ეგიდით), ჩრდილოეთ კორეის მხარეს კი – ჩინეთი და საბჭოთა კავშირი.

გაეროს მეთვალყურეობის ქვეშ ომის დასრულების შემდეგ კორეის დემილიტარიზებული ბუფერული ზონა შეიქმნა, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა არ ცნობს. პერიოდულად იგი ცდილობს ორი ქვეყნის სამხედრო ძალით გაერთიანებას. ჩრდილოეთ კორეა 1991 წლიდან გაეროს წევრია. 2000 წელს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ფხენიანში ვიზიტის შემდეგ „დათბობის პერიოდი” დაიწყო. 2007 წელს ორივე ქვეყანამ გაეროს გაერთიანების თხოვნით მიმართა.

მეორე დემილიტარიზებული ზონა, რომელზეც მინდა მოგითხროთ შპიცბერგენის არქიპელაგზე არსებობს.
შპიცბერგენი, ანუ სვალბორდი ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში მდებარეობს და ნორვეგიის სამეფოს ყველაზე ჩრდლოეთი მხარეა. იგი მდებარეობს ჩრდილოეთის განედის 76°26′ და 80°50′ შორის. ადმინისტრაციული ცენტრი ლონგირი.

არქიპელაგი სამი დიდი კუნძულის: დასავლეთ შპიცბერგენი, ჩრდილო-აღმოსავლეთის მიწა, ეჯი, 7 შედარებით პატარა კუნძულისა და კიდევ კუნძულთა ჯგუფებისგან შედგება.

არქიპელაგი და მიმდებარე საზღვაო წყალი დემილიტარიზებული ზონაა. ნორვეგიის გარდა, კუნძულებზე სამეურნეო საქმიანობას, არქიპელაგის განსაკუთრებული სტატუსის თანახმად, რუსეთიც ახორციელებს.

დასავლეთის შპიცბერგენის კუნძულზე რუსეთს გააჩნია დასახლებული პუნქტი – სოფელი ბარენცბურგი, აგრეთვე დაკონსერვებული დასახლებები პირამიდა და გრუმანტი.

მიუხედავად იმისა, რომ არქიპელაგი ნორვეგიის სამეფოს კონტროლირებადი ტერიტორიაა და ოფიციალურად მის შემადგენელ ნაწილად ითვლება, საგადასახადო სისტემა განსხვავებულია ქვეყნის საგადასახადო სისტემისგან. არქიპელაგის ბიუჯეტი ცალკე არსებობს და მის განვითარებას ხმარდება. ნორვეგიის სამხედრო საქმიანობაც შეზღუდულია და თევზჭერის კონტროლით შემოიფარგლება, რადგან ხელშეკრულებით ბუნების დაცვა ევალება.
კუნძულებზე ორი ოფიციალური ენაა – ნორვეგიული და რუსული. რუსეთის მოსახლეობას ვიზიტისთვის ვიზა არ სჭირდება.

ქვანახშირის მოპოვებაც ნორვეგიისა და რუსეთის კომპანიების მიერ ხორციელდება. ბარენცბურგში მდებარეობს უკიდურესი ჩრდილოეთის რკინიგზა, რომელიც თითქმის მთლიანად მიწისქვეშაა მოთავსებული.

ამ დროისათვის შპიცბერგენი პოლარული და სუბპოლარული ტურიზმის ცენტრია.

კუნძულებზე არსებობს „თესლის ბანკი”, რომლის შექმნის მიზანია როგორც კულტურული ასევე ველური მცენარეების გადარჩენა.

შპიცბერგენის კუნძულები კონტინენტს წყალქვეშა ოპტიკურ – ბოჭკოვანი კაბელებით უკავშირდება. ბარენბურგში, კოლესბურგსა და ლონგირში მობილურის რუსი და ნორვეგიელი ოპერატორები მუშაობენ.

შემდეგი დემილიტარიზებული ზონა კუნძულ კვიპროსს მოიცავს, რომელიც კუნძულოვანი სახელმწიფოა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი გეოგრაფიულად აზიას ეკუთვნის, თუმცა კულტურულ-პოლიტიკური თვალსაზრისით ევროპის ნაწილია.

გეოპოლიტიკურად კუნძული დაყოფილია ოთხ ძირითად ნაწილად: 1. სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში კვიპროსის რესპუბლიკაა, რომელიც ევროკავშირის წევრია (ტერიტორიის 59.74%); 2. ჩრდილოეთი ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას უკავია (ტერიტორიის 34.85%); 3. გაეროს მიერ კონტროლირებადი „მწვანე ზოლი”, რომელიც დემილიტარიზებულ ზონას წარმოადგენს და ორ მხარეს ერთმანეთისაგან ჰყოფს, რათა თურქულ და ბერძნულ მხარეს შორის კონფლიქტი იქნას აცილებული (ტერიტორიის 2.67%); 4. ბრიტანეთის საკუთრებაში არსებული ორი ბაზა – აკროტირი და დეკელია დარჩენილ 2.74% მოიცავს.
კვიპროსის რესპუბლიკებში 2004 წელის აპრილში ჩატარდა რეფერენდუმი გაერთიანების შესახებ. თურქული მოსახლეობის 65%-მა გაერთიანების იდეას მხარი დაუჭირა, ბერძნული მოსახლების 75%-მა კი ეს იდეა უარყო.
ალანდის კუნძულებიც, რომელიც ბალტიის ზღვაში ბოსნიის ყურეში მდებარეობს აბსოლუტურად დემილიტარიზებული ტერიტორიაა.
კუნძულებზე იმავე სახელწოდებით ფინეთის ავტონომიური პროვინციაა განთავსებული. ალანდის კუნძულებს ფინეთის პარლამენტში სპეციალური წარმომადგენელი ჰყავთ. აქ არ არის არც სამხედრო ნაწილები, არც ფინეთის სამხედრო-საზღვაო ბაზები. ფინეთის ყველა დანარჩენი მოქალაქის განსხვავებით, ალანდის მკვიდრთ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა არ ევალებათ.

2012 წელს ფინეთის პრეზიდენტი კუნძულებზე ვიზიტისას გამოვიდა წინადადებით: ფინეთის შემადგენლობაში აღედგინათ არქიპელაგის თვითმართველობა.

დაბოლოს, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაცია მინდა გაგაცნოთ: „რუსეთს დონბასში დემილიტარიზებული ზონის შექმნა სურს.

ეუთოს წარმომადგენლის თქმით, რუსეთის ინიციატივის შესახებ მედიას უკრაინის არმიისა და რუსეთის არმიის გენერალ-მაიორებმა შეატყობინეს.

“დონბასში დემილიტარიზებული ზონის შექმნის ინიციატივა განხილვისთვის რუსეთისა და უკრაინის გენერალურ შტაბებს გაეგზავნა”, – აღნიშნა ეუთო-ს წარმომადგენელმა”.
გამოყენებული ინტერნეტსაიტები:

https://www.interpressnews.ge/ge/msoflio/316403-euthos-tsarmomadgeneli-ruseths-donbasshi-demilitarizebuli-zonis-sheqmna-surs.html?ar=A
https://en.wikipedia.org

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი