სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

განათლების სისტემის დაგეგმვის საფუძვლები

შესავალი

ქვეყანაში მიმდინარე სარეფორმო პროცესების ფონზე მკითხველებისთვის საინტერესო იქნება განათლების სისტემის დაგეგმვის, ორგანიზებისა და მენეჯმენტის აქტუალური საკითხების განხილვა. ჟურნალი იწყებს სტატიების ახალ ციკლს, რომლის ფარგლებშიც, შევეცდებით, დაინტერესებულ საზოგადოებას გავაცნოთ სექტორის სწორი დაგეგმვისა და მართვის ის ნიუანსები, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის განათლების სისტემის ჰარმონიული განვითარებისთვის. ვიმედოვნებთ, ჩვენი ინფორმაცია საინტერესო და სასარგებლო იქნება განათლების მოქმედი და მომავალი მენეჯერებისთვის, პედაგოგებისთვის, სტუდენტებისთვის და არა მარტო მათთვის.

რუბრიკის ფარგლებში შევეხებით სისტემის მაკრო და მიკრო დონეებზე მართვის პოლიტიკასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: განათლების სექტორის სტრატეგიული დაგეგმვა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება; განათლების პოლიტიკის შემუშავება და იმპლემენტაცია; სისტემის დაფინანსების ნიუანსები და მოდელები; დეცენტრალიზებული მართვის პრინციპები; ხარისხის უზრუნველყოფისა და მართვის საკითხები; მასწავლებლის პროფესიასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; სკოლის ბაზაზე არსებული პროფესიული განვითარება; მიკროდაგეგმვა და სკოლების დარუქება და ბევრი სხვა.

განათლების სისტემის დაგეგმვის საფუძვლები

ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში ინფორმაციის გაცვლის ტემპმა და ხარისხმა შესამჩნევად იმატა. შესაბამისი ცვლილებები განიცადა განათლების სისტემათა რეფორმირების პოლიტიკამ და სტრატეგიებმა. ინტერნეტისა და სოციალური ქსელების განვითარებამ ახალი იმპულსი შესძინა გლობალურ პროცესებს და წარმოშვა აუცილებლობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები უფრო აქტიურად გამოყენებულიყო სწავლისა და სწავლების პროცესში. დღეს მრავალი ქვეყანა ცდილობს, საკუთარი განათლების სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ახალ ეკონომიკურ რეალობასა და სოციალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. ამ კუთხით არც საქართველოა გამონაკლისი.

ამა თუ იმ ქვეყნის შემდგომი განვითარების ხარისხი ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ მოახერხებს ქვეყანა საკუთარი განათლების სისტემის ისე მოდერნიზებას, რომ იგი სავსებით პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს და, ამასთან, სწრაფად ცვალებად გარემოში მყისიერ რეაგირებასა და მოქნილ თვითგანვითარებაზე იყოს ორიენტირებული. საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრი განათლების სისტემის მოუქნელობის, კონსერვატიულობის, ინვესტიციების გრძელვადიანი ეფექტის და ა.შ. შესახებ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ აქტუალობას კარგავს. საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობა მეტწილად განათლების სისტემის მოქნილობასა და გამოწვევებზე სათანადო რეაგირების ხარისხზე იქნება დამოკიდებული. იმისთვის, რომ ზუსტად განისაზღვროს სისტემის წინაშე მდგარი ამოცანები, შეფასდეს და გაანალიზდეს რისკები და დაისახოს განვითარების ოპტიმალური გზები, აუცილებელია განათლების სისტემის ჰარმონიულ განვითარებაზე ორიენტირებული სწორი და გეგმაზომიერი პოლიტიკის წარმოება.

რას წარმოადგენს განათლების სექტორის დაგეგმვა

 განათლების სექტორის დაგეგმვა (Education Sector Planning (ESP)) წარმოადგენს დაგეგმვით პროცესს, რომლის შედეგადაც განისაზღვრება სისტემის განვითარების მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში მისაღწევი მიზნები და ამოცანები, სამომავლო ორიენტირები. განათლების დაგეგმვის მრავალი დეფინიცია არსებობს. მისი ძირითადი მიმართულებები და დონეები მრავალფეროვნებით გამოირჩევა. განათლების სექტორის დაგეგმვა გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ტექნიკური პროცესი. ის მეტწილად ორგანიზებულ სოციალურ პროცესს წარმოადგენს, მასში ჩართული დაიტერესებული აქტიორების მრავალგვარობის გათვალისწინებით.

განათლების დაგეგმვის დომინირებადი კონცეპტები დროთა განმავლობაში იცვლებოდა. ცვლილებებს განიცდიდა დროის კონკრეტულ მონაკვეთებში სისტემის წინაშე მდგარი ამოცანები და ძირითადი პროცესები. იცვლებოდნენ მონაწილე აქტიორებიც. ამჟამად უმთავრესად გავრცელებულია ე.წ. სტრატეგიული დაგეგმვის მიდგომა შესაბამისი დონეებითა და კომპონენტებით. XX საუკუნის განმავლობაში, განსაკუთრებით – მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, დასავლეთის ქვეყნებში დამკვიდრდა ე.წ. ტრადიციული დაგეგმვის მიდგომა. მხოლოდ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო ზოგიერთმა ქვეყანამ სტრატეგიულ დაგეგმვაზე გადასვლა.

მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული დაგეგმვა იყენებს ტრადიციული დაგეგმვის ზოგიერთ ელემენტსა და მახასიათებელს, ძირითადი განსხვავება მაინც ახალი მენეჯერული კულტურის დანერგვაშია, რომელიც ეფუძნება მონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღების, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპებს. ეს არის პროცესი, რომელიც ბევრ დროს მოითხოვს სასურველი შედეგის მისაღებად, განსაკუთრებით – ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც სამოქალაქო სერვისების სისტემათა ნაკლებად განვითარებული საბაზო პირობები აქვთ. ქვემოთ, ცხრილში, მოყვანილია ორი მიდგომის რამდენიმე ძირითადი განსხვავება.

ტრადიციული დაგეგმვა სტრატეგიული დაგეგმვა
შენატანზე ორიენტირებული შედეგზე ორიენტირებული
ტექნოკრატიული მონაწილეობითი
ნეიტრალური მობილიზაციის ინსტრუმენტი
სწორხაზოვანი დაგეგმვა ინტერაქტიული დაგეგმვა
ხისტი იმპლემენტაცია მოქნილი იმპლემენტაცია
რუტინაზე დაფუძნებული ცვლილებებზე ორიენტირებული
შეგუებითი მონიტორინგი შემოქმედებითი მონიტორინგი
აქცენტი გეგმის დოკუმენტზე აქცენტი გეგმის იმპლემენტაციაზე

 

სტრატეგიული დაგეგმვის ძირითადი დონეები

განათლების სექტორის სტრატეგიული დაგეგმვა, ისევე როგორც სხვა სექტორებისა, ოთხ საკვანძო კითხვაზე პასუხების მოძიების სისტემატურ პროცესს წარმოადგენს. თითოეული კითხვა კავშირშია კონკრეტულ დაგეგმვით პროცესთან, როგორც ეს ქვემოთ მოყვანილ ცხრილშია ნაჩვენები:

კითხვა დაგეგმვის ეტაპები და პროცესები
სად ვიმყოფებით ამჟამად? დიაგნოსტირება: სექტორში არსებული სიტუაციის ანალიზი
სად გვინდა აღმოვჩნდეთ მომავალში? რომელ მიმართულებას ავირჩევთ ამისთვის? პოლიტიკის ფორმულირება: მიზნების და სტრატეგიების არჩევა
როგორ (რა მექანიზმით, რა რესურსებით, შეფასების რომელი სპეციფიკური კრიტერიუმებით და სხვა) მივაღწევთ დასახულს? მიზნების დაგეგმვა და გეგმის ოპერაციონალიზაცია: რეალისტური მიზნების დასახვა და მიღწევის გზების განსაზღვრა
სწორი გეზი გვაქვს აღებული? რა ცვლილებებია განსახორციელებელი? მონიტორინგი პროგრესის გაზომვა და შეფასება, კორექტირების პროცესის განხორციელება

კითხვების წამოწევა განსაზღვრული ლოგიკური თანმიმდევრობით ხორციელდება, ხოლო პასუხები ურთიერთდამოკიდებულია და ურთიერთგავლენას განიცდის. მაგალითად, გადაწყვეტილების, სად გვინდა ვიყოთ მომავალში, ერთხელ გადახედვის შემთხვევაში გადახედვას ექვემდებარება ამ მიზნის მიღწევის გზებიც. ეს, თავის მხრივ, გამოიწვევს დაგეგმილი ამოცანებისა და განხორციელების სტრატეგიების ცვლილებას. ასე რომ, სტრატეგიული დაგეგმვა უნდა განვიხილოთ როგორც პერიოდულად განმეორებადი პროცესი, რომელიც მოიაზრებს განსაზღვრული კითხვების ხელახალ გააქტიურებას და ცვლილების შესაბამისი დაგეგმვითი პროცედურების განხორციელებას.

დაგეგმვითი პროცესები არ მთავრდება მაშინვე, როგორც კი გეგმის განხორციელება დაიწყება. საშუალოვადიანი თუ გრძელვადიანი გეგმა ერთხელ და ყველა სიტუაციისთვის კი არ დგება, არამედ ექვემდებარება ტრანსფორმაციას ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაში, რომელიც, თავის მხრივ, რეგულარულ განახლებას მოითხოვს.

დაგ

მოცემული სქემა ასახავს სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის თანმიმდევრულ ეტაპებსა და განსახორციელებელ აქტივობებს. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ (ეს თვალნათლივ ჩანს სქემაში) დაგეგმვითი პროცესის ცენტრალური ფაზა ყოველწლიური გეგმების შემუშავებისა და მონიტორინგის ციკლებია. აღნიშნული ფაზები ხელს უწყობს სტრატეგიული გეგმების მოქნილობას და ცვალებად გარემოში გამოწვევებზე სწრაფი რეაგირების უზრუნველყოფას.

გადაწყვეტილების ზოგიერთი მიმღებისთვის მნიშვნელოვანია დროის მოკლე მონაკვეთში ხელშესახები შედეგების დაფიქსირება, რაც ნაკარნახევია პოლიტიკური, სოციალური თუ სხვა მიზეზებით. ამ პირობებში ნაკლებად მიმზიდველია ხანგრძლივი, კომპლექსური და ხარჯიანი (რესურსების მხრივ) პროცესის წამოწყება ან გაგრძელება. განათლების მესვეურნი უპირატესობას ანიჭებენ ე.წ. ოპერატიულ მოქმედებას, რაც წამოჭრილი პრობლემების სწრაფ მოგვარებას უზრუნველყოფს. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების პროცესი, როგორც წესი, უფრო დახურული და ნაკლებად ტრანსფარენტული ხდება, ხოლო გადაწყვეტილების მიმღებთა წრე საგრძნობლად ვიწროვდება. საბოლოო ჯამში პრობლემების ოპერატიულად მოგვარების მეთოდი, რომელსაც ნაკლები კავშირი აქვს სტრატეგიულ დაგეგმვასთან, იძლევა მოკლევადიან ეფექტს და აბსოლუტურად ვერ უზრუნველყოფს პრობლემის საბოლოო მოგვარებას.

სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის განხორციელებისას მნიშვნელოვანია მისი ყოველი ეტაპისა და რგოლის გავლა. რომელიმე ერთი რგოლის ნაწილობრივი ან სრული ამოვარდნა აზრს უკარგავს პროცესის თანმიმდევრულ განხორციელებას. შედეგად ვიღებთ სექტორში განსახორციელებელი რეფორმების არათანმიმდევრულობას და ფრაგმენტულობას; გრძელვადიანი, საშუალოვადიანი და მოკლევადიანი მიზნების ხშირ ცვლილებებს ვალიდური საფუძვლების გარეშე; სარეფორმო პროცესების სრულ ან ნაწილობრივ დისკრედიტაციას და საზოგადოების მხრივ მიუღებლობის უმაღლეს ხარისხს. ამ შემთხვევაში ფუნდამენტურად ირღვევა სტრატეგიული დაგეგმვის ძირითადი პრინციპები (მონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღება და მაქსიმალური ჩართულობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა) და პროცესი იღებს ზემოდან ქვემოთ მიმართულ ხასიათს. საბოლოო ჯამში, დაგეგმვითი პროცესის იგნორირების ან არასწორად წარმართვის სავალალო შედეგები პირდაპირპროპორციულად აისახება სექტორის განვითარების პერსპექტივებზე.

გამოყენებული ლიტერატურა:

  • Maureen Woodhall. 2004. Cost-benefit analysis in educational planning. Fundamentals of educational planning No. 80, Paris: IIEP-UNESCO (Chapters 1, 6, 9, 11 and 12)
  • Olivier Bertrand. 2004. Planning human resources: methods, experiences and practices. Fundamentals of educational planning No. 41, Paris: IIEP-UNESCO (Chapters 1, 2, 4 and 7)
  • Philip Coombs. 1970. What is educational planning? Fundamentals of educational planning No. 1, Paris: IIEP-UNESCO

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი